ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020

შეძლებს თუ არა “ნაცმოძრაობა” ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, თუკი არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა

"სათამაშო ბიზნესის თარეში" - აზარტული თამაშების ბრუნვა იზრდება, გადასახადები კი მცირდება

ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა

* * *

შეძლებს თუ არა “ნაცმოძრაობა” ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, თუკი არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა

“2020 საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა იმით იყოს საქართველოში აქამდე ჩატარებული არჩევნებისაგან გამორჩეული, რომ ადგილების უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიიღოს. ბოლო პერიოდის პრაქტიკულად ყველა სოციოლოგიური კვლევა ამაზე მიანიშნებს და ექსპერტთა ნაწილი უმრავლეოსობასაც ეს სცენარი რეალურად მიაჩნიათ. საინტერესო კი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოში უკვე იყო - 2002 წლის ადგილობრივი არჩევნებისას - და მაშინ, სხვადასხვა გარემოებათა გამო, საბოლოოდ ძალაუფლება არჩევნებზე მე-2 ადგილზე გასულმა პარტიას - “ნაციონალურმა მოძრაობას” ერგო, რომელმაც სრული კონტროლი დაამყარა დედაქალაქის საკრებულოზე. რამდენად შესაძლებელია, რომ 2020 წელს იგივე რამ საქართველოს პარლამენტში განმეორდეს?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შეძლებს თუ არა “ნაცმოძრაობა” ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, თუკი არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა / ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა - 2002 წელს თბილისის საკრებულოს არჩევნებზე.

“2002 წელს თბილისის 49-კაციანი საკრებულოს არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა. პირველი ადგილი ხმების 26%-ით ლეიბორისტებმა დაიკავეს. მეორეზე კი “ნაციონალური მოძრაობის”, “რესპუბლიკური პარტიისა” და “კონსერვატიული პარტიის” მიერ შექმნილი საარჩევნო ბლოკი გავიდა 24%-ით. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა “ლეიბორისტთა” ლიდერ შალვა ნათელაშვილს უნდა დაეკავებინა, თუმცა ეს პოსტი მან “ნაცმოძრაობის” ლიდერ მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. დღევანდელ და 18 წლის წინ მომხდარ მოვლენებში რამდენიმე მსგავსებაა. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც 2002 წელს ოპოზიციურ ბლოკში იყო, დღეს ცდილობს ასევე დიდი პოზიციური ბლოკი შეკრას. ბევრი კვლევა და ექსპერტთა მოსაზრებებიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ბლოკმა შეიძლება მეორე ადგილი აიღოს. 2002 წელსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოპოზიციური ბლოკით მეორე ადგილი დაიკავა. მთავარი განსხვავება ისაა, რომ 2002 წელს სახელისუფლებო პარტიამ - “მოქალაქეთა კავშირმა” 3%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და საკრებულოში საერთოდ ვერ შევიდა. დღევანდელ ვითარებაში, ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ სახელისუფლებო პარტია პარლამენტში შევა და პირველ ადგილსაც მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რამდენად შესაძლებელია, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ 2020 წელს ამჯერად საქართველოს პარლამენტზე დაამყაროს კონტროლი და შესაბამისად, ხელისუფლებაში მოვიდეს? ანალიტიკოსთა ნაწილი ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. “ლეობორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა “რეზონანსთან” 18 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ მაშინ შალვა ნათელაშვილის მხრიდან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის მიხეილ სააკაშვილისათვის დათმობა არ მომხდარა. მისი თქმით, 2002 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” უმრავლესობის მოპოვება შეძლო, რადგან საკრებულოში შესულმა სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა სწორედ “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირეს მხარი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბარიერი გადალახა “ლეიბორისტულმა პარტიამ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ახალმა მემარჯვენეებმა”, “მრეწველებმა”, ჯუმბერ პატიაშვილის პარტიამ და ზურაბ ჟვანიამ (“გაერთიანებული დემოკრატები”). საკრებულოს შემადგენლობაში 49 წევრი იყო და უმრავლესობას 25 დეპუტატი სჭირდებოდა. აქედან “ლეიბორისტულ პარტიას” 15 ჰყავდა გაყვანილი. შალვა ნათელაშვილს ძალიან რომ მოენდომებინა, მიხეილ სააკაშვილს ვერაფერს დაუთმობდა. თავმჯდომარეს საკრებულოს წევრები ირჩევდნენ და სწორედ 25 წევრს უნდა მიეცა ხმა. მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება აიღო “ვარდების რევოლუციის”, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მანამდე იყო ჩვეულებრივ საკრებულოს თავმჯდომარე. “ლეიბორისტული პარტია” კი იმ საკრებულოში ოპოზიციაში იყო,“ - აღნიშნა გუგავამ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გამორიცხავს 2020 წლის საპრალამენტო არჩევნების 2002 წლის სცენარით დასრულებას - “ასეთი სტილით მაინც “ლეიბორისტული პარტია” გამოირჩევა. მის გარდა სხვას ასეთი დათმობები არ გაუკეთებია, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია არა თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს სათათბირო ორგანოზე, რაც ასევე ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლების დათმობასაც და საეჭვოა რომელიმე პარტია ამაზე წავიდეს”, - უთხრა საყვარელიძემ “რეზონანსს”. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 2002 წლის მოვლენები აღარ განმეორდება. იგი პოლიტიკურ გარიგებას კატეგორიულად გამორიცხავს”, - დასძენს გამოცემა.

“ამ ორ მოვლენას შორის პარალელს ვერ გავავლებდი, რადგან თვისობრივად განსხვავებული სიტუაციაა. მაშინ ეს იყო მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ახლა კი საქმე გვაქვს საპარლამენტო არჩევნებთან. მაშინ მთავარი მოთამაშეები აღმოჩნდნენ “ნაციონალური მოძრაობა” და “ლეიბორისტულ პარტია”. ამ უკანასკნელის ბიოგრაფიას თუ გავიხსენეთ და მისი პოლიტიკური ლიდერების მიდრეკილებებს, მათთვის ასეთი რაღაცების გაკეთება უცხო არ არის. როგორც ჩანს, მაშინ თანამშრომლობის და პოლიტიკური გარიგების რესურსი გამოინახა. თუკი ასეთი რესურსი ახლაც იქნება, მაინც ძალიან მეეჭვება კონფიგურაცია ასე დალაგდეს, რომ ასეთი თანამშრომლობის რესურსი გამოინახოს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს - ეს არის ის დამოკიდებულება, რაც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არსებობს. როგორც ერთ, ისე მეორე პარტიას საჯაროდ აქვს დაფიქსირებული, რომ არც ერთ პირობაში ერთმანეთთან არ ითანამშრომლებენ, კოალიციას არ შექმნიან და ა.შ. ეს უპირველეს ყოვლისა ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

"სათამაშო ბიზნესის თარეში" - აზარტული თამაშების ბრუნვა იზრდება, გადასახადები კი მცირდება

“2019 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 128.4 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8.1 მლნ ლარით ჩამოუვარდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არასწორი საგადასახადო სისტემის ბრალია, რომელიც შეღავათებს უწესებს სათამაშო ბიზნესს და თუ 2011 წლიდან 2019 წლამდე, მათი ბრუნვა 150-ჯერ გაიზარდა, მხოლოდ 3-ჯერ არის გაზრდილი შენატანები ბიუჯეტში...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქაოსი - აზარტული ბიზნესის ბრუნვა იზრდება, გადასახადები კი მცირდება / “სულ მალე ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სათამაშო ბიზნესის სათარეშო ადგილად გადაიქცევა”.

“სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი მოსაკრებელი 2019 წელს შემდეგნაირად ნაწილდებოდა: - სათამაშო აპარატებიდან - 69.4 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 5.6 მლნ ლარი. - წამახალისებელი გათამაშებიდან - 5.7 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 0.7 მლნ ლარი - სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 12.4 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 0.8 მლნ ლარი. - სამორინეს მაგიდიდან - 39.3 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 2 მლნ ლარი. - კლუბის მაგიდიდან - 1.2 მლნ ლარი. სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა ბოლო 5 წელში შემდეგნაირი იყო: 2019 წელს - 128.4 მლნ ლარი, 2018 წელს- 136.5 მლნ ლარი, 2017 წელს – 119.5 მლნ ლარი, 2016 – 73.3 მლნ ლარი, 2015 წელს – 68.9 მლნ ლარი. ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე არსებულ სიტუაციას საგადასახადო სისტემის გაუმართაობით ხსნის, რომელიც რატომღაც აზარტული თამაშების ბიზნესისათვის საშეღავათოა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ სათამაშო ბიზნესი არ იბეგრება სტანდარტულად და შეიძლება ითქვას, რომ სარგებლობს გარკვეული შეღავათებით. მეტსაც გეტყვით, 2011 წელს თუ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იყო 330 მლნს ფარგლებში, 2019 წლის მონაცემით 15 მლრდ-ს აჭარბებს, ანუ ბრუნვა 150-ჯერ გაიზარდა და ამ დროს მხოლოდ 3-ჯერ მოიმატა შენატანებმა ბიუჯეტში. მათ მიერ გადახდილი გადასახადები ნამდვილად არ იზრდება ბრუნვის პროპორციულად. ეს ხდება იმიტომ, რომ აზარტული თამაშების მომწყობი კომპანიები იბეგრებიან არასტანდარტულად, ერთჯერადი მოსაკრებლებით. კაზინოს მოწყობისთვის დაინტერესებული სუბიექტი იხდის გარკვეულ გადასახადებს და შემდეგ გათავისუფლებულები არიან გადასახადისაგან უკვე 5 წლით. თანაც ეს არ ეხება ონლაინ სივრცეში არსებულ მაგიდებს. ამიტომ, რაც უფრო იზრდება ბრუნვა, მათ მიერ გადახდილი გადასახადის ხვედრითი წილი, მცირდება. აზარტული თამაშების ინდუსტრია სარგებლობს შეღავათებით, რაც ნამდვილად კომიკურია. ის, რომ შარშანდელთან შედარებით გადასახადის მოცულობამ დაიკლო, არის იმის ბრალი, რომ შარშან გადახდილი მოსაკრებელი წელს აღარ გადაიხადეს და სავარაუდოა, 2020-ში კიდევ უფრო ნაკლების გადახდა მოუწევთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურა კუკულაძე.

“გადასახადებთან გაზრდის მოლოდინი ამ სექტორიდან არ უნდა გვქოდნეს - თავის დროზე 15 წლის წინ, როცა ეს წესები დგინდებოდა იყო რეალობის შესაბამისი, თუმცა დღეს უკვე სექტორი იმდენად გაიზარდა, რომ ეს აღარ ზის არანაირ ლოგიკაში. უცნაურია, რატომ არავინ ფიქრობს, რომ სათამაშო ინდუსტრიიდან ადეკვატური გადასახადი მივიღოთ მაშინ, როცა ხელისუფლება აქციზს უზრდის თამბაქოს მომხმარებლებს, რომელთა დიდი ნაწილიც ძალიან დაბალშემოსავლიანია და ამით იღებს 700 მლნ ლარის შემოსავალს”, - დაასკვნის კუკულაძე. აზარტულ თამაშებთან და მის რეგულირებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი რომ ნაბიჯებს არ დგამს, არახალია. არათუ საგადასახადო სისტემის შეცვლა, რეკლამის შეზღუდვაც კი ვერ მოხერხდა, 8 წლის განმავლობაში. მიუხედავად არაერთი დაპირბისა “ქართული ოცნება” ამ კანონპროექტის მიღებას ყოველთვის აფერხებს. დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობა ცალსახად შესაცვლელია, რადგან ის საქართველოს სათამაშო ბიზნესისათვის სათარეშო არეალად აქცევს”, - წერს სტატიის ავტორი.

“გასაზრდელია მოსაკრებელიც და სალიცენზიო საფასურიც. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა კომპანიამ გახსნა ფილიალი და შემდეგ თანამშრომლებს ხელფასიც კი არ გადაუხადა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან უკვე იმდენად მარტივია კაზინოს გახსნა, რომ ასეთი კომპანიებიც კი ჩნდებიან ბაზარზე. თუ რაღაც სტანდარტს არ დავაწესებთ, სულ ასეთი ქვეყანა ვიქნებით, რომელიც სათამაშო ბიზნესის სათარეშო ადგილად გადაიქცევა. გადასახადის გაზრდა იმიტომაცაა აუცილებელი, რომ ეს არის ბიზნესი, რომელიც არ ქმნის არავითარ ღირებულებას და შესაბამისად, ადეკვატური არ არის მოსაკრებლის ოდენობა, რომელიც მეტისმეტად მცირეა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი.

ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა

“ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა სერგეი ლიპინმა და მისმა მეუღლემ აღიარეს, რომ 13 წლის განმავლობაში საქართველოს ჯაშუშები იყვნენ და რეგულარულად აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რესი” ავრცელებს. სააგენტო ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი “კა-გე-ბეს” დახმარებით, ლიპინის წინააღმდეგ სამხილების შეგროვებას ექვსი თვე დასჭირდა და ახლა გამოძიებას ხელთ აქვს ყველა საჭირო მასალა, რათა 67 წლის ლიპინს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით წაუყენოს ბრალი, რაც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა.

“რესის” ინფორმაციით, საქმის ფიგურანტებად ასევე ლიპინის ქართველი მეუღლე ნანული ჭულუხაძე-ლიპინა და მისი ქალიშვილი ალიონა რამაზანოვა არიან დასახელებული და იქვე ღნიშნულია, რომ ლიპინის ქალიშვილი ამჟამად “საქართველოს ტერიტორიაზე” ცხოვრობს. დე ფაქტო პროკურატურის პრეს-სამსახურმა სააგენტო “რესს” განუცხადა, რომ მეუღლეებმა დანაშაული აღიარეს. “მათ გამოძიებას უთხრეს, რომ საქართველოს სპეცსამსახურების მითითებით ახორციელებდნენ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილების, ასევე სამხედრო ინფრაქტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ქართული მხარისათვის გადაცემას”, - განუცხადა დე ფაქტო პროკურატურის პრეს სამსახურმა სააგენტოს. სერგეი ლიპინი და მისი მეუღლე გასული წლის ივლისში დააკავეს. დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, მათი სახლის ჩხრეკვისას “სხვადასხვა ტიპის მრავალი საკომუნიკაციო მოწყობილობა და იარაღი” ამოიღეს. ე.წ. პროკურატურა აღნიშნავს, რომ ლიპინი ქართულმა სპეცსამსახურებმა 2006 წელს გადაიბირეს, როდესაც იგი სოფელ ერედვში მისი მეუღლის ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ლიპინის ჯაშუშობა “შეკერილ საქმეს ჰგავს”. - “ლიპინის შესახებ ინფომაცია არ მაქვს. თავის დროზე, როდესაც აიყვანეს, ამაზე ლაპარაკი ბევრი იყო. შეკერილ საქმეს ჰგავს, რათა ყურადღება საქართველოზე და ქართულ მხარეზე გადაიტანონ. 21 -ე საუკუნეშე აღიარებაზე გამოძიების ძირითადი ვერსიის აგება არ შეიძლება. შეიძლება აწამეს, დააშინეს, შესაძლოა უამრავი ფაქტორი იყოს, რის გამოც შესაძლოა აღიარება მოხდეს. აღიარება, ჩემი აზრით, არაფერს არ ნიშნავს”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სერგეი ლიპინის წინააღმდეგ გამოძიება გასული წლის ივლისში დაიწყეს. ლიპინს ბრალად საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, სერგეი ლიპინმა 2008 წლის ომის დროს ქართულ სპეცსამსახურებს მნიშვნელოვანი სამხედრო ინფორმაცია გადასცა. მათ შორის საარტილერიო - სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ, ქართველმა ჯარისკაცებმა სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა