ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ ციხეში პატიმრებსა და ომბუდსმენის წარმომადგენლების შეხვედრების ხმოვანი ჩაწერაც ხდებოდეს

საქართველოს სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ ციხეში პატიმრებსა და ომბუდსმენის წარმომადგენლების შეხვედრების ხმოვანი ჩაწერაც ხდებოდეს.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ სისტემაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„ხმოვან ჩანაწერებს ალბათ, აკეთებენ, მე მაქვს განცდა რომ აკეთებენ, თუმცა, არ აქვს არანაირი დამადასტურებელი ინფორმაცია იმის გარდა, როდესაც გვქონდა შემთხვევა სუბელიანის და ჯაფარიძის საუბარი გამოვიდა სისტემიდან და გამოძიებას არ დაუდგენია ვინ ჩაიწერა, ზოგადად წერენ, თუ ვინ ჩაიწერა ის საუბარი, ან ინახავს თუ არა პენიტენციურ სამსახური პატიმრის და სტუმრის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას. ამაზე პასუხები არ გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა სისტემაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, იმდენად წარმოუდგენელი და გაუგონარი ფაქტები ხდება იუსტიციის მინისტრის მხრიდან, ის არაფერს გამორიცხავს, „არანაირ დანაშაულებრივ ქმედებას“.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მას არანაირი გარანტია არ აქვს, გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

„ამის არანაირი გარანტია არ მაქვს, რა თქმა უნდა. ჩემთვის მთავარია მე დღეს სახელმწიფომ მომცეს იმის გარანტია, რომ ჩემი წარმომადგენლები ციხეში იქნებიან უსაფრთხოდ, მათ მიმართ არ განხორციელდება უკანონო ქმედებები. არ განხორციელდება რაიმე პროვოკაციული ქმედებები. იმდენად წარმოუდგენელი და გაუგონარი ფაქტები ხდება მინისტრის მხრიდან, მე არაფერს გამოვრიცხავ, არანაირ დანაშაულებრივ ქმედებას. ციხე პატიმრებთან ურთიერთობა ძალიან სპეციფიური, დელიკატური თემაა. ეს გარედან ჩანს მარტივი. იქ ძალიან ბევრ რაღაცას უნდა მიექცეს ყურადღება, ბევრი ნიუანსი უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მინისტრი ცდილობს, რომ პატიმრებსა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთობაში ბზარი გააჩინოს, როდესაც ის პირდაპირ ეუბნება მათ, რომ გამოვაქვეყნებ ინფორმაციებს ვის შეგხვდათ სახალხო დამცველი, როგორ და რა ვითარებაში შეგხვდათ, კადრებსაც კი დავდებ, რადგან 10 თვის განმავლობაში ვინახავ, რაც უკანონობაა; ეს არის წარმოუდგენელი რამ და ძალიან საშიში გზავნილი.

„ყველაზე აღმაშფოთებელი არის ის, რომ 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩვენი ინსტიტუტის არსებობის მანძილზე არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენლის ან სახალხო დამცველის ვიზიტის ამსახველი ვიდეოკადრი, ან ინფორმაცია თუ ვის შეხვდა, გაესაჯაროებინოს პენიტენციურ სამსახურს ან ციხის ადმინისტრაციას. არასოდეს ასეთი ფაქტი არ ყოფილა. რატომ არის ეს საშიში? - იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც წლების განმავლობაში ვაშენებთ ნდობას პატიმრებთან ურთიერთობის დროს და სახალხო დამცველს არ ჰყავს თავისი საქმიანობისთვის სხვა მექანიზმი, არც პოლიცია გვყავს, არც ჯარი, ერთადერთი რასაც ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პატიმრებთან ურთიერთობისას არის ნდობა და კონფიდენციალურობა. ბოლო დღეების განმავლობაში ქალბატონი წულუკიანი ებრძვის ამ საფუძველს ჩვენი არსებობის და საქმიანობის. როდესაც ის ცდილობს, რომ პატიმრებსა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთობაში ბზარი გააჩინოს, როდესაც ის პირდაპირ ეუბნება, რომ გამოვაქვეყნებ ინფორმაციებს ვის შეგხვდათ სახალხო დამცველი, როგორ და რა ვითარებაში შეგხვდათ, კადრებსაც კი დავდებ, რადგან 10 თვის განმავლობაში ვინახავ, რაც უკანონობაა, ეს არის წარმოუდგენელი რამ და ძალიან საშიში გზავნილი. როდესაც პატიმარი ჩვენ გვხვდება, ის პროტესტს აცხადებს სისტემის მიმართ და რაღაცის შესახებ ჩივის, ძალიან ბევრი პატიმარი ჩვენთან მოსვლას ისედაც ერიდება კრიმინალური სუბკულტურის თუ სხვა რამის გამო. როცა ამას წულუკიანმა დაუმატა, რომ გისმენთ კიდევაც, გწერთ კიდევაც და გამოვაქვეყნებ კიდეც როცა ეს მე პოლიტიკურად დამჭირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ფაქტიურად შეარყია სახალხო დამცველის საქმიანობა ჰქვია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს. მათივე ცნობით, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წუხელ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მოინახულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა