ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020

მშობლები სწავლის შეწყვეტას მოითხოვენ - რატომ არის უარზე სამინისტრო?

პანიკის პირველი შედეგები თბილისში - "ასანთს რომ დავავლე ხელი, რომელიც არ მჭირდებოდა, მივხვდი, რომ პანიკაში ვიყავი“

***

მშობლები სწავლის შეწყვეტას მოითხოვენ - რატომ არის უარზე სამინისტრო?

“კორონავირუსის ოფიციალური დადასტურების შემდეგ მშობლები სკოლებში და ბაღებში სწავლის შეწყვეტას ითხოვენ. მათი თქმით, საფრთხე საკმაოდ დიდია და უმეტესობა ბავშვის სახლიდან გაყვანას მაქსიმალურად ერიდება. განათლების სამინისტრო კი ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან საფრთხე არ არის იმდენად დიდი, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღონ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტით და არც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, დღესდღეობით, სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. სამაგიეროდ, სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მშობლები სწავლის შეწყვეტას მოითხოვენ - რატომ არის უარზე სამინისტრო? / "სწავლის შეწყვეტა პანიკას გამოიწვევს, რადგან რადიკალური გადაწყვეტილებაა და უფრო შეეშინდებათ"

"მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმენლად, სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად, სკოლებში მოთხოვნები ამიერიდან უფრო გამკაცრდება. "ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ, სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. ამ მიზნით, სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია, დაიცვან შემდეგი პირობები: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით, საკლასო ოთახები, სხვა სასწავლო და დამხმარე სივრცეების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს ღია ფანჯრების მდგომარეობაში, სკოლებში ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს შენობა ორჯერ. ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება, როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"სკოლებისა და ბაღების დაკეტვის მომხრეები არიან მშობლები, რომლებსაც თავიანთი შვილების გაშვება სკოლაში და ბაღში იძულებით უწევთ. ნანა სიდამონიძე ერთ-ერთი მშობელია, რომელიც მომხრეა სასწავლო პროცესი ახლავე შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში იგი აპირებს შვილები სოფელში გაუშვას, რადგან ბავშვები იქ უფრო დაცულად იქნებიან. მინდა გავუშვა სოფელში, რომ საოზგადოებრივ ტრანსპორტთან არ ჰქონდეთ ხშირი შეხება და საფრთხე შევამცირო, მაგრამ სკოლა და ბაღი არ ისვენებს. ამდენი ხანი კი ვერ გავაცდენინებ, ვფქირობ სამინისტრო არასწორად მსჯელობს. საფრთხე დიდია. ყველა მედიასაშუალებას მივწერე, რომ სამნისტროსთვის მშობლების მოთოხვნები გაეცნოთ, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ საფრთხე არ არის და სწვალა არ შეწყდება”, - განაცხადა ნანა სიდამონიძემ “რეზონანსთან” საუბრისას”, - განაგრძობს გამოცემა.

"თამარ ჭეიშვილი კი ფიქრობს, რომ სკოლის და ბაღის გაცდენა უამრავ ბავშვს მაინც მოუწევს, სამინისტრო შეწყვეტს თუ არა სასწავლო პროცესს. თუკი განათლების სამინისტრო მშობლების მოთხოვნას ყურად არ იღებს, ამ შემთხვევაში ბავშვებს შეექმნებათ პრობლემები. "იძულებული ვარ გავაცდენინო სკოლა, რადგან ჩვენი უგუნური სამინისტრო ვერ ხვდება, რომ აუცილებელია ასეთ დროს სწავლის შეწყვეტა. რამდენი ხანი უნდა დავტოვო სახლში ჯერ ისიც არ ვიცი, ამასობაში ბავშვი ჩამორჩება სასწავლო პროცესს, რაზეც საკმაოდ ვღელავ, თანაც დაუგროვდება გაცდენები. მიუხედავად ამისა, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეში ამის გამო ნამდვილად ვერ ჩავაგდებ”, - განაცხადა თამარ ჭეიშვილმა. გამოიწვევს თუ არა სკოლების და ბაღების დახურვა მეტ პანიკას, მშობლებს ეს არ აინტერესებთ. ჯანდაცვის დარგის ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ქალაქში საკმარისზე დიდი პანიკაა და გამწვავებას საჭირო აღარ არის. ვატო სურგულაძის აზრით, ამ შემთხვევასი სამინისტრო მართალია და სწავლა არ უნდა შეწყდეს. “ესიშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამინისტროს ვეთანხმები, სწავლის შეწყვეტა პანიკას გამოიწვევს, რადგან რადიკალური გადაწყვეტილებაა და უფრო შეეშინდებათ. უნდა გადაამზადონ სკოლებისა და ბაღების პედაგოგები ჰიგიენის ნორმები გაამკაცრონ, სწორად დაატრენინგონ პედგაოგებიც და ბავშვებიც. ეს არის გამოსავალი და არა სწავლის შეჩერება”, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ვატო სურგულაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

პანიკის პირველი შედეგები თბილისში - "ასანთს რომ დავავლე ხელი, რომელიც არ მჭირდებოდა, მივხვდი, რომ პანიკაში ვიყავი“

“26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ღამით აფთიაქებიდან პირბადეები, ხოლო სუპერმარკეტებიდან პროდუქტები გაქრა. დედაქალაქში სრულმა პანიკამ დაისადგურა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მეტიც, ეს ვირუსი იმდენად საშიში არაა, რამდენადაც პანიკა, რომელშიც საზოგადოება შეიძლება ჩავარდეს. ამის მიუხედავად, ქუჩაში საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს უკვე პირბადით დადის, აფთიაქები კი პირბადის დეფიციტს განიცდის. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გააჟღერეს, პანიკაში მყოფი თბილისის მოსახლეობა სუპერმარკეტებს მიაწყდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პანიკის პირველი შედეგები თბილისში - "ასანთს რომ დავავლე ხელი, რომელიც არ მჭირდებოდა, მივხვდი, რომ პანიკაში ვიყავი“

"განსაკუთრებული რიგები დადგა სადღეღამისო ჰიპერმარკეტ "აგროჰაბის" ვაკის ფილიალში, სადაც დახლები ელვის სისწრაფით დაცარიელდა. გადავსებული ურიკების და სალაროებთან დამდგარი რიგების ფოტოები სოციალურ ქსელს ვირუსივით გავრცელდა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მომხმარებლები დიდი ოდენობით ყიდულობდნენ ხორცს, სოსისს, ძეხვეულს, ბურღულეულს - ბრინჯს, წიწიბურას, მაკარონს, ორცხობილებს. მომხმარებლებმა თავი აარიდეს მალფუჭებად პროდუქტებს. დიდი დოზით გაიყიდა ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდები, ანტიბაქტერიული საპნები და სველი ხელსახოცები. როგორც ვაკეში მცხოვრები ლალი მენაბდე "რეზონანსს" უყვება, სრულ პანიკაში ჩავარდნილმა მაშინვე მაღაზიას მიაშურა, რომ პროდუქტები მოემარაგებინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ომი დაიწყო. როდესაც გამოაცხადეს, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, მთელი ოჯახი პანიკამ მოიცვა. შუაღამისას წავედით მაღაზიაში. ჩემ ქუჩაზე, რაც პატარა მაღაზიაა „სპარი" თუ „ორი ნაბიჯი," ყველა მუშაობდა. დახლები აბსოლუტურად გადავსებული იყო. ძირითადად ვიყიდე მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, ფქვილი, შაქარი, ზეთი... ასანთს რომ დავავლე ხელი, რომელიც არაფერში არ მჭირდებოდა, მაშინ მივხვდი, რომ სრულ პანიკაში ვიყავი. როდესაც გავაცნობიერე, თუ რას ვაკეთებდი, მაშინვე დავდე. ვიფიქრე, სულ არ გავგიჟდე-მეთქი. პანიკის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა ყველაფერი გავაკეთე," - თქვა მან. 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე კლინიკურად ჯანმრთელია”, - განაგრძობს გამოცემა.

"ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გამყრელიძემ ერთგვარი განმარტება გააკეთა, რომ შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში საკარანტინო სივრცეების, ასევე შესაბამისი პროფილური საავადმყოფოების საკმარისი რეზერვი არსებობს, რათა ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ. ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენა დროულად მოხდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების რისკი შემცირდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება. მისი ინფორმაციით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება”, - დასძენს გამოცემა.

"პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა შესაბამისის უწყებების მიერ ვითარება კონტროლდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი გახარიამ კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა, რომელსაც დაევალა შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას. ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციაა შეიზღუდოს მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსული ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელია - ეს არის ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია. საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა,-ამის შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწარმოებლებსა და შემომტანებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. კითხვაზე, როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, სამინისტროში პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დავალება უკვე გაცემულია. ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაციისას შესაბამისი ფასი გამოიყენონ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით