პრეზიდენტი - საქართველომ მსოფლიოსთან დაბრუნების ახალი გზა გაიარა და დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენთან მიმდინარე მოვლენები კი - მსოფლიოსგან დამოუკიდებლად ვეღარ მოიაზრება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს უმძიმესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, დღევანდელი გამოწვევები მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ ვლინდება და არც ერთი ქვეყნის საზღვრებით შემოიფარგლება.

„მსოფლიო, რომელსაც საქართველო 30 წლის წინ კვლავ დაუბრუნდა დამოუკიდებელ ქვეყნად, დღეს სრულიად სხვა მახასიათებლების მატარებელია. საქართველომ, რომელმაც 70 წელი ჩაკეტილ საბჭოთა საზღვრებში, დანარჩენი მსოფლიოსგან მოკვეთილმა, სრულ იზოლაციაში გაატარა, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოსთან დაბრუნების ახალი გზა გაიარა. დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა კუთხეში დაიმკვიდრეს თავი; საზღვრები ღიაა ჩვენთვის, ჩვენი საზღვრები კი - სხვისთვის, და, რაც მთავარია, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად, ხოლო ჩვენთან მიმდინარე მოვლენები - მსოფლიოსგან დამოუკიდებლად ვეღარ მოიაზრება. დღევანდელი გამოწვევები მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ ვლინდება და არც ერთი ქვეყნის საზღვრებით შემოიფარგლება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ყველა დიდი გამოწვევა გლობალურ მასშტაბს იძენს და არავინ იცის, სად ამოფეთქავს და სანამდე გავრცელდება.

„ამის უახლესი მაგალითია ახალი ვირუსული დაავადება, რომელიც ჯანდაცვის ფარგლებს სცილდება და პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური შედეგებით იზომება. უმუშევრობის, განსხვავებული აზრისა და რწმენის შიში პირდაპირ კვებავს პოპულიზმს, რომელიც ხან საზღვრების ხელახლა გამკაცრებას ქადაგებს, ხან - კედლების აღმართვას, ხან სხვის სიძულვილს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარლამენტში პლენარული სესია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.

სხდომას 89 დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის გამოსვლას ესწრება ასევე მინისტრთა კაბინეტი და თბილისის მერი კახა კალაძე.

ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომა კითხვა- პასუხის რეჟიმში არ წარიმართება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ.

დღევანდელ სესიას არ ესწრება "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. ცნობილია ასევე, რომ პრეზიდენტის მოხსენებას ბოიკოტს უცხადებენ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები". რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ და „სოციალ- დემოკრატებს“, როგორც დღეს ფრაქციის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს, თუმცა, ის დაკავშირებულია არა პრეზიდენტის გამოსვლასთან, არამედ საარჩევნო სისტემასთან. ამდენად, შესაძლოა, ფრაქციის ცალკეული წევრები სხდომას დაესწრონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა