ქართული პრესის მიმოხილვა 07.03.2020

"ივანიშვილი გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებს“

"თუ თბილისს მაჟორიტარებს წაართმევენ, ამას მხარს არ დავუჭერ“

***

"ივანიშვილი გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებს“

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ "ახალი თაობის“ კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. "არჩილ თალაკვაძეს ვუსმენდი და მან ახსენა ციფრი 5. ხუთი იქით იქნება თუ აქეთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვსო. მე გამიჩნდა ასეთი ეჭვი, რომ 115/35-ზე შეთანხმდებიან.“, - წერს გაზეთი "ახალი თაობა“ სტატიაში სათაურით, "ივანიშვილი გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებს“ / ლადო სადღობელაშვილი: "ოცნება“ მდინარაძემ და კობახიძემ დაღუპეს, ისინი ახალ პარლამენტში არ იქნებიან

"რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ეს მართლა სასაცილოა. რეალურად რაზე ევაჭრება ოპოზიცია? ოპოზიცია ევაჭრება იმაზე, რომ მაქსიმალურად გააზრდევინოს პროპორციული მანდატების რაოდენობა. დღეს პარლამენტი ერთი დიდი სავაჭრო დახლია! ამ 150 კაციან პარლამენტში, დაახლოებით 20 ადამიანია დამსახურებულად მოხვედრილი, რადგან მათი საქმე მართლა კანონების წერა და მსჯელობაა. დანარჩენი 130, ძირითადად ბიზნესმენები არიან, რომლებიც ყიდულობენ ამ თავიანთ ადგილებს. სასაცილოა ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება. მე თუ მკითხავთ, რაც უფრო მეტი მაჟორიტარი იქნება პარლამენტში, ეს გაცილებით უკეთესი იქნება, რადგან მათ უფრო მეტი შეხება ექნებათ ხალხთან. რამდენი პარტიაა დღეს, რომელთაც 3%-იანი ბარიერის გადალახვის უნარიც კი არ გააჩნიათ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ისე დაწია "ოცნებამ“ ბარიერი, რომ უკვე 1%-ზეც ვაჭრობენ. იცით, რას მაგონებს ეს ყველაფერი? 2009 წელი იყო და პარლამენტის წინ იმართებოდა იმდროინდელი ოპოზიციის აქციები და მაშინ სააკაშვილმა განაცხადა, ზოგ ოპოზიციონერს მინისტრად გავუშვებ და ზოგი მინისტრის მოადგილე იქნებაო. მაშინ რამდენიმე მსხვილმა ოპოზიციონერმა "ჭამა" სააკაშვილის ტრიუკი. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმაც. მერე კი სააკაშვილმა ესენი დატოვა ხახამშრალი... ივანიშვილმა შეაგდო უკვე ტრიუკი, 1%-ზე დაგსვამთო... რა სქემაც არ უნდა იყოს 110/40-ზე ქნება თუ 115/35-ზე, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ ისეთ პირობას დააყენებს, რომელიც მას არ აწყობს?!“ - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე, რა ხდება "ქართული ოცნების“ კულუარებში და გაიმყარა თუ არა კვლავ გახარიამ პოზიცია, სადღობელაშვილის თქმით, ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებს. გახარიამ თუ ჩაატარა არჩევნები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მინიმუმ 2 წლით დარჩება კიდევ ამ პოსტზე, რაც ცვლის ბიძინა ივანიშვილის მიერ შედგენილ პოლიტიკურ წყობას, რომ ყოველ წელიწადნახევარში ერთხელ ცვალოს პრემიერ-მინისტრები. წულუკიანის განცხადებაც გვახსოვს, რომ ის აღარ აპირებს მინისტრობას. ამაზე უკვე ხმამაღლა იყო საუბარი, ეს პროცესი დროებით გაიყინა. ამ მთავრობით არჩევნებში მიზერული შანსი აქვს "ქართულ ოცნებას“. მდინარაძემ და კობახიძემ დაღუპეს "ქართული ოცნება“! მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი ადამიანი მომავალ პარლამენტში აღარ იქნება. თალაკვაძე შესაძლოა დატოვონ რიგით დეპუტატად, მაგრამ ესენი აღარ იქნებიან“, - დასძენს გამოცემა.

"კითხვაზე, აჩევნებს მოიგებს თუ არა ისევ "ქართული ოცნება“, სადღობელაშვილის აზრით, "ქართული ოცნება“ ისევ მოიგებს არჩევნებს. მე არ მინდა ბოკერიების და სააკაშვილების კვლავ მობრუნება ხელისუფლებაში, თუმცა კოლექტიური მდინარაძეების და კობახიძეების ყურებაც მომბეზრდა“, - წერს სტატიის ავტორი.

"თუ თბილისს მაჟორიტარებს წაართმევენ, ამას მხარს არ დავუჭერ“

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გედევან ფოფხაძე "ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. "ჩვენთვის პროპორცია არ არის განმსაზღვრელი. 110-40-ზე იქნება თუ 1120-30-ზე, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენი ფრაქციისთვის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობაა, რასაც "ქართულმა ოცნებამ“ წაუყრუა. არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა არჩევნების ლეგიტიმაციასაც გაზრდიდა, გაყალბების რისკებსაც და ფინანსების ფაქტორსაც შეამცირებდა. ამ ნაწილში ხელისუფლება ჯერ ჩვენს ინიციატივას ანგარიშს არ უწევს“, - წერს გაზეთი "ახალი თაობა“ სტატიაში სათაურით, “თუ თბილისს მაჟორიტარებს წაართმევენ, ამას მხარს არ დავუჭერ“

კითხვაზე, "ქართულ ოცნებასთან“ რაიმე სახის მოლაპარაკება ჰქონდათ თუ არა, ფოფხაძის თქმით, მათ არ ჰქონდათ მოლაპარაკება "ოცნებასთან“. "ჩვენ "ქართულ ოცნებასთან“ ცალკე მოსალაპარაკებლად ვერ დავსხდებით. გვაქვს ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია საჯაროა, ამიტომ ერთი-ერთზე მოსალაპარაკებლად "ოცნებასთან“ არ წავალთ. პროპორციულ არჩევნებს ჩვენ ხმას ვაძლევდით, ის სპექტაკლი რომ არ გათამაშებულიყო. დადგეს წარმოდგენა, რომ გუნდში ამბოხი იყო. არადა, იმ შემთხვევაში არა თუ გროვდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარამედ ყველა ოპოზიციური მანდატი უზრუნველყოფილი იყო ამ ცვლილების მხარდასაჭერად. ახლა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ხმა სჭირდებათ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, მე მხარს ვერ დავუჭერ ვარიანტს, რომელიც არ იქნება კომპრომისული“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კითხვაზე, რა იქნება კომპრომისული და რას არ დაუჭერს მხარს, ფოფხაძის თქმით, თუ თბილისს მაჟორიტარებს წაართმევენ და რეგიონებზე გადაანაწილებენ, მე ამას მხარს არ დავუჭერ! ეს არ იქნება სამართლიანი, პირიქით, უსამართლო გადაწყვეტილება იქნება. ეს ვერ იქნება კომპრომისი. მაშინ პირდაპირ ჩაწერონ კონსტიტუციაში, რომ "ქართული ოცნება“ წინასწარ 40 მანდატს იღებს. თუ შეთანხმება არ მოხდება, ამ შემთხვევაში ჩვენ არსებული სისტემით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. "ქართული ოცნება“ საერთაშორისო საზოგადოების, ამომრჩევლის თვალში ძალიან ცუდად გამოჩნდება“, - დასძენს გამოცემა.

"არსებული სისტემის პირობებშიც ხელისუფლება არჩევნებს წააგებს. ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა არ აპირებს "ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას. ეს განწყობები ქუჩაში ადამიანებთან ურთიერთობის დროს კარგად იგრძნობა. ძალიან ცოტა ადამიანია სოციალურად მოტივირებული, ვისაც უნდა, რომ "ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩეს. "ოცნებას“ მოუწევს ხალხისთვის პასუხის გაცემა შეუსრულებელი დაპირებებისთვის, გადაგდებისთვის. მე ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად და გადაგდებულად და ხალხი, მით უფრო!, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო