ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2020

ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია

ზაზა ფირალიშვილი - “ერთადერთი პროექტი, რომელსაც რუსეთი უსიტყვოდ დაეთანხმება, მარიხუანას მოშენების პროექტია...”

პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში

* * *

ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია

“უკვე 133-ე დღეა, რაც ახალგორელები ტყვეობაში იმყოფებიან. ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო სამედიცინო დახმარების გამო 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა. მათ ოჯახებს ავადმყოფების თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ. 1500 ადამიანი, რომელიც 21-საუკუნეში ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. არ არის მედიკამენტები, პროდუქტები, და ზამთრის ტანსაცმელი. ხოლო რაც ცხინვალიდან შედის იმდენად ძვირია, რომ 5 თვის განმავლობაში უპენსიოდ დარჩენილი ადგილობრივები მის შეძენასაც ვერ ახერხებენ. ახალგორიდან სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშილის განცხადებით, მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილი ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა - აგვისტოს თვიდან შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. არავინ იცის, მოსახლეობა როგორ ყიდულობს შეშას, პროდუქტებს, მედიკამენტებს ან სინათლის გადასახადს რა სახსრებით იხდიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 133-ე დღე ახალგორელების ტყვეობიდან და 10 გარდაცვლილი - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია.

“მეარაყიშვილის თქმით, გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც 9 საათი უნდა იარო, რათა თბილისამდე ჩააღწიო. მისი განცხადებით, ეს გზა ჯერ ერთი, რომ ძვირია და მეორეც მისი გავლა ყველას არც შეუძლია, რადგანაც დოკუმენტი (საშვი) არ არსებობს. საშვებს დეკემბერში მოქმედების ვადა გაუვიდა. ვადის გაგრძელებას ხელის ერთი მოძრაობა სჭირდება, რათა თარიღი და ბეჭედი დასვან, თუმცა თვეები ანდომებენ ამაზე ფიქრს და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არ აქვს. ხოლო გზა რომც გახსნან პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით- საშვი არ აქვთ და ფიზიკურდ ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, რომ “არ ისარგებლეს”. ეს გზა ალტერნატივა ვერ გახდება, რადგანაც დღეში მის გამოყენებას მხოლოდ 3-4 ადამიანი ახერხებს, როდესაც ახალგორის გამშვები პუნქტით, დღის განმავლობაში 400-500 ადამიანი მოძრაობდა. ახლა ეს უფლება და საშუალება მათ წართმეული აქვთ. მეარაყიშვილის თქმით, “ბიბილოვის მიერ 2 დეკემბერს შეღავათად გამოცხადებული პირობის შესრულება, რომ პენსიონერებს და მძიმე ავადმყოფებს გაუშვებდა, დღემდე არ მომხდარა. ამიტომაც უკვე 5 თვეა ის პენსიონერები, რომლებიც ქართულ პენსიას იღებენ, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება პროდუქტებს და მედიკამენტებს, აქ ისედაც ყველაფერი ძვირი იყო, ახლა გზის ჩაკეტვის გამო კი ორმაგად და სამმაგად გაძვირდა. ყველაფერი რაც კი მაღაზიებში იყიდება რუსეთიდან შემოდის. იგივე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები. ვერც შევადარებ ფასებს იმდენად წარმოუდგენლად ძვირია და არც ვიცი ამას ვინ ყიდულობს. ჩვეულებრივად დაბალი ხარისხის ტანსაცმელია. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ აქ ჩარჩენილია ხალხი, რომლებიც ზაფხულის სამოსით არიან და ჩასაცმელი არაფერი აქვთ. ბუნებრივია ამ სიცივეში რაღაც შესამოსელი სჭირდებათ. რაც შეეხება პროდუქტებს. გზის დაკეტვამდე ადგილობრივებს გვქონდა ხოლმე საშუალება, თბილისში წამოვსულიყავით და რამდენიმე ხნის მარაგი ასე უფრო იაფად შეგვევსო. დღემდე ონკოლოგიური ავადმყოფები, გულით დაავადებულები ასე ექიმის კონტროლის გარეშე არიან. მათ რეგულარული შემოწმება სჭირდებათ. მედიკამენტები, რაც ექიმის მიერ ჰქონდათ დანიშნული ან არ იყიდება თუ იყიდება კიდევ ცხინვალში ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც ამ მდგომარეობაში მყოფ ხალხს მისი შეძენის ფული არა აქვს”, - აცხადებს მეარაყიშვილი. მისივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლება გზის გახსნას თვის ბოლოს აპირებს. თუმცა მოსახლეობას ამის არ სჯერა. ოფიციალურ დონეზე ამის შესახებ არავინ საუბრობს. ზუსტად არავინ იცის თვის ბოლოს, თებერვლის ბოლოს თუ საერთოდ გზა გაიხსნება თუ არა”, - განაგრძობს გამოცემა.

“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია, რაში სჭირდება “ქართული ოცნების” ხელისუფლეებას ტყეში, სოფელ წნელისთან პოლიციის საგუშაგო, რომლის გამოც, შესაძლოა კიდევ რამდენიმე ათეული კილომეტრი ტერიტორია დავკარგოთ და რომლის საბაბითაც ბიბილოვს ახალგორში რამდენიმე ათასი ჩვენი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი. გამოსავალს მხოლოდ ერგნეთის მოლაპარაკებაში ხედავს და ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს, სხვაგვარად ის რაც ახალგორში ხდება ყველა კანონის ფარგლებს სცდება. მსგავსი რამ ომის დროსაც არ მომხდარა და ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოსავალი სასწრაფოდ უნდა მოინახოს”, - დასძენს გამოცემა.

“არ მაქვს თქვენს კითხვაზე პასუხი, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ახლა “ქართული ოცნებისთვის” ტყეში, სტრატეგიულად არც თუ მნიშვნელოვან ადგილზე პოლიციის საგუშაგოს ყოფნა. რომლის ფასიც რაც არის, ვხედავთ. ახალგორში ბიბილოვს ათასობით ჩვენი მოქალაქე ტყვედ ააყვანინეს და ყოველ დღიურად კიდევ ე.წ. საზღვარს ჩორჩანას მიმართულებით წევენ. ოსებისთვის ეს არის ახლა პრინციპის საკითხი, რომ დაუკითხავად თუ აგვიგეს საგუშაგო დღეს, ხვალ უარეს გაბედავენო - ესაა მათი ლოგიკა, მაგრამ ჩვენი მიზანი რა არის, ეს ვერ გავიგე და ვერც ვერავინ ხსნის. არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არ შეუმჩნევია და საჭიროდ არ ჩაუთვლია ამ ადგილას საგუშაგოს აშენება, ამათ რატომ გადაწყვიტეს, სიმართლე გითხრათ, მეც ვერ ამომიხსნია. გამოსავალია ერთი, რომ ერგნეთში შეხვდნენ და დაილაპარაკონ. თქვას ჩვენმა ხელისუფლებამ, რაც იყო იყო, მოდი, ახლა შევთანხმდეთ და რაღაც კომპრომისზე წავიდნენ. სხვაგვარად ეს ამბავი ასე არ დასრულდება. მივიღებთ ახალ ე.წ. საზღვარს და ოკუპირებულ ათეულობით კილომეტრ ტერიტორიას, ახალგორში კი ჰუმანიტარულ კატასტროფას. რა თქმა უნდა, ეს საგუშაგო არავის არაფერს უშლის, მაგრამ მათ ხომ საბაბი უნდათ, ჩვენც ამის საშუალებას ვაძლევთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ზაზა ფირალიშვილი - “ერთადერთი პროექტი, რომელსაც რუსეთი უსიტყვოდ დაეთანხმება, მარიხუანას მოშენების პროექტია...”

“ცხადია, საქმე არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დააკმაყოფილა პირობები. ეს იმდენად ცხადია, რომ, ვფიქრობ, ბევრ განმარტებას აღარ საჭიროებს. ბატონი რომან კაკულიას განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისას მამუკა ხაზარაძე არ ითვალისწინებდა რუსული პოლიტიკის საფრთხეებს და რომ შეიძლებოდა 2008 წლის სცენარი განვითარებულიყო, ბევრ რამეს ნათელს ხდის. ბუნებრივად ჩნდება აზრი, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დევნა და კონსორციუმთან დაკავშირებული ისტორიები მხოლოდ ფასადი იყო იმისა, რაც კულისებში ხდებოდა. ბუნებრივად ჩნდება ვარაუდი, რომ “რუსული პოლიტიკის საფრთხეების” გამო ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავდა ამ პროექტის დასამუხრუჭებლად, ხოლო დაპირება, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად განხორციელდება, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის დასამშვიდებლად არის საჭირო”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ერთადერთი პროექტი, რომელსაც რუსეთი უსიტყვოდ დაეთანხმება, მარიხუანას მოშენების პროექტია” - ზაზა ფირალიშვილი.

“ბატონი რომანი არ არის უმნიშვნელო ფიგურა “ქართულ ოცნებაში”. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის იქცა “ოცნების” ლიდერის გამხმოვანებლად და ცუდია, რომ ამ როლს დათანხმდა. როგორც ჩანს, თავად “ოცნების” ლიდერს კარგად ესმის, თუ რამდენად არახელსაყრელია მისთვის ამგვარი პოზიციის გამოთქმა. არადა, ეჭვების გასაფანტად, თუკი საამისო არგუმენტები არსებობს, თავად უნდა აეხსნა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და თიბისი ბანკთან თუ ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებული უცნაური და უსამართლო სალტო-მორტალეების გზას არ დადგომოდა. დღევანდელი გადასახედიდან არაფერ შუაში ყოფილა არც ფულის გათეთრება და არც კონსორციუმის მიერ პირობების შეუსრულებლობა. მთავარი “რუსული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეები” ყოფილა... ცხადია, რუსეთი ორი ძირითადი მიზეზის გამოა ამ პორტის არსებობის წინააღმდეგი. ერთის მხრივ, ეს პორტი იქცევა მშენებარე ტამანის პორტის ძირითად კონკურენტად და სატრანზიტო გზების დივერსიფიცირება მოხდება, რაც ამ ქვეყნის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ გავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მეორეს მხრივ, რუსული პოლიტიკა მტკივნეულად აღიქვამს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარმატებებს. მოგეხსენებათ, მთავარი იდეა არის იმპერიის “მუხლებიდან წამოდგომისა” და “რუსული მიწების შეკრების” იდეები. ამ უკანასკნელთა კონტექსტში ჩვენი სუვერენიტეტის ყოველგვარი გაძლიერება მათთვის მიუღებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზაფირალიშვილი.

“ამიტომაც არის მათ მიერ ჩვენში წარმოებული ჰიბრიდული ომის მთავარი მიზანი უიმედობის და დამოუკიდებლობით დაქანცულობის განწყობის დანერგვა, იმედის მომცემი საერთაშორისო პროექტების დამუხრუჭებაა და ა.შ. წარმატებული ქვეყანა ვეღარ იქცევა იმპერიის ეგზოტიკურ დანამატად. თუ იმპერიულ ლოგიკას გავყვებით, ერთადერთი პროექტი, რომელსაც რუსეთი უსიტყვოდ დაეთანხმება, მარიხუანას მოშენების პროექტია. ნებისმიერი სხვა ჩვენს სუვერენიტეტს გააძლიერებს. თავის დროზე რუსეთი არც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას მიესალმებოდა. ელცინი დაუფარავად მიმართავდა მუქარას, შანტაჟს და ა.შ. მაგრამ მაშინდელ ქართულ ხელისუფლებას ესმოდა, რომ ნავთობსადენზე უარის თქმა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და მსოფლიო გეოეკონომიკურ რუკაზე ადგილის მოპოვების პერსპექტივაზე უარის თქმას ნიშნავდა. დღეს ანალოგიურ სიტუაციაში ქართული ხელისუფლება უკან იხევს და 2008 წლის განმეორების საფრთხეზე მიანიშნებს. და ეს მაშინ, როდესაც პორტის პროექტს ისეთი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, როგორიც ბაქო-ჯეიჰანის პროექტს არასოდეს ჰქონია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გაიხსენეთ აშშ სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. გაიხსენეთ აშშ ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის განცხადებები და აქტიურობა. აღარაფერს ვამბობ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუთის განცხადებებზე და გენერალი უესლი კლარკის ვიზიტზე საქართველოში. მოგეხსენებათ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აშშ ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს და არა საკუთარს. მსგავსი მაგალითების დასახელება ათობით შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ხელისუფლებამ უგულებელყო მხარდაჭერა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. პროექტი, რომელსაც ახალ საფეხურზე უნდა აეყვანა ქართული სახელმწიფოებრიობა, უნდა შეექმნა სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყო ეკონომიკის განვითარებისათვის და ა.შ., პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენთან შედარებით განუზომლად დიდი როლი უნდა შეესრულებინა, დამუხრუჭებული იქნა. ვიმეორებ, ეს მოხდა მიუხედავად დიდი საერთაშორისო მხარდაჭერისა. ჩნდება აზრი, რომ “რუსული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეები” მხოლოდ საბაბია და სინამდვილეში საქმე რუსული ინტერესების მსახურებასთან გვაქვს, რომ ერთი ადამიანის ჭირვეული და ჩრდილოურ გემოვნებაზე დამოკიდებული ნება ქვეყნის ისტორიულ ბედს განსაზღვრავს”, - მიიჩნევს ფილოსოფოსი.

“სამწუხაროა, რომ რუსული ჰიბრიდული ომის სტრატეგოსები ასე ოსტატურად იყენებენ ჩვენს ხასიათს, პრიორიტეტებში გაურკვევლობას და ა.შ. მათ ყოველთვის რჩებათ შანსი, ისარგებლონ ჩვენი ფეთქებადი ხასიათით და რომელიმე მიმდინარე სკანდალის გამო ატეხილი საინფორმაციო კაკაფონიით გადაფარონ ასეთი მოვლენები. საამისოდ კი იყენებენ იმ ადამიანებსა და მოვლენებსაც კი, ვინც გულწრფელად უპირისპირდება ხელისუფლებას. ასეთი ეჭვები რომ არ გაჩნდეს, ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს შუამავლების გარეშე უნდა განემარტა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იქნებ მართლაც აქვს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი?! იქნებ ბატონი მამუკა ხაზარაძის მიმართ მისი უარყოფითი დამოკიდებულება ან უნდობლობა იმდენად ძლიერია, რომ ამან ყველაფერი სხვა დაავიწყა? ყველაფერ ამას პასუხი უნდა გაეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის და არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი “ქართული ოცნებისათვის” ბევრი არასასიამოვნო კითხვა ჩნდება. თიბისი ბანკის ხელმძღვანელების მიერ ფულის გათეთრებისა თუ კონსორციუმის მიერ პირობების შეუსრულებლობის ისტორია, თუნდაც პოლიტიკური კონტექსტის გამო, დამაჯერებელი არ არის, ხოლო “რუსული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე” მინიშნება კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი სამართალდამცავი სისტემაც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც”, - დაასკვნის ზაზა ფირალიშვილი.

პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკონსტოტუციო ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, მან ამის შესახებ განცხადება ფედერაციული კრების წინაშე გამოსვლისას გააკეთა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ პუტინს საკონსტიტუციო ცვლილებებით სურს, რომ რუსეთზე საკუთარი გავლენები გაახანგრძლივოს, რადგან მას უკვე 2024 წელს საპრეზიდენტო ვადა ეწურება. ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას ამცირებს იმისთვის, რომ როგორც კი გაუვა მას 2024 წელს საპრეზიდენტო ვადა, რომ მოერგოს ისეთ სიტუაციას, როგორც ყაზახეთის პრეზიდეტს აქვს, ჰქონდეს ე.წ. ეროვნული ლიდერის ფუნქციები, გახდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ასევე შემოიტანოს სპეციალური ტერმინი “ეროვნული ლიდერი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პუტინი პრეზიდენტობას ეროვნულ ლიდერობაში ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში.

“როგორც ჩანს ბოლო პერიოდში ამ ტიტულს შემოიტანს, სამაგიეროდ პრეზიდენტის უფლებამოსილებას ამცირებს და გადაანაწილებს სახელმწიფო სათათბიროსა და პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. დაიწყო ახალი პოლიტიკის, მემკვიდრის სტრატეგიის განხორციელება, მედვედევის გადაყენება ამას უკვე მოასწავებს. როგორც ჩანს, ვინც ახლა პრემიერ-მინისტრი გახდება ის ალბათ პუტინს პრეზიდენტის ამპლუაში ჩაანაცვლებს. პუტინმა შესაძლოა “ეროვნული ლიდერის” საკითხი კონსტიტუციის ცვლილებების პაკეტშიც შეიტანოს, ასევე, როგორც ჩანს იგი აპირებს, რომ ფედერალურ უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭოს, ანუ ეს ფაქტობრივად საგარეო, თავდაცვის, ეკონომიკური უსაფრთხოების, ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა იქნება.შემთხვევით არაა, რომ მას უშიშროების საბჭოს მოადგილედ მედვედევი გადაჰყავს, როგორც ჩანს, როცა პუტინს საპრეზიდენტო ვადა გაუვა, ის სწორედ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდება და უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული მაღალი ფუნქციები მიენიჭება, რაც პუტინისთვის საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“პუტინი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილი სახელმწიფო დუმას უნდა გადაეცეს, სახელმწიფო დუმას უფლება მიენიჭება, დაამტკიცოს მთავრობის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, ასევე ფედერალური მინისტრების კანდიდატურები. პრეზიდენტი ვალდებული იქნება, დაამტკიცოს შეთავაზებული კანდიდატურები და მას მათი უკუგდების უფლება არ ექნება. პრეზიდენტის უფლებამოსილებებში პრემიერ-მინისტრისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მოხსნა დარჩება. მისი ერთ-ერთი შეთავაზებაა, დამკვიდრდეს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის პრიორიტეტულობა საერთაშორისო სამართალთან მიმართებით. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის მიღება არ არის საჭირო, თუმცა მასში რამდენიმე ცვლილების შეტანა მიზანშეწონილია. რუსეთის კონსტიტუციას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს უპირატესი უფლება საერთაშორისო შეთანხმებებთან და კონვენციებთან მიმართებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თანამდებობის პირებს, მინისტრებს, დეპუტატებსა და მოსამართლეებს არ უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან ბინადრობა. საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს რუსეთში მინიმუმ 25 წლის განმავლობაში (დღეს მოქმედი რედაქციით ეს ხანგრძლივობა 10 წლით არის განსაზღვრული) და არ უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ მანამდეც. რუსეთში შეიქმნას საზოგადოებრივი უფლებამოსილების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს დანიშნავს პრეზიდენტი ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ. ფედერაციის საბჭო მიიღებს უფლებას გაათავისუფლოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება, პრეზიდენტის თხოვნით, შეამოწმოს კანონპროექტების კონსტიტუციურობა, სანამ ხელმოწერილი იქნება პრეზიდენტის მიერ”, - დასძენს გამოცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა