ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2020

თენგიზ ფხალაძე - „საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“

სოხუმში ახლა იმას არკვევენ “არჩევნებამდე” ვინ უნდა იყოს დროებითი “პრეზიდენტი”

მამუკა ხაზარაძე - „ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ მაინც მოვუგებთ“

* * *

თენგიზ ფხალაძე - „საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“

“ახლო აღმოსავლეთში პრობლემები არც გუშინ დაწყებულა და ვერც ხვალ დამთავრდება. ირანსა და აშშ-ს შორის გართულებული ურთიერთობაც ლამის ნახევარ საუკუნეს ითვლის. სიტუაცია გართულდა აშშ-ის პოზიციებზე არაერთი შეტევის გამო, რომელთაგან უმძიმესი იყო თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე, რაც საერთაშორისო სამართლით თითქმის ომის გამოცხადების ტოლფასია. ამ პროცესების მერე ცხადი იყო, რომ მომხდარს აშშ უსათუოდ გასცემდა პასუხს, თუმცა ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკა ირანს უპასუხებდა ისე, როგორც, კარგა ხანია, არავისთვის უპასუხია. ყასემ სოლეიმანი არ გახლდათ რიგითი სამხედრო პირი, რიგითი გენერალი. ის იყო შემოქმედი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ირანი დღეს ახორციელებს თავის სამეზობლოში და არა მხოლოდ იქ”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“ / “რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს და თუ განხორციელდება, მისი თანამონაწილე იყოს ისე, რომ ნებისმიერ დროს დაბლოკოს და სირთულეები შეუქმნას, უპირველესად იმიტომ, რომ თვითონ აშენებს პორტს ტამანში”.

“ბუნებრივია, რომ მისი ლიკვიდაცია ირანისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა, თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ ირანის პასუხი აშშ-ისთვის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მიზეზად ვერ იქცეოდა. ირანელი პოლიტიკოსები პრაგმატულად აზროვნებენ და მშვენივრად იციან საკუთარი თუ ამერიკის შესაძლებლობები. მათ აირჩიეს პასუხი, რომლითაც ირანის ხელისუფლება მოახერხებდა სახის შენარჩუნებას ქვეყნის შიგნით და, ამავდროულად, არ მიაყენებდა აშშ-ს ისეთ ზიანს, რომელსაც შეეძლო გამოეწვია უფრო მკაცრი პასუხი. სწორედ ამის შედეგი იყო პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ აშშ ამ ეტაპზე ეკონომიკურ სანქციებს დასჯერდება. საინტერესო იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ პენსის ფრაზა - ვიცით, რომ ირანი თავის მეგობრებსა და პარტნიორებს მოუწოდებს, არ განახორციელონ შეტევა აშშ-ის წინააღმდეგო... დღეს ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია არავის სჭირდება - არც ირანს, არც აშშ-ს და არც რომელიმე სხვა მოთამაშეს, მათ შორის - არც რუსეთს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ჩვენში პოპულარული გახდა აპოკალიფსური სცენარები მესამე მსოფლიო ომისა და საქართველოს წამლეკავი ლტოლვილთა ურიცხვი ნაკადის თაობაზე. მოვისმინე ვარაუდიც, რომ თურმე ჩვენს ტერიტორიას აშშ გამოიყენებდა პლაცდარმად და ა.შ. ეს აბსურდია! საქმე ის არის, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის პარტნიორი ქვეყანა და არა მხოლოდ ტერიტორია. ამიტომ შიში, რომ საქართველო გარდაიქმნება ავღანეთად, უსაფუძვლოა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ისე უყურებს, როგორც მხოლოდ ტერიტორიას, რუსეთია. საქართველოში სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია როგორც აშშ-ისთვის, ისე ირანისთვისაც, რომელსაც ასევე აქვს ინტერესები საქართველოში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს საფრთხე, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სამხედრო საფრთხეში ფართომასშტაბიან პრობლემებს არ ვგულისხმობ. საქმე ის არის, რომ ვითარების დაძაბვით, შესაძლოა, გარკვეულ ძალებს ესარგებლათ და საქართველო წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ. როცა ჩვენს სიახლოვეს დაძაბულობის ასეთი კერაა, შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა მუშავდებოდეს ყველა ვერსია, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზე უცხოელების მიმართ დივერსიების თაობაზეც. ვერ გამოვრიცხავთ ვერც იმას, რომ ამგვარი ვითარებისას ჩვენმა "ჩრდილოვანმა" მეზობელმა ისარგებლოს და რაღაც აურიოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“... ანაკლია არ არის ჩვეულებრივი პროექტი და ანაკლიაში რაც მოხდა, ეს, უპირველესად, ცუდია ქვეყნისთვის და არა კონსორციუმის, ხაზარაძის ან კიდევ ვინმესთვის. ეს უკიდურესად აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და გარემოს. როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია, ეს არ არის სამხედრო ბაზა, სადაც თურმე აშშ-ის წყალქვეშა ხომალდები განთავსდება... თუ შევხედავთ შავი ზღვის აკვატორიას, დასავლეთ ნაწილში განთავსებულ დიდ პორტებს აღმოსავლეთ ნაწილში სრულფასოვანი პარტნიორი არ ჰყავს. ანაკლიის პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ ვხდებოდით უმნიშვნელოვანესი ადგილი აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორში. თავისთავად ცხადია, რომ აქ იქნებოდა ბევრი ქვეყნის ინტერესი და ამ დროს, ცხადია, იზრდება უსაფრთხოებაც. ანაკლია, შეიძლება ითქვას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზრუმის პროექტების ტოლფასი პროექტია! თავის დროზე სწორედ ამ პროექტების განხორციელებამ მოგვიტანა ის, რომ ვაიძულეთ რუსეთი, ბაზები გაეყვანა საქართველოდან. და როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზეა ლაპარაკი, უცნაურია მთავრობის პოზიცია, რომელიც ირგებს შემფასებლისა და დამკვირვებლის და არა ინიციატორის როლს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ვთქვათ, დავუჯერეთ ხელისუფლებას და ყველაფერში დამნაშავე კონსორციუმია. როცა საქმე ეროვნულ ინტერესს ეხება და ცხადი ხდება, რომ ვინმე რამეს სრულფასოვნად ვერ აკეთებს, სახელმწიფო იმთავითვე რატომ არ უნდა ქმნიდეს მექანიზმებს რისკების დასაზღვევად?! მას უნდა ჰქონოდა ალტერნატიული სცენარები, რომლებიც პრობლემების გაჩენისთანავე ამოქმედდებოდა... ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ანაკლიის მშენებლობას მიზანმიმართულად ეშლებოდა ხელი - არ შეიძლება მხოლოდ დამთხვევა იყოს, რომ კრიტიკულ მომენტში გახსენდება წლების წინანდელი ტრანზაქცია, რომელსაც იურისტთა ნაწილის თქმით, შესაძლოა, ხანდაზმულობის ვადაც კი ჰქონდეს გასული... როდესაც საქმე ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პროექტს ეხება, არ შეიძლება ხელისუფლება მოქმედებდეს ისე, როგორც ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს. არ ვიცი, რა ბენეფიტს მიიღებდა საქართველო ანაკლიის პორტით, მაგრამ ზუსტად გეტყვით, რაოდენ დიდი იქნება ამ პროექტის შეჩერებით ქვეყნისთვის მოტანილი ზიანი. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს და თუ განხორციელდება, მისი თანამონაწილე იყოს ისე, რომ ნებისმიერ დროს დაბლოკოს და სირთულეები შეუქმნას მას, უპირველესად იმიტომ, რომ თვითონ აშენებს­ პორტს ტამანში”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ, ოპოზიციის ბოლოდროინდელ აქტიურობასა და ე.წ. შავი სიის შედგენის იდეაზე?” - პასუხობს:

“რა გითხრათ, ტერმინიც კი არასწორი მგონია... სამწუხაროდ, საზოგადოებასთან ურთიერთობა მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის, ეს მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პრობლემაა... ჩვენ დღეს ისევ გამყოფ ხაზებზე ვლაპარაკობთ, არადა, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე დიდი უპირატესობა ექნება სწორედ იმ ძალას, რომელიც მოახერხებს და საზოგადოებას შესთავაზებს საერთო ეროვნულ იდეას, პოზიტიურ დღის წესრიგს... ამის უმნიშვნელო ცდები ჩანს... გვახსოვდეს ერთიც - ჩვენშიც გაიზარდა და უკვე სრულწლოვანია თაობა, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში დიდი ხნის განმავლობაში არ მომხდარა. პოლიტიკოსები ვალდებული არიან, მოუფრთხილდნენ ამ თაობას, მოუსმინონ, შეუწყონ ხელი მათ პოლიტიკაში მოსვლას, თუნდაც მათში ჭარბობდეს ემოცია... სათუოა იმ პოლიტიკოსების მომავალი, ვინც მომავალ თაობას არ მოუსმენს, მისი გულის მოგებას არ შეეცდება და არა მგონია, “შავი სია” იყოს ახალგაზრდების გულის მოგების საუკეთესო საშუალება”.

სოხუმში ახლა იმას არკვევენ “არჩევნებამდე” ვინ უნდა იყოს დროებითი “პრეზიდენტი”

“ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. ინფორმაცია “არჩევნების” თარიღის დანიშვნის შესახებ ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაავრცელა და თარიღად 21 მარტი გამოაცხადა, თუმცა შემდეგ დე ფაქტო ცესკოში დააზუსტეს, რომ ეს 22 მარტს მოხდება. დე ფაქტო ცესკომ გადაწყვეტილება კვირას დილით მიიღო. მას ამისთვის ვადა 13 იანვრამდე ჰქონდა, თუმცა სოხუმის ცენტრში შეკრებილმა მომიტინგეებმა პროცესის დაჩქარება მოითხოვეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 22 მარტი - სოხუმში “არჩევნების” თარიღი დანიშნეს და ახლა იმას არკვევენ, თუ ვინ უნდა იყოს დროებითი “პრეზიდენტი”.

“10 წუთის წინ ცესკოს სხდომა დასრულდა. 2020 წლის 21 მარტს აფხაზეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ეს ყველაფერი თქვენი შრომის დამსახურებაა, თუმცა ამის შემდეგაც რჩება გადაუწყვეტელი საკითხები. მოგიწოდებთ კიდევ ცოტა ხანი გამოიჩინოთ მოთმინება და არ დაიშალოთ”, - ასე მიმართა სოხუმში ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ ადამიანებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ. ახლა სოხუმელი იურისტების განხილვის მთავარი საგანია, თუ ვინ უნდა იყოს დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში “არჩევნებამდე”. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მათ განსხვავებული პოზიციები უჭირავთ. შაბათს დე ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკებისას არაფორმალურად შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტობაჩამორთმეული რაულ ხაჯიმბა არჩევნებამდე “პრეზიდენტის მოვალეობი შემსრულებლად” დარჩება, თუმცა ადგილობრივ იურისტთა ნაწილი ამას არ ეთანხმება.”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც იურისტი ფრიდა ლაზბა “სპუტნიკთან” საუბარში აცხადებს, რაულ ხაჯიმბას არ აქვს უფლება 21 მარტამდე ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დარჩეს. “ხაჯიმბამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს აქვს ხუთწლიანი ვადა, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე სრულდება. კანონიერად პრეზიდენტს შეუძლია მოვალეობის შემსრულებლად დარჩეს ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. თუმცა ხაჯიმბას შარშან გამართული ინაუგურაციით ამოწურულად გამოაცხადა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადა და მეორე ვადით პრეზიდენტობას შეუდგა. მაგრამ რადგანაც შემდეგ სასამართლომ გააუქმა მეორე ვადით მისი პრეზიდენტობა, მას არ აქვს უფლება თუნდაც დროებითი მმართველი იყოს”, - აცხადებს ლაზბა. “ცესკოს” თავმჯდომარე გივი გაბნია კი მიიჩნევს, რომ მორიგი არჩევნებამდე ხელისუფლების სათავეში ისევ რაულ ხაჯიმბა უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, როცა ანალოგიური ანალოგიურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი, მაშინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი მოსკოვში გაიქცა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობა დროებით ე.წ პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბღანბამ ჩაიბარა”, - დასძენს გამოცემა.

მამუკა ხაზარაძე - „ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ მაინც მოვუგებთ“

“ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულებული იყო. ანაკლიის განვითარების პროექტში ჩადებულია 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, არის ინვესტორიც, რომელსაც პროექტი უნდა დაემთავრებინა. დღეს მე კონსორციუმის სახელით დეტალებსა და სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებზე ვერ ვილაპარაკებ. კომპანიას ჰყავს მაღალკვალიფიციური იურისტები, რომლებიც პროექტში მონაწილე თითოეული ინვესტორის ინტერესებს დაიცავენ. ინვესტორები არიან ამერიკიდან, ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან, ინგლისიდან, უზბეკეთიდან. მათ სარისკო ზონაში, საოკუპაციო ზონიდან 4 კილომეტრში, პროექტში ჩადეს ფული”, - აცხადებს “თიბისი ბანკისა” და პარტია “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა ხაზარაძე: „ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ მაინც მოვუგებთ“ / “ტყუილია, რომ ამბობენ, თითქოს სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო პროექტში. სინამდვილეში სახელმწიფომ მოსახლეობისგან გამოისყიდა მიწები, რომლებიც დღემდე მის ბალანსზეა. რეალურად ხელისუფლებას არც თანხა გადმოუცია და არც მიწები, უბრალოდ, მისი შესყიდული და სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწები გაასუფთავა”.

“პროექტის განხორციელებას სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და მისი გუნდი უშლიან ხელს. ისინი დიდი ხანია ფარულად იბრძვიან პროექტის ჩაგდებისთვის. ვთქვათ, კონსორციუმმა არ ამოიღო ხმა, ხვალ რომ ახალი ინვესტორი გამოჩნდება, ის არ იკითხავს, წინა ინვესტორმა რატომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდეო? ვინმეს ჰგონია, რომ ბანკები თავიანთ მოთხოვნებს შეცვლიან? პრობლემა, რის გამოც პროექტი შეფერხდა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ოთხი ბანკი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი­ (EBRD), აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), რომლებიც ანაკლიის მსგავს პროექტებს აფინანსებენ, ახლაც მოითხოვენ ფინანსურ გარანტიას. ლაპარაკია 50 მილიონის გარანტიაზე, რომელიც გამოყენების შემთხვევაში სესხად დაკონვერტირდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ისევ ვამბობთ, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადახედოს საკითხს და შეთანხმდეს ამ ბანკებთან. თავად განსაჯეთ, როდესაც ხელისუფლება სწორედ ამ ბანკებთან სხვა უამრავ პროექტზე მუშაობს, მაინცდამაინც ანაკლიის პროექტზე რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი ხისტი პოზიცია და რატომ ავრცელებს მცდარ მოსაზრებას, თითქოს ვინმეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა პროექტის განხორციელება?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“ასევე ტყუილია რომ ამბობენ, თითქოს სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო პროექტში. სინამდვილეში, სახელმწიფომ მოსახლეობისგან გამოისყიდა მიწები, რომლებიც დღემდე მის ბალანსზეა. რეალურად ხელისუფლებას არც თანხა გადმოუცია და არც მიწები, უბრალოდ, მისი შესყიდული და სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწები გაასუფთავა. ხელისუფლება გვაყვედრის, რომ ვალდებულების შესრულება გადაგვივადა, მაგრამ ამასობაში უარს ამბობს ყველაზე მთავარ საქმეზე - ბანკებისთვის ფინანსური გარანტიების მიცემაზე, იმისდა მიუხედავად, რომ პროექტი სარისკო ზონაშია. ამას მოგვიანებით ისიც დაემატა, რომ ჩემსა და ბადრი ჯაფარიძეზე დაიწყო აღვირახსნილი შეტევა, ბრალად დაგვდეს ფულის გათეთრება. ამ თემაზე პროკურატურამ ბრიფინგებიც გამართა. მედიაში თავს გვესხმიან, საინფორმაციო გადაცემებსა და საგაზეთო სტატიებში ხელისუფლების წარმომადგენლები ათასგვარ ცილს გვწამებენ. ეს ყველაფერი რა არის, თუ არა ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად დაგეგმილი სპეცოპერაცია? რა არის მმართველი გუნდის ასეთი ქცევის მიზეზი - გეოპოლიტიკური ინტერესები, რუსული საფრთხე, პირადი შურისძიება თუ ყველაფერი ერთად, ამას დრო გვაჩვენებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ისინი ჩვენ პიროვნულად გვებრძვიან. ეს ხომ “თიბისი ბანკის” მაგალითითაც გამოჩნდა? როგორც კი მე და ბადრი გავედით “თიბისი ბანკიდან”, მაშინვე დაანებეს თავი. ხელისუფლებამ არჩევნის წინაშე დაგვაყენა - ან უნდა დაგვენგრია საქმე, რომელსაც 29 წლის განმავლობაში ვაშენებდით, ან უნდა გავცლოდით. ჩვენ გავეცალეთ. თუ გახსოვთ, პარლამენტის სხდომაზე მე ისიც ვთქვი, კაცურად მითხარით, რომ ჩემთან გაქვთ პრობლემა, ანაკლიას ნუ გადააყოლებთ პირად დაპირისპირებას, ანაკლია უნდა აშენდეს, ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია-მეთქი. ძალიან მალე ყველაფერი გამოჩნდება. მე ის ვიცი, რომ ანაკლია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ მისი განხორციელებისთვის, თუნდაც პირადად მე ზიანი მომადგეს. ანაკლიის პროექტში უკვე ჩადებულია 75 მილიონი დოლარი, ევროპული და ამერიკული ფული. უკვე გაკეთებულია უზარმაზარი საქმე. 400 მილიონზე ხელი აქვს მოწერილი ოთხ ბანკს, ჩვენი ქვეყნის დონორებს. პროექტის ოპერატორია ამერიკ­ული კომპანია SSA Marine, რომელიც 25 წლის განმავლობაში პორტის მმართველი იქნება. როცა პორტი აშენდება, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება აქციონერი, რადგან მმართველი ამერიკული კომპანია იქნება”, - დასძენს ხაზარაძე და შეკითხვაზე - “რაც შეეხება თქვენს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. როგორც ცნობილია, თქვენ პროკურატურა ფულის გათეთრებას გედავებოდათ, ამჯერად ლაპარაკია ინტერესთა კონფლიქტზე. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან რა კავშირშია?” - პასუხობს:

“ფულის გათეთრება ხდება არალეგალური გზებით, როდესაც ბანკში იარაღისა და ნარკობიზნესის ან ტრეფიკინგით ნაშოვნი შავი ფული შემოდის. პროკურატურამ ბოლო სასამართლო პროცესზე სამი მოწმე მოიყვანა - ეროვნული ბანკისა და სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ 2008 წელს ბანკმა დაუშვა შეცდომა, ანუ იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ბანკს ჯარიმა უკვე გადახდილი ჰქონდა. ეს თემა დამთავრებულია, ახლა სასამართლოში მიდის სამეურნეო საქმის გარჩევა, რომელიც ერთხელ უკვე გაარჩიეს. რაც შეეხება ფულის გათეთრებას, უკვე რამდენიმე პროცესია, რაც ეს ტერმინი პროკურატურისგან აღარც გამიგონია”...

“საქართველოს ისტორიაში თუ გინახავთ სხვა მაგალითი, ეროვნულ ბანკს 11 წლის წინანდელი საქმე შეემოწმებინოს, მერე პროკურატურას გამოძიება დაეწყოს და ბოლოს სასამართლოს ამ საქმის მოსმენები ყოველ მეორე დღეს დაენიშნოს? მით უმეტეს მაშინ, როდესაც უამრავი გამოუძიებელი საქმე აქვთ? სასამართლო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და ცდილობს დაგვაკავოს პროცესებზე სიარულით, რათა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა არ მოგვეცეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ყოველი­ პროცესის წინ გვექნება სპეციალური პერფორმანსი, გავმართავთ ბრიფინგსა და პრესკონფერენციას, რათა მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს, ინფორმაცია მივაწ­ოდოთ. იმ მცირე შუალედებში, რაც სასამართლო პროცესებს შორის გამოგვიჩნდება, რეგიონებში შევხვდებით ამომრჩეველს. ასეთ რთულ მდგომარეობაში გვაყენებს ხელისუფლება, მაგრამ იცოდნენ, რომ მაინც მოვუგებთ, მაგათი საქმე მაინც წასულია, აუცილებლად ჩამოშორდებიან ხელისუფლებას. ხალხი არ აპატიებს, რომ ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანეს”, - დაასკვნის მამუკა ხაზარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა