მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილთან არანაირ დიალოგს აზრი აღარ აქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან არანაირ დიალოგს აზრი აღარ აქვს.

„ივანიშვილთან არანაირ დიალოგს აზრი აღარ აქვს! ჩვენ დიალოგი გვაქვს პრაქტიკულად გვამთან. ახლა მხოლოდ ტექნიკის საქმეა, რომ ისე შევუსრულოთ, მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ერთიანობა, უკომპრომისობა, ბოლომდე მიწოლა. ივანიშვილს ეშინია თავგანწირვის, შეუპოვრობის, გაბედულობის. იქ, სადაც ფული აღარ ჭრის, ივანიშვილის სამყარო იშლება. ის ვეღარ აღიქვამს იმ რეალობას, რაც შეიქმნა საქართველოში“, - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველო იყო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა.

„დღეს საქართველო მაჩანჩალაა და მას ჰყავს მსოფლიოში ნომერ პირველი გადამგდები ივანიშვილის სახით. ოღონდ ამ ბრიყვმა ხიხომ ის არ იცის: ერთია, რომ ქართველი ხალხი გადააგდო და ამაზე ხალხი გასცემს პასუხს; მეორე, რომ პოლიტიკოსები გადააგდო, მაგრამ მათ თავიდან უნდა სცოდნოდათ, სად მიდიოდნენ; მაგრამ მთავარია - როცა აგდებ ამერიკელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლებიც ძალიან მიმნდობი ხალხია პირველ გადაგდებამდე“, - აცხადებს სააკაშვილი და იხსენებს, რომ კარგად ახსოვს, შევარდნაძემ ჩამოიყვანა თავისი „ძმაკაცი" ბეიკერი, რომელმაც ჩამოუტანა კონკრეტული გეგმა.

„შევარდნაძე დაპირდა მას ყველაფერს (ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა, როგორც ოპოზიციას, მაგრამ რაღაცაზე შეთანხმების გამო მაინც დავთანხმდით), მაგრამ როცა ბეიკერი წავიდა, შევარდნაძემ გადააგდო ის და თქვა, რომ გეგმა პარლამენტში არ გადისო და ბეიკერის ყურმილსაც კი აღარ იღებდა. აი იქ დამთავრდა ყველაფერი. ზუსტად ასევე, ასლან აბაშიძესთან ჩამოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, მოდით რაღაცაზე შევთანხმდეთო და ასევე გადააგდო აბაშიძემ ისინი. ერთ თვეში კი თვითონ ჩამოიშალა. „გადაგდებებს“ ცივილიზებული სამყარო არ პატიობს. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, სანამ ვინმე ივანიშვილს დაასანქცირებს, არ უნდა დაველოდოთ მუდმივად გარე ფაქტორს.

„ვარდების რევოლუციის“ დროს საქართველომ სრული მხარდაჭერა აშშ-სგან მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც უამრავი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვიყავით მშვიდობიანი, ერთიანი, ძალიან ორგანიზებული. თუ ხალხი ირგებს დედის რძესავით ასეთ დაცინვას და უბედურებას, მაშინ არ იქნება მხარდაჭერა.

საქართველომ რატომ გამოიწვია აღფრთოვანება? რატომ გვატარებდნენ ხელზე? რატომ ჩამოვიდა ჯორჯ ბუში?ჰილარი კლინტონი?რატომ? იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იწვევდა აღფრთოვანებას, როგორც მებრძოლი, შეუპოვარი, როგორდ დემოკრატიის და თავისუფლების მოყვარული ხალხი. ზუსტად ამის დავიწყება უნდა ივანიშვილს, რომ ეს დაავიწყოს მსოფლიოს, დაავიწყოს ქართველ ხალხს, ჩაკლას ეს გენეტიკური კოდი, მაგრამ მას ეს არ გამოუვა!

მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი მსოფლიო ძალიან ბევრ ადამიანს იხილავს ქუჩაში გამოსულს, ეგრევე ჩაირთვება „სი-ენ-ენ"-ი, „ბი-ბი-სი", ეგრევე ჩაირთვება დიპლომატია და ეგრევე ქართველი ხალხი მიიღებს კიდევ ათმაგ მხარდაჭერას!“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით, ორმხრივი მოძრაობაა ყველაფერი, როცა ხალხს უნდა თავისუფლება, მიეცემა თავისუფლება.

„ქართველ ხალხს უნდა ეს თავისუფლება, იბრძოლებს და მიეცემა, დარწმუნებული ვარ!

ივანიშვილს მიეცემა შავი ხაზები და წითელი ხაზები. და ძალიან ცუდად დაამთავრებს, რაზეც ნამდვილად ვერ ვიდარდებ. ჩვენ გამარჯვების ხაზზე ვართ ახლა, გამარჯვების მიმართულებით მივდივართ. მე ვარ როგორც არასდროს მშვიდად და როგორც არასდროს დარწმუნებული გამარჯვებაში. ახლა საჭიროა ერთიანობა, სიმტკიცე და ბოლომდე მიწოლა!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ღამის მთავარში“, რომელსაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად აქვეყნებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა