ქეთევან ციხელაშვილი - რაც ახალგორში ხდება, ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, სრულფასოვანი განათლება მიიღონ, დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც სრულ იზოლაციაშია

ის, რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ოკუპირებული ახალგორის ნომერ 1-ელ საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური გაათავისუფლეს.

უწყების ინფორმაციით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ რეპრესიებისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში.

„მოგეხსენებათ, რომ რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 7 ქართულ სკოლაში უკვე 6 წელია სასწავლო პროცესი ეტაპობრივად რუსულ ენაზე გადადის, რაც ქართველი მოსწავლეების განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად აზარალებს, რამდენადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება აქვთ შეზღუდული.

მეორეს მხრივ, 4 სექტემბერს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების 10 მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ვერ მოახერხა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების პროცესიც დაიწყო, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს იმ გარემოს, რომელშიც ქართველ მოსწავლეებს უხდებათ განათლების მიღება.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საკითხს მომდევნო კვირაში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მათი თბილისში ვიზიტის დროს განიხილავს. ეს საკითხი, სხვა მწვავე საკითხებთან ერთად აუცილებლად იქნება განხილული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატშიც, რომელიც 2020 წლის მარტის ბოლოს გაიმართება. ასევე მყისიერად მოხდება ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება, რომელებიც ჩართულნი არიან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო