პაატა ბურჭულაძის შვილი - ჩემი თანამშრომლის შეცდომა იყო, ვერც კი გაიაზრებდა რამხელა ამბავი მოყვებოდა 6 სმს-ს, რომელიც ოჯახის წევრებთან ხუმრობით გაგზავნა

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განმარტებით, მის ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები მისი ახლა უკვე ყოფილი თანამშრომელი გოგონას ცუდ ხუმრობას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ბურჭულაძის შვილების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება. შუქრი ბურჭულაძე განმარტავს, რომ მისმა თანამშრომელმა „გოგონამ ცუდად იხუმრა“.

„ჩვენგან არანაირი მასიური ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, ჩვენ გვაქვს დამცავი მექნიზმიები, ჩვენი თანამშრომლები 10 სატესტო სმს-ზე მეტს ვერ აგზავნიან. ამ გოგონამ ცუდად გაიხუმრა და სამწუხაროდ, დავემშვიდობეთ მას, ის გუშინვე გავათავისუფლეთ ბრძანების საფუძველზე.

"ვოის" ჩანაწერზე საუბარი არ არის, საუბარია სმს შეტყობინებაზე. ჯერჯერობით, მიდის ჩხრეკა, რაღაც მითხრეს სუს-ის თანამშრომლებმა, მაგრამ იურისტი არ ვარ და ვერ გეტყვით ზუსტად რა ხდება, როგორ მიდის გამოძიება.

აღნიშნული თანამშრომელი მომსახურების მენეჯერი იყო, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა ახალი კლიენტები მოეძია, ასევე მომსახურება გაეწია ძველი კლიენტებისთვის. მომსახურების მენეჯერებს აქვთ უფლება გააგზავნონ მაქსიმუმ 10 სმს-ი, ეს დაკეტილი გვაქვს იმის გამო, რომ მასიური სმს-ების გაგზავნა არ მოხდეს.

ჩვენ თვითონ სმს-ს ვერ ვქმნით, ყველა ჩვენი სმს ოპერატორიდან გადის, სულ დასამალი რომ იყოს, ფიზიკურად ვერ დავმალავდით“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება პაატა ბურჭულაძის საქმიანობას, ის პასუხობს, რომ ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ამას ჩვენ გავიგებთ იმით, თუ როგორ გაგრძელდება გამოძიება. ჩვენ გვესმის რაც მოხდა, უნდა განხორციელებულიყო გამოძიება და გამოიკვეთება, მაგრამ არა ამ სახით, სუს-ის 50 თანამშრომელი არ უნდა მოვარდნილიყო, ჩვენ ვითანამშრომლეთ და ის გოგონაც რომ დაეკითხათ, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებდა იმას, რაც ახლა ვთქვი. მისი შეცდომა იყო, მეცოდება კიდეც, წარმოიდგინეთ, ვერც კი გაიაზრებდა რამხელა ამბავი მოჰყვებოდა ამას და წარმოიდგინეთ რამხელა ამბავი მოჰყვა მის 6 სმს-ს, რომელიც მან გააგზავნა თავის ახლობლებთან და ოჯახის წვერებთან უბრალოდ სახუმაროდ. მესმის, რომ ცუდი ხუმრობაა. გამოძიება გვანახებს ყველაფერს, დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი და იმის საშუალება გვექნება, რომ ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ. ვიხილავთ, რა მოჰყვება და რა სახით, ამას, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ.

ჩხრეკა კიდევ მიმდინარეობს, ამ წუთებში კომპიუტერული ტექნიკის ამოღება მიდის და უნდა გადაიტანონ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან შეგვაფერხებს მუშაობაში, მთელი ინფორმაცია იქ გვაქვს, მაგრამ ვეცდებით მუშაობა გავაგრძელოთ.

ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის გარეშე. უბრალოდ რომ დაეკაკუნებინათ, ჩვენ გავუღებდით კარებს, მობრძანდებოდნენ, ყველაფერს ავუხსნიდით, ჩვენი მხრიდან სმს-ების არანაირი მასიური დაგზავნა არ მომხდარა, ეს დარწმუნებული ვარ, თვითონაც იციან, რომ ჩვენი კომპანიიდან სულ რამდენიმე სმს იყო გაგზავნილი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისში სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებები, სავრაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაგზავნილ სმს-ებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 16 მარტს გაავრცელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა