აკაკი ზოიძე - C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, ქართველების გარდა

C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ეჭვის ქვეშ არ აყენებს არავინ დედამიწის ზურგზე, ქართველების გარდა, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზირება და თეთრზე შავის თქმა არ შეიძლება.

ზოიძის შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას აღიარებს და ამ პროგრამის მხარდაჭერას აგრძელებს ყველა, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ყველაზე უფრო დაინტერესებული - ამ წამლების უსასყიდლოდ მომწოდებელი ამერიკული კომპანია „გილეადი“.

„ეს ის „გილეადია“, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს "აღშფოთებული", რომ თითქოსდა ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის "ზარალი" განიცადა. თუმცა, „გილეადმა“ კარგად იცის, რომ ასეთი ტიპის ინოვაციურ და უპრეცენდენტო პროგრამაში 1-2 პროცენტის ფარგლებში მედიკამენტების ვადაგასულობის გამო დანაკარგი არათუ მისაღებია, არამედ საუკეთესო შედეგია. ამიტომაც არ გაგვიგია მათი მხრიდან საქართველოს ჯანდაცვის მესვეურების მიმართ გამოთქმული პრეტენზია არათუ საჯარო, არამედ დახურულ ფორმატებშიც. პირიქით - მხოლოდ მხარდაჭერა“, - აცხადებს ზოიძე.

იგი ასევე კითხულობს - არის და იყო თუ არა ხარვეზები პროგრამის დაგეგმვაში და განხორციელებაში? და თავადვე პასუხობს - „რა თქმა უნდა იყო, არის და ალბათ იქნება, როდესაც მსოფლიოში პირველად აკეთებ რაღაცას. მაგრამ მთავარია როგორ და რამდენად სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებ ამ ხარვეზებზე. ამ მხრივ, კი ჩვენი უმთავრესი და ყველაზე ობიექტური და საკითხით დაინტერესებული პარტნიორებისგან მხოლოდ დადებითი შეფასება გვესმის“.

გარდა ამისა, აკაკი ზოიძე იმ მოქალაქეებზეც საუბრობს, რომელთაც იციან, რომ აქვთ ვირუსი, მაგრამ არ მიმართავენ მკურნალობისთვის.

„რა არის ყველაზე დიდი ხიფათი პროგრამის მომავლისთვის? - ალბათ საკითხის შემდგომი პოლიტიზირება და რაც მთავარია, იმ ათასობით მოქალაქის პასიურობა, რომელთაც იციან რომ აქვთ ვირუსი, მაგრამ არ აქვთ ჯერ დაავადების სიმპტომები და არ მიმართავენ ჩაღრმავებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეს ყველაფერი მათთვის აბსოლუტურად უფასოა“, - წერს „ფეისბუქში“ აკაკი ზოიძე.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება