ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2020

თენგიზ ფხალაძე - “მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი აკრძალვების შემოღება”

“ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს... იმედია, გადავრჩებით”, - რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები

ზაზა ფირალიშვილი - “ახლა ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს”

ემუქრება თუ არა პანდემიის გამო საფრთხე მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს

* * *

თენგიზ ფხალაძე - “მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი აკრძალვების შემოღება”

“ ეს არ არის პირველი პანდემია კაცობრიობის ისტორიაში, მეტიც, არ არის პირველი XXI საუკუნეშიც. არაერთი ასეთი თუ უფრო მძიმე, აგრესიული და ლეტალური ტალღა გადაიტანა უკვე მსოფლიომ. შედეგიც გაცილებით მძიმე იყო. რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, ვხედავთ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აღემატება ფატალურ შედეგს, გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას გაუმკლავდა ის სახელმწიფო, საიდანაც ეს დაიწყო. ამ ვირუსს ახასიათებს ძალიან სწრაფად გავრცელება, მაგრამ მაინც მგონია, გადაჭარბებული შიში იმან განაპირობა, რომ კორონავირუსზე ინფორმაცია იმაზე გვიან გავრცელდა, ვიდრე თავად ვირუსი - როგორც ამბობენ, ჩინეთის მთავრობამ დაახლოებით 2 თვით დააგვიანა ინფორმაციის გახმაურება. შესაბამისად, არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ მთელი მსოფლიო აღმოჩნდა მოუმზადებელი. არ არის გასაკვირი, რომ ვირუსმა იფეთქა იტალიაში, რადგან ეს ქვეყანა წლის ნებისმიერ დროს ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. იტალიიდან ევროპაში ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა, თუმცა მაინც მგონია, რომ პირველი შოკი უკვე გადალახულია”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი აკრძალვების შემოღება”.

“სხვადასხვა ქვეყანა უპრეცედენტო და მკაცრ ზომებს იღებს, მიმდინარეობს გამალებული მუშაობა ვაქცინისა თუ სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად. სადღაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სადღაც საზღვრები ჩაკეტეს... ეს შეიძლება ვიღაცას ზედმეტად ეჩვენება, მაგრამ ჯობს პრევენცია, რათა პროცესის მართვის სადავეები ხელიდან არ გავუშვათ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა შეგახსენოთ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის წინა კვირას, პანდემიის გამოცხადებამდე გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ საჭირო გახდებოდა პანდემიის გამოცხადება და იქვე დასძინა, ეს იქნება პირველი მართვადი პანდემიაო. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო მისი მართვისთვის მზად არის. შესაბამისად, აპოკალიფსურ სცენარებს არ ველი, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ძალისხმევა შედეგიანი იქნება და ვითარება მალე ჩადგება კალაპოტში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმი, რასაც ჩვენთან ამ დღეებში ვხედავთ. უნდა ვახსენო ბატონები ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, ქალბატონი მარინა ეზუგბაია. მათთან ერთად ექიმები, სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღე ტელეეკრანზე არ ჩანან, მაგრამ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება იოლად გადაიტანოს სახელმწიფომ. დიდი მადლობა მათ ამისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ვფიქრობ, საქართველო ორგანიზებულად შეხვდა ამ გამოწვევას და ამისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მაღალი შეფასებებიც დავიმსახურეთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუმცა თავიც არ უნდა დავიმშვიდოთ. საქართველო პრობლემას იზოლირებულად ვერ შეებრძოლება, ამიტომ უნდა მივიღოთ ყველა ის ზომა, რაც ამ პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობის ძალისხმევას საზოგადოებაც აჰყვეს და მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებაზე არ გადავიტანოთ. გასაგებია, რომ კერძო სექტორს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ უნდა არსებობდეს მოქალაქეობრივი სოლიდარობა, ანუ ეს მძიმე პერიოდი არ შეიძლება ვინმემ გამოიყენოს ბიზნესში გაათმაგებული მოგების მისაღებად. უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვიძლია არა მხოლოდ სუფრასთან სადღეგრძელოებით, არამედ მაშინაც, როდესაც მართლა გვიჭირს. არ შეიძლება პირველადი მოთხოვნის საგნებზე ასე კატასტროფულად იზრდებოდეს ფასი. როდესაც მთელ მსოფლიოში ასე თვალსაჩინოდ ეცემა ნავთობის ფასი, არ შეიძლება ეს არ აისახოს ქართულ ბაზარზე. არსებობს რაღაც, გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტული ბიზნესი ან კონკრეტული კორპორაციული ინტერესია და ამას საზოგადოებრივი სოლიდარობა ჰქვია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აქსიომაა, რომ ხელისუფლება ყველაზე მეტად სწორედ კრიზისულ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილებებით და გატარებული ღონისძიებებით ფასდება. სიმართლე გითხრათ, პირადად მე, მთავრობისგან ამ თემის პოლიტიზების მცდელობა არ დამინახავს. ჯერჯერობით მთავრობა კონცენტრირებულია კორონავირუსის საკითხზე, თუმცა ამას პოლიტიკური პროცესებისთვის ხელი არ შეუშლია. სასიამოვნოა, რომ ოპოზიციამაც ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადა... დანარჩენს დრო გვაჩვენებს. დღეს მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ეს გლობალური კრიზისი გადალახოს. მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი აკრძალვების შემოღება, რასაც ყველა გაგებით უნდა შევხვდეთ. კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ ეს ისევ და ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის გაკეთდება. ნამდვილად არა გვაქვს პანიკისა და ჭორების აყოლის საფუძველი, რაც მესმის, ვთქვათ, სურსათის მარაგის ამოწურვაზე. ამგვარი საფრთხე არ არსებობს, სავაჭრო ურთიერთობები არავის შეუჩერებია. აკრძალვა, რაც შეეხებოდა მგზავრთა ნაკადს, არ ნიშნავს, რომ ტვირთებზეც ვრცელდება. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არავის აუკრძალავს. გარდა ამისა, დღეს მსოფლიოში კორონავირუსის გამო პროდუქტის სიმცირე კი არა, ჭარბი წარმოებაა პრობლემა”, - განმარტავს ექსპერტი.

“მისასალმებელია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. გაჩნდა იმედი, რომ დაპირისპირება, რომელიც ცამოწმენდილზე დაიწყო და რამაც ქვეყანა ცუდ ვითარებაში ჩააყენა, დაიძლია. ვგულისხმობ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, რასაც ქვეყანაში მღელვარება მოჰყვა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამან ქვეყნის იმიჯს ავნო. დასანანია, რომ ამაზე დაიხარჯა ლამის ნახევარი წელი, თანაც ისე, რომ საქართველომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების არაერთი შენიშვნა, კრიტიკა და მითითება დაიმსახურა, არადა, თუ ხელისუფლება იმ ცვლილებებს არ ჩააგდებდა, ის გაცილებით უკეთეს პოზიციაში იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. არავის გაუჩნდებოდა განცდა, რომ “ქართულ ოცნებას” ძალით დაათმობინეს რაღაც და მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩაიწერებოდა მის გაკეთებულ კარგ საქმედ. ბუნებრივია, ეს კარგი იქნებოდა ქვეყნისთვისაც - არ იქნებოდა დაპირისპირება და ჩვენი უცხოელი მეგობრების არც ამდენი კრიტიკული განცხადება. იმედია, შეცდომები ჭკუას გვასწავლის და მიღწეული შეთანხმება რეალობად იქცევა, აღარ იქნება სიურპრიზები - ე.წ. მაჟორიტართა ჯანყი ან სხვა მსგავსი რამ და ყველაფერი ეს აისახება კანონმდებლობაში”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“ამ შეთანხმებით მიღებული ცვლილებები ნამდვილად მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამჭვირვალე არჩევნებს და ამომრჩევლის ნების რეალურ ასახვას. ახლა რაც შეეხება შანსს. ჩემი აზრით, პოლიტიკურმა ძალებმა რამდენიმე საკითხს უნდა მიაქციონ ყურადღება. პირველი - ეს შეთანხმება არის ქართველი საზოგადოების გამარჯვება და აძლიერებს ქართულ დემოკრატიას; მეორე - ამ პროცესმა აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ქვეყნის დაყოფა ორ ფერად და დამოკიდებულება, თუ ჩემთან არა ხარ, ჩემი მტერი ხარო. ეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას და მწვავე პროტესტს იწვევს, მით უფრო ყველას მონათვლა “ნაცებად”, ვინც კი ხელისუფლებაზე კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს; მესამე - ჩვენმა საზოგადოებამ ისიც აჩვენა, რომ მისთვის მიუღებელია რევანში. რამდენჯერაც მსგავსი რიტორიკა გაისმა, რასაც რევანშის ელფერი დაჰკრავდა, საზოგადოებამ ამას ძალიან უარყოფითად უპასუხა. ეს უკვე ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ნათლად გამოხატა პოლიტიკური დაკვეთა - რომ შეიძლება ერთი რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკური ცენტრის ხელში იყოს კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება”, - ამბობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას - ყოველთვის, ყველა მოცემულობაში, შიდა პოლიტიკასა თუ საერთაშორისო ურთიერთობებში, მოქმედებს ერთი პრინციპი - თუ გინდა საქმე გამოვიდეს, შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს. ჩვენ არ ვიცით იმ საუბრის დეტალები, რაც ამ შეთანხმებას უსწრებდა წინ. ისიც გასაგებია, რომ ყველაფერი ტექსტში ვერ იქნებოდა ასახული. ძნელად წარმომიდგენია, ხელისუფლებას ხელი მოეწერა დოკუმენტზე ამგვარი ჩანაწერით და ეღიარებინა, რომ მას პოლიტპატიმრები ჰყავს, მაგრამ თვითონ ხომ იციან, რაზეც შეთანხმდნენ? ეს იციან შეხვედრების ინიციატორმა დიპლომატებმაც. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ბატონ კარლ ჰარცელს და სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს შეთანხმების მიღწევაში. მოკლედ, ვინც მოლაპარაკებას ესწრებოდა, ხომ ყველაფერი კარგად იცის, შესაბამისად, შეთანხმებიდან გადახვევა ან სხვანაირად გადათარგმნა გამოიწვევს უნდობლობას მათ მიმართ, ვინც ამას შეეცდება, - თვლის ექსპერტი.

“ჩვენ ერთხელ გვქონდა პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლებამ გადააგდო ოპონენტებიც და საზოგადოებაც. სამწუხაროდ, ამით ჩვენი ხელისუფლების ავტორიტეტი შეილახა და მიიჩნევა, რომ მისი ნათქვამი გადამოწმებას საჭიროებს. კიდევ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა და საკუთარი პოლიტიკური ავტორიტეტის სასწორზე შეგდება, ძალიან სარისკოა. რაც შეეხება იმას, თუ რა იყო რეალურად შეთანხმების საგანი, ამას სულ მალე დავინახავთ. ვფიქრობ, სენატის საგარეო კომიტეტის განცხადებაში გამოჩნდა, რომ ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმება ზოგიერთი პირის გათავისუფლების თაობაზე არსებობს. ამაზე მიუთითებს უგულავას მიმართვაც. ვნახოთ, ვინ როგორ შეასრულებს შეთანხმების პირობას. ვიმეორებ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს, რომ მიღწეული შედეგი არის საქართველოს და ქართველი საზოგადოების გამარჯვება. შესაბამისად, პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკოსი უნდა ცდილობდეს გამარჯვებულად წარმოაჩინოს სწორედ იდეა და საზოგადოება და არა საკუთარი თავი. ნუ გადაყრიან მიღწეულს წყალში და ნურც ვიწროპარტიულ გამარჯვებამდე დაიყვანენ”, - დასძენს ფხალაძე.

“ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს... იმედია, გადავრჩებით”, - რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები.

"საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ინფექციონისტები, ფაქტობრივად, დასახლდნენ სამსახურებში, რადგანაც დღის რეჟიმი მთლიანად შეეცვალათ და ძილისთვის გამოყოფილი დაახლოებით 3-4 საათის გარდა სამსახურსა და პაციენტებს ყურადღებას არ აკლებენ. სხვადასხვა კლინიკის ექიმები, ბოქსირებული განყოფილებების თანამშრომლები და მედპერსონალი მთლიანადაა მობილიზებული. მიხედავად იმისა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, პაციენტების მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება - პირველი ორი ინფიცირებული უკვე განიკურნა კორონავირუსისგან, რაც, ცალსახად, ექიმების მიერ პაციენტებისთვის დათმობილი არანორმირებული დროისა და თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს... იმედია, რომ ჩვენ გადავრჩებით”, - რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები.

“ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სამუშაო რეჟიმი მართლაც მთლიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადაა. ძილი, შესვენება და სამუშაო მთლიანადაა ერთმანეთთან გადაბმული; პაციენტების მოზღვავების გამო, საჭირო გახდა პერსონალის დამატება, მაგრამ, მიუხედავად რთული სიტუაციისა, და უძილო ღამეებისა გუნდურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო: “ჩვენ დილის 9 საათიდან დაახლოებით ღამის პირველამდე, ორის ნახევრამდე არ გამოვდივართ სამსახურიდან. ძილისთვის ოთხი, მაქსიმუმ ხუთი საათი გვაქვს - მეტი არა. დღეში მინიმუმ ორჯერ მიწევს ყველა ინფიცირებულის გასინჯვა. შესვენების დრო გვაქვს, მაგრამ იქვე. საშუალო და დაბალი მედპერსონალი დამატებული გვყავს და ექიმებიც თავდაუზოგავად მუშაობენ, ასევე მეც (განყოფილების გამგე) და სამედიცინო დირექტორიც მუდმივად იქ ვართ - ჩვენზე ცვლა არ არის. დანარჩენი პერსონალი ენაცვლება ერთმანეთს, მაგრამ ძალიან დატვირითულ რეჟიმში”, - ამბობს ენდელაძე. მისი თქმით, იქნებოდა გაცილებით მეტი შემთხვევა, თავიდანვე რომ ვერ მოესწროთ სიტუაციის გაკონტროლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ ვართ დაძაბულები, უბრალოდ, სრულიად ვიცავთ წესრიგს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გადავრჩებით. ვმუშაობთ მშვიდად, მაგრამ ძალიან ბევრი ფიზიკური საქმე გვაქვს და ამასთანავე გვემატება პაციენტების შეფასება, მათი ანალიზების გაკონტროლება და ა.შ.”, - დასძენს მარინა ენდელაძე. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მუშაობს, იმ სამუშაო გრაფიკზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსმა არა მხოლოდ მას, მთელ მსოფლიოს კარდინალურად შეუცვალა. მისივე თქმით, მედპერსონალის მონდომება გაათმაგებულია, რადგან პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის და პროფესიის მიმართ არსებობს, არამედ საზოგადოების წინაშეც”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენი სამუშაო რეჟიმი კორონავირუსული ინფექციის დაწყებასთან ერთად შეიცვალა. არანორმირებულად დიდ დროს ვატარებთ სავადმყოფოში, ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული დღის მონაცემებზე, მდგომარეობაზე და იმ საქმის მოცულობაზე, რაც გვაქვს. დღის განმავლობაში მოდის უამრავი ადამიანი, როგორც ჩვენ მიმღებ განყოფილებაში, ასევე სტაციონარში, სადაც ყველაზე საეჭვო პაციენტი თავსდება, რომელიც კორონავირუსის ინფექციაზე კვლევას საჭიროებს. ხდება ამ პაციენტების ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ უტარდებათ ინსტრუმენტული კვლევები, არიან ექიმების მონიტორინგის ქვეშ. ის პაციენტები, რომლებთანაც გამოირიცხება ეს დავადება, გადადიან თვითიზოლაციის რეჟიმში, ან საკარანტინო ზონებში, რის აუცილებლობაც არის. ხოლო ის პაციენტები, ვისთანაც ვირუსი დადასტურდება, უკვე სტაციონალურ მკურნალობას აგრძლებენ. ამ დროისთვის ჩვენთან სტაციონარში 44-ვე პალატა სავსეა... პანდემია მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, 24 საათი საავადმყოფოში ყოფნას. ეს განპირობებულია იმით, რომ პაციენტების მოდინება დიდია. საუბარია გადამდებ ინფექციაზე, რომელიც მსოფლიოში გლობალურ საფრთხედ არის გამოცხადებული. გვესმის ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც გაგვაჩნია, არა მხოლოდ ჩვენი თავის და პროფესიის წინაშე, არამედ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშეც. ძილისთვის დაახლოებით 3-4 საათი გვაქვს, რადგან ყველაფერს მარტო გაწერილი მორიგე მედპერსონალი ვერ აუვა, ეს არის გლობალური საქმე, რომელშიც ინტენსიური ჩართულობით უნდა ვიმუშაოთ”, - დასძენს ალექსანდრე გოგინავა.

ზაზა ფირალიშვილი - “ახლა ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს”

“არა მგონია “ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაარღვიოს შეთანხმება. ეს მისთვის მომაკვდინებელი იქნება. ვხედავთ, რომ დასავლელ პოლიტიკოსთა პოზიცია მათთვის არც ისე უმნიშვნელო ყოფილა... ეს შეთანხმება დამატებით ენერგიას შესძენს ოპოზიციას. ამასთან, ისიც საეჭვოა, რომ ოპოზიციის მთავარი სუბიექტების რეიტინგის მკვეთრი ზრდა იყოს. სამაგიეროდ, ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს... საწყენია, რომ ხელისუფლება დათმობაზე ადამ კინზინგერის მძიმე წერილის შემდეგ წავიდა, რომელშიც ის ამერიკის ადმინისტრაციის მოულოდნელ და მძიმე შესაძლო რეაქციაზე საუბრობდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ ამგვარი განცხადების საფუძველი აქვთ და “ქართული ოცნებისა” და მისი ზოგი ლიდერის საერთაშორისო ავტორიტეტი საეჭვოა”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს” / “მთავარი ბრძოლა, ალბათ, მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გამო წარიმართება. ამ საქმეში ხელისუფლებისგან იოლ დათმობას არ ველი, რადგან ეს მისთვის ბოლო იმედია“.

“დასავლელი პარტნიორების აქტიურობა ლოგიკურია, რადგან დემოკრატია, სხვა ღირებულებებთან ერთად, ნიშნავს ამა თუ პოლიტიკური ჯგუფის უნარს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერი გზა არ გამოიყენოს. ამერიკას სურს ჩვენს რეგიონში ისეთი მოკავშირე ჰყავდეს, რომელიც მასთან როგორც პოლიტიკურად, ასევე ცივილიზაციის სხვა ნიშნებითაც იქნება ახლოს... სრულიად უადგილოდ მეჩვენება ხელისუფლების მომხრეთა ჩივილი იმაზე, რომ დასავლეთი ჩვენს შინაურ საქმეებში ერევა. თუ ჩარევა მისაღები იყო 2012 წელს, როდესაც დასავლეთი სააკაშვილს არჩევნების შედეგების აღიარებას მოუწოდებდა, კეთილინებონ და ვითარება ახლაც ადეკვატურად შეაფასონ. როდესაც “ოცნებას” მოუწოდებენ, უარი თქვას ავტორიტარულ ტენდენციებზე, ეს უნდა გაითვალისწინოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ დასავლეთში გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, თუ რამდენად ერთგულობს ჩვენი ხელისუფლება დეკლარირებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

“ოცნება” სულ მალე იგრძნობს, თუ რა შეცდომა დაუშვა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული სალტო-მორტალეების გამო და თუ მისი პოლიტიკური ტექნოლოგიების სიმწირეს გავიხსენებთ, ალბათ, მდგომარეობის გამოსწორებას ისევ ტლანქად შეეცდება. მმართველი პარტია ახლა იმ ფაზაშია, როდესაც ახალს ვეღარაფერს ისწავლის და ძველ შეცდომებს ჯიუტად იმეორებს. როგორც ჩანს, ჯერაც ვერ გაიაზრეს, რა მძიმე შეცდომა იყო ანაკლიის პროექტის ჩაგდება და კონსორციუმის ხელმძღვანელების სამართლებრივი დევნა. როცა შეცდომებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ სასამართლო სისტემაში არსებული მწვავე პრობლემები, მაჟორიტარებისა და აშკარად პრორუსული პოლიტიკური ძალებისა და მოძრაობების მეშვეობით დემოკრატიული ფასადის შექმნის მცდელობა და ა.შ. ჩვენ რომ ევროატლანტიკური ოჯახის წევრობის სურვილი არ გვქონდეს, ყველაფერ ამას, ალბათ, ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ თუკი გვსურს, მაშინ უნდა ვიცავდეთ ამ ოჯახში მიღებულ თამაშის წესებს და სამართალი მაშინ არ უნდა გვახსენდებოდეს, როცა ის პოლიტიკური მიზნებისთვის გვჭირდება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მთავარი ბრძოლა, ალბათ, მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გამო წარიმართება. ამ საქმეში ხელისუფლებისგან იოლ დათმობას არ ველი, რადგან ეს მისთვის ბოლო იმედია. ოპოზიციურ ძალებს თუ წარმატება სურთ, მისმა სუბიექტებმა უნდა განაგრძონ თემატური თანამშრომლობა. მმართველი პარტია ხომ ჯერ არ დამარცხებულა. წარმატებისთვის, სულ მცირე, “ოცნებას” უნდა წაართვან ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი, როგორიც მაჟორიტარები არიან”, - დასძენს ფირალიშვილი და შე,კითხვაზე - “რამდენად სავარაუდოა, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას საფრთხე შეექმნას?”, - პასუხობს:

“დიდ პოლიტიკურ რყევებს არ ველი, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ დროს პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება და იმავდროულად, მისი ხისტი ქმედებებით იკვებებიან ოპოზიციის რადიკალური ძალები. ასე რომ “ოცნების” სიხისტეს შესაძლოა ის მოჰყვეს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი და მათი მხარდამჭერები გაერთიანდებიან და მოხდება ის, რაც 2003-ში ან 2012 წელს მოხდა”.

ემუქრება თუ არა პანდემიის გამო საფრთხე მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს

“წელს აღდგომას იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიუტუალის ჩატარებას შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეექმნას. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. იერუსალიმის საპატრიარქო ცერემონიალის დახურულ სივრცეში, მრევლის გარეშე, მხოლოდ მხოლოდ უმაღლესი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ჩატარებას განიხილავს. რუსული მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, არც იმას გამორიცხავს, რომ წელს რიტუალი საერთოდ არ ჩატარდეს. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჯერჯერობით ისიც უცნობია, გაემგზავრება თუ არა 18 აპრილს ქართული დელეგაცია იერუსალიმში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა საფრთხე ემუქრება მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს კორონავირუსის გამო.

“საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ არაფრის თქმა შეუძლია, მეუფე მიქაელის თქმით კი აღდგომამდე ერთი თვეა დარჩენილი და გარკვეული ცვლილებების განხილვის დრო ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება მდგომარეობას ისრაელში, ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, იქ სულ 196 ადამიანია დაინფიცირებული კორონავირუსით. დაწესებულია სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი ქვეყანაში შემსვლელი ნებისმიერი პირისათვის მისი მოქალაქეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 აპრილს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები, თუკი რიტუალი მაინც ჩატარდა, ისრაელში მინიმუმ 4 აპრილს უნდა ჩავიდნენ, რადგან მხოლოდ ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ მიეცემათ ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. გარდა ამისა, ისრაელში აკრძალულია ისეთი მასობრივი ღონისძიებები, სადაც შესაძლოა ერთდროულად 5 ათასი ან მეტი ადამიანის შეკრება მოხდეს. სააღდგომოდ კი იერუსალიმის ქუჩები, როგორც წესი, სავსეა მომლოცველებით და ხშირია მასობრივი შეკრებები, მაგალითად, მორწმუნეთა მსვლელობები წითელ პარასკევს გოლგოთისაკენ. ეს აკრძალვა 23 მარტამდეა შემოღებული, თუმცა, ეპიდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა ისრაელის ხელისუფლებამ მისი მოქმედების ვადა გაახანგრძლივოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება თავად წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა, იერუსალიმის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ რიტუალი სავარაუდოდ მაინც ჩატარდება, ოღონდ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებით. ამასთან დაკავშირებით რუსულ სააგენტო “სპუტნიკს” იერუსალიმის საპატრიარქოს იღუმენია ევგენიას სიტყვები მოჰყავს: “დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გვგონია, რომ 18 აპრილამდე ისრაელმა ტურისტების დიდი ნაკადი მიიღოს. თუმცა ეს ცერემონია ყველა შემთხვევაში ჩატარდება, ოღონდ მიღებული იქნება გამკაცრებული ზომები. პატრიარქი ამ ცერემონიას მაინც ჩაატარებს, თუნდაც მას მხოლოდ ხუთი ადამიანი დაესწროს”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა