ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2020

ვახტანგ ძაბირაძე - “შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე შედეგებით მივალთ”

“სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა ბოკერია და ბურჯანაძე მწყობრიდან გამოიყვანა” - თაკო ჩარკვიანი

მამუკა ხაზარაძე - “ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?!”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე შედეგებით მივალთ”

“შოთაძის ხელახლა გაპროკურორებაში არაფერია მოულოდნელი - “ქართული ოცნება~ რეიტინგს კარგავს და როდესაც ხელისუფლება მოსახლეობაში დასაყრდენს კარგავს, მაშინ დასაყრდენად მას ძალოვანი სტრუქტურები ესახება. სწორედ იქ სჭირდება ივანიშვილს ერთგულებაში გამოცდილი კადრები. ის ეძებს ერთგულებაში კარგად გადამოწმებულ პირებს, სჭირდება ასეთი ხალხი და აბრუნებს თანამდებობებზე... სხვა საკითხია, ეს ხალხი რამდენად არის მართლაც უღალატო - არავინ იცის, შოთაძე კრიტიკულ ვითარებაში რას მოიმოქმედებს. თუმცა ამ ეტაპზე ივანიშვილს სწორედ ის ეიმედება, როგორც ეს მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის დროსაც. საზოგადოება რას როგორ შეაფასებს, ეს უკვე დიდად არ ადარდებთ, რადგან მთავარ მოკავშირედ ამომრჩეველს აღარ მიიჩნევენ... “ოცნებას” სტრატეგიული მიზნები უკვე აღარ აქვს. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბად იქცა ოქტომბერში ძალაუფლების შენარჩუნება, შორს მიმავალ გეგმებზე “ქართული ოცნება” უკვე არ და ვერ ლაპარაკობს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე შედეგებით მივალთ”.

“ეს ყველაფერი ფარსი იყო - ის, რომ თურმე ხუნდაძე და დეპუტატთა ჯგუფი წავიდნენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, მაგრამ მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, არსებული საარჩევნო სისტემა შეენარჩუნებინათ, რომ ამაზე წავიდნენ. ამ ყველაფერს შიდაპარტიული დემოკრატიის ელფერი შესძინეს და ასე წარუდგინეს ჩვენს საზოგადოებასაც და დასავლელ პარტნიორებსაც. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონში ვიზიტის დროსაც მაგას ამტკიცებდნენ - ეს ყველაფერი დემოკრატიული პროცესია და ჩვენ ვერაფერს გავხდითო. სპექტაკლი გაითამაშეს, რომელსაც დემოკრატიად ასაღებენ. რაც შეეხება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისა და “ქართული ოცნების” პერსპექტივას, ეს ძალა გამარჯვების შანსს კვლავაც ინარჩუნებს და ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი რეიტინგის დაცემის პარალელურად, ოპოზიციის რეიტინგი არ იზრდება. დღეს რომ იყოს რომელიმე ოპოზიციური ჯგუფი, რომლის რეიტინგიც სახელისუფლებო ძალის რეიტინგის პარალელურად გაიზრდებოდა, მაშინ “ქართულ ოცნებას” სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა. ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან რთული ვითარებაა და სწორედ ამის ხარჯზე ცდილობს “ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას. ამას უკვე თვითონაც აღიარებენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ გავიხსენებთ, როგორ შეიცვალა ხელისუფლებები 2003 თუ 2012 წლებში, ვნახავთ, რომ 2003 წელს `ნაციონალური მოძრაობა~ პროგრესულ ძალად ითვლებოდა, სააკაშვილი კი იყო ლიდერი, რომელსაც მთლიანად ოპოზიციური ამომრჩეველი უჭერდა მხარს. მიუხედავად ამისა, მაშინ ბეწვის ხიდზე გავიარეთ - მოხერხდა და პოლიტიკური პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდა. რაც შეეხება 2012 წელს, მაშინაც გამოჩნდა ახალი ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საერთოდ მითური პიროვნება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ 2007-დან 2012 წლამდე ოპოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდა და მასთან იყო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციამ ვერ შეძლო ელექტორატის გაერთიანება. იმის თქმა მინდა, რომ ორივე შემთხვევაში ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება მოხერხდა, რისი პერსპექტივაც დღეს არ ჩანს. ამჟამადაც კვლავ ეს ორი ფიგურაა პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა დღეს მათდამი საზოგადოების ნდობა ძალიან დაბალია. სხვა ძალა, ჯგუფი თუ პერსონა კი, რომელიც მთლიან ოპოზიციურ ელექტორატს გააერთიანებს, არ ჩანს. ამიტომაც არის, რომ “ქართული ოცნება” მშვიდად უყურებს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს. მას თუ რამე აწუხებს, ქვეყნის გარეთ მასზე გამოთქმული შეფასებებია და “ქართული ოცნების” შესახებ შექმნილი აზრი ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დარწმუნებული ვარ, კარს მიღმა ვაშინგტონურ კაბინეტებში საკმაოდ მკაცრი საუბრები გაიმართებოდა. ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის საკითხში დათმობაზე წასვლას მოსთხოვდნენ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ “ქართული ოცნების” დელეგაცია შეეცდებოდა არგუმენტირებულად დაერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკვე შეუძლებელია, თუმცა შეჰპირდებოდნენ, რომ შეეცდებიან მოძებნონ ოპოზიციასთან შეხების წერტილები. მეც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის სივრცე და საშუალება, რათა გამოინახოს კომპრომისული ვარიანტი და, ჩემი აზრით, ამერიკელებს სწორედ ამ მიმართულებით დაჰპირდებოდნენ რაღაც კონკრეტულს. რამდენად შეასრულებენ ამას, არ ვიცი. ეს მალე გამოჩნდება სწორედ დასავლეთის რეაქციით. იმედია, “ქართულ ოცნებას” ესმის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესსაც, არჩევნების მიმდინარეობასაც და შესაბამის დასკვნასაც გამოიტანენ. ამ არჩევნების ლეგიტიმაცია დამოკიდებულია არა მარტო ცესკოს გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზეც, როგორ მიიღებს არჩევნების შედეგს დასავლეთი. ასე რომ, ხელისუფლება მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ნამდვილად დგას, ამიტომაც, იმედია, ამჯერად მაინც შეასრულებს დაპირებებს”, - თვლის ექსპერტი.

“ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ორგანიზებულია და დასავლური ქვეყნების ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები საკუთარ თავზე იღებენ არა მარტო შეკრებების ორგანიზებას, არამედ მომრიგებლის ფუნქციასაც. ამ დახურულ შეხვედრებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, კომპრომისზე წასვლა მნიშვნელოვანია არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნისთვისაა აუცილებელი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა. კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა სცადოს. თუ რომელიმე მხარე კატეგორიულ პოზიციაზე დარჩება, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ. თუ ოპოზიციამ მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე დაიწყო ლაპარაკი, ამით ვერაფერს მიაღწევს. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ არჩევნებამდე ძალიან მძიმე, რადიკალური პროცესებით მივალთ, არა მარტო პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებით, არამედ ამომრჩეველს შორისაც, რაც ძალიან სახიფათო იქნება ქვეყნისთვის არჩევნებამდეც და მის შემდგომაც”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ვნახოთ, თებერვლის ბოლომდე საკმარისი დროა მოლაპარაკებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ მხოლოდ ხელისუფლების ვარიანტზე იქნება ლაპარაკი, უნდა დათანხმდეს თუ არა ოპოზიცია, მიმაჩნია, რომ ყველაფერს უნდა დათანხმდეს, რაც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ სისტემას. ჩემი აზრით, ნამდვილად უკეთესი იქნება, თუ პროპორცია მანდატებს შორის შეიცვლება, თუმცა გაცილებით უკეთესი მრავალპარტიული მაჟორიტარული ოლქების იდეა მგონია. ვნახოთ, იმედია, შეთანხმდებიან და პოლიტიკური პროცესები ნორმალურ კალაპოტში წარიმართება. დღეს ოპოზიციის ამოცანაა, მინიმუმ, არ დაუშვას “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა. ასეთ შემთხვევაში 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ქვეყანაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერები ჯამურად. ეს ხალხი ვის დაუჭერს მხარს ან რამდენი ამომრჩეველი მივა ურნებთან, ეს იქნება გადამწყვეტი”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოპოზიციაში უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ აუცილებელია მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება...” - პასუხობს:

“თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად, ურთულესი იქნება. დღეს ყველაზე სტრუქტურირებული და ფლაგმანი ძალა “ნაციონალური მოძრაობაა”, მაგრამ “ნაციონალი” კანდიდატები “ქართული ოცნების” კანდიდატებთან დიდწილად წააგებენ. თუ სხვა ძალის კანდიდატს დაასახელებენ, ამა თუ იმ ოლქში მისი გამარჯვებისთვის სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს, რაც ურთულესი იქნება. გარდა ამისა, პიროვნული ამბიციების მოთოკვაც არ იქნება იოლი”.

“რაც შეეხება სააკაშვილის ინიციატივას და “პირად შტაბს”, ცოტა ძნელი შესაფასებელ-გასაანალიზებელია, რადგან თვითონ სააკაშვილიც არ ექვემდებარება ანალიზს. რას ნიშნავს პირადი შტაბი? ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ ცალკე აწარმოოს საარჩევნო კამპანია? ემიჯნება “ნაციონალურ მოძრაობას”? ან ეს ახალი სახეები საიდან მოჰყავს?! სააკაშვილი მეტად პარადოქსული ფიგურაა, მას ჰყავს მხარდამჭერები და ფაქტია, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმები ნამდვილად მოაქვს, მაგრამ, იმავდროულად, ის არათუ ვერ აერთიანებს ოპოზიციურ ელექტორატს, აქუცმაცებს მას. ისე, სააკაშვილს “ოცნებისგან” პრემია ეკუთვნის, რადგან ასეთი განცხადებით ოპოზიციის რიგებში დაბნეულობა შეიტანა და მეორე მხრივ, მმართველ პარტიას მისცა საშუალება კვლავ ის აქციოს მთავარ “საფრთხობელად”. ერთ ვერსიად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მართლაც შექმნას ახალი პარტია და გაეცალოს “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მიმართულებით: ახალშექმნილ პარტიას არ ექნება 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა; ოპოზიციას, რომელსაც ჩამოშორდება სააკაშვილის აჩრდილი, რასაც აქამდე კარგად იყენებდა “ქართული ოცნება”, უფრო მსხვილი და ძლიერი გაერთიანების შექმნის საშუალება მიეცემა. მოიშორებენ სააკაშვილის ნეგატიურ ტვირთს - ანუ საფრთხობელა სააკაშვილი იქნება ცალკე, დანარჩენი ოპოზიცია კი - ცალკე”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

“სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა ბოკერია და ბურჯანაძე მწყობრიდან გამოიყვანა” - თაკო ჩარკვიანი

"პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ღიად და აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ასე ეხმაურება - “მიშა სააკაშვილი არის უძლიერესი პოლიტიკოსი. დაინახა, რომ შედეგი არ არის და ძალიან სწორად იმოქმედა. გააკეთა საინტერესო განცხადება, ბევრი ახალგაზრდა უნდა მოვიდეს პოლიტიკაში და 27-წლიანი ტიპები ნუ გამოგვეხმაურებითო. ვინ დააბნია ან ვის რა ეწყინება სააკაშვილის ამ ნაბიჯით, არ ვიცი. პირადად მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ დროული იყო...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა ბოკერია და ბურჯანაძე მწყობრიდან გამოიყვანა” - თაკო ჩარკვიანი.

“რამდენი ხანია ვამბობ, რომ ოპოზიციური გაერთიანება მცდარ გზას ადგას და გარდა საარჩევნო სისტემისა, სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარი რუსული ვექტორის პარტიებთან არ შეიძლება. ამიტომაც გავემიჯნე ამ ფორმატს, რადგან ხელს არ შევუწყობ საქართველოში რუსული რბილი ძალის რეაბილიტაციას. მიშა სააკაშვილმა, ვინც უძლიერესი პოლიტიკოსია, ნახა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედეგი არ არის, ხელისუფლება დათმობაზე არ მოდის, ამიტომ სწორად იმოქმედა და დროულიც იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ დიდი ხანია, ველოდი. თანაც ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა - ახალი ძალებია საჭიროო და 27-წლიანი ტიპები ნუ გამოგვეხმაურებითო. მექნება მასთან კონსულტაციები და, რა თქმა უნდა, კითხვებიც. არ ვაპირებ, შევეგუო იმ შეცდომებს, რომლებიც ადრე იყო დაშვებული. როცა მე მის შეცდომებს ვებრძოდი, მაშინ გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ბურჯანაძე კი - პარლამენტის თავმჯდომარე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თაკო ჩარკვიანი.

“ბოკერია და მისი პარტია დღეს არ ჩააგდებს, რომ მიშა სააკაშვილი არ გააკრიტიკოს, ბურჯანაძე კი იძახის, რომ სააკაშვილი მისი პირადი მტერია. სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა გამოიყვანა ისინი მწყობრიდან. მე არ ვიცი, ვინ დაიბნა და ვის რა ეწყინა ან რას მოიმოქმედებს მომავალში, მაგრამ მიშა სააკაშვილს რომ ხელს ვერავინ შეუშლის ამ საქმეში - პუტინი კაბაში ბურჯანაძე, ვინმე პუნწკულაშვილი გიგა ბოკერია თუ ხაზარაძის “ლელო”, ამაში დარწმუნებული ვარ. სააკაშვილის დონის პოლიტიკოსები ჩვენ დასაკარგი არ გვყავს”, - დასძენს თაკო ჩარკვიანი.

მამუკა ხაზარაძე - “ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?!”

“ანაკლიის პროექტის შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფომ უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის გაცემაზე. ეს იყო გარანტია, რომელსაც კომერციული დატვირთვა ჰქონდა და მისი გამოყენების შემთხვევაში კრედიტად გარდაიქმნებოდა. ამაზე უარი თქვეს და ახლა ახალ ტენდერს აცხადებენ. რა პასუხს აძლევენ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ენდნენ ჩვენს ხელისუფლებას და 75 მილიონი ჩადეს ამ გაურკვეველ ვითარებაში? როგორ წარმოუდგენიათ ტენდერის გამართვა იმ პროექტზე, რომელზეც შესაძლოა საერთაშორისო საარბიტრაჟო გარჩევა დაიწყოს. ძნელად წარმომიდგენია კარგი რეპუტაციის მქონე ინვესტორი, რომელიც ასეთ პროექტში ფულს ჩადებს. ყველა იკითხავს, რატომ გაჩერდა პროექტი და რა მოუვიდა მასში ჩადებულ თანხებსო? გარდა ამისა, ეს პროექტი უნდა დააფინანსონ სწორედ იმ საერთაშორისო ბანკებმა, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით. ისინი ზუსტად იმავე პირობას წამოუყენებენ სხვა ინვესტორსაც, ანუ სხვისგანაც მოითხოვენ 50 მილიონი დოლარის გარანტიას. როგორ მოიქცევა სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში?”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?!” / “ივანიშვილისთვის ანაკლიის პროექტის დაფინანსება ხარაკირის ტოლფასი იქნება”.

“ხელისუფლება პროექტის გასაჩერებლად ლეგალურ მიზეზს ეძებდა. ახლა ახალი ტენდერი გამოაცხადეს, თუმცა ყველა იმ მიზეზის გათვალისწინებით, რაც უკვე ჩამოვთვალე, ამ პროექტს ვერ განახორციელებენ. თუ განვითარება გინდა, მსგავსი პროექტები უნდა განახორციელო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ჩადებს ფულს. ჩვენს მოყვანილ ყაზახ ინვესტორს მთელი “ოცნება” დაუპირისპირდა, რუსეთში აეროპორტები ჰქონია და რუსული წარმოშობის ფული აქვსო. ივანიშვილს მთელი ფული რუსეთში აქვს ნაშოვნი და დღესაც იქ აქვს ბიზნესი. თუ ქართველი ხალხის ამოცანა ის არის, ივანიშვილს გადაეცეს წყალტუბოც, ანაკლიაც და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, კი ბატონო... მას არ სჯერა ამ პროექტის, მისთვის ანაკლიის პროექტის დაფინანსება ხარაკირის ტოლფასი იქნება. სწორედ რუსეთის საამებლად გაგვაჩერა. ამიტომ ასეთ რამეს გამოვრიცხავ, შესაძლოა განცხადებით გამოვიდეს, სინამდვილეში კი არაფერს გააკეთებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“რაც შეეხება ოპოზიციის ახალ ინიციატივას მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესახებ ველოდები, როგორ დამთავრდება ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკება, მერე გავახმაურებთ ჩვენს პოზიციას... ჩვენს საქმეზე სასამართლოში ერთი თვის განმავლობაში 18 სასამართლო პროცესი დაინიშნა. გამოაკელით შაბათ-კვირა და თავად განსაჯეთ, რა რეჟიმშიც ვართ. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და შეზღუდული გვაქვს უცხოეთში გასვლა. 29 წელია ბიზნესში ვარ, რა არ მინახავს, რა არ გამომივლია, მაგრამ მსგავს წნეხში არ ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოდან არსად წავალ, ვიშრომებ და ვიბრძოლებ. თუ ამ ქვეყანაში ერთპროცენტიანი სამართალი მაინც არის, ჩემი დაპატიმრება გამორიცხულია. თუმცა, რომც დამაპატიმრონ, იქიდანაც არ შევწყვეტ ბრძოლას”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ირაკლი შოთაძემ დაადასტურა თქვენი ნაამბობი, რომ ივანიშვილმა ჩხარტიშვილთან საქმის გასარჩევად დაგიბარათ და იქ მთავარი პროკურორი დაგახვედრათ. თუმცა შოთაძე ამბობს, რომ იქ შემთხვევით მოხვდა”... - პასუხობს:

“ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?! თქვენ რომ შემთხვევით მოხვდეთ სადმე, ხომ მოიბოდიშებთ და გახვალთ? ის კი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა, იჯდა და გვისმენდა. ჩემი ნაამბობი შოთაძის შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ სიცრუედ მონათლა, ხომ დადასტურდა? აი, ასე დადასტურდება ყველაფერი, რაც აქამდე მითქვამს”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა