ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2020

"პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური“ - სოციოლოგების ნაწილი "იპსოსის“ კვლევას არ ენდობა

რატომ კეტავენ ოკუპანტები გამშვებ პუნქტებს ცხინვალის რეგიონის მთელ პერიმეტრზე

***

"პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური“ – სოციოლოგების ნაწილი "იპსოსის“ კვლევას არ ენდობა

"ტელეკომპანია "მთავარი არხის" დაკვეთით ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია "იპსოსის" გამოკითხვას სოციოლოგთა გარკვეული ნაწილი უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ჩატარებული კვლევა რეალობას აცდენილია. თან, მათი თქმით, ეს გამოკითხვა საეჭვოდ იდენტურია იმ კვლევასთან, რომელიც გასული წლის ნოემბერში ასევე კომპანია "იპსოსმა" ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ "რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ეს კვლევა არსებულ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური“ – სოციოლოგების ნაწილი "იპსოსის“ კვლევას არ ენდობა

“ეს არ არის ფრანგული კომპანია. ეს რუსულ-უკრაინული ფილიალია. თანაც, არ არის სანდო და სარწმუნო კვლევა, რადგან არცერთ შედეგს არ ემთხვევა, რომელიც ხელთ მაქვს. უნდობლობის მიზეზი მარტივად აიხსნება, - ნებისმიერი კვლევა, რომლითაც ოპერირებს "ფორმულა" ან "მთავარი არხი" და მანამდე "რუსთავი 2," არ ემთხვეოდა რეალობასა და არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. კვლევის სანდოობას ვადგენთ მარტივად: თუ ის ვერ ახდენს პროგნოზირებას და ცდომილება შეადგენს სტანდარტით დაშვებულზე მეტს, არანაირ რაციონალურ საფუძველს არ იძლევა იმისთვის, რომ ვენდოთ ამ კვლევებს. ამ ვითარებაშიც კი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" "მთავარი არხის" მეშვეობით უკვეთავს კვლევას და იქაც ჩანს, რომ "ოცნებას" 40%-მდე აქვს, მეტყველებს იმაზე, რომ "ოცნების" პოზიციები მყარია," - აღნიშნა გორგილაძემ”, - ანიშნავს გამოცემა.

"მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ასევე საეჭვოდ უყურებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ეს კვლევა ტენდენციურია. პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური. იგივე ჯგუფია, რომელიც აქამდე იწვევდა ეჭვებს და ახლა უფრო მეტად იწვევს. ძნელია რეალობაზე ლაპარაკი. ჩვენ ისეთ პირობებში ვართ, რომ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველა გამოკვლევას, რისი საფუძველიც გვაქვს. შესაძლოა ერთ კვირას მოსახლებაში გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომ განწყობები შეცვალა, თუმცა მეორე კვირას მისი კვალიც კი არ იყოს. გარდა სტატისტიკისა, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი საკითხია, მოისურვებენ თუ არა პარტიები იყვნენ შეთანხმებულები მთავრობის დაკომპლექტებაში," - თქვა საყვარელიძემ. ბოლო გამოკითხვის საველე სამუშაოები 27 იანვარისა და 5 თებერვლის შუალედშია ჩატარებული. კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას" 34%, „ნაციონალურ მოძრაობას 29%, "ევროპულ საქართველოს" 10%, ლეიბორისტულ პარტიას კი 6% აქვს. შემდეგ მოდიან ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი" 5 %-ით; "ლელო" - 3%-ით; "გირჩი" - 3%-ით; ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა - 3%-ით; ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" - 2%-ით; "რესპუბლიკური პარტია" - 1%-ით; "კონსერვატორები" - 1%-ით და „თავისუფალი საქართველო" - 1%-ით”, - განაგრძობს გამოცემა.

"გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან, ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში "ქართული ოცნება" დამარცხებისთვის განწირულია, კვლევაში სხვაობა 16%-ია. ამასთან, „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობის 51% ნეგატიურად ახასიათებს. 50% კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს პოზიტიურად უყურებს. ნოემბერში "ფორმულას" დაკვეთით ამავე კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კი ასეთია: რესპონდეტთა 65% პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა. იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არსებული (შერეული) სისტემით ჩატარდება, გამოკითხულთა 40%-მა თქვა, რომ „ქართული ოცნება" უმრავლესობას მოიპოვებს. თუკი პროპორციული სისტემით ჩატარდა, მმართველი პოლიტიკური ძალა მხოლოდ 31%-ს მიიღებს. აქვე უნდა აღინიშნოს „ენდიაის" კვლევა, რომელიც გასული წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამავე კვლევაში ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების." ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა უფრო მეტი ნაწილი დადებითად აფასებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. კვლევაში სააკაშვილს დადებითად გამოკითხულთა 26% აფასებს, ხოლო ივანიშვილს - 17%. ამავე კვლევის მიხედვით, ივანიშვილს უფრო მაღალი უარყოფითი შეფასება აქვს, ვიდრე სააკაშვილს. სააკაშვილს უარყოფითად 39% აფასებს, ივანიშვილს - 49%“, - წერს სტატიის ავტორი.

რატომ კეტავენ ოკუპანტები გამშვებ პუნქტებს ცხინვალის რეგიონის მთელ პერიმეტრზე

“თუ მათ (ოკუპანტების) ლოგიკას მივყვებით, რომლის მიხედვითაც ახალგორში შესვლა შეზღუდეს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი, რომ დაიწყო კონტრაბანდასთან ბრძოლის კამპანია (რატომღაც კონტრაბანდის საკითხი ამ შუა ზამთარში გაახსენდათ), დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან სურსათის და წამლების საკანცელარიო ნივთების და ა.შ. ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს,"- ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, სოფელ პერევთან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ კეტავენ ოკუპანტები გამშვებ პუნქტებს ცხინვალის რეგიონის მთელ პერიმეტრზე

"ინფორმაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა, მათივე თქმით, პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რუსმა სამხედროებმა რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს. არეშიძე ამბობს, რომ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიზეზი ე.წ. "კონტრაბანდასთან ბრძოლის კამპანიის" წამოწყებაა. ეს ინფორმაცია მეც მაქვს, რომ შეიძლება ჩაკეტონ, მართალია მოტივაცია ვერ გავიგე, რატომ უნდა ჩაკეტონ, მაგრამ პრინციპში თუ მათ (ოკუპანტების) ლოგიკას მივყვებით, რომლის მიხედვითაც ახალგორში შესვლა შეზღუდეს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი, რომ დაიწყო კონტრაბანდასთან ბრძოლის კამპანია (რატომღაც კონტრაბანდის საკითხი ამ შუა ზამთარში გაახსენდათ), დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან სურსათის და წამლების საკანცელარიო ნივთების და ა.შ. ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს რამ განაპირობა, ვერ გეტყვით, მაგრამ პრინციპში ეს ტენდენციაა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თვითონ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესატანი პროდუქტის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით ბრძოლა უკვე რუსეთმა წამოიწყო. ჩრდილო ოსეთიდან სამხრეთში შემოსატანი პროდუქტებთან დაკავშირებით როკის საგუშაგოზე პრობლემები შეიქმნა და იქ მთელი ამბავია ატეხილი, ახლა დროებით ჩაწყნარდა, მაგრამ მთელი თებერვალი ძალიან მძიმე პროცესები იყო, ამიტომ რუსები კონტრაბანდად თვლიდნენ სამხრეთ ოსეთში იმ პროდუქტების შეტანას, რომელიც ჩრდილო ოსეთიდან შედიოდა (პარტიებს ვგულისხმობ), ახლა ამათ გადაწყვიტეს, კონტრაბანდასთან ბრძოლა მთელ პერიმეტრზე წამოიწყონ, სისულელეა, მაგრამ აკეთებენ," - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე ინფორმაციით,ახალგორის რაიონთან არსებული გამშვები პუნქტის ჩაკეტვი გამო მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია. ყველა კეტეგორიის მოსახლეობა, ქართველი იქნება ეს თუ ოსი, უმძიმეს მდგომარეობაშია. პროდუქტების შემოტანა ჩრდილოეთ ოსეთიდან შეიზღუდა, დანარჩენი საქართველოდან პრაქტიკულად არ შედის, ხალხი რთულ მდგომარეობაშია, ამას წამლებიც დაერთო და პლიუს ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია, რომ გამოვიდეს და საკუთარი პენსია აიღოს. მთელი ამბავია, სოციალური თვალსაზრისით ეს არის კატასტროფული სურათი. მოსახლეობა პუნქტების გადაკეტვაზე ყველა უარყოფითი აზრისაა, ჭორები ვრცელდება ყველა საგუშაგოსთან დაკავშირებით გადადგილების შეზღუდვის თაობაზე, მაგრამ რამდენად რეალურია, ვერ გეტყვით," - განაცხადა არეშიძემ. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 სექტემბერს, საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონთან არსებული მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტეს. თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა დროული სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების გარეშე დარჩა. რაზდახანის ჩაკეტვას ადამიანების სიცოცხლეც ემსხვერპლა”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს