პროკურორის განცხადებით, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ, დავით სარალიძის მკვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ დავით სარალიძის მკვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ორი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდში გუგა ბარბაქაძე გაამართლა, პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არსებობს, რაზეც სასამართლოს არც კი უმსჯელია.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებული იქნა შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, აღნიშნული საპროცესო შეთანხმება მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას გაუფორმდა. ერთ მნიშვნელოვან გარემოებას მინდა შევეხო და საზოგადოებას შევახსენო, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარე ცალსახად მიუთითებდა, რომ გიორგი ჯანაშიას მიერ განხორციელდა ჯგუფურად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობა. სწორედ ამაზე დაეთანხმა დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს. შესაბამისად, ჯანაშიამ აღიარა და მოინანია ის დანაშაული, რასაც ბრალდების მხარე ორი ინსტანციის სასამართლოში ედავებოდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძის საკითხს, ბრალდების მხარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე საკასაციო საჩივარი წარადგინა, სადაც დეტალურად მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად ადასტურებს დავით სარალიძის ეპიზოდში მისი ბრალეულობის საკითხს. ყურადღება გავამახვილეთ ასევე სააპელაციო სასამართლოების მიმდინარეობისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებზე, რომელიც ცალსახად თანხვედრაში მოდის გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებთან და რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ფაქტი გუგა ბარბაქაძის მიერ არის განხორციელებული", - განაცხადა ნადირაძემ.

როგორც პროკურორი განმარტავს, გუგა ბარბაქაძე დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობას რომ იღებდა, თავად მსჯავრდებულ ბარბაქაძის მიერ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში გაჟღერებული ინფორმაციაა, სადაც ნადირაძის თქმით, მსჯავრდებული ამბობს, რომ ფარდულში იმყოფებოდა.

„ძალიან ბევრ მტკიცებულებაზეა საუბარი, მთელი პროცესების განმავლობაში დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ერთ ჩვენებაზე იყო ბრალდების მხარე დამოკიდებული. ეს ნამდვილად არ არის სიმართლე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება თავად ბრალდებულ გუგა ბარბაქაძის მიერ გაჟღერებული პოზიციაა აუდიო-ვიდეო ჩანაწერში, სადაც ის პირდაპირ მიუთითებს, რომ ფარდულში იმყოფებოდა, მაშინ როცა მთელი ამ პროცესების განმავლობაში განმარტავს, რომ ფარდულში ის საერთოდ არ შესულა. ეს მტკიცებულება გამოძიების მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელიც მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და ეს მტკიცებულება შეფასების გარეშე დატოვა. მიხეილ კალანდიას მიცემული ჩვენება ცალკე აღებული არ განიხილება, ბრალდების მხარე მიუთითებდა და დღესაც მიუთითებს, მისი ჩვენება გუგა ბარბაქაძის მიერ დანის გამოყენების ნაწილში თანხვედრაში მოდის გამოძიების მიერ მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან და ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ გუგა ბარბაქაძე მონაწილეობდა დავით სარალიძის მკვლელობაში", -განაცხადა ნადირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო