ეკა ლეკაშვილი - პანდემია სახელმწიფოთა უფრო მეტ კოორდინირებულ ქმედებას მოითხოვს და ამ ომში ნებისმიერი ქვეყნის გამარჯვება ნიშნავს მსოფლიოს გამარჯვებას

როგორია კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაცია საქართველოში, რა ეკონომიკურ სირთულეებთან მოუწევს ქვეყანას გამკლავება, საჭირო იყო თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური იყოს - ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პარტია „სოციალ - დემოკრატების“ პოლიტსაბჭოს წევრს, თსუ-ის ასოცირებულ პროფესორს, ეკონომიკის აკადემიურ დოქტორს ეკა ლეკაშვილს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობას კორონავირუსის გამოწვევის ფონზე? როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია სიტუაციის გამწვავება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით?

- ბოლო ათწლეულებში გლობალიზაციის პროცესის გაღრმავებამ, ხშირ შემთხვევაში, ცალკეული ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან უფრო მეტი ინტეგრირება გამოიწვია. სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გლობალიზაციის პოზიტიური და ნეგატიური ეფექტები ჩვენს ქვეყანაზეც აისახა. დღეს საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას. დღევანდელი მდგომარეობა ფასდება, როგორც საომარი პირობები, რომელშიც თავდაცვისა და თვითგადარჩენისთვის ბრძოლის განსხვავებული ინსტრუმეტების გამოყენება გვიწევს. ამ შემთხევევაში ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი გაერთიანებული მსოფლიო ომის ერთი მხარეა. ქვეყნები ცდილობენ საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებში გაუმკლავდნენ ვირუსის შემოტევას. ამ ეტაპზე ნაკლებია ურთერთდახმარების ფორმები, მაგრამ ეს პანდემია, როგორც გლობალური საფრთხე, სახელმწიფოთა უფრო მეტ კოორდინირებულ ქმედებას მოითხოვს. ამ ომში ნებისმიერი ქვეყნის გამარჯვება ნიშნავს მთელი მსოფლიოს გამარჯვებას.

ვირუსის გავრცელების მასშტაბი დამოკიდებულია მის წინააღმდეგ ამოქმედებული ბრძოლის ფორმების ეფექტიანობაზე. ნათელია, რომ რისკ - ჯგუფები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მძლავრობს დეზინფორმაცია, რასაც, თავის მხრივ, უფრო მეტი დაბნეულობა შეაქვს სწორ ინფორმაციაზე წვდომის პროცესში. ამასთან, ეს მოვლენა უპრეცენდენტოა და, ფაქტობრივად, ბევრი გადაწყვეტილების ეფექტიანობა არ არის შესწავლილი. ნათელია, რომ ვირუსთან ცალკეული ქვეყნის ბრძოლის მეთოდები ეფექტიანი აღმოჩნდა. შესაბამისად, ამ გამოცდილების გადმოტანა შესაძლებელია, თუმცა აქ წინ იწევს ქვეყნების ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუციების თავისებურებანი, სოციალურ - კულტურული განსხვავებები, რამაც შესაძლებელია, იმ შედეგეზე არ გაგვიყვანოს, რაც გვსურს. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლიდან უფრო მეტი ცოდნით გამოვა მსოფლიო საზოგადოება.

- თქვენი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ გამოწვევას თავს ართმევს? რამდენად სწორი ნაბიჯები გადაიდგა სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა თუ ეკონომიკა? ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მას შემუშავებული აქვს ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვითაც მოქმედებს თუ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები სპონტანურია?

- იმ შედეგებით, რაც სახეზეა, მოცემული მომენტისათვის საქართველოს ხელისუფლება ამ გამოწვევას თავს ართმევს, რადგანაც იგი ბოლომდე ითვალისწინებს ჯანდაცვის კუთხით იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ამ სპეციფიკურ ომში გვთავაზობენ ქართველი ინფექციონისტები და ჯანდაცვის სპეციალისტები. ფაქტობრივად, ისინი არიან ამ ომის მთავარსარდლები და მხოლოდ შემდგომ - ხელისუფლება. რაც შეეხება ეკონომიკას, ნელოიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო პირობების ფარგლებში, საქართველოში შეიქმნა ის მდგომარეობა, რომელიც სახელმწიფოს ჩარევას ზღუდავს ეკონომიკურ პროცესებში, აკნინებს მის როლს, ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ თავს იჩენს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ზემოთ აღვნიშნე გლობალიზაციის მიზეზით მსოფლიო ბაზართან ჩვენი ქვეყნის მზარდი დამოკიდებულების შესახებ და ეს ძირითადად არის სწორედ - დამოკდებულება ( და არა ურთიერთდამოკიდებულება). მხოლოდ მოხმარებული სურსათის მთლიან მოცულობაში იმპორტის მაჩვენებლით რომ ვიმსჯელოთ, მოსალოდნელია სასურსათო ბაზარზე პრობლემები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანაში მსგავსი მდგომარეობაა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების საკითხები გახდება პრიორიტეტული, რაც ჩვენს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. პანდემია ყველასთვის მოულოდნელი იყო და ამ ეტაპზე, ხელისუფლება ძირითადად ოპერატიულ მართვას უზრუნველყოფს, თუმცა როგორც გვაწვდიან ინფორმაციას, მუშაობენ ანტიკრიზისულ გეგმაზე.

- პარტია „სოციალ - დემოკრატები“ ახლა რომ ხელისუფლებაში იყოს და მას უწევდეს ამ რთული ვითარების მართვა, რა ეფექტურ ღონისძიებას გაატარებდა ისეთს, რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ არ/ვერ გააკეთა?

- „სოციალ - დემოკრატები“ ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, ჩვენ გვექნებოდა განვითარების სოციალ-დემოკრატიული მოდელი, რომელიც არსებითად განსხვავდება ნეოლიბერალური მოდელისგან. ჩვენი მოდელი ნიშნავს აქტიურ და მზრუნველ სახელმწიფოს, უფასო ჯანდაცვას და განათლებას, მეტ სოციალურ პროგრამას და კოორდინირებულ საბაზრო ეკონომიკას. ამიტომ, უფრო გაადვილდებოდა ,,საომარ რელსებზე“ გადასვლა. შესაბამისად, ჩვენი ხედვა შინაარსობრივად განსხვავდება მოქმედი ხელისუფლების ხედვისგან და მოქმედებისგან, შესაბამისად კრიტიკის დაკონკრეტება არ იქნება მეთოდურად გამართლებული.

- რამდენად იყო საჭირო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება? ვირუსის გავრცელების შეკავებაში რა როლი აქვს?

- როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ მზარდი დამოკიდებულება გვაქვს დანარჩენ მსოფლიოსთან, ამიტომ ვეთანხმები პრემიერის თვალსაზრისს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ არის მარტივი გადაწყვეტილება ეკონომიკური და სოციალური ფონის გათავლისწინებით. მაგრამ უფრო აქტიურად ასამოქმედებელია სხვა ინსტრუმენტები: მასობრივი ტესტირება, უკეთესი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რადგან ვირუსის დაძლევის ღონისძიებების ეფექტის მიღწევაში უპირატეს როლს მოსახლეობის მაღალი თვითშეგნება ასრულებს; ეკონომიკური მხარდაჭერის მექანიზმები არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ - მოსახლეობისთვის, დასაქმებულებისთვის (თუმცა მათთვის მხარდაჭერა, ისევ ბიზნესის მხარდაჭერაა - მოთხოვნის სტიმულირებაა) და ა.შ. ვფიქრობ, ჯანსაღი იდეების გენერირებისთვის საჭიროა უფრო მეტი გახსნილობა და მიმღებლობა.

- ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საზოგადოებაში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს, ეკლესიას ეხება. ნაწილი ფიქრობს, რომ საეკლესიო რიტუალები (წირვა - ლოცვაზე დასწრება, ზიარება და ა. შ. ) შესაძლოა, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდეს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეკლესიაში ამის საფრთხე არ ემუქრებათ. როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე არმისვლისკენ მოგვიწოდებს, როგორ ფიქრობთ, დროებით უნდა შევიკაოთ თუ არა თავი, მათ შორის ეკლესიებში მისვლისგანაც?

- ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნები. ეკლესიასთან ურთიერთობა სულიერი საზრდოა, მაგრამ მარტივი ფორმით რომ გამოვთქვა აზრი, უმჯობესია, თუ სხვა საზრდოზე თავშეკავების მსგავსად, დროებით შევზღუდავთ ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს და სახლის პირობებში, საეკლესიო კუთხესთან ვილოცებთ. შესაძლებელია, ტელეარხით საეკლესიო რიტუალების გადაცემა. ეს ხომ შეზღუდული დროით ვრცელდება (?). ეს ხომ ნიშნავს მოყვასზე ფიქრს?

- კამათი მოჰყვა ზიარების წესსაც. ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო სასულიერო პირებს შორისაც. საბოლოოდ, წმინდა სინოდმა ზიარების წესი უცვლელი დატოვა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- არ მიმაჩნია გამართლებულად საეკლესიო თემებზე კამათში ჩარევა. დავაფიქსირებ მხოლოდ ჩემს, როგოც ჩვეულებრივი ერისკაცის, პოზიციას: ზიარების წესი საუკუნეებს უძლებს, რადგან ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა და არ უნდა შეიცვალოს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვაში, სამღვდელოება მზად არის შესაბამისად მოგვემსახუროს. ზიარება ცოდვებისგან განწმენდას უზრუნველყოფს. იქნებ ვეცადოთ, ნაკლები ცოდვა ჩავიდინოთ ამ განსაცდელის დროს მაინც... ვიყოთ კრძალვით. ნუ დავაყენებთ ჩვენს საჭიროებებს ღვთის წესებზე მაღლა - ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

- ახლა მინდა შევეხოთ ეკონომიკასაც. ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად, ამ ვირუსმა არანაკლები დარტყმა მიაყენა ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკას. იმ ფონზე, როდესაც საქართველო ვერ დაიკვეხნის ძლიერი და მზარდი ეკონომიკით, რამდენად სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ყველაფერი ჩვენთვის? ვირუსის დაძლევის შემდეგ, რამდენად ხანგრძლივი იქნება პოსტკრიზისული პერიოდი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ეკონომიკურმა გუნდმა იმისთვის, რომ ეს მტკივნეული პროცესი მინიმუმამდე შემცირდეს?

- მეტი გახსნილობა ეკონომიკური რჩევებისა და რეკომენდაციებისადმი მთავრობას მისცემს საშუალებას, შეიმუშავოს მოკლევადიანი ანტიკრიზისული გეგმა და, ასევე, გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ამ ახალი გამოცდილების გათვალისწინებას უნდა დაეფუძნოს. ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი სახელმწიფოსა და ბაზრის ჩავარდნებზე დისკუსია, თუმცა ძირითადი მიმართულება უნდა იყოს სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობა. პრობლემებისგან თავის დასაღწევად მოგვიწევს შიდა და საგარეო ვალების აღება, მაგრამ მთავარია სწორად განვსაზღვროთ ამ ვალების დაძლევის შესაძლებლობები. უფრო მეტად შევეწინააღმდეგებოდი ე.წ. ნეოლიბერალი ოპოზიციის პოზიციებს, რომლებიც ახლა მთავრობას ურჩევენ საპენსიო ფონდის შესაძლებლობების გამოყენებას და მეტ სოლიდარობას, რის წინააღმდეგაც ისინი მანამდე თავგამოდებით იბრძოდნენ; ქველმოქმედების ინსტრუმენტს, რომელიც შესაძლოა გარკვეულ მომენტში აუცილებელიცაა, მაგრამ საზოგადოდ საზოგადოებრივი განვითარების დამაკნინებელია და ა.შ. ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი პოპულისტური აზრი გაჩნდება და მთავრობა და საზოგადოება არ უნდა წამოეგოს ამ ტიპის ხაგანგებს.

- დაბოლოს, თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რაც მსოფლიომ ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში უნდა ისწავლოს? სამყაროს ეს მწარე გაკვეთილი უკეთესობისკენ შეცვლის?

- ეს უჩვეულო ომი გვიჩვენებს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების სოლიდარული ქმედებებით რისკის შემცირების შესაძლებლობებს და მნიშვნელობას. ეს მიდგომა ეფექტიანია არამარტო საფრთხისშემცველი მდგომარეობის პირობებში, არამედ მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების განხორციელებისას. პანდემიის შემდგომი ჩვენი განვითარებაც უნდა დაეფუძნოს სახელმწიფოს წამყვან როლს და სოლიდარულ საზოგადოებას. მრავალი საკითხის გადაფასება გვიწევს, მათ შორის დარწმუნება სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი საქმიანობის ეფექტიანობაში და ეს რწმენა შექმნის ფუნდამენტს ახალი სოციალურ-ეკონომიკური მოდელის შესაქმნელად.

მარიამ დემეტრაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა