ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2020

ხელფასის შემცირება ან თანამშრომელთა ქუჩაში გაშვება - სამინისტროსა და კლინიკების დავა პიკს აღწევს

არძინბას კლანი აფხაზურ პოლიტიკაში ბრუნდება - ვინ არის ინალ არძიმბა, რომელიც ოდესაში სააკაშვილს დაუპირისპირდა

***

ხელფასის შემცირება ან თანამშრომელთა ქუჩაში გაშვება - სამინისტროსა და კლინიკების დავა პიკს აღწევს

“ჯანდაცვის სისტემა 520-ე დადგენილების შედეგებს ვერ უმკლავდება. კლინიკების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სამინისტროს კალკულაციამ, მათი ხელფასები 35%-ით შეამცირა. ასევე, ხდება კადრების ოპტიმიზაციაც. მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. "საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის „თბილისის გულის ცენტრის“ წარმომადგენლის, ექიმ არჩილ ჩუხრუკიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის გადაგზავნილ განფასებაში ხელფასები 35%-ით არის შემცირებული. გარდა ამისა, ბევრი პრობლემა ექმნებათ პაციენტებს, რომლებიც ვეღარ იღებენ ზოგიერთ მომსახურებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხელფასის შემცირება ან თანამშრომელთა ქუჩაში გაშვება - სამინისტროსა და კლინიკების დავა პიკს აღწევს / ორივე მხარე ერთმანეთს სიცრუეში ადანაშაულებს და შეთანხმება უკვე შეუძლებელი ხდება

"520-ე დადგენილებიდან 2 თვე გავიდა, ჩვენ ვმუშაობდით და ვცდილობდით შეთანხმებას სამინისტროსთან, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ არის მიღწეული. ჩვენ ვაფრთხილებდით სამინისტროს, რომ ამ ფასების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა რიგი მომსახურების შეთავაზება პაციენტებისთვის, მაგრამ ამ საკითხების მოგვარება დღემდე არ ხდება. 520-ე დადგენილების პირველი ეფექტი ის არის, რომ ოპერაციები ფიზიკურად ვერ ტარდება, მაგალითად, ბიოლოგიური სარქველის იმპლანტაცია და ა.შ. ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ პაციენტებს, ასევე მედპერსონალისთვის შემცირდა სახელფასო ფონდი და თანამშრომელთა ნაწილი ადმინისტრაციული კუთხით დაითხოვეს საავადმყოფოდან. თუ ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროს კალკულაციებს, დარწმუნდებით, რომ თავადვე აქვთ სახელფასო ფონდი შემცირებული 35%-ით“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ”, - აღნიშNავს გამოცემა.

"ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი საპასუხოდ ამბობს, რომ კლინიკების მიერ გაცხადებული ფაქტი, რომ მათ ახლა უწევთ სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების შემცირება, არის სიცრუე. "520-ე დადგენილების ფარგლებში კლინიკებისთვის ანაზღაურების ვალდებულება სამინისტროს დაუდგება მაისში, შესაბამისად, მათ მიერ გაცხადებული ამბავი, თითქოს ახლა უწევთ სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების შემცირება, არის სიცრუე. გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში და 520-ე დადგენილების ფარგლებშიც ტარიფების გაანგარიშებისას არ ყოფილა ცვლილება შეტანილი სახელფასო ანაზღაურების კუთხით და კლინიკებს ხელფასების შემცირების საფუძველი არ აქვთ“, - განაცხადა ტიკარაძემ. დადგენილება გასული წლის ბოლოდან აქტუალურია არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კლინიკებს შორის ურთიერთობისას, არამედ ის, საზოგადოებაშიც განხილვის თემად იქცა. გუშინ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ლევან კობერიძის განცხადებით, ექიმებისა და კლინიკებისგან მიღებული ინფორმაციით, დადგენილებამ რეალურად მხოლოდ გააუარესა მდგომარეობა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არარეალურია. ამიტომაც, პაციენტები ვერ იღებენ შესაბამის მკურნალობას. ეს არის რეალობა. სამინისტროს ინფორმაცია, რომ თითქოს ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, აღმოჩნდა ტყუილი, რადგან 10 იანვრის შემდეგ იმ დაანონსებულ საბჭოებში, რომელთანაც სამუშაო შეხვედრები უნდა გამართულიყო, მსგავსი არაფერი გამართულა. ყველა ინფორმაცია, რაც სამინისტრომ კლინიკებისგან და ექიმებისგან მოითხოვა, მიწოდებულია შარშან, წლის ბოლოს, მაგრამ სამინისტრო რატომღაც ვერ ან არ ახერხებს ამ ინფორმაციის გადამუშავებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. სხვათა შორის, სამინისტრომ უკვე თავად აღიარა რიგი შეცდომები დადგენილებაში. დღის წესრიგში მთავარი თემა ჯერჯერობით არის მხოლოდ სამედიცინო დარგები, თუმცა იგივე პრობლემები ცოტა ხანში, სავარაუდოდ, შეეხება სხვა მიმართულებებსაც, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ მზადდება დადგენილებები სხვა დისციპლინებთან დაკავშირებითაც“, - განუცხადა "რეზონანსს” კობერიძემ. დადგენილებას რომ წინასწარი დაგეგმვისა და ანალიზის გარეშე მიიღეს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმაც კარგად იციან. სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ტარიფიკაციის წინააღდეგი არავინაა, თუმცა 520-ე დადგენილებით მიღებული ხარჯთაღრიცხვა უსამართლო და არაადეკვატურია, რამაც საბოლოოდ კლინიკებს პერსონალის ან ხელფასის შემცირების გადაწყვეტილება მიაღებინა”, - დასძენს გამოცემა.

"ეს დადგენილება თავიდანვე პრობლემური აღმოჩანდა. მან გამოიწვია რეალური პრობლემები სისტემაში, რადგან არასწორად დაითვლეს და კალკულაციაც არასწორად გაკეთდა. ერთადერთი მიზანი, რომელიც სამინისტროს ამოძრავებს, ეს არის ხარჯების შეკვეცა. გასაგებია, რომ 300- მილიონიანი დავალიანების პირობებში როგორღაც ხარჯის შემცირებას ცდილობენ, თუმცა ამისათვის აბსოლუტურად არასწორი გზა აირჩიეს. ტარიფიკაციის წინააღმდეგი არა მგონია ვინმე იყოს, მაგრამ ასეთი დათვლა დღეს უსამართლოა. ტარიფები არის იმაზე ნაკლები რიგ შემთვევებში, ვიდრე თავად მომსახურეობის თვითღირებულება. ამან კი გამოიწვია ის, რომ კლინიკები იძულებულნი არიან შეამცირონ პერსონალი. ეს უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს პროცესი. მცირდება ანაზღაურება ან ათავისუფლებენ თანამშრომლებს, შესაბამისად, ეს აისახება პაციენტებზე და სამედიცინო მომსახურეობის ხარისხზე. საბოლოოდ, შეიძლება ზოგიერთი მომსახურების გაწევა გახდეს პრობლური”, - აღნიშნა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა "რეზონანსთან” საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

არძინბას კლანი აფხაზურ პოლიტიკაში ბრუნდება - ვინ არის ინალ არძიმბა, რომელიც ოდესაში სააკაშვილს დაუპირისპირდა

"აფხაზეთში მალე ახალი გავლენიანი პოლიტიკური სახე გამოჩნდება - რუსეთის პრეზიდენტის ცნობილი და გავლენიანი თანაშემწის, ვიაჩესლავ სურკოვის მარჯვენა ხელი ინალ არძიმბა, რომელსაც აფხაზეთის პირველი დე ფაქტი პრეზიდენტი ვლადისლავ არძიმბა ბიძად ერგება. იგი წლების განმავლობაში კურირებდა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე კრემლის სეპარატისტულ პროექტებს და ქართველ პოლიტიკოსებთან დაპირისპირების გამოცდილებაც აქვს, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არძინბას კლანი აფხაზურ პოლიტიკაში ბრუნდება - ვინ არის ინალ არძინბა, რომელიც ოდესაში სააკაშვილს დაუპირისპირდა

"გაზაფხულზე ინალ არძიმბა აფხაზეთში საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „ერ-ბე-კა“-სთან ინტერვიუში განაცხადა. პარტიას „აფხაზეთის მომავალი“ ერქმევა, რომლის დამფუძნებელიც და კოორდინატორიც თვითონ იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მან თავისი ყოფილი ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ სურკოვის მიერ საჯარო სამსახურიდან სკანდალური წასვლის შემდეგ გააკეთა. ამჟამად ინალ არძინბა რუსეთის სახელმწიფო მოხელეა და იკავებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. 2019 წლის სექტემბერში ის აცხადებდა, რომ არ აპირებდა აფხაზეთში მუშაობას, თუმცა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური კანდიდატი ალხას კვიცინია მას "პრემიერ-მინისტრობას“ სთავაზობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"არძინბასა და აფხაზეთის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით "რეზონანსი“ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა: "დიდი ხანია არძინბას აფხაზეთში სამოქმედოდ ამზადებდნენ და ის ადგილობრივებშიც ძალიან პოპულარულია პიროვნული თვისებების გამო და თქვენ წარმოიდგინეთ, გარეგნობის გამოც. მას მხარს განსაკუთრებით ახალგაზრდები უჭერენ. გარდა ამისა, ყველასთვის ნათელია, რომ მის უკან კრემლი დგას. ვინც აქამდე მართავდა და ახლო მომავალში ვინ მართავს აფხაზეთს, მათ შორის ყველა ლოიალური იქნება კრემლის მიმართ. "კრემლისთვის აფხაზეთში გადატრიალება თუ ამბოხი პრობლემური არ არის, რადგან ყველა შემთხვევაში მისი წარმომადგენელი მოდის ე.წ. ხელისუფლებაში, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც წინა რეჟიმებთან ვერ მოილაპარაკეს, მაგალითად, მიწების უცხოელებზე გაყიდვის საკითხი. კრემლს სჭირდება ადამიანი, რომელიც უნისონში იმოქმედებს, სადაც არ იქნება მცირე გაუგებრობებიც კი“, - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას”, - განაგრძობს გამოცემა.

"ინალ არძინბა 1990 წელს სოხუმში დაიბადა. მისი მამა და ბიძა 1992-93 წლებში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ბიძამისი აკა არძინბა იყო აფხაზური პარტიის „ამცახარას“ დამფუძნებელი, ის 2003 წელს შიდა ნათესაური კონფლიქტის დროს მოსკოვში მოკლეს. ინალ არძინბა აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად ის ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოჩნდა და პრაქტიკულად კრემლის პოლიტიკას აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით სწორედ არძიმბა კურირებდა. მაშინ მას ოფიციალურად ეკავა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული "სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა საზოგადოებრივი მხარდაჭერის კომიტეტის“ კურატორის თანამდებობა. გარდა ამისა, 2018 წლის მაისამდე ინალ არძიმბა პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციაში "ეს-ენ-გეს“ ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელიც იყო”, - დასძენს გამოცემა.

"2015 წელს იგი უკრაინის მტრების სიაში შეიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, სწორედ არძიმბა კურირებდა ოდესის ოლქის ტერიოტორიაზე დონეცკისა დ ალუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების მსგავსი „ბესარაბიის რესპუბლიკის“ შექმნის პროექტს, რაც საბოლოოდ ვერ განხორციელდა. იმავე წელს უკრაინის ხელისუფლებამ მსაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ოდესის ოლქში კი, რომლის გუბენნატორიც იმ პერიოდში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, მის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით საქმე აღძრეს. ოდესის ოლქის გენპროკურორის მაშინდელმა მოადგილე დავით საყვარელიძემ მაშინ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „სეპარატიზმი და მეხუთე კოლონისტობა თურმე მემკვიდრეობით გადადის. ესეც ერთგვარი მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესია, როგორც ჩანს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი წლის შემდეგ ოდესაში პროკურორად ჩასულს არც მეტი არც ნაკლები ინალ არძინბა გადამეყრებოდა კრემლიდან ე.წ „ბესარაბიის სახელმწიფოს“ პროექტის ხელმძღვანელად...“ კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს არძინბას აფხაზეთში დაბრუნება რეგიონზე, მამუკა არეშიძე გვპასუხობს: „თუ ინალ არძინბა იდგა იმ პრინციპებზე, რისი იმედიც აქვს კრემლს და რისი მოლოდინიც გვაქვს ჩვენც, მაშინ არავითარ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ის იქნება იმ პოლიტიკის მკაცრად გამტარებელი, რომელიც კრემლს სჭირდება სამხრეთ კავკასიაში. კონკრეტულად საქართველოს მიმართ”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო