ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2020

ივანიშვილს ოპოზიციაში კიდევ ორი თავისი კაცი ჰყავს... ჯერ ლუსტრაცია არ დამთავრებულა, - თაკო ჩარკვიანი

***

ივანიშვილს ოპოზიციაში კიდევ ორი თავისი კაცი ჰყავს... ჯერ ლუსტრაცია არ დამთავრებულა, - თაკო ჩარკვიანი

“მიდის ლუსტრაცია. ბიძინა ივანიშვილს კიდევ ჰყავს შემონახული ორი კაცი, მაგრამ ჯერ არ აჩენს, რომლებიც მასთან გარიგებული არიან, მაგრამ მალე გამოჩნდებიან“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებას, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, რასაც უკვე დათანხმდა „პატრიოტთა ალიანსი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილს ოპოზიციაში კიდევ ორი თავისი კაცი ჰყავს... ჯერ ლუსტრაცია არ დამთავრებულა, - თაკო ჩარკვიანი

"პატრიოტთა ალიანსი“ დათანხმდებოდა ამ შეთავაზებას, სხვა რა უფლება ჰქონდა არ დათანხმებულიყო, ისეთ მჭიდრო კავშირშია ივანიშვილთან. ეს ახალი ამბავი არ არის და მოდიოდა ინფორმაციები. მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მეტად ის მომწონ, რომ მიდის ლუსტრაცია და გამოჩნდება ვინ ვინ არის. გაერთიანება იდეის გარეშე არის თაღლითების თავშესაფარი. ივანიშვილმა ზოგი თავად ჩასვა, ზოგიც თვითონ ეუბნება - "აგერ ვარ, ბატონოო“. ხალხი გადავრიეთ - ბურჯანაძე მაგიდასთან გვიზის; "გირჩის“ წარმომადგენელი აცხადებს, სადაც მეტი თავისუფლება იქნება იქ წავალთო; ბესელია ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს; მიშას რეიტინგის ჯიბრზე ვიღაცეებს პირველობა უნდათ; "ლელო“ იძახის ჩემს გარშემო გაერთიანდითო...“, - განაგრძობს გამოცემა.

"ლელო მე ვიცოდი "ორ ზღვას შუა“ და ახლა ორ ზღვას შუა "თი-ბი-სია“ თუ რა ხდება? რა გაუკეთებია ჯერ, რომ მთელი ოპოზიცია მაგის გარშემო შევიკრიბოთ?! ერთი რაც ივანიშვილის მომწონს - ჯერ შეგპირდება, გარიგებაზე წამოგიყვანს და მერე გადაგადებს - ეს არის ამ კაცის ბუნება და სავლე პავლედ ვერ იქცევა. ალბათ ისეთი თაღლითები, რომლებიც ხალხის ნების წინაშე წავლენ, უნდა გადააგდო. ჯერ ლუსტრაცია არ დამთავრებულა. ივანიშვილს კიდევ ჰყავს ორი კაცი შემონახული და არ აჩენს, მაგრამ მალე გამოჩნდება, რომელებიც მასთან არიან გარიგებული. ერთი მწამს, რომ ყველაფერი დაიწმინდება, ერთ მუშტად შეიკვრება ნათელი სახეები, დასავლური პარტიები და სწორ გზაზე გაიყვანს ქვეყანას“, - განაცხადა "რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა”, - წერს სტატიის ავტორი.

6 თავდასხმა და უკვე მე-3 მოკლული ცოლი ბოლო ერთ თვეში / ფემიციდი საქართველოში უკვე საერთოეროვნული მასშტაბის პრობლემად ყალიბდება

ფემიციდის ნიშნით ჩადენილი კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული - სამტრედიაში საჯარო რეესტრის შენობაში განქორწინებაზე ხელის მოსაწერად მისულ ქალს ქმარმა ყელი გამოჭრა. ეს საშინელი დანაშაული კი ხალხმრავალ ადგილას ისე მოხდა, რომ მისი აღკვეთა ვერავინ შეძლო. ბოლო ერთ თვეში ეს ქალზე ქმრის ან ყოფილი ქმრის თავდასხმის უკვე მე-6 შემთხვევაა, საიდანაც 3 ფატალურად დასრულდა. ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ამ კუთხით სასწრაფოდ კანონის გამკაცრებააა საჭირო და ამ ეპიდემიას სახელმწიფომ სათანადო პასუხი უნდა გასცეს. რატომ კლავენ ქალებს საქართველოში და რა არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სასტიკი დანაშაულების მიზეზი - ფსიქოლოგები და უფლებადამცველები "რეზონანსთან“ რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 6 თავდასხმა და უკვე მე-3 მოკლული ცოლი ბოლო ერთ თვეში / ფემიციდი საქართველოში უკვე საერთოეროვნული მასშტაბის პრობლემად ყალიბდება

"მანამდე კი ფაქტები, რომელიც ქვეყანაში ამ სავალალო მდგომარეობას ნათლად აჩვენებს: სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი სალომე ბოხუაა, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის საჯარო რეესტრის შენობაში განქორწინების მიზნით იყო მისული, რა დროსაც ყოფილი ქმარი დახვდა და დანით ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილის მამა ყვება, რომ შვილი საჯარო რეესტრის შესასვლელთან თავად მიიყვანა და სანამ ავტომობილის დასყენებელი ადგილი იპოვა, მისი შვილი შენობაში შევიდა. რამდენიმე წუთში ყვირილის ხმა გაიგონა, შიგნით შესულს კი შვილი უკვე მკვდარი დახვდა. მისი ყოფილი სიძე კი დაცვის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ. ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდათ, რის გამოც განქორწინება გადაწყვიტეს. მოკლული ქალის მამა ყვება, რომ ცოლ-ქმარი შეთანხმებული იყო, რომ განქორწინების საბუთებზე ხელმოწერა "სკაიპის“ საშუალებით მოხდებოდა. „ყოფილი ქმარი ბათუმში უნდა მისულიყო და ორივე ხელს მოაწერდა, ჩვენ ასე ვიცოდით. წავიყვანე მანქანით. ვიდრე მე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს დასხმია თავს. დანა დაარტყა. მე რომ შევედი, ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე. კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. ათი წლის ცოლ-ქმარი იყო. ჩვენთან ცხოვრობდნენ გარკვეული პერიოდი, მერე ბათუმში იყვენენ. მითხრა - მამა მასთან ცხოვრება აღარ შემიძლია და სახლში წამიყვანეო“, - განაცხადა თემურ ბოხუამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მოკლული გოგონას ბებია დოდო ტაშალეიშვილი "რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი შვილიშვილი ყოფილი ქმრიდან მუდმივი ფსიქიოლოგიური შანტაჟის ქვეშ იყო - ქმარი შერიგებას სთხოვდა, თუმცა გოგონა კატეგორიულ უარს ამბობდა. ერთი თვის წინ მამას დაურეკა და სთხოვა სასწრაფოდ ჩამომხედე აქედან წამიყვანეო. საწყალი ჩემი შვილი გაფრინდა, ორ საათში იქ იყო, ბავშვი ჩამოიყვანა. მითხრა - ბებია, შენ არ იცი რა დღეში ვიყავი, უკვე აღარ შემეძლო იქ ცხოვრებაო. მერე ერთი თვის განმავლობაში კოშმარი დაიწყო. ყოველდღე რეკავდა და შერიგებას სთხოვდა - რატომ შემიძულე, გინდა თუ არა შემირიგდიო. ეს კატეგორიული წინააღმდეგი იყო და უარს ეუბნებოდა, მისი სახელის გაგონებაც არ უნდოდა. მერე ქმარი განქორწინებაზე ვითომ დასთანხმდა. უთხრა - მე ბათუმში მივალ და ხელს მოვაწერ განქორწინებაზე და შენ სამტრედიაში მიდიო. თურმე ჩამოსულა და აქ იმალებოდა. ელოდებოდა, რომ შენობაში შესულიყო. შვილს ვეხვეწებოდი არ წაიყვანო-მეთქი, თითქოს გული მიგრძნობდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც საშინელება ჰქონდა ჩადენილი. არ ამბობდა ბავშვი. ეტყობა, რომ სცემდა კიდეც. გვიმალავდა და უძლებდა სადამდეც შეეძლო“, - აცხადებს მოკლული გოგონას ბებია "რეზონანსთან“, - განაგრძობს გამოცემა.

"მსგავსი დანაშაული მოხდა ორი დღის წინ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, სადაც ყოფილ მეუღლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ასევე მკვლელობით დასრულდა. 23 წლის ხათირა ჰუსეინოვა ყოფილმა ქმარმა, ტელმან მუსტაფაევმა საკუთარ სახლში, სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით, 16 თებერვლის ღამეს მოკლა. ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მან ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. ხელში დაჭრა ყოფილი ცოლის დედაც. დანაშაული დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ წყვილი თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდა. დილის 11 საათზე ორი ოჯახის კრებაზე უნდა გადაეწყვიტათ შერიგდებოდნენ, თუ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდებოდნენ. მაგრამ 33 წლის ტელმან მუსტაფაევმა საუბარზე უარი განაცხადა და 10 წლით უმცროს მეუღლეს, ფატია ჰუსეინოვას ყელი დედის და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოჭრა. ამ ფაქტის გარდა, 10 თებერვალს თბილისში, მეტრო "ვარკეთილთან“ მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ყელის არეში მიაყენა დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რომ არა გამვლელი მამაკაცი, შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა და ყოფილი ქმარი ცოლის მოკვლას შეძლებდა. დაჭრილი ახალგაზრდა ქალი "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს და გადარჩენა შეძლეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი დასთან ერთად მეტროდან ამოდიოდა, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ჯერ ყვავილები მიაწოდა, შემდეგ კი დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი ლომბარდში შევიდა და დახმარებას ითხოვდა. ასევე 10 თებერვალს ახალციხეში მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. ახალგაზრდა ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა "იმედში“ გადაიყვანა. მისი გადარჩენა შეძლეს. მეორე დღეს კი ყოფილი ქმარი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცოლზე ძალადობის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ აღკვეთეს - ახალციხის რაიონში სოფელ სვირში დააკავეს მამაკაცი, რომელიც არასრუწლოვან შვილს და მეუღლეს ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდა. მათ ნაჯახით და ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. როგორც ადგილობრივები "რეზონანსთან“ ყვებიან, მამაკაცის მხრიდან ცოლზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მათ კონფლიქტი ადრეც ჰქონიათ. ის ცოლს მუდმივად სცემდა და არაფხიზელ მდგომარეობაში არაერთხელ ყოფილა. მიუხედავად ამისა ქალი სახლიდან წასვლას ვერ ახერხებდა, რადგანაც მას სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა”, - დასძენს გამოცემა.

18 იანვარს ტრაგედია სურამში დატრიალდა. ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა ნაჯახით მოკლა. მოკლული გოგონა, 26 წლის ბეტა ნაჭყებიაა. სამართალდამცველებმა მისი ყოფილი ქმარი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ 32 წლის ლევან ლომიძემ მეუღლე ლოგინში ნაჯახით მოკლა. ისინი ასევე ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულებიც კი იყვნენ. მათ 5 წლის შვილი დარჩათ. ფსიქოლოგი ნანა ხარაზიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ფემიციდის ნიშნით ქალის ჩაგვრა საქართველოში მუდმივად იყო, თუმცა ამაზე ხმის ამოღება ქალებმა ბოლო რამდენიმე წელია რაც დაიწყეს. საქართველოში ქალზე ძალადობა და ქმრის მხრიდან მისი ჩაგვრა ბევრი ქალისთვის ნორმად ითვლება და ამიტომაც ამაზე ღიად საუბარს თავად მსხვერპლიც ერიდება. ფსიქოლოგის თქმით, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ცოლებზე ძალადობენ ის მამაკაცები, რომლებსაც ბავშვობაში ჰყავდათ ძალიან მკაცრი დედა, იზრდებოდნენ ძალიან მკაცრად, დედა მათ ფიზიკურად სჯიდა, იყვნენ სტრესში. ქალებზე აგრესია სწორედ ამ დროს გროვდება. პატარა ბიჭუნა დედას ვერაფერს დაუშავებს, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი თავს იჩენს ხოლმე ცოლთან ურთიერთობაში. ანუ გამოდის, რომ თავად ქალები, კონკრეტულად კი დედები ქმნიან ამ მომავალი ძალადობის საფუძველს. თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არ არის და პრობლემა კიდევ უფრო კომპლექსურია. სამწუხაროდ, მამაკაცის მსხვერპლი ქალებიც ფსიქიკურად ჩვეულებრივი სტანდარტის მქონეები არ არიან. ჩვეულებრივ ქალს, რომელსაც ჯანსაღი ფსიქიკა აქვს, არ აქვს მიდრეკილება მოირგოს მსხვერპლის როლი - შესაძლოა ერთხელ დაუყვიროს კაცმა, ან ერთხელ აწიოს მასზე ხელი, მაგრამ ეს იქნება ბოლო. ჯანსაღი ფსიქიკის ქალი არ გაუჩერდება ასეთ მამაკაცს. ის მაშინვე გააგებინებს, რომ მასთან ასეთი მოქცევა არ შეიძლება. ხოლო მსხვერპლი ქალები ამ მსხვერპლის როლს ირგებენ. ესეც, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან გამომდინარეა - ბავშვობიდან უწევთ მსხვერპლის როლში ყოფნა და ბოლომდე ასე გრძელდება“, - აცხადებს ფსიქოლოგი ნანა ხარაზიშვილი”, - წერს გამოცემა.

"მისივე თქმით, ბევრ ქალს შესაძლოა წასვლაც უნდა, მაგრამ წასასვლელი არსად აქვს. მშობლებთან ვერ ბრუნდება, რადგანაც შესაძლოა ძმა და რძალი ჰყავს და ისინი მას არ იღებენ. ეკონომიურადაც არ არის ქალი დამოუკიდებელი, რომ ბავშვებთან ერთად ცხოვრებას შეძლოს. ამიტომაც იძულებულია ქმრისგან ძალადობა ითმინოს. ძალიან ბევრი ქალი მინახავს, რომელზეც ქმარი ძალადობდა და ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ნორმა იყო. უყურებდნენ, რომ მათ დედასაც სცემდა ქმარი, ბებიას სცემდა ქმარი... რა მოხდა მერე - მთავარია, ჩვენ ოჯახი შევინარჩუნეთ, ცოცხლები ვართ, ბავშვები გავაჩინეთ, შენც იგივენაირად უნდა მოიქცე. ერთის მხრივ, ქალს ასეთი აღზრდა აქვს მიღებული, მეორეს მხრივ არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მშობლების და ოჯახის მხრიდან. სამართალდამცველების მხრიდანაც იშვიათია, რომ სათანადო რეაგირება მოახდინონ. ეს ქალი გამოდის აბსოლუტურად დაუცველი“, - აცახდებს ფსიქოლოგი. გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოკვლევის თანახმად, ყოველი მე-11 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ გამოკვლევის (2008-2010 წწ) მიხედვით კი, საქართველოში ყოველი მესამე ქალი გამხდარა სხვადასხვა ფორმით ძალადობის მსხვერპლი. თუმცა ელისო ამირეჯიბი ვარაუდობს, რომ კვლევების მიღმა რეალურად არსებული სურათი კიდევ უფრო მძიმეა. ქალების უმრავლესობა, მისი თქმით, მაინც ერიდება ლაპარაკს - მათ არ გააჩნიათ საკუთრება, შემოსავალი, დამოუკიდებლობა და, შესაბამისად, არა აქვთ არჩევანის საშუალება”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა