"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის პრევენციის ჯგუფის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეო, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს თეა წულუკიანმა წარმოადგინა, სამინისტროში დაცული აღარ უნდა ყოფილიყო და მისი „დამუშავება, შენახვა იყო ყოვლად დაუშვებელი და უკანონო“.
როგორც ნიკა სიმონიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ჩანაწერის მიზანთან შეუსაბამო გამოყენება მოხდა, რითაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის პრინციპები დაირღვა“.
„ეს საკითხი რეგულირებულია პატიმრობის კოდექსით, რამდენად შეიძლება მსჯავრდებულის მეთვალყურეობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ასეთ შემთხვევაში კანონი ამბობს შემდეგ რაღაცას, რომ თუ არის საფრთხე, რომ თვითმკვლელობა შეიძლება სცადოს პატიმარმა, ზოგადად, თვითდაზიანება ან მის ქონებას შეიძლება საფრთხე მიადგეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ დაწესებულების დირექტორმა მიიღოს გადაწყვეტილება, ბრძანება უნდა გამოსცეს, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მისი ვიდეოთვალთვალი, რასთან დაკავშირებითაც პატიმარს უნდა ეცნობოს. ასეთ შემთხვევაში, ასეთი რაღაც კანონით დასაშვებია, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა გვაქვს იმასთან, რამდენად იყო შენახვის ვადა დაცული ან რამდენად იყო გამოყენების მიზანი ის, რა მიზნითაც თავდაპირველად ჩაწერა განხორციელდა. შენახვის ვადების კუთხითაა პრობლემა, იმიტომ, რომ ეს ვიდეო-თვალთვალი შეიძლება, ზოგადად, განხორციელდეს მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში და შემდეგ შეიძლება შეინახოს არანაკლებ 120 საათი, ანუ 5 დღე და არაუმეტეს 1 თვისა. ანუ, დაარქივება რომ მოხდება. ამ შემთხვევაში, როდესაც გაზაფხულ-ზაფხულზეა ჩანაწერი გაკეთებული, იქიდან ყველანაირი ვადა გასულია და ეს ვიდეო-ჩანაწერები სამინისტროში დაცული აღარ უნდა ყოფილიყო და წაშლილი უნდა ყოფილიყო. ამავდროულად, ის მიზანი, რა მიზნითაც იყო ეს თვალთვალი განხორციელებული, ამ მიზნით არ მომხდარა გამოყენება ჩანაწერების, ანუ მოხდა მიზანთან შეუსაბამო გამოყენება. ამდენად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის პრინციპებია ძალიან უხეშად დარღვეული",-განაცხადა სიმონიშვილმა.
იურისტი ასევე განმარტავს, რა შემთხვევაშია კონფიდენციალური საპატიმრო დაწესებულებაში მიმდინარე შეხვედრები.
"რაც შეეხება იმას, რომ მოხდა თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს, ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი გვეუბნება, რომ კონფიდენციალურია სახალხო დამცველთან ან პრევენციის ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრა. ამ ვიდეოში არ ჩანს, რომ მათი საუბარი იყო ჩაწერილი, მიყურადებაც აკრძალულია. ამ შემთხვევაში, თუ გაფრთხილებულები არ იყვნენ, ეს უკანონო თვალთვალი იქნება და შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, მაგრამ თუ გაფრთხილებული იყვნენ ამ გადაღების შესახებ, ეს ვერ ჩაითვლება კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევად. პრობლემა გვაქვს მხოლოდ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ვადები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმომადგენელი, ვინც იყო შესული პატიმართან, მისი თანხმობის გარეშე მოხდა მისი პირადი მონაცემების გამოქვეყნება. ამ მიზნით, ამ მოცულობით და ამ ვადებში ვიდეო-ჩანაწერის დამუშავება, შენახვა იყო ყოვლად დაუშვებელი და უკანონო“,- განაცხადა სიმონიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"