ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2020

რუსეთის დუმამ საქართველოში “ოსთა გენოციდის” აღიარებისათვის მასალების შეგროვება დაიწყო

როგორ აპირებენ თბილისში ლავროვის დახვედრას

არჩილ გამზარდია - “გახარიას ერთგვარი მეგრული არტისტიზმი ახასიათებს... მეეჭვება, რაღაც “ნამიოკებს” ისროდეს”

* * *

რუსეთის დუმამ საქართველოში “ოსთა გენოციდის” აღიარებისათვის მასალების შეგროვება დაიწყო

“რუსეთის დუმაში რამდენიმე თვის წინ შექმნილი “1920 წლის ოსთა გენოციდის აღიარების კომისიის” წევრები ცხინვალში ჩასვლასა და ადგილობრივ “პარლამენტარებთან” შეხვედრას გეგმავენ. ამის შესახებ რუსულ “სპუტნიკთან” საუბარში აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთის დუმამ საქართველოში “ოსთა გენოციდის” აღიარებისათვის მასალების შეგროვება დაიწყო.

“საქმეში ჩავრთეთ ექსპერტები და ისტორიკოსები, გავმართეთ შეხვედრა, სადაც დავსახეთ მუშაობის გეგმა. გამოვყავით პირები, რომლებიც ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ და შეაგროვებენ მასალებს შესაბამისი წყაროებიდან. ამის შემდეგ, როდესაც ჯგუფის ყველა წევრი მზად იქნება ოს დეპუტატებთან შესახვედრად და მაცნობებენ ამის შესახებ, მაშინ დავთქვამთ ცხინვალში ჩასვლის ზუსტ დროსაც”, - ამბობს ვოდოლაცკი. ისივე თქმით, ეს სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში მოხდება. ამ ვიზიტისათვის საგანგებოდ ემზადებიან ცხინვალში. ადგილობრივი ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ პეტრე გასიევი აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი “გენოციდის აღიარებაა“, მისივე თქმით, 1920 წლის შემდეგ “სამხრეთ ოსეთში” ხალხთა ძმობა პროპაგანდირება მიმდინარეობდა ამ თემაზე მუშაობაც კი შეუძლებელი იყო. “მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მოვამზადოთ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შესაბამისი მასალა, რათა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჩვენგან განსხვავებით იცოდნენ, რა მოხდა 100 წლის წინ და რას ნიშნავს გენოციდი”, - აცხადებს გასიევი. 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკაშე ე.წ. “ოსთა გენოციდის” თემა რამდენიმე თვის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოწია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჟურნალისტებთან ერთ-ერთი შეხვედრისას მან განაცხადა, რომ “საქართველომ 1918 წელს გერმანიის ჯარის დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, ოსეთის ოკუპაცია კი - 1919-20 წლებში” და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ დროს განხორციელებული ქმედებები სწორედ ის იყო, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კრემლის პოლიტიკის ამ მიმართულებით გააქტიურებას კონფლიქტის პროვოცირების მცდელობად აფასებს. “ეს თემა არის წამოწევა საკითხისა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის პროვოცირებას. პუტინმა აფხაზური და ოსური ცენტრები ისევე განიხილა, როგორც 90-იანებში განიხილავდნენ რუსები - რომ თითქოს საქართველო ჩაგრავს ამ რეგიონებს. ეს არის აგრესიული რუსეთის მორიგი ნაბიჯი საქართველოს მიმართ. დიდი ხანია მას ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს - ჯერ პუტინმა გააკეთა განცხადება”, - ამბობს საყვარელიძე, რომლის თქმით “ახლა მისი ხელქვეითები შეუდგნენ “საქმის კეთებას”, - დასძენს გამოცემა.

როგორ აპირებენ თბილისში ლავროვის დახვედრას

“რა თქმა უნდა, თვითმფრინავს ფიზიკურად წინ ვერ გადავუდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული პროტეტსი მოჰყვება რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას საქართველოში ლავროვის ხელმძღვანელობით, რომელიც არის კრემლის და პუტინის პროპაგანდის შემოქმედი”, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოში. 14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილოებას მიიღებს რუსეთის დელგაცია, სავარაუდოდ საგარეო საქმთა მინისტრ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ გონს მოეგონ და არ დაუშვან “მეორე გავრილოვი”, იმიტომ რომ რუსეთის დელეგაციის და სერგეი ლავროვის საქართველოში შემოშვებას არავინ აპირებს და ამას სერიოზული პროტესტი მოჰყვება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თვითმფრინავს ფიზიკურად წინ ვერ გადავუდგებით, მაგრამ...” - როგორ აპირებს “ნაცმოძრაობა” თბილისში ლავროვის დახვედრას.

“ადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, “გავრილოვის ღამის” შემდეგ, რასაც მოჰყვა საქართველოს მოსახლოების სერიოზული აღშფოთება, ნამდვილად აღარ მეგონა, რომ ხელისუფლებიდან ვინმე გაბედავდა მსგავს განაცხდებებს - რომ მზად არიან უმასპინძლონ რუსეთის ხელისუფლებას, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ აკანონებს ოკუპაციას და საქართველოს “კანონი ოკუპაციის შესახებ” თურმე არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითმფრინავს ფიზიკურად წინ ვერ გადავუდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული პროტესტი მოჰყვება საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას ლავროვის ხელმძღვანელობით, რომელიც არის კრემლის და პუტინის პროპაგანდის შემოქმედი. ჯერ ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს არ გვიმსჯელია, ჯერ შორს არის - მინისტერიალი მაისში იმართება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა დააფიქსიროს რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ამ საკითხთან მიმართებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული უფლება და ვალდებულებაც, “ოკუპაციის კანონის” თანახმად, არ შემოუშვას რუსეთის დელეგაცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხატია დეკანოიძე.

“ შესაძლოა რაღაც აქციები დაიწყოს, მაგრამ ეს მასშტაბური არ იქნება. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არ იქნება ისეთი სიმძლავრის, რაც გავრილოვის ვიზიტისას მოხდა” - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “ოკუპაციის კანონის” გვერდის ავლით, მაისში თბილისში დაგეგბილის ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსული დელეგაციის ვიზიტს. ევროსაბჭოს ასმბლეაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს პრინციპების პატივისცემის გამო, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აქვს თუ არა ოპოზიციას ლავროვის ვიზიტის გამო მასშტაბური აქციის აგორების პოტენციალი.

“ოპოზიციის მიერ ახლა მასშტაბური აქციების აგორება ფაქტობრივად გამორიცხულია, თუნდაც იმის გამო, რომ საზოგადოება ამისთვის მზად არ არის და სხვა პრობლემები აქვს. თუ პროტესტია გამოსახატი, იყოს საზოგადოებრივი პროტესტი მაგრამ იმის შემდეგ, რაც ეს საქმე გადაწყვეტის მომენტში იქნება... სულაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ ოკუპაციის კანონის გარკვეული მუხლები შეჩერდეს და საქართველოში ეს ვიზიტი განხორციელდეს, რადგან არ ვთვლი, რომ ეს დიდი უბედურების მომტანი იქნება. მაგრამ უფრო კარგი იქნება. თუ ვიზიტისას საზოგადოებრივი პროტესტი იქნება - ეს უფრო უკეთესი მგონია, ვიდრე ხისტი დამოკიდებულება გამოვავლინოთ... 30 წელია ამ ხისტი დამოკიდებულებით მუდმივად ვსაუბრობთ აფხაზეთთან, სამაჩაბლოსთანაც და შედეგიც აგერაა. მგონია, რომ რაღაცების გადაფასების დროა - არა პოზიციების შეცვლით, არამედ ურთიერთობაში სხვა ნორმებისა და აზრების შემოტანით. ოპოზიცია ალბათ შეეცდება, ეს გამოიყენოს, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი მასშტაბის აქციები მოჰყვეს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

არჩილ გამზარდია - “გახარიას ერთგვარი მეგრული არტისტიზმი ახასიათებს... მეეჭვება, რაღაც “ნამიოკებს” ისროდეს”

“აქტიურ პოლიტიკურ სეზონში ვართ 1992 წლიდან და მანამდეც, ამიტომ გახარიას ფრაზაში განსაკუთრებულ იდუმალ შეტყობინებებს და სიტყვებს შორის კავშირს ვერ ვხედავ, ჩვეულებრივი ფრაზაა, ერთგვარი ფსევდოწინასწარმეტყველები რომ არიან, მომხდარის შემდეგ, რომ იტყვიან ხოლმე, დაახლოებით ასეთი”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ შესაძლო სამთავრობი ცვლილებებზე ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა იგულისხმა პრემიერმა გახარიამ “აქტიურ პოლიტიკურ სეზონსა” და “საინტერესო ცხოვრებაში”.

“ცხოვრება მოძრაობაა, ყველაფერს უნდა დაველოდოთ. “დასპოილერება” მე ხომ არ მომიგონია?! ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე ცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. უახლოეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, “დასპოილერებაც” ბევრი იქნება, საინტერესო ცხოვრება გველის”, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს. გამზარდია ამბობს, რომ გახარიამ სიტყვებში “აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ” მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდი იგულისხმა, რადგან, მისივე თქმით, ის სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიმღები პირი არაა და ვერც ღრმა აზრს ვერ ჩადებდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გახარიას ერთგვარი მეგრული არტისტიზმი ახასიათებს. ვეჭვობ, რომ მის განცხადებაში რაიმე ღრმა იდეა ყოფილიყო ჩადებული, რის გამოც შეიძლება ვიფიქროთ, რომ გახარია მთელი რიგი პროცესების საქმის კურსში იყოს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს ის, რომ ღარიბაშვილი გადადგა მაშინ, როდესაც მას თავისი სახელით და გვარით მოსაწვევები ჰქონდა დარიგებული და მოსაწვევების დროს ის უკვე პრემიერი აღარ იყო; გვახსოვს, რომ პრემიერი კვირიკაშვილიც უცებ, თვითონაც რომ არ იცოდა იმ დროს გადადგა და ასევე მამუკა ბახტაძეც. ვეჭვობ, რომ გიორგი გახარია შესაძლო ან არსებული გადაწყვეტილებების პროცესში ღრმადაა ჩართული, მით უმეტეს ამ გადაწყვეტილებების მმართველი პირი იყოს და ამიტომ შესაბამისად რაღაც “ნამიოკებს” ისროდეს. რაც მან თქვა, არაფერი განსაკუთრებული არაა, წინასაარჩევნო პერიოდია და შესაძლოა მან “აქტიურ პოლიტიკურ სეზონში” საერთოდ არაფერი არ იგულისხმა და შესაძლოა საარჩევნო პერიოდი კოხტად და არტისტულად გამოხატა. გახარიას თქმა რად უნდა იმას, რომ აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო