თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის შეკრებას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და მისი ჩანაცვლება ელექტრონული კომუნიკაციებით უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს

ჩვენც ჩავერთვებით ამ ნორმის ჩამოყალიბებაში და უმრავლესობას შევთავაზებთ როგორ შეიძლება მივიღოთ ისეთი ფორმულირება, რაც დისტანციური მუშაობის შემოღებას შესაძლებელს გახდის, მაგრამ ამავე დროს, გადააზღვევს რისკებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტის ონლაინ საქმიანობაზე გადასვლის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, კანონპროექტით შემოთავაზებული ჩანაწერი პარლამენტის თავმჯდომარეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

"პარლამენტის შეკრებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა და მისი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ელექტრონული კომუნიკაციებით ძალიან ფრთხილად და უკიდურეს შემთხვევაში. განხილვის დროსაც წამოიწია და ესეც დასაფიქრებელია, თუ ჩავთვლით, რომ კონსტიტუცია იძლევა ასეთ ალტერნატიულ ფორმებში მუშაობის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაშიც კი ეს უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და კანონმდებლობის შემოთავაზებული ვერსია ცოტა სხვა რამეს გულისხმობს, შესაბამისად, ამაზე გვქონდა დისკუსია, ჩვენც ჩავერთვებით ამ ნორმის ჩამოყალიბებაში და უმრავლესობას შევთავაზებთ როგორ შეიძლება მივიღოთ ისეთი ფორმულირება, რაც დისტანციური მუშაობის შემოღებას გახდის შესაძლებელს, მაგრამ ამავე დროს, გადააზღვევს რისკებს. რისკები არის მაღალი, არის კიბერუსაფრთხოების რისკებიც და ასევე, რისკებიც, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის შეკრების გარეშე გადაწყვეტილებების მიღებასთან. ძალიან საფრთხილო საკითხია და ხელაღებით ჩანაწერის გაკეთება არ შეიძლება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მაქსიმალური დაზღვევით მოხდეს. ჩანაწერი ამბობს ორ რამეს, რომ გადაწყვეტილებას იღებს თავმჯდომარე და იღებს ობიექტური საჭიროების შემთხვევაში. ეს არის ძალიან ფართო ჩანაწერი, რომელიც სინამდვილეში ძალიან სუბიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობის საკითხია, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ასეთი რამ დავუშვათ და კანონით უნდა იყოს გარანტიები გაწერილი,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თანახმად, ობიექტური გარემოებების არსებობისას, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შეეძლება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა