ალეკო ელისაშვილი - ვიყოთ კორექტულები და თავს ნუ ვარტყმევინებთ ამ შეთანხმებაზე „ოცნებას” - ისედაც სერიოზული ნაბიჯები გადადგეს უკან და მაინცდამაინც ნუ ვათქმევინებთ, რომ პოლიტპატიმრები არიან

შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ თამლიანი, რურუა, ოქრუაშვილი და უგულავა ციხიდან უნდა გამოვიდნენ, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, თუ ხვალ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანს გაათავისუფლებენ, „ე.ი ხელისუფლება თავიასი პირობის შესრულებას დაიწყებს”.

„პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რამდენად ნამუსიანია ხელისუფლება და ამ შეთანხმებას რამდენად სერიოზულად უდგება, ვნახავთ ხვალ, ბესიკ თამლიანის პროცესზე. თუ გამოუშვებენ ბესიკ თამლიანს, ე.ი თავიანთი პირობის შესრულებას დაიწყებენ. ვიყოთ კორექტულები და თავს ნუ ვარტყმევინებთ ამ შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებას”. ისედაც ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგეს უკან და ამიტომ მაინცდამაინც ნუ ვათქმევინებთ, რომ პოლიტპატიმრები არიან. გამოუშვან ეს ხალხი ციხიდან და ეს ხომ იმის აღიარება იქნება, რომ არასწორად და უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულები? ხვალ არის პირველი ტესტი. რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ შეთანხმებას ვნახავთ ხვალ, ბესიკ თამლიანის პროცესზე”,- აღნიშნა ელისაშვილმა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება კანონში აისახოს.

„პირველ რიგში, მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა დახმარების გარეშე ეს შეთანხმება არ იქნებოდა და ხელისუფლება არ დათანხმდებოდა ამ პირობებს. მათი მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას ოქტომბერში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ოქტომბერში მშვიდად გავუშვათ არაფრისმაქნისი „ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან ისე, რომ არავითარი მიშა და გრიშა აღარ შემოვარდეს და ძალაუფლება ხელში არ ჩაიგდოს. ყველაზე მნიშვვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ დემოკრატიას.

ამ ქვეყნის პრობლემა ის იყო, რომ პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობდა პარლამენტში და მიმდინარეობდა ქუჩაში. ყოველ ჯერზე საჭირო იყო ქუჩაში გამოვარდნილიყო ხალხი და დაგვეწყო ყვირილი „გადადექი”. მსგავსი რამ აღარ მოხდება, პირდაპირ პროპორციული წარმომადგენელი ეყოლება ყველა დაინტერესებულ ჯგუფს და ხალხის სათქმელს იტყვის ის ხალხი, ვინც ხალხის მანდატით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ქუჩის პოლიტიკა დამთავრდება ამ საარჩევნო სისტემით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება აისახოს კანონში, რადგან ბიძინა ივანიშვილის სიტყვას რომ ნიახურის ფასიც არ აქვს, ჩვენ ეს ვნახეთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუშინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმის თანახმად, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა