ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2020

“კუპრავაზე თავდასხმით ივანიშვილმა ოპოზიცია გააფრთხილა, ასე გაგისწორდებითო”

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მარტის ნომრის N3 (265) მიმოხილვა

* * *

“კუპრავაზე თავდასხმით ივანიშვილმა ოპოზიცია გააფრთხილა, ასე გაგისწორდებითო”

“ზვიად კუპრავაზე თავდასხმა არის იმ პროცესების გაგრძელება, რომლებიც მიმდინარეობს ოპოზიციის წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ყელში ჰყავს გაჩხერილი ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია, რომ კუპრავა არის ძალიან აქტიური და მებრძოლი ადამიანი და ეს იყო გარკვეულწილად მასზე ანგარიშსწორება ყველა იმ აქციისა თუ პერფორმანსისთვის, რომლებიც მან ბოლო პერიოდში გამართა. ამავე დროს ეს იყო გაფრთხილება ოპოზიციის სხვა წევრების მიმართაც, რომ აი, ასე გაგისწორდებითო. გასაგებია ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნაკლებად მაქვს იმედი, რომ გამოძიება რამეს დაადგენს”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ზაალ უდუმაშვილი: “კუპრავაზე თავდასხმით ივანიშვილმა ოპოზიცია გააფრთხილა, ასე გაგისწორდებითო”.

“ეს იყო “ქართული ოცნების” “ტიტუშკების” გამოვარდნა, სხვა გამოსავალი აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. ეს არის ხელისუფლების ჩვეულებრივი ხელწერა. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ქუჩა - ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ “ევროპული საქართველოს” ოფისთან მივარდნებიб მუქარები. ისიც გვახსოვს, რომ თურმე უგულავამ სცემა მოჭიდავეების ნახევარ ნაკრებს ან ხაბეიშვილის ეპიზოდი... ასეთ საქმეების არასდროს გამოიძიებენ. ეს ხელისუფლების ტაქტიკაა, რომ მოსახლეობაში დანერგოს შიში. ვინც კი ამოიღებს ხმას მათ წინააღმდეგ, მათ ეუბნება, რომ ასე, ვიღაც დაგხვდებათ სადარბაზოსთან... ხელისუფლებას ჰგონია, რომ შეიძლება ვიღაც დააშინოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ძალიან დიდ აგრესიას იწვევს, რომელიც გროვდება და მერე ამოხეთქავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ უდუმაშვილი.

“ჩვენი ხელისუფლების დროს, რა თქმა უნდა, ასეთი გადაცდომები იყო, მაგრამ 2012 წელს მოსახლეობამ ხელისუფლება იმიტომ შეცვალა, რომ უკეთესი უნდოდა და ასეთი რაღაცები არ განმეორებულიყო. ხალხს უნდოდა ნორმალური სასამართლო სისტემა, საგამოძიებო სისტემა და ა.შ. ყველაფერი კი პირიქით აღმოჩნდა. რაც ცუდი იყო წინა ხელისუფლების დროს ამათ გააათმაგეს და მშვენივრად გადმოიღეს. რაც კარგი იყო, პირიქით, გააჩერეს - ვუყურებთ, როგორც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა. შეხედეთ, როგოროა პოლიციის მიმართ ნდობა დღეს და როგორი იყო წინა ხელისუფლების დროს”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მაშინაც საკმაოდ დაბალი იყო ბოლო წლებში...” - პასუხობს:

“ბოლო პერიოდში - კი, მაგრამ პოლიციის რეფორმის დროს ძალიან მაღალი ნდობა ჰქონდა. დღეს შეხედეთ სად მიჰყავთ - დღეს პოლიცია აქციეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ სტრუქტურად. პოლიციელების მიმართ კი არ მაქვს პრეტენზია, ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ, მაგრამ მე აქცენტს ვაკეთებ ლიდერებზე, რომლებიც ყურმოჭრილად ასრულებენ ივანიშვილის ყველა დავალებას... ძალიან მძიმედ მოუტრიალდება ეს ყველაფერი ხელისუფლებას. გვახსოვს, როგორ იცვლებოდა ხელისუფლებები ამ ქვეყანაში და სურვილი არ მაქვს, რომ ახლაც რევოლუციური მეთოდებით მოხდეს ეს ყველაფერი. ჩვენ არჩევნების გზით უნდა გავისტუმროთ ეს ხელისუფლება”.

“კუპრავას შემთხვევა მარტივი შესაფასებელია - ხელისუფლება რეპრესიებზეა გადასული. ამისთვის გამოიყენება როგორც სასამართლო, ისე პირდაპირი ტერორი ოპონენტების მიმართ. აქტიური კუპრავას მიმართ ჩადენილი ქმედება მიზნად ისახავს როგორც პირადად მის განეიტრალებას, ისე დანარჩენების დაშინებას. დანარჩენებში ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს - ოპოზიციასაც და არაპოლიტიკოსებსაც”, - აცხადებს ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თამარ ჩხეიძე: “სააკაშვილს მორატორიუმს ვერავინ დაუწესებს” / “ხელისუფლება რეპრესიებზეა გადასული”.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მარტის ნომრის N3 (265) მიმოხილვა

სიახლეები არმიაში / ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან ერთად

“პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებიდან 14 წელი გავიდა. სკოლის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ მიულოცა, სამთო მომზადების სკოლის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ფრანგულ მხარეს სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა დანი პიტმა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამინ ფალავანდიშვილმა”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N3, თებერვალი, 2020) სტატიაში სათაურით სიახლეები არმიაში. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 14 წელი გახდა.

“საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სკოლის მეთაურსა და ორ სამხედრო მოსამსახურეს - ცეცხლსასროლი იარაღი, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილს კი სხვადასხვა უწყებრივი მედალი გადაეცა. პოლკოვნიკმა დანი პიტმა სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს სახელით საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. ღონისძიებაზე საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მშენებლობას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და 2006 წელს ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა ფონდ `ქართუს~ დაფინანსებით აშენდა და მატერიალურ-ტექნიკური ქონებით სრულად აღიჭურვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად სკოლაში სასწავლო კურსების პროგრამები შემუშავდა. 2010 წელს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს პროგრამის - “პარტნიორობა მშვიდობისთვის” სტატუსი მიენიჭა. ამჟამად საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მსმენელებს სთავაზობს საერთაშორისო კურსების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის... ბაზაზე, სადაც საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მდებარეობს, 1991 წლის 1-ლ ივლისს დაარსდა მე-16 სამთო ბატალიონი, რომელსაც საფუძველი ბესიკ ქუთათელაძემ ჩაუყარა. 2014 წელს სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა”, - განაგრძობს გამოცემა.

თავდაცვა 35 წლამდე მოქალაქეებს 4-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში იწვევს - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 35 წლამდე მოქალაქეებს 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს და სტაბილურ ანაზღაურებას სთავაზობს. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე მეორე და ყოველი მომდევნო კონტრაქტის დასრულების შემდეგ 7.000 ლარს მიიღებს. ამასთან, მათ პროფესიული ზრდისა და უცხო ენის შესწავლის საშუალება ექნებათ. სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ მსურველები პირდაპირ ჩაირიცხებიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე. საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. დაინტერესებული პირები რეგისტრაციას გაივლიან თბილისში, გორში, ქუთაისში, სენაკში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში. რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე - ონლინებცტ.მოდ.გოვ.გე”, - დასძენს გამოცემა.

გაუმჯობესებული სოციალური დაზღვევის პაკეტები სამხედროებისთვის - სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ. ახალი სადაზღვევო პაკეტით გაუმჯობესებულია სამედიცინო მომსახურების პირობები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში მიიღონ სამედიცინო მომსახურება. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს, გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები. პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში სამედიცინო მომსახურების პირობები. განახლებული პაკეტის ფარგლებში გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის - სამშობიარო, გეგმურ-ამბულატორიულსა და გეგმურ-სტაციონარულ მომსახურებაზე. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “უწყება კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას, ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შეიქმნას ღირსეული პირობები და ყველა დაწყებული რეფორმა სრულად განხორციელდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

ახალი სოციალური პოლიტიკა - ახალი სოციალური პოლიტიკა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას. მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას გაეცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 2020 წლის ბოლოს ვარკეთილის სამხედრო ქალაქსა და გორში ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითიც სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს. გათვალისწინებულია კორპუსების დასრულებული ფასადით, მოპირკეთებული სადარბაზოთი, სარდაფით, ლიფტებით, შესასვლელი რკინის კარით, ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ასევე მოასფალტდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები. კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებს ბინები საკუთრებად 2013 წლიდან ეძლევათ. დღემდე თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ფართობი 1700-ზე მეტ ოჯახს გადასცა. სამხედრო ქალაქში მინისტრთან ერთად იყვნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“დილის 11 საათია, კვირა, და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ვაკე-საბურთალოს დეპოში ვარ. ამ დეპოში ადრეც არაერთხელ მომიწია ყოფნამ. პირველად ისეთი ინერციით შემოვვარდი, გარე დაცვა კიბეზე დამეწია, ვისთან მიდიხართო... ამჯერად გამოცდილება მაქვს და პირდაპირ მასთან მივდივარ და ვეუბნები, რომ ის ჟურნალისტი ვარ, რომელმაც ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან უნდა გაატაროს. ეზოში სამმართველოს უფროსი კობა ჯოხაძე და ოცეულის მეთაური ირაკლი დავითიძე სხვა თანამშრომლებთან ერთად მხვდებიან და მისალმების შემდეგ პირველი, რითაც "მახარებენ", ის არის, რომ რადგან კვირაა, შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, ერთი გამოძახებაც არ იყოს, არადა, ზოგჯერ გამოძახებიდან გამოძახებაზე ისე მივდივართ, წყლის დალევასაც ვერ ვასწრებთო, მეუბნებიან. ყველა ადამიანს მშვიდ დღეებს ვუსურვებ, მაგრამ ახლა სიმშვიდე არ მინდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ერთი დღე მეხანძრე-მაშველებთან ერთად.

“ცვლის უფროსი ირაკლი დავითიძე ახალი Magirus-ის მარკის მანქანების მახასიათებლებს მაცნობს: "ამ ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული წარმოების ავტომანქანები მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოშია. ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5-ტონიანი წყლისა და 300-ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში ასევე დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა". ვიდრე შეტყობინება შემოვა, მეხანძრე-მაშველები ცხელ ყავაზე მეპატიჟებიან. აღმოჩნდა, რომ დეპოში სწორუპოვარი “სოსო მზარეულიც” ჰყავთ - მეხანძრე-მაშველი სულიკო ჭულუხაძე, რომელიც ტოლმასაც გემრიელად ამზადებს და მწვადსაც. მას ახლახან მეექვსე შვილი შეეძინა - ბიჭი. შემპირდა, რომ ერთხელ თავის მომზადებულ კერძებზე დამპატიჟებს. მეხანძრე-მაშველები ხუმრობენ, რომ მათი პროფესიის ადამიანებს გემრიელი ხელი აქვთ. ის იყო, ყავისთვის მდუღარე წყალი უნდა დაესხათ, რომ განგაშის ზარი ჩაირთო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველამ ჩაფხუტები მოვირგეთ, ერთ-ერთი მათგანის (რომელიც გამოძახებაზე არ მიდიოდა) რამდენიმე ზომით დიდი სპეცფორმა ჩავიცვი და ელვის სისწრაფით ჩავსხედით მანქანებში - მძღოლი ლევან ბერიაშვილი, მეხანძრე-მაშველების ოცეულის უფროსი ირაკლი დავითიძე, ვალერი ბეგლარაშვილი, ნიკა მაჭარაშვილი და ნიკოლოზ კაპანაძე. შეტყობინება ვასო გოძიაშვილის ქუჩიდან შემოვიდა, გვაცნობეს, რომ ცეცხლი ნაგავს წაეკიდა... გზაში მეხანძრე-მაშველები ხუმრობდნენ, რომ იღბლიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ხმოვანი სიგნალიც ჩართული გვქონდა და ციმციმაც ანთებული, ჩვენ წინ მიმავალ რამდენიმე ავტომანქანას გზის დათმობაზე არც უფიქრია, არადა, ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ყველა წუთი ძვირფასია... ცვლის უფროსმა ხმის გამაძლიერებლით კატეგორიულად მოუწოდა ჩვენ წინ მიმავალი `ოპელის" მძღოლს, გზა დაეთმო, თუმცა – უშედეგოდ. ისევ მძღოლმა ლევან ბერიაშვილმა იმარჯვა, სწრაფად და ოსტატურად აუარა გვერდი მანქანებს, მე კი, სამწუხაროდ, მათთვის ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი”, - განაგრძობს რეპორტაჟის ავტორი.

“ასეთ დროს ერთი მეხანძრე-მაშველის ნაამბობი მახსენდება - კერძო დასახლებაში, ახალ უბანში, ვიწრო ქუჩებში მოუწიათ შესვლამ. ახალგაზრდებს სახლი ჰქონდათ ნაქირავები და სწორედ იქ გაჩნდა ცეცხლი. წინ მანქანა აუჩქარებლად მიდიოდა და არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, გზის დათმობა არც უფიქრია... ბოლოს მიადგნენ ცეცხლმოკიდებულ სახლს. აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი სახლი იწვოდა! მერე კი შემოურტყამს თავში ხელი, მდგმურების სანახავად მოვდიოდი, რას ვიფიქრებდი, ჩემი სახლი თუ იწვოდა, თორემ გზას როგორ არ დაგითმობდითო... მოუწესრიგებელ და არეულ ქუჩებში, სადაც კენტი და ლუწი რიცხვები უთავბოლოდ არის გაბნეული, მეხანძრე-მაშველები თვალდახუჭულიც კი იგნებენ გზას. ერთი პატარა შეცდომა, არასწორი ჩახვევა და ვიწრო ქუჩებში შეიძლება ისე გაიჭედო, იქიდან გამოსასვლელად მთელი დღე დაგჭირდეს... პრობლემები, რომლებიც ქალაქში ამდენი ხნის მანძილზე მოუგვარებელია, სახანძრო-სამაშველო მანქანიდან კარგად ჩანს. მისულებს ერთ-ერთი კერძო კომპანიის ეზოში საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე გაჩენილი, დაახლოებით 50 კვ მეტრზე გავრცელებული ხანძარი დაგვხვდა. მეხანძრე-მაშველებმა, როგორც უწოდებენ, სახელური, ანუ შლანგი ცეცხლს მიუშვირეს. წყლის გამფრქვევ ღილაკზე თითის დაჭერის პატივი მე მერგო წილად. ეტყობა, ვიღაცამ გამხმარ ბალახებში სიგარეტის ნამწვი გადააგდო, იქიდან კი ცეცხლი გამოუსადეგარ ნივთებსაც მოედო, რომლებიც იქვე, მუყაოს ყუთებში იყო ჩალაგებული...”, - მიიჩნევს ავტორი.

“გარშემო უამრავი ნაგავი რამდენიმე ფენად იყო მიმოფანტული, რომელთა შორისაც კვამლი ხან ერთი მხრიდან “გამოძვრებოდა”, ხან მეორიდან... მეხანძრე-მაშველები თავიანთი ბასრი ორკაპით ძირისძირობამდე ჩადიოდნენ, თუნუქის ფირფიტებს შორის შემალულ ხანძრის ენებს ეძებდნენ და წყლის ძლიერი ჭავლით აქრობდნენ. საიდანღაც შეშინებული ციყვი გამოვარდა, მერე კი, თვალის დახამხამებაში, ისევ გაუჩინარდა. მძიმე ჩაფხუტი მახურავს. კვამლიან მონაკვეთზე ნაკვერჩხლებსა და ცეცხლისგან გავარვარებულ რკინისა და თუნუქის ნივთებს შორის ფრთხილად დავდივარ. მეხანძრეები ამ წვრილმანებს ვერც ამჩნევენ. ისინი რამდენიმე დღის წინ დიღომში, უფრო ადრე კი ჯიქიას ქუჩაზე მომხდარ დიდ ხანძარს იხსენებენ, სადაც ნაკვერჩხლები რამდენიმე მეტრში ცვიოდა. ძლიერი ქარი იყო, რაც ხანძრის კერების გავრცელებასა და ახლის გაჩენას უწყობდა ხელს. არ ვიცი, სახელმწიფო როდის გადაწყვეტს, შპს-ებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხო გატანის ვალდებულება დააკისროს. მეხანძრე-მაშველები მეუბნებიან, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან გახშირდა”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“ცვლის უფროსი ავზში წყლის რაოდენობას ამოწმებს. დაახლოებით 2 ტონამდე დაიხარჯა. ირაკლი დავითიძის თქმით, მხოლოდ 50 ლიტრის გამოყენებამაც რომ მოუწიოთ, უკანა გზაზე ავზს მაინც ავსებენ. თითოეულმა მათგანმა იცის, სად არის მიწისქვეშა და მიწისზედა სახანძრო ჰიდრატი, საიდანაც წყლის მარაგს ავსებენ. მას ადრე ექვს თვეში ერთხელ ამოწმებენ, ახლა სამ თვეში მოწმდება, რამე პრობლემა რომ არ შეექმნას, მაგალითად, ასფალტის საფარი რომ არ გადააგონ. 12:20 საათზე დავითიძემ ცენტრს აცნობა, რომ ხანძარი ჩამქრალია. დეპოში მშვიდად ვბრუნდებით. პეკინის გამზირზე წყლის მარაგი შეავსეს. ამასობაში ის მეხანძრე-მაშველიც გავიცანი, რომელიც ზაფხულში თბილისში, გასაიდუმლოებულ “ფორსაჟის” გადაღებებს ესწრებოდა. მისივე თქმით, გადაღებები ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. “ასაფეთქებლად გამზადებულ” ავტომანქანებს ელექტრობა ჰქონდა ამოცლილი; უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. დეპოში დაბრუნების შემდეგ მეხანძრეებმა შეიარაღება უნდა მოაწესრიგონ, სახელური გარეცხონ - თუ ერთი გამოძახებიდან მეორეზე მიდიან, სათადარიგო შეიარაღებას იყენებენ, - განმარტავს ავტორი.

“სამმართველოში ვბრუნდებით, სადაც რამდენიმე საათის წინ გამზადებული ყავა მელოდება. მეხანძრეებისთვის ექსტრემალური პირობები - დღე-ღამის ნებისმიერი დროს შეწყვეტილი ჭამა, დამფრთხალი ძილი, ლამის დავიწყებული დასვენება - ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იხსენებენ მორიგეობას, როცა მასშტაბურ ხანძრებს რამდენიმე დღის განმავლობაში აქრობდნენ. ამ მხრივ გამორჩეული იყო “ბავშვთა სამყაროს” ხანძარი. რამდენიმეგრადუსიან ყინვაში ძლიერი ქარისა და წყლის ჭავლის წვეთებისგან ჩაფხუტზე ყინულის ლოლუები ეკიდათ, თუმცა, ამ ყველაფერს ახლა იუმორით ჰყვებიან, ისევე, როგორც ტყის ხანძრების ამბებს, უძილობას, გამურული სახეებით პირდაპირ მიწაზე დაძინებას. შეცივებული და ემოციებით გადატვირთული ვარ. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი ყავაა... ისევ განგაშის ზარი ისმის. ჭიქა ხელში მაცივდება... - ეს სამაშველოსია, შეგიძლია, ყავის სმა მშვიდად განაგრძოო, მამშვიდებენ... მერე კიდევ ერთ გამოძახებაზე წავედით - ვაჟა-ფშაველას გამზირზე აფეთქების ხმა გაიგონეს... ბინის პატრონებს გაზის გამათბობელზე უეჭვიათ. ჯერ მეხანძრეები შევიდნენ და ყველაფერი შეამოწმეს. საშიში არაფერი იყო და მხოლოდ ამის შემდეგ დამრთეს სახლში შესვლის ნება. ზღურბლზე ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ეს ერთი მთლიანი ჯაჭვია, სადაც ყველა რგოლს თავისი ფუნქცია აქვს და თითოეული მათგანი ყოველდღე ურთულეს და სახიფათო გზას გადის”, - დასძენს რეპორტაჟის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა