სტუ-ის სტუდენტი - მადლობას ვუხდი იმ პროფესორებს, რომლებმაც საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლა გადამაფიქრებინეს

„ჩემს თავს ვხედავ მეცნიერებაში და ვაპირებ, სწავლა დოქტორანტურაში გავაგრძელო. ყოველდღიურად ვმუშაობ, რომ განვვითარდე და რაც მთავარია, ჩემს ცოდნას საქართველოში, ჩემს სამშობლოში გამოვიყენებ. მსურს მადლობა გადავუხადო ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის იმ პროფესორებს, რომლებმაც საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლა გადამაფიქრებინეს. სწორედ მათ დამანახეს, რამდენად საჭიროა ჩვენი სამშობლოსთვის თითოეული ქართველი. სწორედ ეს იყო მოტივაცია, მესწავლა გაძლიერებულად და ვყოფილიყავი წარმატებული“, - ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრანტი დემეტრე ნარსია.

რატომ არის აუცილებელი ტექნიკური საგნების მოზარდამდე საინტერესოდ მიტანა? რატომ უნდა გაძლიერდეს სკოლა და როგორ მივაღწიოთ წარმატებას, - ამ შეკითხვებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა დემეტრე ნარსიას მიმართა:

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი არჩევანი - საფუძვლიანად შემესწავლა ქიმია, ოჯახის დამსახურებაა. დედა ქიმიკოსია და სწორედ ის დამეხმარა პროფესიის არჩევაში. საქართველოში, ქიმიურ ფაკულტეტზე სწავლის ბაზას მხოლოდ სამი უნივერსიტეტი იძლევა: თსუ, სტუ და აგრარული. თუმცა, ტექნიკური უნივერსიტეტი ავირჩიე. რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი როლი დღეს მეცნიერებაში უჭირავს ქიმიას, ბიოქიმიას, ფიზიკურ ქიმიას. ზოგადად, ქიმიური ინჟინერია, სამეცნიერო კუთხით, მრავალ სპექტრს მოიცავს და ავითარებს. სამწუხაროა, რომ სკოლაში ქიმიის და სხვა ტექნიკურ საგნებს, რაც ცდებთან, კვლევებთან არის დაკავშირებული, სათანადოდ ვერ გვასწავლიდნენ. სკოლაში ყველაზე კარგად ვსწავლობდი მათემატიკას და ფიზიკას. სიმართლე რომ გითხრათ, სკოლის პერიოდში ქიმიის ინტერესი არ მქონია. ქიმია ხომ მხოლოდ გაკვეთილის მშრალად ახსნა და სწავლა არ არის, ქიმია ლაბორატორიაა, ცდებია. პირველად ამ ყველაფერთან უნივერსიტეტში მქონდა შეხება. სკოლას არ აქვს შეხება ექსპერიმენტებთან, სკოლას არ აქვს კონტაქტი მეცნიერებთან, მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კანონებით ქიმიის და ზოგადად, საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლა შეუძლებელია, პრეზენტაცია არ ხდება სათანადოდ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლექტორების გადმოცემის მეთოდმა. წარმატებით გავიარეთ ქიმიის სასწავლო ყველა კურსი. ერთი საათის ნაცვლად სამი და ოთხი საათი ვრჩებოდით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო თამარ გაგნიძის, მაია წვერავას, მალხაზ რაზმაძის და კიდევ რამდენიმე პროფესორის ლექციები, მათ ერთი საათის ნაცვლად სამი-ოთხი საათი ვუსმენდით და არ გვბეზრდებოდა. რამდენიმე ლექტორი იყო ისეთი, რომელთაც გეზი მომცეს, საით უნდა წავსულიყავი. არ მინდა ვიყო ვიწრო სპეციალობის ქიმიკოსი, მინდა მესმოდეს, ვიცოდე ქიმიის ყველა მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში. სტუ-ის ქიმიურ ფაკულტეტზე გარკვეულ ეტაპზე იყო წყვეტა, რის შემდეგაც ჩვენ ვიყავით პირველი ნაკადი, რომელმაც ქიმიის ყველა მიმართულება გაიარა.

- უფრო მეტად მაინც ქიმიის რომელ მიმართულებას ანიჭებ პრიორიტეტს?

- ორგანულ ქიმიას. ეს არის სამეცნიერო განვითარებისათვის მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო, შემდეგ - ფიზიკური ქიმია. მესამე კურსზე რამდენიმე საგანი გავიარე, რამაც რეალურად დამანახა, თუ რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. მაგისტრატურაში სწავლა ფიზიკური ქიმიის მიმართულებით გავაგრძელე და მიმაჩნია, რომ ფიზიკური ქიმია, ქიმიის ყველა მიმართულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად, საქართველოს განათლების სამინისტროში ვმუშაობ, ახალი სკოლის მოდელის კურიკულუმის ექსპერტის ასისტენტად. ამ ეტაპზე მუშავდება ახალი სკოლის მოდელი. ამ პროექტმა უკვე 100 სკოლა მოიცვა. ეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელშიც ზედმიწევნითაა გაწერილი ყველა საკითხი. მაგალითად, დაწყებით კლასებში, ბუნების როლი ადამიანის ცხოვრებაში იმდენად კარგადაა გადმოცემული, ასე ჩემთვის ვინმეს რომ მოეწოდებინა, თავის დროზე ნამდვილად არ დამჭირდებოდა ოჯახის რჩევა - ქიმიის კუთხით გამეგრძელებინა სწავლა.

- პირველი წარმატება, რომელმაც ახალი გზა დაგანახა?

- პირველ რიგში, ჩემთვის წარმატებაა ის ურთიერთობები, რომელიც უნივერსიტეტიდან მივიღე. კიდევ გავიმეორებ, რამდენიმე ლექტორმა ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა, მათ შეძლეს და გადამაფიქრებინეს ქვეყნიდან წასვლა. დიახ, მინდოდა საქართველოდან წასვლა, მაგრამ მათ მომაბრუნეს და დღეს ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ვიცხოვრებ და ვიმუშავებ. მეორე კურსიდან ვიყავი სტიპენდიანტი, დამამახსოვრდა სწავლით გამომუშავებული პირველი სტიპენდია - ჩემი შრომის შეფასება. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩემმა უნივერსიტეტმა შემიწყო ხელი, არაერთი სტიპენდიის მოპოვებაში, ვიყავი „არემჯის“ სტიპენდიანტი. ორჯერ მოვიგე ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული შიდა სამეცნიერო გრანტი. ერთხელ - ორგანული, შემდეგ კი - ფიზიკური ქიმიის განხრით, დამნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ბევრი რამ გავაკეთეთ,რაც შემდგომში სხვა სტუდენტებს გამოადგება. პირველი საუნივერსიტეტო გრანტი, ორგანული ქიმიის განხრით,კვლევითი სამუშაო იყო - „ნარჩენი ზეთების მოდიფიკაცია- ბიოდიზელად გარდაქმნა“. აღსანიშნავია, რომ მიღებული ბიოდიზელი, ჩვენივე აწყობილდა დაგრადუირებულ კოლორიმეტრით შევამოწმეთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კვლევა იყო, რადგან ეკოლოგიური პრობლემა მსოფლიოსთვის არის აქტუალური. გამონაბოლქვი აირებით ჰაერის დაბინძურების პრობლემა ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულად ვნებს. ბიოდიზელი ეკოლოგიურად უსაფრთხო და საწვავზე გაცილებით იაფი პროდუქტია. მეორე შიდასაუნივერსიტეტო გრანტით ჩვენ ვიდეოგაკვეთილები ჩავწერეთ, მათთვის ვინც არ იცის რა არის ფიზიკური და კოლოიდური ქიმია. ეს სამუშაო, სტუდენტებს ექსპერიმენტული კუთხით განვითარებაში დაეხმარა და ისინი, ლაბორატორიულ ცდებს მაქსიმალურად დამოუკიდებლად ატარებდნენ. სამაგისტრო სამუშაოც კოლოიდური ქიმიის კუთხით ავირჩიე - „ძეტა პოტენციალის შესწავლა“, ჩემი ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ რაზმაძეა. ეს ფუნდამენტალური მიმართულების კვლევაა, რომელიც საქართველოში არ ჩატარებულა (ჩვენ ვერ მოვიძიეთ ინფორმაცია).ეს სამუშაო, კოლოიდური ქიმიის ერთ-ერთი „ელიტური“ თემატიკაა - დისპერსიული სისტემის ნაწილაკების ზედაპირზეორმაგი ელექტრული შრის წარმოქმნა და მისი მექანიზმის შესწავლა. ამის საფუძველზე ყალიბდება კოლოიდური ნაწილაკი მიცელა, რომლის სტრუქტურაც განაპირობებს მიღებული კოლოიდური სისტემის თვისებებს. თქვენთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ასე გეტყვით - მაგალითად,მაწონი კოლოიდური სისტემაა, მაგრამ შევცვლით რა მის სტრუქტურას (მიცელის სტრუქტურას), მივიღებთ განსხვავებულ კოლოიდურ სისტემას, მაგალითად ნადუღს, არაჟანს ან ხაჭოს. მიცელის სტრუქტურას განსაზღვრავს მისი ორმაგი ელექტრონული შრის არსებობა, რომლის მახასიათებელიცაა „ძეტა პოტენციალი“ანუ ელექტროკინეტიკური პოტენციალი. ამ კვლევის შედეგების პრაქტიკული გამოყენებით, სამომავლოდშესაძლებელია სუსპენზიების რეოლოგიური თვისებების მართვა, რაც აქტუალურია კერამიკისა და მინანქრის წარმოებაში. ეს ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი სამუშაო პროცესია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

27.02.2020

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს