პროკურატურა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმა არ არის

ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე პროკურატურა თანახმა არ არის. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, გუგა ბარბაქაძეს როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის მკვლელობას ედავებიან, რასაც ბარბაქაძე არ აღიარებს. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, მასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების პირობებზე პროკურორი არ საუბრობს. ნადირაძის თქმით, ვინაიდან სასამართლო პროცესი დახურულია, ის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილება საკასაციო საჩივრები, რომელიც ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი. ასევე, განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გიორგი ჯანაშიას ნაწილში.

ვადასტურებ, რომ გუგა ბარბაქაძის ინტერესების დამცველის მიერ მოხდა გენერალური პროკურატურისთვის მომართვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად და ცხადად შემიძლია განვმარტო, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკება არ წარმოებს, ბრალდების მხარე არ არის თანახმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მარტივი პროცედურა რომ განვმარტო, იმისათვის რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმებული იყოს, მინიმალური სტანდარტი გახლავთ ბრალის აღიარება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარე 2 ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდა და დღემდე მიუთითებს, რომ გუგა ბარბაქაძის მიმართ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა მის ბრალეულობას ორ ეპიზოდთან მიმართებით, როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის. ამ პოზიციას დაიჭერს ბრალდების მხარე უზენაეს სასამართლოშიც და ამ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივად იდავებს", -განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო