ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2020

რამაზ საყვარელიძე - “ოპოზიცია ჯერჯერობით არჩევნებშიც და სოციოლოგიაშიც მარცხდება”

როგორია ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რატომ მიდის მოსკოვში აფხაზეთის მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტი

რა ასაკობრივ ჯგუფებს ემუქრება კორონავირუსი – კვლევის შედეგები

* * *

რამაზ საყვარელიძე - “ოპოზიცია ჯერჯერობით არჩევნებშიც და სოციოლოგიაშიც მარცხდება”

"2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, 120/30-ზე და 1%-იანი ბარიერით. კანონპროექტში, რომლის ინიცირებაც პარლამენტში ამ დღეებში მოხდება, სავარაუდოდ განისაზღვრება საარჩევნო ბლოკების საკითხიც. “თუ ოპოზიციის პიარ-ლოგიკას გავყვებით, ეჭვგარეშე მიაჩნიათ, რომ “ოცნება” დამარცხდება, მაგრამ ოპოზიცია ჯერჯერობით მარცხდება როგორც სოციოლოგიაში, ისე ყველა არჩევნებში. ამ ფონზე ლაპარაკი, რომ არიქა, “ოცნება” დამთავრდა და ოპოზიცია აიღებს მართვის სადავეებს, საკუთარი ამომრჩევლისთვის ტყუილი იმედის მიცემაა...” ასე ეხმაურება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით, “ოპოზიცია ჯერჯერობით არჩევნებშიც და სოციოლოგიაშიც მარცხდება” - რამაზ საყვარელიძე.

“შეთანხმება ყოველთვის კარგია და ამ შემთხვევაში ორივე მხარემ უკან დაიხია, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ არსებობდა მესამე მხარე - დასავლეთი, მათ გაუწიეს ანგარიში. როგორც ჩანს, დასავლეთი კმაყოფილია მიღწეული შეთანხმებით, რაც ალბათ მალე აისახება საქართველოსთან მიმართებაში ახალ დოკუმენტებში. რაც შეეხება შანსებს, ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ახლა გააცნობიერა მაჟორიტარების პერსპექტივა და ამიტომ ითხოვს მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის გაზრდას, მაშინ როცა მთლიანად პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა. 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმედი აქვთ, რომ ბევრი პარტია შევა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია, ერთი ან ორი კაცით შესული პარტია, შეძლებს ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე?”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია ერთობას არჩევნებამდე, ძნელი სათქმელია, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი სიიდანაც, ვინ უნდა იყაროს კენჭი მაჟორიტარად თბილისში, მკაფიოდ ჩანს, რომ ამ ერთობაში წამყვანი როლი აქვს ორ პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, სხვა პარტიები დიდად არ ადარდებთ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი ეს ორი პარტია ერთმანეთის კონკურენტი გახდება. ოპოზიციის პიარ-ლოგიკას თუ გავყვებით, ეჭვგარეშე მიაჩნიათ, რომ “ოცნება” დამარცხდება. მაგრამ ოპოზიციას ჯერ არც ერთი არჩევნები არ მოუგია, არჩევნებშიც და სოციოლოგიაში ყველგან მარცხდება. ამ ფონზე ლაპარაკი რომ არიქა “ოცნება” დამთავრდა და ოპოზიცია აიღებს ხელში მართვის სადავეებს, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი ამომრჩევლისთვის ტყუილი იმედის მიცემაა. რაც შეხება “ოცნებას”, მის ძლიერ მხარედ კვლავ რჩება ამომრჩევლის განწყობა - თუ არა “ოცნება” ვის მივცე ხმა?” - მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ამომრჩეველს ბევრი მიზეზი აქვს გულის გასატეხად” - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

როგორია ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რატომ მიდის მოსკოვში აფხაზეთის მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტი

“აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია კრასნოდარის საავადმყოფოდან 11 მარტს გაწერეს - ამის შესახებ ბჟანიას შტაბის წარმომადგენელმა ალხას ჩოლოქუამ განაცხადა. მისი თქმით, მათი ლიდერი თავს კარგად გრძნობს და ამჯერად მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. მისივე თქმით, მოსკოვში ვიზიტი არჩევნებთან დაკავშირებული მორიგი შეხვედრაა, ხოლო მისი აფხაზეთში დაბრუნება სავარაუდოდ კვირის ბოლოსთვის იგეგმება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბჟანიას მოსკოვში ვიზიტი რუსეთის ხელისუფლებაში აფხაზეთის კურატორების დანიშვნას უკავშირდება... ცნობისთვის, ორი თვის წინ ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სოხუმში არეულობისა და პრაქტიკულად “სახელმწიფო გადატრიალების” მიზეზი გახდა. მაშინ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა გადამდგარიყო, რის შემდეგაც ხელახალი “საპრეზიდენტო არჩევნები” დაინიშნა, რომელიც 22 მარტს გაიმართება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით, როგორია ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რატომ მიდის მოსკოვში აფხაზეთის მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტი.

“აფხაზეთში დიდად სიტუაცია მაინცდამაინც აღარ შეიცვლება, ბჟანიას პრეზიდენობა უკვე დადგენილი ფაქტია, აქ საუბარი უკვე მისი დაავადების გართულების ფაქტორზე იყო, თუმცა გამოწერეს, მარტში ბჟანია უკვე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი გახდება. ბჟანიას მთავარი იდეაა, რომ ყველასთვის სასურველი პრეზიდენტი გახდეს, მან ეს იდეა ანქვაბისგან გადმოიღო, ასე რომ ეს პრინციპში ოკუპირებული აფხაზეთისათვის ახალი პოლიტტექნოლოგია არაა, განსხვავება ისაა, რომ ბჟანიას უფრო მეტი ხალხის მხარდაჭერა აქვს, ვიდრე წინა პრეზიდენტებს ჰქონდათ, იგი გარკვეული პრინციპულობით გამოირჩევა და შესაბამისად მას განსხვავებული პოლიტიკური, ფსიქოლოგიური თვისებები აქვს, ვიდრე სხვებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ბჟანია მოსკოვში იმიტომ მიდის, რომ ჯერ ერთი პოლიტიკური ელიტა შეიცვალა და ლიბერალური კლანი მოვიდა, მეორე ის, რომ აფხაზეთის ახალი კურატორის დანიშვნა მოხდა. სხვათა შორის, კრემლმა ერთდროულად სამი კურატორი დანიშნა, პრეზიდენტის, მთავრობის და უშიშროების საბჭოს დონეზე. ფაქტობრივად, ყირიმის ათვისების შემდეგ, კრემლმა როგორც ჩანს უკვე დე ფაქტო აფხაზეთისთვის მოიცალა და დაკაპიწებული ხელებით გადაერთო, დიდი ალბათობაა, რომ ასეთივე შემართება ცხინვალის მიმართულებითაც გამოიჩინოს, ეს ჩვენთვის საკმაოდ საგანგაშოა, ამიტომაცაა, რომ ბჟანიას ქართულ მხარესთან დიალოგი უნდა, ესეც კრემლის გეგმის შემადგენელი ნაწილია და როგორც ჩანს პუტინს ე.წ. ჭკვიანი ძალით საქართველოში სურს, რომ თავისი გავლენები დე ფაქტო აფხაზეთის მეშვეობით განახორციელოს”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

რა ასაკობრივ ჯგუფებს ემუქრება კორონავირუსი – კვლევის შედეგები

“მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით 2.3%-ს შეადგენს,ლეტალური შემთხვევები ძირითადად მაღალასაკოვან ადამიანებში ფიქსირდება, 80% სიკვდილიანობის 60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, რომელთაგან 50%-ს თანხმლები დაავადებებიც უფიქსირდებოდათ. უკრაინაში, ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის საბჭოსთან არსებულმა მთავარმა სიტუაციურმა ცენტრმა, რომელიც მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ვითარებას აკვირდება, რისკ-ჯგუფები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გამოავლინა. კვლევის თანახმად, 10-დან 39 წლამდე ადამიანების დაინფიცირების ალბათობა ყველაზე ნაკლებია, დაახლოებით 0.2%, 40-49 წლის ადამიანების- 0,3%, 50-59 წლის ადამიანებში რისკი 1,3%-ია, 60-69 წლის ასაკის გჯუფებში - 3.4%, ხოლო 70-79 წლის პირებში - 7.8%. ყველაზე დიდი რისკის ზონაში 80 და მეტი ასაკის ადამიანები არიან, რომელთა მაჩვენებელი 13,5% -ს შეადგენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით, რა ასაკობრივ ჯგუფებს ემუქრება კორონავირუსი – კვლევის შედეგები.

“ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდები კორონავირუსისთვის რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 50 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის “ახალგაზრდებს ვთხოვ, ნუ აყვებიან პანიკას და ნურაფრის ეშინიათ. რა მოხდა - გახდებიან ავად, არ არის კარგი, მაგრამ განიკურნებიან, როგორც გრიპისგან. 50 წელს ქვემოთ ასაკში მხოლოდ 0.6%-ია სიკვდილიანობა. ცხადია, ეს არ არის კარგი, მაგრამ იგივე სიკვდილიანობაა გრიპის დროს და არავინ ამის გამო წინასწარ არ ვწვებით. რეკომენდაცია ყველას მხრიდან და განსაკუთრებით, 50 წლიდან ზემოთ, უნდა შესრულდეს მკაცრად - უნდა დარჩნენ სახლში, მოერიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, თუნდაც ეს იყოს ქორწილი, ქელეხი და სხვა; გარდა ამისა, უნდა დაიბანონ ხელები ხშირად, ვინაიდან, ინფექცია ვრცელდება კონტაქტური გზით”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ერთ-ერთ გადაცემაში. არსებული ინფორმაციით, ბავშვებში დაინფიცირების რისკი მინიმუმია, თუმცა სამშაბათს საქართველოში ბავშვის დაინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოზარდთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას ვირუსი არ გაურთულდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბავშვებში შემთხვევები მართლაც იშვიათია, შესაბამისად ეს ბავშვიც სტატისტიკურად გამონაკლისებშია მოხვედრილი, უბრალოდ, საბედნიეროდ, მოლოდინი არაა, რომ ამ ბავშვს რამე გაურთულდება, ამ ასაკის ბავშვებში რამე ტიპის გართულებები უკიდურესად იშვიათია, შესაბამისად, რაც ზოგადი ეპიდემიოლოგიური კვლევებითაა დადგენილი ასაკობრივი ჯგუფები ისევ იმ სახით რჩება ძალაში. დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი 80 წლის ზემოთაა, შემდეგ უფრო დაბალ ასაკში რისკი კლებულობს, მაგრამ 60 წელს ზემოთ მაინც მნიშვნელოვანი რისკია. როგორც ჩანს სკოლებში სწავლება 16 მარტს არ დაიწყება და ამას სპეციალისტებიც ვეთანხმებით, მაგრამ მშობლებს გვინდა ვუთხრათ, რომ რადგან სკოლებში სწავლება არ მიმდინარეობს, იმას არ ნიშნავს, რომ ეს არდადეგებია და შეუძლიათ სკოლის გარდა სხვაგან ყველგან თავშეყრის ადგილებში იარონ, რასაც ახლა ვამჩნევთ, ფაქტიურად თავშეყრის ადგილებში ბავშვებიც არიან, რაც მიზანშეწონილი არაა და ნაკლებად უნდა იარონ, სკოლის დახურვა იმიტომ არის გამიზნული, რომ ბავშვები სახლში მეტად დარჩნენ. ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა და ხანდაზმულებმა უნდა ეცადონ, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავშეყრის ადგილებში არ იარონ და მაქსიმალურად სახლში იყვნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ბუწაშვილი.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა