„M2 ჯგუფი“ „სვეტის“ შეჩერებული ობიექტების მშენებლობას იწყებს

„M2 ჯგუფი“ მირცხულავას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“ გადაბარებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მშენებლობის ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „M2“-ის გენერალურ დირექტორთან, ირაკლი ბურდილაძესთან ერთად იმყოფებოდა.

კახა კალაძემ „M2 ჯგუფის“ მომავალ მობინადრეებს მშენებლობის დაწყება პირადად მიულოცა, ხოლო პროცესში ჩართულ უწყებებს - პროკურატურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ ხნის განმავლობაში, იყო უამრავი იმედგაცრუება, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ყოველთვის ვიცოდით და გვჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ეს საუკეთესო პრეცედენტია. ქალაქში ყველა შეჩერებული მშენებლობის და კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების მიმართ ჩვენი მიდგომა ანალოგიური იქნება - მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი სახლები დაიბრუნონ. ამ შემთხვევაში, 2 500 ოჯახზეა საუბარი. ბევრი უცხოეთშია წასული და შრომობს, წვალობს, რომ თავიანთი შვილები, ოჯახები არჩინონ. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ჩვენი ჩართულობითა და სახელმწიფოს გვერდზე დგომით, დღეს ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში, ყველაფერი სრულად იქნება მოწესრიგებული და დაზარალებულ მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი სახლები ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მშენებლობების დასრულების მიზნით, „M2 ჯგუფი“ მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და „M2 ჯგუფის“ მიერ სრულად ფინანსდება. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას კი სამშენებლო კომპანია BK Construction-ი უზრუნველყოფს.

„M2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები „სვეტის“ დანარჩენ ობიექტებზე ეტაპობრივად განახლდება და სამ წელიწადში დასრულდება. 2 500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ ვადაში მიიღებს.

ღონისძიებას თბილისის მერიის, „M2 ჯგუფისა“ და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, სვეტის“ მიერ დაზარალებული მობინადრეები ესწრებოდნენ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა