ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2020

რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში - რა მიმართულებით იცვლება სარედაქციო პოლიტიკა

ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია - რეჟიმი ქსნის ხეობის მოსახლეობას ისევ შანტაჟისთვის იყენებს

“ოპოზიცია ამ მეთოდებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებს” - იგორ კვესელავა

* * *

რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში - რა მიმართულებით იცვლება სარედაქციო პოლიტიკა

“3 ხმა 2-ის წინააღმდეგ - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა და შტატების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირა. ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა. გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვალს შევა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში - რა მიმართულებით იცვლება სარედაქციო პოლიტიკა.

“საშტატო ერთეულების შემცირების ინიციატივით მრჩეველთა საბჭოს აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მიმართა. აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც ესწრებოდნენ, ხმაური იყო შენობის წინ. მოქალაქეთა ჯგუფი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” არ აქვთ სიტყვის თავისუფლებაზე საუბრის უფლება, რადგან სწორედ მათგან უხდებოდეთ წლების წინ მედიის, მათ შორის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დაცვა. გიორგი კოხრეიძე კი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. მან თანამშრომლები რეფორმის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ ხორციელდება ბულინგი. მას პრეტენზიები აქვს მესამე სექტორის მიმართაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იძულებული ვარ და ვალდებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია როგორმე ვმართო. ყველა სამსახური, რომელთანაც მქონდა შეხვედრა, პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მაუწყებელში არის პრობლემები. კონკრეტულ პირს ვერ ვაგნებდით. არიან დირექტორები და მოადგილეები. კარგი ბრალდება მოადგილეს, ცუდი დირექტორს. მუდმივი ბულინგი. არაფერი გამიკეთებია ცუდი, არავის ემუქრება საფრთხე. მინდა, ვმართო ორგანიზაცია, არ მჭირდება დამატებით რგოლები. სამსახურების მხრდან ხდება ინფორმაციების დამალვა”, - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია. ისინი პასუხისმგებლობას მრჩეველთა საბჭოსა და არხის დირექტორს აკისრებენ და ამბობენ, რომ დირექტორი მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით ცდილობს, ტელევიზიას ჩამოაშოროს საინფორმაციოს უფროსი და მისი მოადგილე. თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას არ გამორიცხავს. სხვადასხვა მედიასაშუალებაში დასაქმებული ჟურნალისტების ორგანიზებით კი სამი დღის წინ აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაში არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის საშტატო ერთეულის შემცირებას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები, საბოოლოდ, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად, რაც მედიაგარემოზე ქვეყანაში უარყოფითად აისახება. “ყველა რეკომენდაცია, რჩევა თუ მოთხოვნა უგულებელყო მენეჯმენტმა, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებს, რაც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება ითქვას, რომ ტრაგიკულიც კი არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, იმიტომ რომ, ვფიქრობ მალე ახალი ამბები აღარ იქნება ისეთი კრიტიკული, როგორიც ამ დრომდე იყო, რაც ძალიან დააზარალებს მედიაგარემოს - როგორც რეგიონში, ასევე მთელ ქვეყანაში”, - აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველიც მივიდა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ბოლო დროს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს აჩენს”, - დასძენს გამოცემა.

“სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აჭარის მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, უკვე მეორედ მოვედი და მაქვს სურვილი, რომ მხარეებს გავესაუბრო და გამოვხატო ჩემი პოზიციები. დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს არა უბრალოდ შიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს, არამედ კრიტიკული მაუწყებლობის ცვლილებას. ვფიქრობ, რომ არის საგანგაშო ვითარება. გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა. ჩვენ არაერთი სისხლის სამართლის საქმე გვაქვს მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. მრჩეველთა საბჭო კრიტიკულად უნდა მიუდგეს საკითხს”, - განაცხადა ლომჯარიამ, რომლის თქმით, “წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასდება, როგორც აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა”, - წერს სტატიის ავტორი.

ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია - რეჟიმი ქსნის ხეობის მოსახლეობას ისევ შანტაჟისთვის იყენებს

“შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტი გახსნას. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია - აქ მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლის შეზღუდვის გამო საკვების და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ. ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისთვის კი გაუგებარია, ეს საკითხი ხელისუფლებამ რატომ არ დააყენა ერგნეთის შეხვედრების დროს, რაზეც სამინისტროში “რეზონანსს” უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდეს და საკითხი დააყენეს ასევე ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზე... ზაქარეიშვილის თქმით, “გამშვები პუნქტის” დაკეტვა, წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებამ გამოიწვია და მისთვის გაუგებარია, რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ამ ტერიტორიაზე საგუშაგოს დატოვება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია - რეჟიმი ქსნის ხეობის მოსახლეობას ისევ შანტაჟისთვის იყენებს.

“საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გარკვეული გადაწყვეტილება, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ “გამშვებ პუნქტს” ახალგორთან დრო და დრო გახსნის. მათი განცხადებით, სანამ ქართული საგუშაგო იქნება წნელისთან, ისინი არ აპირებენ გახსნან მუდმივ რეჟიმში “გამშვები პუნქტი”. ყოველ ორ თვეში ერთხელ 5-6 დღით გაიხსენება ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი, რათა პენსიონერებმა აიღონ პენსია და ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისსა თუ გორში მკურნალობა ჩაიტარონ. არსებობს ინციდენტებზე პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, რომ დაძაბული ვითარებები არ შექმნილიყო. ყველა საგუშაგო ერგნეთის შეხვედრების დროს განიხილებოდა. ჩემთვის არ არის მიუღებელი საგუშაგო, თუმცა მიუღებელი რამდენიმე ფაქტორი; ქართულმა მხარემ რატომ არ დააყენო ეს საკითხი და რატომ არ მოხდა განხილვა ერგნეთის შეხვედრებში. რატომ არის ეს საგუშაგო ასეთი მნიშვნელოვანი? - საგუშაგოების დაყენება მოდის შევარდნაძის დროიდან, 1992 წლიდან და იყო უამრავი საგუშაგო ორივე მხრიდან. რა სტრატეგიული მნიშვნელობის საგუშაგოა ასეთი, რომ ვერც მოქალაქეთა კავშირის ხელისუფლებამ და ვერც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ განსაზღვრა ამის სტრატეგიულობა... ჩემთვის საგუშაგოს ყოფნა-არ ყოფნა კი არ არის მთავარი, თვითონ პროცედურები, როგორ მოხდა მისი განთავსება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“სამინისტროდან “რეზონანსისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ ქართული საპოლიციო პოსტი, რომელიც წნელისთან დგას, გამონაკლისი არ არის და ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ ქართული საგუშაგოები თითქმის ყველგან დგას. “საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატს იყენებს საკითხის მოგვარებისთვის, ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის საკითხი არის მთავარი თემა ყველა ფორმატში საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზეც. ოკუპირებული ახალგორის საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის თანათავმჯდომარეებსაც, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისში. რაც შეეხება ჩორჩანა-წნელისთან განთავსებულ ქართულ საპოლიციო პოსტს, ეს პოსტი არ არის გამონაკლისი, გამყოფი ხაზის გასწვრივ ქართული საგუშაგოები თითქმის ყველგან დგას. წნელისის საპოლიციო პოსტი, ისევე როგორც სხვა პოსტები, ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში”, - წერს სტატიის ავტორი.

“ოპოზიცია ამ მეთოდებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებს” - იგორ კვესელავა

“ჯერ ამბობენ 4 აპრილი, მერე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ვფიქრობ, ოპოზიციის ლაპარაკი ფართმასშტაბიან აქციებთან დაკავშირებით მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. რა ნაბიჯებს გადადგამს წინასაარჩევნოდ “ოცნება”, არ ვიცი, შეიძლება ისეთი შეთავაზება გააკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს” - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოსა და ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს მომავალ არჩევნებში პოლიტოლოგი იგორ კვესელავა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოპოზიცია ამ მეთოდებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებს” - იგორ კვესელავა.

“ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ ძველი მეთოდებით მოქმედებს, არ მიდის მოლაპარკებაზე და ცდილობს დესტაბილიზაციისა და რევოლუციის გზით ძალაუფლების მოპოვებას. მაგრამ ეს აღარ გამოვა, ეს არის ძველი მეთოდები, ამიტომ სჯობს გადავიდნენ ცივილურ მეთოდებზე. ჯერ ამბობენ, 4 აპრილს, მეორე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. ოპოზიციის შიგნით ახლა წინააღმდეგობაა და კოალიციაზე რომ მივა საქმე პარლამენტში, დაჭამენ ერთმანეთს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“დღეის მოცემულობით, ყველაზე მეტი შანსი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, შეუძლია 20-25%-ი აიღოს. მიშა სააკაშვილს არ მოსწონს ამ 15 პარტიის თუ უფრო ნაკლების ხმაური და ხომ ხედავთ თავის დამოუკიდებელ შტაბს აყალიბებს. ალბათ აქვს რაღაც გათვლები. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს” მათი წარმატების პერსპექტივას ამ არჩევნებში ვერ ვხედავ. დაახლოებით 5-6%-ს თუ აიღებს. რაც შეეხება “ლელოს” მას არანაირი შანსი არა აქვს გამარჯვების. ამ პოლიტიკურ სპექტრს თუ დაემატება მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ოპოზიციის რეიტინგს უფრო დააგდებს. მარგვე-ლაშვილს კი სჯერა, რომ ქვეყანას და ქართულ პოლიტიკას სჭირდება, მაგრამ საზოგადოება ასე არა ფიქრობს. იგი არც პოლიტიკური ფიგურაა და არც სახელმწიფო მოღვაწე, დღეს მისი მიზანი და ამოცანა არის ვინმეს მიეკედლოს და დეპუტატის მანდატი მაინც მოპოვოს”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“რაც შეეხება “ოცნებას”, ნამდვილად ყოველდღე არ ვიძახი “გაუმარჯოს ოცნებასო”. ივანიშილის საკადრო პოლიტიკაც ვერ გავიგე და ვთვლი, რომ აქ არის ხარვეზები, მაგრამ დღეის მოცემულობით მეტი რესურსი აქვს გამარჯვების მოსაპოვებლად, თუნდაც მოვიდეს უმრავლესობით და შექმნას მთავრობა. შეიძლება წინასაარჩევნოდ ისეთი შეთავაზება გაკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს”, - ამბობს იგორ კვესელავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა