ახალგორში მცხოვრები - ახალგორი-თბილისის გზა ჩაკეტილია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს - რამდენი ხანი შეიძლება ვერ შეგვამჩნიონ?

ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას სთხოვს.

როგორც ახალგორში მცხოვრებმა თამარ მეარაყიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახებს თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ.

„131 დღეა, 4 სექტემბრიდან, ჩვენი რაიონის მოსახლეობა მძევლადაა აყვანილი. 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებს არ მიეცათ თბილისში ტრანსპორტირების უფლება. ახალგორი-თბილისის გზა უვადოდაა ჩაკეტილი. ბიბილოვმა დეკემბერში ჩვენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება წნელისის საგუშაგო პოსტს არ აიღებს, ის არ აპირებს ჩვენთვის გზის გახსნას და მოგვიწოდა კიდეც, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიგვემართა. მე ამის მოწოდებას ნამდვილად არავისთვის არ ვაპირებ, მაგრამ ნამდვილად ვაპირებ მოწოდებას, რომ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს და დროებითი შეჩერების ღონისძიების ამოქმედება მოითხოვონ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმაც საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს. მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილ ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა, აგვისტოდან მოყოლებული შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილნი. არ ვიცი, შეშას როგორ ყიდულობენ ან სინათლის გადასახადს როგორ იხდიან. მე შვილი მენატრება, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოსვლას“, - აცხადებს ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი.

მისივე თქმით, გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც ადამიანმა 9 საათი უნდა იაროს თბილისამდე რომ ჩააღწიოს და ეს გზაც, დაახლოებით, 450-500 ლარი ჯდება, რისი საშუალებაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს.

„ეს გზა ძვირიცაა და ყველას არც შეუძლია ამ გზით სარგებლობა დოკუმენტის (საშვის) არარსებობის გამო. საშვებს დეკემბერში გაუვიდა მოქმედების ვადა. საშვებს „კაგებე“ გასცემს, ბოლო ერთი თვეა არავისთვის არ გაუგრძელებიათ და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არ აქვს. გზა რომც გახსნან პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით, საშვის არქონის გამო ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, რომ "არ ვისარგებლეთ".

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა უზრუნველყოს ჩვენთვის მონიჭებული კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა-გადაადგილების თავისუფლება. მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ან მოელაპარაკოს გადაწყვეტილების მიმღებ ძალას. რამდენი ხანი შეიძლება არ ან ვერ შეგვამჩნიონ?“- განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში