ქართული პრესის მიმოხილვა 11.02.2020

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას წყვეტს - უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გამკაცრების ახალი ტალღა იწყება

***

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას წყვეტს - უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

“ერთი და იგივე დანაშაულზე მეორედ მისჯილი პატიმრობა - გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა. საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად პარტიული ინტერესებისთვის "თბილისის განვითარების ფონდიდან" დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას წყვეტს - უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"ამ გადაწყვეტილებისთანავე ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ყველანაირ მოლაპარაკებას წყვეტს. მათი თქმით, ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტი და შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა, უგულავასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ ამ ყველაფერმა აზრი დაკარგა. როგორ შეიძლება ამის შემდეგ მოვლენები განვითარდეს და მოჰყვება თუ არა სხვა პოლიტიკური ლიდერების დაკავების სერია?! ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ უგულავას დაკავებას დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი კრიტიკა და უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება. მათი აზრით, ეს "ოცნებას“ კიდევ უფრო დააზარალებს და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ოპოზიციის ლიდერების დაკავებით პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებენ და საზოგადოების განწყობა ხელისუფლებსი მიმართ კიდევ უფრო უარყოფითი გახდება. "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კი მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. უგულავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე ადვოკატები ისაუბრობენ და სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მე არ ვაღიარებ არაფერს, არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს. იმიტომ ვიღებ სასჯელს, რომ ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი, სადაც შეიძლება, ადამიანმა იპოვო თავისუფლება და მე ამ თავისუფლებას აუცილებლად ვიპოვი. სამართლებრივი ბრძოლა თავისი გზით გაგრძელდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაწილი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის სამართალთან. ეს არის გონება დაბინდული, შიშისაგან დამფრთხალი ადამიანის ქმედებები, რომელიც აზიანებს ქვეყანას, აზიანებს მის მომავალს და აზიანებს მის პერსპექტივას. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ მოცემულობად უნდა მივიღოთ გამოწვევად და ჩვენ ეს უნდა დავამარცხოთ. ციხე, ამ შემთხვევაში, არის ერთ-ერთი შესაძლებლობა ბრძოლის და მე ამ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ ციხიდან“,- განაცხადა გიგი უგულავამ. გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. „როგორც ორი თვის წინ დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, რომ იქნებოდა დაჭერები, ეს საქმე სისრულეში მოიყვანა. პირველი მსხვერპლი მისი ამ განცხადების შემდეგ არის გიგი უგულავა. დღეს მოხდა იმის ლუსტრირება, რომ 14 მოსამართლე დაჩქარებული წესით რისთვის იქნენ შერჩეული. ეს მოსამართლეები არიან ჯალათები და სამარცხვინო ჯამბაზები," – განაცხადა ბექა ბასილაიამ”, - განაგრძობს გამოცემა

"ხელისუფლებამ ქვეყანაში მოსპო შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების სივრცე. ამიტომ, ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან, გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან, წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება, ის დასრულებულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობდით შეთანხმებაზეც - ეს ყველაფერი დასრულებულია. გიგი უგულავას განაჩენი სინამდვილეში არის „ქართული ოცნების“ განაჩენი, რომელიც მას ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მოლაპარაკებები დასრულებულია, ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა ამავე ოფისში, სადაც უკვე ვიმსჯელებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რას გავაკეთებთ და რა ნაბიჯებით გამოვალთ უახლოეს მომავალში. ეს იქნება არაძალადობრივი ბრძოლა და თქვენც ხედავთ, რომ გიგი არაძალადობრივად, მშვიდობიანად, ღირსეულად მიდის ციხეში“, - განაცხადა ბაქრაძემ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს ყველა საქმე პოლიტიკური დევნის სახელით შეფუთონ. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პოლიტიკა იმუნიტეტი არ არის არავისთვის და თუ ვინმეს რაიმე სახის გადაცდომა ექნება აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. "ოპოზიცია ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც ეხება პოლიტიკურ ფიგურას, მიუხედავად იმისა, მას აქვს, თუ არა დანაშაული ფუთავენ ისე თითქოს ეს არის პოლიტიკური დევნის საგანი. პოლიტიკა არ არის არავისთვის იმუნიტეტი, რომ იყოს გადაცდომა და ამაზე პასუხი არ მოეთხოვოთ”, - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან“ აცხადებს, რომ თითქოს ყველა ელოდა რომ უგულავას დააპატიმრებდნენ და ასევე ყველა არ ელოდა, რომ ამ ნაბიჯზე "ოცნება“ წავიდოდა. ძაბირაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ალბათ ჯობდა, რომ ოპოზიციას გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიეღო და განცხადებები ხვალ გაეკეთებინა. მისი თქმით, რამდენიც არ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ, რომ ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება იყო, მაინც არავინ დაიჯერებს, რადგანაც არჩევნების წინ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის დაკავება მთლად სამართლებრივ ჭრილში ვერ გავა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაზე ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში იქნებოდა. საერთოდ თეთრი ძაფით არის ეს ყველაფერი ნაკერი. მართლაც პროკურორმა თადუმაძემ წაუყენა ბრალი და მოსამართლე თადუმაძემვე განაჩენიც გამოუტანა. თუ ხელისუფლების მიზანი ის არის, რომ ოპოზიცია დააშინოს დაჭერებით, ნუ მაშინ ქართველ საზოგადოებაზე და ამ ლიდერებზეც ცუდი წარმოდგენა ჰქონია. თუ მიზანი სხვა რამე აქვს, პოლიტიკური "ოცნებისთვის“ ეს მომგებიანი არ არის. ეს ხელს ქვეყანაში პროცესის რადიკალიზებას გამოიწვევს და შესაძლოა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს“,-აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. მისივე აზრით, თუ კი ხელისუფლება ფიქრობს, რომ პროცესებს ასეთი დაჭერებით შეაჩერებს, საკმაოდ დიდი პოლიტიკურ შეცდომას უშვებს. ჩვენი ისტორია ბევრი მაგალითებით არის სავსე იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ. ძაბირაძე ამბობს, რომ 2011 წლის მაისში მთელს ოპოზიციას გადაუარეს და დამარცხებული 2012 წელს ხელისუფლება აღმოჩნდა. ძაბირაძე ამბობს, რომ 20 ივნისიის მოვლენები სრულიად უცნობმა ახალგაზრდებმა დაიწყეს. ამიტომაც ხალხის პროტესტს უგულავას და სხვა ლიდერების დაკავებით ვერ შეაჩერებს. როდესაც ქვეყანაში პროცესები ცუდად მიდის, მაშინ ლიდერს ხალხი თავად ბადებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესს უნდა მოუარო და არა ამ პროცესებში მონაწილე ხალხს. ჩვენი ყველა ხელისუფლება მუდმივად იმას ცდილობს, რომ პროცესში მონაწილე ადამიანები მოიშორონ, რაშიც საკმაოდ ცდებიან და შედეგიც შემდეგ სახეზე გვაქვს ხოლმე. უცხოელი პარტნიორებისგან, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება იქნება. თუ პროცესი გაგრძელდება, ფაქტია, რომ დასავლეთისგანაც ზეწოლა გაგრძელდება. საქართველო ბელორუსი ვერ გახდება. ივანიშვილს თუ ამის იმედი აქვს, საქმე ცუდად ჰქონია“,-აცხადებს „რეზონანსთან“ ძაბირაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გამკაცრების ახალი ტალღა იწყება

"საფრანგეთი უვიზო რეჟიმის გამკაცრების ახალ ტალღას იწყებს. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მსურველი ქართველები მკაცრად გაკონტროლდებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საფრანგეთშიც, რაც შესაძლოა საზღვრის გადაკვეთისა და შრომის ნებართვის აღების გამკაცრებას გულისხმობდეს. ამის შესახებ "რეზონანსს" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი "ინტერპრესნიუსს" ესაუბრა. მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებს არღვევენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გამკაცრების ახალი ტალღა იწყება - "მკაცრად უნდა შემოწმდეს საქართველოშიც და საფრანგეთშიც”

"ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, რომელიც თავის მხრივ დიდი წარმატებაა, რომელიც ძალიან ბევრ ქართველს შესაძლებლობა აძლევს ევროკავშირის ფარგლებში ვიზის გარეშე იმოგზაუროს. ამ წარმატების პარალელურად არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც არღვევს თავშესაფრის სისტემას. აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ გვაქვს პრობლემა თავშესაფრის სისტემისა და ჯანდაცვის სერვისების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ამ მიზეზებიდან გამომდინარე გვსურს, რომ საბუთები შემოწმდეს, როდესაც ადამიანები საქართველოდან მიემგზავრებიან ევროკავშირში. ამას არ დასჭირდება ვიზა, თუმცა, ვიზისგან თავისუფალი რეჟიმი არ გულისხმობს პირობებისგან თავისუფლებას. არის გარკვეული პირობები, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია ევროკავშირში მოგზაურობისას და ერთ-ერთი არის ის, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა ევროპაში ყოფნისას, ამიტომ ეს არის ის, რაც მკაცრად უნდა შემოწმდეს საქართველოშიც და საფრანგეთშიც, როდესაც ადამიანები ჩამოვლენ," - განაცხადა დიეგო კოლასიმ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ელჩის თქმით, ლეგალური დასაქმების მიმართულებით შეთანხმება ახლა შედის ძალაში და მხარეები მუშაობენ მის იმპელენტაციაზე. ის უახლოეს ათ დღეში ქუთაისის აეროპორტში ვიზიტსა და ამ მიმართულებით არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავს. ნიკა ჩიტაძის განცხადებით, საფრანგეთი და გერმანია საქართველოს მოქალაქეებისადმი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენენ, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ქართველთა დიდი ნაწილი ევროპაში გამგზავრების შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში აღარ ბრუნდება და ხშირად ამა თუ იმ სახელმწიფოში უკანონო საქმიანობასაც ეწევა. "განსაკუთრებული მკაცრი მიდგომები არსებობს საფრანგეთის და გერმანიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ქუთაისის აეროპორტში დგანან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ოფიცრები, ან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც აკონტროლებენ და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ხშირად თანხის წარდგენას ითხოვენ. ადამიანი, რომელიც ევროპაში ჩადის, მას კონკრეტული თანხა უნდა გააჩნდეს, რომელსაც შენგენის ზონის ქვეყანაში გამოიყენებს. "იქიდან გამომდინარე, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც დარჩენა გადაწყვიტეს შენგენის ზონაში, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 90 დღის განმავლობაშია ნებადართული, ისინი ხშირად საქართველოს მხრიდან აღებულ ვალდებულებებს არღვევენ. სწორედ ამას მოჰყვა საზღვარზე კონტროლის გამკაცრება, განსაკუთრებით ეს საფრანგეთს ეხება, რომლის მოსახლეობა 60 მილიონზე მეტია და გერმანიას, რომლის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ევროპის ამ ქვეყნებში ჩადიან. საზღვარზე გადასვლის პროცედურა იქნება გამკაცრებული, თუმცა, არ მგონია, ევროკავშირმა შემოიღოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. გამკაცრებული იქნება თუნდაც შრომის ნებართვის აღება," - აღნიშნა ჩიტაძემ“, - განაგრძბს გამოცემა.

"მისი შეფასებით, ახალმა ინიციატივამ და კონტროლის გამკაცრებამ შესაძლოა საქართველოდან ქართველების გადინების შემცირებას ხელი შეუწყოს. შესაძლოა ამის გამო გადინება შემცირდეს. ბევრი ადამიანი ტოვებს საქართველოს. ჩადის ევროპაში, იქ სამსახურს ვერ ნახულობს და ჩართულია გარკვეულ უკანანო საქმიანობაში. ქართველებსაც სახელს უტეხს და იქაც ვერ საქმდება. ბევრს ჰგონია, რომ იქ ჩავა და სამსახურს იშოვის, ან ლტოლვილად ჩაბარდება. მითუმეტეს საფრანგეთში სოციალური სისტემა ძალიან განვითარებული," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს