მამუკა არეშიძე ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე - ეს კლასიკური კლანური დაპირისპირებაა, რაც აფხაზური პოლიტიკისთვის დამახასიათებელია

ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის კლასიკური კლანური დაპირისპირება, „რაც აფხაზური პოლიტიკისთვის დამახასიათებელია“.

ამასთან, როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აფხაზურ საზოგადოებას აქვს ეჭვიანობის საფუძველი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ეს არის კლასიკური კლანური დაპირისპირება, რაც აფხაზური პოლიტიკისთვის დამახასიათებელია. კლანური დაპირისპირება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: ეს არის ტრანშები, რომელიც მოდის მოსკოვიდან. ვინც ძალაუფლებაშია, ის აკონტროლებს ამ ტრანშს, აქედან გამომდინარე თავის წილი ამ ტრანშიდან აქვს. ეს არის მოცემულობა. ასევე მოცემულობაა ის, რომ ამ ტრანშს მოსკოვიდან თავისი პატრონი მოჰყვება, ანუ იმასაც თავისი წილი მიაქვს.

კიდევ ერთ ნიუანსს დავამატებ: ეს არ არის ბჟანიას და ხაჯიმბას შორის ბრძოლა, ეს არის ანქვაბსა და ხაჯიმბას შორის ბრძოლა. ანქვაბი არის ის კაცი, ვინც ხაჯიმბამ თავის დროზე კაბინეტიდან გამოაგდო. ახლა ანქვაბმა გამოაგდო ხაჯიმბა მისი კაბინეტიდან. ასე რომ რევანში შედგა. მაგრამ, ანქვაბს არ შეუძლია არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ ასაკი ხელს არ უწყობს.

ასევე ხელს არ უწყობს ასაკი მოსკოვის მიერ გაზრდილ, აფხაზეთის მომავალ ე.წ. ლიდერს ინალ არძინბას, რომელსაც მოსკოვი პრეზენტირებას უკეთებს ყველა დონეზე. ის არის სურკოვის კადრი და ობიექტურად, უაღრესად საინტერესო ფიგურა, განათლებითაც, უანრებითაც, გარეგნობითაც. მაგრამ მას ასაკი არ უწყობს ხელს. ამიტომ, საჭიროა გარდამავალი ფიგურა. გარდამავალი ფიგურა შეიძლება ყოფილიყო ან ბჟანია, ან მისი კონკურენტები. მაგრამ, აქ უკვე კლანური დაპირისპირების პრინციპი ჩაერთო.

არ ვიცი ასლან ბჟანია მოწამლეს თუ არა, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ერთი და იგივე სიმპტომები აღმოაჩნდა მას ორივე შემთხვევაში, ორივეჯერ მოსკოვიდან იყო ჩამოსული, ორივეჯერ შედეგი დადგა ერთნაირი: კომის მდგომარეობამდე მიიყვანეს. თან აფხაზეთში ძალიან კარგად ახსოვთ, რომ ბაღაფში ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მოსკოვის კლინიკაში. ასე რომ აფხაზურ საზოგადოებას ეჭვიანობის საფუძველი აქვს. უკვე ეჭვიანობენ არა მხოლოდ ბჟანიას მხარდამჭერები, არამედ ისინიც, ვინც შედარებით ნეიტრალურად არიან განწყობილი“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია რამდენიმე დღის წინ მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს