ქართული პრესის მიმოხილვა   01.02.2020

გაძლიერებული რუსული საოკუპაციო ბაზებიდან მომდინარე საფრთხე (სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” თებერვლის ნომრის მიმოხილვა)

* * *

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” - N2 (264) თებერვლის ნომრის მიმოხილვა

გაძლიერებული რუსული საოკუპაციო ბაზებიდან მომდინარე საფრთხე / თავდაცვის ძალების კვების რაციონი გაუმჯობესდა / თავდაცვის ძალებს ახალი სატრანსპორტო საშუალებები შეემატა / ქართველი გვარდიელები აფრიკაში / თბილისს ცეცხლისგან ახალი სახანძროები დაიცავენ / შსს-ექსპერტიზის თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა

“შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსი სამხედროების რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა და ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად 130 სამხედრო წვრთნას ატარებენ. ძნელი სათქმელია, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია მინისტრს; შეიძლება ქართული სპეცსამსახურებისგანაც, თუმცა რუსეთის მხარეს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია მე-7 (აფხაზეთი) და მე-4 (ცხინვალის რეგიონი) რუსულ სამხედრო ბაზებში (რომლებსაც ქართული მხარე გასაგები მიზეზების გამო რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებად მოიხსენიებს) თავისი კონტინგენტის რაოდენობის გაზრდის შესახებ, განსხვავებით სომხეთის გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზისაგან”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი არსენალი(N02, თებერვალი, 2020) სტატიაში სათაურით გაძლიერებული რუსული საოკუპაციო ბაზებიდან მომდინარე საფრთხე / ურჩი საქართველოს დასჯა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფეხის ამოკვეთა სამხრეთ კავკასიაში...

“გასულ წელს ვრცელდებოდა ხმები, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა 2020 წლიდან დაიწყებოდა, რაც მალევე დაადასტურეს რუსეთის გენერალიტეტში და განაცხადეს, რომ გიუმრის რუსული ბაზის სიძლიერე გაორმაგდებოდა. მიახლოებითი მონაცემების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 4-4 ათასამდე რუსი სამხედრო იყო და თუკი მათი საერთო რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა, გამოდის, რომ საოკუპაციო ძალებს ორი ათასი სამხედრო მაინც დაამატეს. გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის რაოდენობა 5 ათასს აღწევდა და თუკი ამ ბაზის ორჯერ გაძლიერებაა დაგეგმილი, მაშინ რუსი სამხედროების რიცხვი, ალბათ, სომხეთშიც 10 ათასამდე გაიზრდება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებში მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა არ არის მთავარი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახლდება და ძლიერდება ამ ბაზების საშტატო შეიარაღებაც. ეს სამი რუსული ბაზა სტრუქტურულად გაერთიანებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელიც რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიან და კარგად აღჭურვილ დაჯგუფებად ითვლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გასულ წელს ვრცელდებოდა ხმები, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა 2020 წლიდან დაიწყებოდა, რაც მალევე დაადასტურეს რუსეთის გენერალიტეტში და განაცხადეს, რომ გიუმრის რუსული ბაზის სიძლიერე გაორმაგდებოდა. მიახლოებითი მონაცემების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 4-4 ათასამდე რუსი სამხედრო იყო და თუკი მათი საერთო რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა, გამოდის, რომ საოკუპაციო ძალებს ორი ათასი სამხედრო მაინც დაამატეს. გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის რაოდენობა 5 ათასს აღწევდა და თუკი ამ ბაზის ორჯერ გაძლიერებაა დაგეგმილი, მაშინ რუსი სამხედროების რიცხვი, ალბათ, სომხეთშიც 10 ათასამდე გაიზრდება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებში მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა არ არის მთავარი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახლდება და ძლიერდება ამ ბაზების საშტატო შეიარაღებაც. ეს სამი რუსული ბაზა სტრუქტურულად გაერთიანებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელიც რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიან და კარგად აღჭურვილ დაჯგუფებად ითვლება”, - განაგრძობს გამოცემა.

“2008 წლის აგვისტოს ომმა, 2014 წლის ყირიმის ოკუპაციამ და მას შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ფარულად მონაწილეობამ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობას, სხვადასხვა დონის შტაბებსა და საბრძოლო დანაყოფებს საუკეთესო საბრძოლო გამოცდილების მიღების საშუალება მისცა. ამას დაუმატეთ სამხრეთის სამხედრო ოლქის პირველობა ახალი საბრძოლო ტექნიკით მომარაგებისა და გადაიარაღების პროცესში და გამოჩნდება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალ სამხედრო შენაერთებს აქცევს, რომელთა ოპერატიული გადასროლა სამხედრო მოქმედებების სხვადასხვა ფრონტზე შეუძლია, როგორც ამ ხუთიოდე წლის წინ სირიაშიც მოხდა. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ბაზების გახსნით საქართველოს ტერიტორიაზე შექმნა პლაცდარმები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გამოადგებოდა რუსეთის ტერიტორიიდან დამატებითი ძალების ოპერატიულად გადმოსასროლად”, - დასძენს გამოცემა.

“აგვისტოს ომამდე მას ასეთ მცირე პლაცდარმებად ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ე.წ. სამშვიდობო ბატალიონები ჰყავდა, რომელთა ფაქტორი მოსკოვმა ჩვენ წინააღმდეგ შედეგიანად გამოიყენა. დღეს უკვე სრულფასოვანი პლაცდარმების არსებობა რუსეთს საშუალებას აძლევს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარების გადაჯგუფებისას უფრო მოქნილი იყოს, თუმცა ერთი მოტომსროლელი ბრიგადის ტოლფასი სამხედრო ბაზის საბრძოლო შესაძლებლობები კრემლს ნაკლებად მისცემდა საშუალებას, ოკუპირებული აფხაზეთიდან ქუთაისზე ან ასევე ოკუპირებული ცხინვალიდან და ახალგორიდან თბილისზე წარმატებული შეტევის გასახორციელებლად და უნდა დალოდებოდა დამატებითი ძალების გადმოსროლას რუსეთიდან, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. თუ რუსეთი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ან, მით უმეტეს, გააორმაგებს თავისი მე-7 და მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობას, გაჩნდება საფრთხე, რომ რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებს რუსეთიდან დიდი ძალების გადმოსროლის გარეშეც შეეძლებათ საქართველოს წინააღმდეგ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სამხედრო ოპერაციების განხორციელება - იქნება ეს ფოთის პორტის დაკავება, საავტომობილო და სარკინიგზო გზების გადაკეტვა, აეროპორტების ბლოკირება თუ ქართული სამხედრო ბაზების დაპყრობა,” - წერს სტატიის ავტორი.

“არც სომხეთში ორჯერ გაძლიერებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის საიდუმლო ოპერატიული გეგმები უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც საქართველოს საზღვარზე შემოჭრას და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თბილისისკენ შეტევას (მანამდე კი გზად ქართული არმიის მარნეულის საჰაერო ბაზის დაპყრობას) ითვალისწინებს, მით უმეტეს, რომ ამისთვის მზად იყვნენ, როცა აგვისტოს ომის დროს ამ ბაზის რამდენიმე ათეული საბრძოლო მანქანა ქართულ საზღვარს მოადგა. მაგრამ ჩნდება ერთი საინტერესო კითხვა: ნუთუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავის სამხედრო ძალებს მხოლოდ საქართველოს დასამორჩილებლად აორმაგებს? რა თქმა უნდა, არა! ახალი “ცივი ომი” გაჩაღების პროცესშია და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერება, უპირველესად, ჩვენს რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და განსაკუთრებით - აშშ-ის გავლენის შემცირებას, მომავალში კი რეგიონიდან მათ განდევნას ემსახურება”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“არ გვინდა ასეთი შედარება, მაგრამ ცუდი პარალელები მაინც იკვეთება. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1920 წლის ბოლოსა და 1921 წლის დასაწყისში ბოლშევიკურმა რუსეთმა ყველაფერი გააკეთა სამხრეთ კავკასიიდან ბრიტანული სამხედრო კონტინგენტის გასაძევებლად და დამოუკიდებელი აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დასაპყრობად. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელიც უკვე სირიასა თუ ლიბიაში აგვარებს საერთაშორისო საქმეებს, არ სურს, რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიაზე ნატო და მით უმეტეს - ამერიკელები ყოველწლიურად მზარდ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებს მართავდნენ. კრემლისთვის მიუღებელია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა დასავლეთისკენ გაიხედონ. ამ მხრივ რუსეთის ინტერესებს სომხეთი არ და ვერ არღვევს, აზერბაიჯანიც არ იხიბლება ნატოს წევრობით, ამიტომ მხოლოდ საქართველო რჩება მოსკოვისთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავის ტერიტორიაზე ეპატიჟება. საქართველოს ნატოსთან სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობისთვის ხელის შეშლა და ჩვენი ქვეყნის ისევ რუსულ ორბიტაზე დაბრუნება კრემლს საშუალებას მისცემს, არა მარტო ერთპიროვნულად გაბატონდეს სამხრეთ კავკასიაში (როგორც ერთი საუკუნის წინ მოხდა), არამედ უფრო მომძლავრდეს შავი ზღვის აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში, რითაც უპერსპექტივოდ აქცევს შავ ზღვაში ნატოს გაძლიერების ისედაც დაგვიანებულ სურვილს”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

“თავდაცვის სამინისტროში ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში კვების გაუმჯობესებაა დასახული. 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია “ქარვა”) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო ყველა შემოტანილ პარტიაზე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. შეიცვალა კვების რაციონი და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა, დაიწყო ყველა სასადილოს რეაბილიტაცია თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, 2020 წლიდან ქართული ჯარი მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომარაგება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით თავდაცვის ძალების კვების რაციონი გაუმჯობესდა.

“ასევე მინისტრის დავალებით შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე გადავიდა, რაც კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას გულისხმობს. კვებითი მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად განსაკუთრებით გამკაცრდა ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. თავდაცვის მინისტრმა გორის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძესთან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძესთან ერთად გაეცნო ჯარისკაცების კვების ახალ რაციონს და ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომზადებული კერძი გასინჯა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დაპირებისამებრ წელს ჩვენ დავიწყეთ ქართული ჯარის ახალი ხორცით მომარაგება. ავაწყობთ სისტემას, რომელიც ქართული ნედლი ხორცით ჯარის ყოველდღიურ მომარაგებას უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალების კვება ჩვენს სამხედროებსა და საზოგადოებაში ყოველთვის იწვევდა უკმაყოფილებას, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო და მიხარია, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი... ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია შემოვიდეს ქართულ ჯარში და ჩვენი სამხედროები განსაკუთრებით ხარისხიანი პროდუქტით იკვებებოდნენ”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ნინო ზამბახიძის თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალების ქართული პროდუქციით მომარაგება ძალიან მნიშვნელოვანია ორი მიზეზით - “პირველია ის, რომ ამით ფერმერული მეურნეობები განვითარდება და სარეალიზაციო ბაზარი ექნებათ, რადგან ასეთ შემთხვევებში მთავარი და ყველაზე დიდი შემსყიდველი სახელმწიფოა. გარდა ამისა, ძალიან საამაყო იქნება, თუ შეიარაღებული ძალების სამხედროები მხოლოდ ქართული, ახალი ხორცით გამოიკვებებიან”, - დასძენს გამოცემა.

“კვების რაციონი გაუმჯობესდა, უფრო მრავალფეროვანი გახდა. გარდა ამისა, გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კვლავ ველოდებით სასიამოვნო სიახლეებს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ასეულ „ჩარლის“ მეთაური, კაპიტანი ნიკოლოზ გურეშიძე.

„კვების ხარისხის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ჩვენთვის კიდევ ერთი კარგი ცვლილებაა ის, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები მოგვიმატეს. ეს ყველაფერი მკვეთრად ზრდის სამხედროთა მოტივაციას“, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას უმცროსი სერჟანტი კლიმენტი მაისურაძე.

“გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეიძინა. ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანულ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გერმანულმა მხარემ, „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის" ფარგლებში თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოგვცა, რაც თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია. “ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში”, – განაცხადა მინისტრმა. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ელჩის თქმით, “საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს “შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის” ფარგლებში 1,5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტით შესყიდულია რვა ერთეული წყალმზიდი და ოთხი ერთეული კონტეინერმზიდი”. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უვე უკერვიცი და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ”- დასძენს გამოცემა.

“ქართული ჯარის ქვედანაყოფები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისიდან არიან. 2015 წლის 16 მარტს კი, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, დაიწყო სამხედრო მრჩეველთა ახალი მისია, რომლის მიზანია ადგილობრივი შეიარაღებული ძალებისთვის რეფორმის განხორციელებაში დახმარება. ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელი მისიის ფარგლებში დღეისათვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბანგიში საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ბატალიონის ოცეული იმყოფება. გასული წლის 29 ოქტომბერს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის მეთაური, გენერალი ერიკ პელტიერი საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის პირად შემადგენლობას შეხვდა და მისიის მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა... შევეცადეთ, მკითხველისათვის გაგვეცნო, რას აკეთებენ ჩვენი სამხედროები საერთაშორისო მისიებში, საიმედონი არიან თუ არა ისინი უცხოელი პარტნიორებისთვის, მისაღებია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობისათვის მათი იქ ყოფნა და თვითონ რას გრძნობენ და განიცდიან უცხო მიწაზე იარაღით ხელში”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ქართველი გვარდიელები აფრიკაში.

“ავღანეთისა და აფრიკის მისიების შედარებაც არ შეიძლება, ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან. აფრიკაში არის მხოლოდ “სამხედრო საწვრთნელი მისია”, რომელსაც ევროკავშირის ეგიდით ვასრულებთ. ანუ ევროკავშირი ეხმარება ადგილობრივ ჯარს გაწვრთნასა და განვითარებაში. ჩვენ გვევალება, მხარი დავუჭიროთ მისიას - ვასრულებთ დაცვის ოცეულის მოვალეობას. ჩვენ გვანდობენ უსაფრთხოებას, რაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ურთიერთობაშიც გამოხატავენ ჩვენდამი ნდობას და აღნიშნავენ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას. აქ არ არის ისეთი დაძაბული ვითარება, როგორიც ავღანეთშია და მოსახლეობასთან სულ გვიწევს ურთიერთობა. მათ წინა მისიების ბიჭებისგან ნასწავლი აქვთ ქართული სიტყვები. ბევრი მათგანი ქართულადაც ლაპარაკობს. უპატრონო ბავშვთა სახლებში დავდივართ და ბავშვებს წყალსა და ტკბილეულს ვუზიდავთ. ქართველებს ურთიერთობები გამოგვდის და აქაც კარგი დამოკიდებულება გვაქვს როგორც მოსახლეობასთან, ისე - ადგილობრივ მოსამსახურე პერსონალთან. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც ძალიან მოსწონთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ბატალიონის ოცეულის მეთაური, კაპიტანი გენადი მახარაძე.

“მისიაში ძალიან კარგი ქვედანაყოფია. მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში გვქონდა. ჯარისკაცები კარგად არიან მომზადებული, რადგან ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა აქ გამოსაგზავნად დიდი გულისყურით არჩევს თითოეულ კანდიდატს. ითვალისწინებენ ნამსახურობას, საბრძოლო გამოცდილებას, მისიების რაოდენობას, თანამდებობებს. მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა. მძღოლი იქნება, სნაიპერი თუ ათეულის მეთაური, ყველა გამოცდილი სპეციალისტი უნდა იყოს. ამაზე მუდმივად ზრუნავს ჩვენი ხელმძღვანელობა და ცდილობს, მომზადების შესაბამისი კურსი ჩაუტაროს აქ წამოსასვლელ ქვედანაყოფს”, - დასძენს მეთაური.

სერჟანტი მინდია გვაზავა იმ საშინელი ტერაქტის მონაწილეა, რომელიც 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ქართულ ბაზაზე მოხდა - “მკურნალობის დამთავრების შემდეგ კვლავ შეიარაღებულ ძალებში დავბრუნდი. რაც შეეხება აფრიკის მისიას, აქ არ ხარ ისეთი დაძაბული, როგორიც ავღანეთში. არ გვეშინია, რომ ვიღაც აგვაფეთქებს ან გვესვრის. პირიქით, მოსახლეობა ძალიან კარგად არის განწყობილი. როცა პატრულში გავდივართ, გაიძახიან: “ჯორჯიანს გუდ”. როგორც უნდა ვიყოთ ჩაცმული, მაინც გვცნობენ, რომ ქართველები ვართ და ხალისიანად გვხვდებიან. ჩვენც, რითაც შეგვიძლია, ვეხმარებით. წყალს ვაძლევთ, რაც მათთვის ყველაფერს ნიშნავს”, - ამბობს მინდია გვაზავა. უფროსი სერჟანტი ვალერი ბერიანისთვის კი ეს მესამე მისიაა. ის ორჯერ - 2012 და 2015 წლებში ავღანეთში იყო, 2012 წელს დაიჭრა კიდეც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება ჩემი დაჭრას, ჰილმენდის პროვინციაში, ბაზა “შირგაზზე” ყოველდღიურად პატრულის მოვალეობას ვასრულებდით. ამერიკელების კონვოიში მხოლოდ მე ვიყავი ქართველი. ერთ-ერთ ჩვენს წინწაწეულ ბაზაზე დირიჟაბლისთვის ნაწილი მიგვქონდა. გზაში ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ რადიოსადგური დაინახა. კოლონა გააჩერეს, რადიო აიღეს და, სამწუხაროდ, იმ მანქანაში შემოიტანეს, სადაც მე ვიყავი. ნაპოვნი ნივთი სამ-ოთხ წამში აფეთქდა. აფეთქების შედეგად ოთხი ჯარისკაცი მძიმედ დავიჭერით, ერთი კი გარდაიცვალა. ეს გარდაცვლილი იყო სწორედ ის ამერიკელი, რომელმაც რაცია იპოვა. მარჯვნივ დამიჯდა და ჯავშანჟილეტის მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო. მეტ-ნაკლებად მისმა სხეულმაც დამიცვა... გერმანიაში ორი თვე ვიმკურნალე, გამიკეთეს შვიდი ოპერაცია. ჩემი ამბავი ოჯახისთვის ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. რომ ვერ დაველაპარაკე, იფიქრეს, რომ დავიღუპე... ეს მისია ავღანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულია. დავიწყოთ იმით, რომ დავალებები ავღანეთსა და აფრიკაში სხვადასხვაა. იქ მხოლოდ ამერიკელებთან ვიყავით, აქ კი ევროკავშირის 14 ქვეყნის ჯართან ერთად გვიწევს საერთო დავალებების შესრულება და ქართული ჯარის წარმოჩენა, რასაც ჩვენი ბიჭები თავს კარგად ართმევენ. მე, ძირითადად, შტაბში მიწევს მუშაობა. თარჯიმანი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი კონტაქტი მქონდეს უცხოელებთან და მეტად გავაცნო საქართველო. ვუყვები ჩვენს ტრადიციებზე, ისტორიაზე, გმირებზე და ა.შ. ბევრმა იცის ჩვენი ისტორია, რითაც ვამაყობთ, ზოგისთვის კი ახალია და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი უჩნდებათ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერჟანტი ვალერი ბერიანი.

“1997 წლის 20 აგვისტოდან ჯარში ვარ. თავიდან თელავის ბატალიონში ვიყავი, შემდეგ 1-ლი ბრიგადის მე-11 ბატალიონის სამედიცინო ოცეულის მეთაური გავხდი. 2007 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ეროვნული გვარდია დადგა თელავში, გვარდიაში ვარ. 2005 წელს მე-11 ბატალიონთან ერთად ერაყის საერთაშორისო მისიაში ვმონაწილეობდი. ახალი შესულები იყვნენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და, ფაქტობრივად, საომარ მოქმედებებში ვიყავით. ერაყში, ძირითადად, იმავე ამოცანას ვასრულებდით, რასაც ჩვენები - ბაგრამის ბაზაზე, ავღანეთში. ხშირად ხდებოდა დაბომბვები - არაპირდაპირი ცეცხლი იყო, თითქმის ყოველ საათში ერთი ჩინური რაკეტა ვარდებოდა. შვიდი თვის განმავლობაში ამ მისიას ვასრულებდით... ავღანეთში წასვლამ არ მომიწია. სპეციალური სწავლება გავიარე, აქ სამედიცინო პუნქტი აქვთ სერბებს და მათთან ვთანამშრომლობ. მეც მაქვს მოწყობილი წამლების გასაცემი პუნქტი, მაგრამ რომ დაგვჭირდეს, ამათ ჰყავთ მანქანა, რეანომობილი, ჟანგბადის ბალიშები და ჰოსპიტალიც ქალაქში. აქ მალარიის დიდი საფრთხეა. პრევენციის მიზნით დიდ ყურადღებას ვაქცევ, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა მისასხურებელი საშუალებები და სპეციალური მალამოები იხმარონ, წამალი დალიონ, რაც დაავადების რისკს ამცირებს. თუ ისეთი წამალი სჭირდებათ, რაც მე არ მაქვს, სერბებთან მიმყავს, მაგრამ სერიოზული არაფერია ხოლმე. სულ ვაკონტროლებ, რადგან ეს არის ჩემი მოვალეობა”, - დასძენს გამოცემასთან საუბრისას კაპიტანი შავლეგო ხეჩიაშვილი.

“მოველოდით სიცხეს და გაუსაძლის პირობებს, მაგრამ ასე არ არის. ყველაფერი ისეა, რომ ჯარისკაცმა შეძლოს დავალების შესრულება. ყველაფერი მოწესრიგებულია - კვებით დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. ვთვლი, რომ ყველა გამოცდილმა სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს მისიაში მონაწილეობა. აქ ოცეულის სერჟანტის პოზიციაზე ვარ. მთავარი მიზანია, ჩვენი სამშობლო და ქართული ჯარი წარმოვაჩინოთ ისე, როგორც შეგვეფერება. პროფესიონალური სამსახურისათვის გენერალმა მთელ შემადგენლობას მადლობა გამოგვიცხადა. ქართველებს შეგვიძლია მეგობრული ურთიერთობა, ამიტომაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედროებთან”, - განმარტავს უფროსი სერჟანტი გიორგი ჭაბაშვილი”.

“შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლება გრძელდება. 2020 წლის დასაწყისში თბილისის სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი სრულად განახლდა - შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან ერთად, 30 ახალი, გერმანული წარმოების თანამედროვე სახანძრო მანქანა წარადგინა. მიმდინარე წლიდან ისინი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და კავკასიაში კომპანია “მაგირუსის” გაყიდვების მენეჯერმა ვილჰელმ ტიტკემ მოაწერეს. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანების ტენდერის გზით შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი დაიხარჯა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით თბილისს ცეცხლისგან ახალი სახანძროები დაიცავენ.

“მაღალი გამავლობის სახანძრო ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი. აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზი. ავტომანქანებს აქვს ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, რომლებიც სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი მექანიკური მართვა. “მაგირუსის” სახანძრო ტექნიკა განთავსებულია “ივეკოს” ფირმის საავტომობილო შასიზე. 30-ვე სახანძრო მანქანამ გერმანიაში გაიარა სრული ინსპექტირება. ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობისა და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და კვალიფიციურ ტრენერებთან სპეციალური მომზადება გაიარეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

“ამავე ღონისძიებაზე შს მინისტრის მოადგილემ 15 მეხანძრე-მაშველს სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ჯილდოები გადასცა. განსაკუთრებული დამსახურებისთვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე, რომელიც 2019 წლის 12 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 34 წლისა გარდაიცვალა. ჯილდო მის შვილს, 6 წლის სანდრო ოღაძეს გადაეცა”, - წერს სტატიის ავტორი.

“მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალგახსნილ შენობაში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე პირებს მიმართეს როგორც სამინისტროს, ასევე ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. გადაცემული აღჭურვილობა ექსპერტებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მიზანია კიბერდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით შსს-ექსპერტიზის თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა.

“საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა სერგო ძაგნიძემ სპეციალური აღჭურვილობის დანიშნულება და მნიშვნელობა შეაფასა - “დეპარტამენტს ბოლო თაობის საკვლევი აპარატურა გადაეცა, რომლის შესაძლებლობები თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. აღნიშნული აპარატურით შესაძლებელია ნებისმიერი სახის საერთაშორისო და შიდა მოხმარების დოკუმენტის გამოყენება. ეს აპარატურა ევროკავშირისა და საერთაშორისო მიგრაციის სამსახურის ფინანსური დახმარებით არის შეძენილი, რისთვისაც მათ მიმართ უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ”. ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. - “ჩვენ ვგეგმავთ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ჩვენს მთავარ პარტნიორებად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების დამცველ სხვა უწყებებს მივიჩნევთ და მათთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნო პროცესი და დიდი პატივია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა სპეციალური აპარატურა, რომელიც დოკუმენტების შემოწმებისა და კიბერდანაშაულის გახსნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოწყობილობა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპატარტამენტებისთვის არის განკუთვნილი. ეს ტექნიკა გაამარტივებს უწყების გარკვეული დანაყოფების მუშაობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და არალეგალური მიგრაციის გამოსავლენად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა