სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მეტი გვჭირდება

ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მეტი გვჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნებს შორის კონფლიქტის მოგვარების გზებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი ფორმატი ვერ არის დამაიმედებელი.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმებით ტექნიკური საკითხების მოგვარება იშვიათად მიიღწევა. როგორც კი მნიშვნელოვანი საკითხი დგება, რუსული მხარე ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას. დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი ფორმატი ვერ არის დამაიმედებელი. ორივე დიალოგი უნდა გამოცოცხლდეს, აიწიოს პოლიტიკური დონე, რათა ისინი კონფლიქტის მართვის კი არა, მისი მოგვარების მექანიზმად ჩამოყალიბდეს.

მჯერა, რომ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ თანხმობას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას. გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია, მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ყველას ჩართულობა სჭირდება და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა კონფლიქტის მოგვარების გზა იპოვოს, გააერთიანოს ქვეყანა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფლება უზრუნველყოს.

„ჩემი არჩევის დღიდან მე აქტიურად ვმუშაობ იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე ავიყვანო.

მოვუწოდებთ ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით - დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად,ადამიანების გაერთიანებისკენ.

საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგით მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ”,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა