ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020

ვახტანგ ძაბირაძე - “საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”

პაატა ზაქარეიშვილი - “ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ესაა აღიარებითი ჩვენება, რომ არავინ ჰყავს დედამიწის ზურგზე”

დავით უსუფაშვილი - “ხელისუფლებას არ მივცემთ შეხვედრების დასრულების ფუფუნებას”

ალეკო ელისაშვილი - "კალაძემ ერთ დროს დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე"

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”

“მმართველ ძალას პრობლემები თავზე საყრელად აქვს, მათ შორის ერთ-ერთი უმწვავესი საკადროა. ეს უფრო ცხადად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რეიტინგის დაკარგვა დაიწყო და აშკარა შეიქნა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოების საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს. ასეთ დროს დიდი ფასი ედება ერთგულ პირებს, მით უფრო ძალოვან სტრუქტურებში, რომელთა იმედადაც ფიქრობს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას. ძალოვან სტრუქტურებში რთულია პროფესიონალი კადრების შერჩევა, მით უფრო ათმაგად რთულია, როდესაც მხოლოდ პროფესიონალი და ერთგული კადრი კი არა, ერთგულებაში კარგად გამოცდილი კადრი სჭირდება პარტიას, რომელსაც წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნები აქვს. ასეთი ნამდვილად არის შოთაძე”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება დღემდე ვერ მიხვდა, როდის, სად და რა უნდა გააკეთოს”

“ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის მისცეს ხმა და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი განაყოფით ჰყავთ თავიანთი ელექტორატი, თან თითქმის თანაბარი რაოდენობის, რაც საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა, თუმცა ეს მხარდაჭერა ჯამურად 42%-ს არ გასცდენია. ის, რომ ამომრჩევლის 50%-ზე მეტი ჯერაც ჩამოუყალიბებელია საკუთარ არჩევანზე, განაპირობა იმან, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მიუღებელია ერთი ძალაც და მეორეც. ამომრჩევლის ეს ნაწილი კვლავაც ელის ახალ ძალას, ახალ პოლიტიკურ ცენტრს. თუ ასეთის ჩამოყალიბება მოხერხდა, მოყოყმანე ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ძალაზე გადანაწილდება, თუმცა არა სრულად. კიდევ დარჩება არცთუ ცოტა ამომრჩეველი, რომელთა მიმხრობაზე იმუშავებენ “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც”. დღევანდელი ვითარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი ძალის წინასაარჩევნო კამპანიები ისევ ნეგატივზე იქნება აგებული... “ენდიაის” კვლევაში არ მოხვდა პარტია “ლელო”, შესაბამისად, მისი შესაძლებლობები ჯერ გაზომილი არ არის. თუ მომავალ კვლევებში მან “ევროპული საქართველოს” ტოლი რეიტინგი მაინც დადო, ეს აჩვენებს, რომ ამ ძალას ნამდვილად აქვს პერსპექტივა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლება შეიძლება რაღაცებს კიდეც აკეთებს, მაგრამ დღემდე ვერ მიხვდა, როდის, სად და რა უნდა გააკეთოს. ამასაც გათვლა სჭირდება. სხვა პრობლემაა ის, რომ გაკეთებულის წარმოჩენის გზები ვერაფრით მონახეს. რაც შეეხება ოპოზიციას, იქაც არ არის პოზიტივის ადგილი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ლაპარაკით, ხელისუფლებაში ვიყავით და ბევრ რამეს ვაკეთებდითო, დაიღალა ხალხი, თანაც ამომრჩეველი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნებისგან” სხვადასხვა რამეს ითხოვს. “ნაციონალური მოძრაობის” 9 წელზე საუბრისას არავინ ამბობს, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ, იქ სხვა პრობლემები იყო - ადამიანის უფლებების ტოტალური შელახვა, საზოგადოებაში შიშის დანერგვის ცდები და ა.შ. რას უნდა ველოდოთ მათგან, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხი საზოგადოებას არა აქვს და შესაბამისად, ეშინია მისი ხელისუფლებაში დაბრუნების. ამიტომაც ისიც ვერაფერს სთავაზობს ამომრჩეველს...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგი დაიწყო ამერიკის, ევროკავშირის, გერმანიისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების ინიციატივით, ისინი არიან ინიციატორები და მოდერატორებიც, შესაბამისად, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც შეეცდებიან ამ ფორმატის შენარჩუნებას - დიალოგზე უარს არ იტყვიან, თუმცა, ჩემი აზრით, ამ შეხვედრებისგან შედეგს არ უნდა ველოდოთ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გამორიცხულია, ამას “ქართული ოცნება” არ დაუშვებს. ამ ეტაპისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი არის ადაპტირებული გერმანული მოდელი, მაგრამ ამაზე ხელისუფლების დათანხმებაც წარმოუდგენელი მგონია. ის კი, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას, მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება 50/100, თუნდაც იმ პირობების გარეშე, რაც ამას მოაყოლეს, ვფიქრობ, ოპოზიციისთვის დიდად არაფერს ცვლის, ამიტომაც ამას არც დათანხმდებიან. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, როგორც ვხვდები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნის მოლოდინში არიან, სადაც გაიგზავნა ოპოზიციის მომზადებული კანონპროექტი... “ოპოზიციის ავანგარდში მაინც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფები არიან, და როგორ შეიძლება ირწმუნო, თუ ეს ხალხი გაიმარჯვებს, ახალ არჩევნებს დანიშნავს და სააკაშვილს ხელისუფლებას არ გააკარებს?”, - ამბობს ექსპერტი.

“ძალიან კარგია, რომ დაინიშნა ამერიკის ელჩი, ის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე იწყებს თავისი მოვალეობის შესრულებას. არ მიკვირს, რომ ამომწურავი ინფორმაცია აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ერთია ინფორმაციის ფლობა, რაც ნამდვილად კარგია, და მეორეა ადგილზე ვითარების შესწავლა. ვფიქრობ, აქ ჩამოსული ბევრ რამეს სხვაგვარად დაინახავს. წინასაარჩევნოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის პოზიცია, ისევე როგორც ევროპის და გარკვეულწილად რუსეთისაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბოლოდროინდელ გამოსვლაში ამერიკელები ხაზს უსვამენ, საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო. ისიც არის გასათვალისწინებელი, თვითონ ივანიშვილს რა სურს ამ არჩევნებისგან - სურს “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნოს და შემდეგი ოთხი წელი ისევ ჯვარს აცვან, თუ გარანტიები მიიღოს, ისევე, როგორც ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა მიიღეს და თავი დაანებოს ქვეყნის მართვას, იცხოვროს ისე, როგორც მოუნდება... თუმცა ისიც საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

პაატა ზაქარეიშვილი - “ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ესაა აღიარებითი ჩვენება, რომ არავინ ჰყავს დედამიწის ზურგზე”

“იმედი მაქვს, რომ მისი აქტიურობა პირველ რიგში საქართველოში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას შეუწყობს ხელს”, - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აშშ-ს ელჩის საქართველოში კელი დენანის დანიშვნას. დენანმა ფიცი უკვე დადო, რომლის ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, მისი პრიორიტეტი საქართველოში დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, აშშ-ის ინტერესების დაცვა და საქართველოსთან, როგორც აშშ-ის პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობათა განმტკიცება იქნება. ზაქარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს ელჩის საქართველოში დანიშვნა დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუწყობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რამდენად მძიმედაა საქმე, რომ ივანიშვილს უწევს აკეთოს ის, რასაც ვერ იტანს, აკეთოს პოლიტიკა” - ზაქარეიშვილი.

“ელჩი რომ დაინიშნა, მიხარია, ეს ძალიან კარგია და იმედი მაქვს, რომ მისი აქტიურობა პირველ რიგში საქართველოში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას შეუწყობს ხელს, იმიტომ, რომ აშკარად ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველოში დემოკრატიაა,მათ ამაში დარწმუნება სჭირდებათ და ყველაზე ეფექტურია არჩევნებით ცვლილება. მგონია, რომ ქალბატონი დენანი ყველაფერს გააკეთებს, რათა დააკვირდეს, ნახოს რამდენად ეფექტური იქნება არჩევნები, რომ დასავლეთმა დაიჯეროს, რომ საქართველოში მართლა მიმდინარეობს დემოკრატიული მოძრაობა, საქმე ისაა, რომ მთავრობის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენა და იმედი მაქვს, რომ მათი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. რაც შეეხება წინასაარჩევნოდ სავარაუდო სამთავრობო ცვლილებებს მგონია, რომ ეს აშშ-ს ელჩის დანიშვნასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ ივანიშვილი ხვდება, რომ “ქართულ ოცნებას” საქმე ძალიან მძიმედ აქვს. ძალიან მიკვირს მისგან, როცა შეუძლია, რომ სხვა არჩევანი გააკეთოს, რატომ ებღაუჭება ჩაძირულ გემს “ქართული ოცნების” სახით, რომლის გარშემო ძირითადად მედროვეები დარჩნენ, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ივანიშვილი რატომ ეკიდება ხავსს “ქართული ოცნების” სახით, არ ვიცი, როცა კარგი პერსპექტივები ჰქონდა, შეეძლო ყოფილიყო მშვენიერი მეცენატი და ხელი შეეწყო საქართველოს განვითარებისათვის, ამის მაგივრად, “ოცნებას” ბოლომდე მიჰყვება უფსკრულში. როგორც ჩანს, ალბათ ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობა მოუწევს, რომელიც ძალიან არ უნდოდა, “ოცნების” უბედურება ისაა, რომ ხალხი არ ჰყავთ, ახალგაზრდები საერთოდ არ ჰყავთ და იმავე ხალხს აბრუნებენ, რომლებიც თავის დროზე სკანდალით წავიდნენ, იგივე შოთაძე და სხვები, ივანიშვილიც არ მალავდა, რომ არ უნდოდა პრემიერ-მინისტრობა, ესე იგი რამდენად მძიმედაა საქმე, რომ მაინც ამ როლში მოდის. ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ესაა აღიარებითი ჩვენება, რომ მას არავინ არა ჰყავს დედამიწის ზურგზე და თვითონ მოუწევს აკეთოს ის, რასაც ვერ იტანს, აკეთოს პოლიტიკა. ისე აჭრილია დღეს “ოცნება”, რომ რასაც აპირებენ, იმას გააკეთებენ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მის უფლება, თორემ ამერიკა კი ვერ შეუშლის არჩევნების გაყალბებას, მოსახლეობამ არ უნდა შეუწყოს მას ხელი, ყველა აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე, რაც უფრო მეტი მივა, მით ნაკლები იქნება გაყალბების შანსი, ამერიკელები თავისთავად გაყალბებას ხელს ვერ შეუშლიან, ისინი დააფიქსირებენ ამ ყველაფერს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

დავით უსუფაშვილი - “ხელისუფლებას არ მივცემთ შეხვედრების დასრულების ფუფუნებას”

“დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლება საერთო ჯამში სადღაც 35%-ის მიდამოებშია. ეს კი ნიშნავს, რომ “ოცნება” შესაცვლელია, თუმცა არა ყოფილი ხელისუფლებით. მოსახლეობის 65% სიახლეს ითხოვს. ახალი პარტიის პრეტენზია და ამბიცია კი აქვს “ლელოს”, რომელიც ამ კვლევაში არ იყო, რადგან მაშინ პარტია არ არსებობდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდი ნაწილი თუ არა, უმრავლესობა მაინც “ლელოს” პოტენციური ამომრჩეველია. 2020 წლის არჩევნებს მოიგებს ის ძალა, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან და ორპოლუსიანობიდან გამოიყვანს. კვლევის შედეგი ზუსტად ამაზე მიანიშნებს -ვერც მოქმედი ხელისუფლება ინარჩუნებს ძალაუფლებას და ვერც ყოფილი დაბრუნდება”, - აცხადებს დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას არ მივცემთ შეხვედრების დასრულების ფუფუნებას”.

“ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მსგავსად პოლიტიკურ ოპონენტებს არგუმენტით კი არა, რეპრესიული მეთოდებით უსწორდება, ფაქტია. რაც შეეხება ხაზარაძე- ჯაფარიძის დაკავებას, რა ილუზიები ექნება ივანიშვილს, შერჩება თუ არა ჯაფარიძე-ხაზარაძის უსაფუძვლოდ დაპატიმრება, ეს დამოკიდებულია მისი შფოთვის ხარისხზე. თუ ჩათვლის, რომ სხვა არაფერი დარჩენია ოპონენტების გასანეიტრალებლად, შეიძლება დაპატიმრებაზეც წავიდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს დააჩქარებს ხელისუფლების ცვლილებას და არანაირად არ შეასუსტებს პოლიტიკურ ორგანიზაცია “ლელოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“Human Rights Watch"-ის ასეთი კრიტიკული ანგარიში არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება. უკვე ჩამოყალიბდა მკაფიო ტენდენციად, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოც ჩადგა პრობლემური ქვეყნების რიგში, სადაც დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ მას არ იცავენ, კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობენ, თუმცა კანონს არღვევენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს შეუმჩნეველი არ არის არც ჩვენთან და არც ქვეყნის გარეთ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თითქოს ოპოზიცია მთელ მსოფლიოს თვალს უხვევს და ვერ ხვდებიან, რომ ამით სწორედ საკუთარ პრობლემებს ადასტურებენ. რაც ამ დასკვნაში წერია, ასახავს რეალობას, ეს ქვეყანას სახელს ულახავს, ხელისუფლების პასუხი კი აღიარებითი ჩვენებაა და მეტი არაფერი. ძალიან მძიმე მოსასმენია ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მტკივნეული დაჩივლება, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო საერთაშორისო არენაზე ასეთი პასიური და არაკომპეტენტური პირებით წარმოდგენილი არ ახსოვთ. ეს იმიტომ, რომ “ოცნება” ვერ შეეგუა იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც საერთაშორისო წრეებში ავტორიტეტით სარგებლობდნენ”, - ამბობს რესპონდენტი.

“100/50-ზე პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემის ხელისუფლების ვარიანტი არ განიხილება, ვინაიდან ხელისუფლება გვეუბნება - არა მარტო უკან წავიღე დაპირებული 2020 წლის პროპორციული არჩევნები, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული შემდგომი არჩევნებიც გავაუქმოთ და ეს ერთად ჩავიდინოთო. ამაზე ოპოზიციამ ადეკვატური პასუხი გასცა. ხელისუფლებას არ მივცემთ შეხვედრების დასრულების ფუფუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებამდე და მის შემდგომი პერიოდისთვისაც, მიუხედავად იმისა, რას მივაღწევთ მოლაპარაკებით”, - დასძენს უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “შეხვედრების პარალელურად, მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლები?” - პასუხობს:“ლელოს” პოზიციით, პროტესტის თუ აზრის გამოხატვის ყველა კონსტიტუციური ფორმა ადეკვატურია. 2020 წელი უფრო აქტიური იქნება, ვინაიდან უკვე საარჩევნო წელია. ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ”.

ალეკო ელისაშვილი - "კალაძემ ერთ დროს დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე"

“ოცნებაში” დარჩენილი სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, კალაძე თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს და კარგად იცის, რომ ივანიშვილისა და “ოცნების” გემი იძირება. ცდილობს თავი დაიზღვიოს და ჰქონდეს პოლიტიკური პერსპექტივა. ამიტომ არის შეთვლა-შემოთვლის რეჟიმში. ვის, როგორ, რანაირად - ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ძალიან სანდო ხალხმა მითხრა ეს ამბავი და მათ არ გავცემ, სულ რომ მაწამოთ... ბოლო დროის მწვავე განცხადებები კალაძის საჯარო პოზიციაა. ასე უნდა ილაპარაკოს, თორემ ივანიშვილთან ურთიერთობა უფრო გაურთულდება”, - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „კალაძემ ერთ დროს დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე“.

“ერთი თვეა, ანტიკორუფციული სააგენტო სუს-ში იბარებს მერიის ჩინოვნიკებს და “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას, რომელიც კალაძის ძმაკაცია. ივანიშვილი აპირებს, ეს საქმე გამოიძიოს, როგორც სჩვევია, თაროზე შემოდოს და მერე, თუკი დასჭირდება, მერიის მაღალჩინოსნებს კალაძის წინააღმდეგ მიაცემინოს ჩვენება. ეს სჭირდება, რომ კალაძის ლოიალურობა და მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდეს. კვირიკაშვილის საქმეზე რა მოხდა, ხომ გახსოვთ? ასეთივე საქმეებია ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ამით მოიპოვა ივანიშვილმა ღარიბაშვილის ლოიალურობა. ახლა მიემატება კალაძეც - ის ამიტომ ცდილობს ერთგულება დაუმტკიცოს ივანიშვილს. ივანიშვილი თავის გარემოცვას კომპრომატებით აკონტროლებს. ვიღაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ზოგის წინააღმდეგ სხვა სახის კომპრომატები აქვს... უდევს თაროზე და როცა დასჭირდება, გამოიყენებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

“ვიხილავთ თუ არა კალაძეს ოპოზიციაში არ ვიცი, ვნახოთ... მაგრამ აშკარაა, რომ კალაძე თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს... ერთ დროს კალაძემ დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე და ანგარიში გაუსწოროს. იმის ნაცვლად, ვხედავდეთ, ქვეყანა როგორ ცდილობს სიღარიბიდან ამოსვლას, ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა ანგარიშსწორებას. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! ვითარება უნდა შევცვალოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღეს არა გვაქვს ბერკეტები, მაგრამ ამ წლის ბოლოს დიდი ცვლილებები მოხდება ქვეყანაში და “ქართული ოცნება” აღარ იქნება ხელისუფლებაში... ჩემი მოძრაობა პარტია არ არის და “ენდიაის” კვლევაში ვერ მოვხვდით, თუმცა პიროვნებათა რეიტინგში ჩემი მზარდი რეიტინგი მომეწონა. პარტიას მალე ჩამოვაყალიბებთ და სოლიდურ შედეგებსაც ვაჩვენებთ. სხვა პარტიასთან თანამშრომლობაზე არ ვფიქრობთ, მარტო ვიქნები”, - დასძენს ალეკო ელისაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა