მიხეილ ჩხენკელი - საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში.

„ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მძლავრი სტიმული იქნება. ჩვენი ქვეყნის სტუმრები შეძლებენ აღმოაჩინონ საქართველო, როგორც უმდიდრესი კულტურისა და დიდებული ისტორიის ქვეყანა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, კულტურა – ჩვენი მთავარი საგანძურია და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სტუმრები შეძლებენ თვალნათლივ დაინახონ, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში.

კულტურული მარშრუტები ევროსაბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული პროგრამაა და მასში გაწევრიანებულია 47 ქვეყანა. ამ პროგრამაში საქართველოს აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ჭეშმარიტად წინგადადგმული ნაბიჯია ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ პროგრამას საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს და სამინისტრო შეიმუშავებს სპეციალურ პროექტებს სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ეს, რასაკვირველია, მათ კიდევ უფრო გაუღრმავებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნას და თითოეულ მათგანს სიამაყით აღავსებს. გარდა ამისა, პროგრამა ძალიან დიდ როლს შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით“ , - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიისას.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში; საინფორმაციო, მეთოდოლოგიური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლა; პარტნიორობა კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში; საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების შექმნაში; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება, ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების მართვის სფეროში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურული მარშრუტები ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. დღეისათვის ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულია 38 მარშრუტი. თავად პროგრამაში კი გაერთიანებულია 47 სახელმწიფო.

მათივე ცნობით, კულტურული მარშრუტების პროგრამა მასობრივი პროექტების განხორციელების გზით ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, აძლიერებს მემკვიდრეობასთან წვდომის დივერსიფიცირებულ ფორმებს. მარშრუტების ქსელში ჩართულია 1600-ზე მეტი ინსტიტუცია, რაც ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებს, ასოციაციებსა თუ სხვადსხვა სოციალურ-ეკონომიკურ სუბიექტებს შორის სინერგიის საშუალებას იძლევა.

კულტურული მარშრუტების პროგრამას საქართველოში ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც მისი ხელშეწყობისათვის აქტიურ კამპანიას ახორციელებს. აღნიშნული მემორანდუმიც კულტურული მარშრუტების ქსელის გაფართოებას ემსახურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა