პაატა ზაქარეიშვილი - ჩანს, რომ ბჟანია 22 მარტამდე ვერ დადგება ფეხზე ისე, რომ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს „არჩევნებში“ - ამ ფონზე ვითარება იძაბება

თუ ვინმეს ეჭვი აქვს, რომ ბჟანიას მოცილება უნდათ, ეს ვიღაცა არის არა რუსეთი, არამედ ეს არის შიგნით მყოფი ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ ბჟანიამ დაიწყოს კორუფციისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „რუსეთი არ არის წინდაუხედავი, რომ ასე ემოციურად მოაცილოს ადამიანი და არეულობა შექმნას“.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, აფხაზეთში დაიწყო მორიგი კრიზისი და როგორც წესი, ეს კრიზისები უკავშირდება ხოლმე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

„ჩანს, რომ 22 მარტამდე ვერ დადგება ბჟანია ფეხზე ისე, რომ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს „არჩევნებში“. ამ ფონზე იძაბება ვითარება იმიტომ, რომ ბჟანია მკაფიოდ გამოკვეთილი ფავორიტი იყო და პირველივე ტურშივე იმარჯვებდა. აფხაზეთში უმრავლესობას გაუჩნდა განცდა, რომ ბჟანია ხელახლა მოწამლეს. გუშინ ითქვა, რომ მას არ აქვს მოწამვლის ნიშნები, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს არადამაჯერებელია.

ახლა ლაპარაკია არა მარტო იმაზე, რომ მოწამლეს თუ არა ბჟანია, არამედ იმაზეც, გაიმართოს თუ არა 22 მარტს „არჩევნები“. მაგრამ დე-ფაქტო აფხაზეთის კანონმდებლობით ე.წ. არჩევნები მაინც ჩატარდება, ერთი ადამიანი გამოეთიშა, მაგრამ ორი დარჩა. არძიმბას კლანს გაუჩნდა შანსი, რომ ხელახლა მოვიდეს „ხელისუფლებაში“. ეს არ იქნება დასასრული, ეს იქნება დასაწყისი ხელახალი მორიგი არეულობისა, აფხაზებს ეს გამოსდით.

თუ დაიწყო დაძაბულობა და მე ვხედავ, რომ ამის საკმაოდ მაღალი შანსია, მაშინ ბჟანიას მომხრეები გაიმარჯვებენ. ისინი დაიკავებენ ე.წ. სახელმწიფო დაწესებულებებს, მოახდენენ მუშაობის პარალიზებას. იქ არ არსებობენ ძალოვანი სტრუქტურები, რომ გაუმკლავდნენ მასობრივ პროტესტს და არც სურვილი აქვთ ამის. ამ ფონზე, შანსი, რომ ბჟანიას მომხრეებმა გააჩერონ საარჩევნო კამპანია, მაღალი შანსია. მეორე არის, თუ ბჟანიას მომხრეები წავლენ მეორე გზით“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთმა აფხაზეთის ვერც ერთ ე.წ ხელისუფლებასთან ვერ შეასრულა თავისი სტრატეგიული მიზნები.

„რუსეთმა თავისი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა ვერც არძიმბასთან, ვერც ბაღაფშთან, ვერც ანქვაბთან და ვერავისთან და აშკარად ჩანს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევს რუსეთი. ამ ფონზე რუსეთი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა და არ მოწამლავდა სიტუაციას. რუსეთი არ არის ასეთი წინდაუხედავი, რომ ასე ემოციურად მოაცილოს ადამიანი და არეულობა შექმნას. მას უამრავი საწამლავი აქვს, რომ მისთვის მიუღებელი ადამიანები მოსპოს, მაგრამ პრობლემა ისაა, შედეგად რას ღებულობს? თუ შედეგად იღებს არეულობას და ანტირუსულ განწყობებს, ის ამაზე არ წავა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ასლან ბჟანიას მხარდამჭერი აქციები იმართება. ბჟანია რამდენიმე დღის წინ მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. არჩევნები, რომელშიც მან უნდა მიიღოს მონაწილეობა, 22 მარტსაა დანიშნული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა