არჩილ თალაკვაძე - თუკი ზოგიერთი პარტია ამჯობინებს კომპრომისული შეთავაზების უარყოფას საკუთარი პოზიციების გამყარების იმედით, ეს იქნება მკაფიო მითითება, რომ ისინი ამჯობინებენ არჩევნების დელიგიტიმიზაციას

თუკი ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამჯობინებს ამ კომპრომისული შეთავაზების უარყოფას კონკურენციაში საკუთარი პოზიციების გამყარების იმედით, ეს იქნება მკაფიო მითითება, რომ ისინი რეალურად ამჯობინებენ პოლიტიკური პროცესის ჩაშლას და 2020 წლის არჩევნების დელიგიტიმიზაციას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ გამოცემა Morning Consult -ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ გააჟღერა კომპრომისული შეთავაზება 2020 წლის არჩევნებისთვის, როგორც გონივრული გარდამავალი ეტაპი 2024 წლის ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველოში მიმდინარეობს ცხარე დებატები სრული პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების დროსთან დაკავშირებით. 2012 წლამდე არც ერთ ხელისუფლებას არ უცდია სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და არც ერთს, ჩვენი ხელისუფლების გარდა, არ გაუკეთებია და არ შეუსრულებია დაპირება 100-იან პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. "ქართულმა ოცნებამ" დადო პირობა სრულ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა კიდეც ამისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება და, ჩვენ მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წელს. მიმდინარე დისკუსიების შედეგად, ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რათა სრულ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2024 წლამდე დაგეგმილიყო, მაგრამ ჩვენი გეგმები არ დამტკიცდა პარლამენტში ხმების უკმარისობის გამო. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ გააჟღერა კომპრომისული შეთავაზება 2020 წლის არჩევნებისთვის, როგორც გონივრული გარდამავალი ეტაპი 2024 წლის ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე. მთავრობის მიერ განხორციელებული დამატებითი საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ეუთოს მიერ რეკომენდებული, უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ამა წლის შემოდგომაზე. თუკი ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამჯობინებს ამ კომპრომისული შეთავაზების უარყოფას კონკურენციაში საკუთარი პოზიციების გამყარების იმედით, ეს იქნება მკაფიო მითითება, რომ ისინი რეალურად ამჯობინებენ პოლიტიკური პროცესის ჩაშლას და 2020 წლის არჩევნების დელიგიტიმიზაციას. არჩევნების გარეშე ცვლილებების განხორციელებისკენ მიმართული ქმედება კი არადემოკრატიულია. ამით ისინი ასევე ხელს შეუწყობენ რუსეთის ინტერესებს, რადგან საქართველოში არასტაბილურობა, პირველ რიგში, სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და სწორედ ამის მიღწევას ცდილობს იგი გამუდმებით“,-აცხადებს თალაკვაძე.

თალაკვაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნების გარეშე ცვლილებების განხორციელებისკენ მიმართული ქმედება არადემოკრატიულია და ამით ოპოზიციური ძალები ხელს შეუწყობენ რუსეთის ინტერესებს, რადგან თალაკვაძის განმარტებით, საქართველოში არასტაბილურობა, პირველ რიგში, სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საგარეო კურსზე ისაუბრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა შევიდეთ ნატოში და გავწევრიანდეთ ევროკავშირში.

მისივე თქმით, ქართველებს კარგად ესმით, რაოდენ აუცილებელია ბრძოლა დემოკრატიისთვის და ტერორიზმისა თუ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ყველგან, სადაც კი იგი იჩენს თავს.

„ჩვენი ერი ისწრაფვის დასავლეთისკენ, როგორც საკუთარი ცივილიზაციური არჩევნისკენ. ქართველებს კარგად ესმით, რაოდენ აუცილებელია ბრძოლა დემოკრატიისთვის და ტერორიზმისა თუ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ყველგან, სადაც კი იგი იჩენს თავს. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი მებრძოლები ამერიკელების მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. გასული წლის შემოდგომაზე განხორციელებული კიბერშეტევა ხაზს უსვამს იმ მუდმივ საფრთხეს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ საქართველოში, თუმცა ამას არავითარი გავლენა არ აქვს ჩვენს გეგმებზე ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომ დაახლოებასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, როგორც ერი - როგორც წარმატებული დემოკრატიის მქონე უსაფრთხო, სტაბილური და სანდო სახელმწიფო “,- ნათქვამია არჩილ თალაკვაძის წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა