ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020

"ჯერ საერთო კარანტინის საჭიროება არ არის, ჩვენს ექიმებს პულსზე უჭირავთ ხელი” - ლადო კახაძე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ფეისბუქზე დასცინა?

კახა კუკავა - “მეშინია, როცა ეპიდემია ჩაცხრება ისევ თავი არ წამოყონ იმ უტიფარმა, არაპროფესიონალმა ჩინოვნიკებმა”

* * *

"ჯერ საერთო კარანტინის საჭიროება არ არის, ჩვენს ექიმებს პულსზე უჭირავთ ხელი” - ლადო კახაძე

“მიუხედავად იმისა, რომ კარანტინი მკაცრი ზომაა, აუცილებლად გამოცხადდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ ეპიდემოლოგები. ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის, ჩვენს ექიმებს პულსზე უჭირავთ ხელი” - ასე ეხმაურება პალამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე ქვეყანაში კორონავირუსთან შექმნილ ვითარებას. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თამჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში პრეკრიზისული ფაზა ორ კვირას გაგრძელდება, ამის შემდეგ კრიზისული ფაზისთვის უნდა მოვემზადოთ; შეიძლება გამკაცრდეს კონტროლი და რეგულაციები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლადო კახაძის აზრით, ჯერ საერთო კარანტინის საჭიროება არ არის - “ჩვენს ექიმებს პულსზე უჭირავთ ხელი”.

“შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემვითარებისა და საზოგადოების ქცევაზე, რამდენად იცავენ რეკომენდაციებს რომელსაც ჩვენი ეპიდემიოლოგები გასცემენ. კარანტინი არის მკაცრი ზომა, მაგრამ გამოცხადდება იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ ეპიდემიოლოგები. მათ უნდა თქვან შექმნილი ვითარების შესახებ. კარანტინის გამოცხადება არ არის დამოკიდებული რაოდენობაზე, ანუ რა ნიშნულს მიაღწევს დაინფიცირებულთა რაოდენობა. მაგალითად, მარნეულში 4 შემთხვევის გამო მოხდა კარანტინის გამოცხადება. ჯერ ამის საჭირობა რომ სხვა რეგიონებშიც გამოცხადდეს კარანტინი, არ არის. ჩვენს ექიმებს პულსზე უჭირავთ ხელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“პლუსებზე საუბარი არ მიყვარს და არც როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ვლაპარაკობ, მაგრამ საქართველოს აქვს დიდი წარმატება დაავადების შეკავების ფაზაში, მაგრამ ვირუსმა ნახტომი იცის. კორონავირუსი კი სულ უცნობი ვირუსია დედამიწაზე, ამიტომ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს. რა შეეხება სწრაფ ტესტებს, რა თქმა უნდა ტესტები ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მაგრამ მთავარი მაინც არის კლინიკა. კლინიკა თავს ვერ დამალავს. ტესტირების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ცდომილება. ამიტომ ყველასთან ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება”, - დასძენს ლადო კახაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ფეისბუქზე დასცინა?

“ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ფეისბუქზე “სირცხვილიას” აქტივისტის ნოდარ რუხაძის პოსტი გააზიარა და მიაწერა: “დეზინფორმაცია კლავს!”, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაუკომენტარა სიტყვებით “ახლა მიხვდა ლომჟარია”. “რეზონანსმა” გაარკვია, რომ ეს ფეისბუქ-ანგარიში მართლაც პრეზიდენტს ეკუთვნის, ხოლო ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ფეისბუქზე დასცინა?

“რამდენიმე დღის წინ ფეისბუქ გვერდმა “სირცხვილის კორიდორი” ნოდარ რუხაძის ფოტო გამოაქვეყნა სიტყვებით - “თაობათა ცვლის ამბავში ძალიან კარგი მგონია ეს კორონავირუსი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძირითადად 70 წლის ხალხს კლავს”. რუხაძე აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაცია და მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობაა. ამ ციტატაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ ზუსტად რუხაძისნაირი ახალგაზრდები ამბობენ ასეთ საშინელ რაღაცეებს. რუხაძემ კი ვრცელი ფეისბუქ სტატუსი ცერცვაძეს მიუძღვნა...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი. არასოდეს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები. არსებობს დიდ ეჭვი, რომ ადამიანი, რომლის ეთერშიც თქვენ ბრძანდებოდით, თავად არის იმ ორგანიზაციის შემქმნელი და ხელმძღვანელი, რომელიც მსგავს ყალბ ამბებს ავრცელებს. ბინძური დეზინფორმაცია მიზნად ისახავს ჩვენ შესახებ არასწორი და მცდარი წარმოდგენების შექმნას, რაც, ზოგჯერ, უნდა ვაღიარო, გამოსდით. ზემოხსენებული “ჟურნალისტი” არც თქვენს პიროვნებას სცემს პატივს. მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცის ამ ამბის სიყალბის შესახებ, ის არ შეეცადა არაფრის გამოსწორებას”, - წერს რუხაძე. ინფექციურის დირექტორმა ამის საპასუხოდ თქვა, რომ თუ მართლაც ასეა, მაშინ რუხაძეს ბოდიშს უხდის”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნამდვილად წავიკითხე. მისი სახელი და გვარიც ეწერა და ფოტოც იდო. ნამდვილი იყო თუ ე.წ ფეიკ-ნიუსი იყო, ამაში დარწმუნებული არ ვარ. ნეტა, თუ ნამდვილად ფეიკ-ნიუსია. მე ძალიან დამწყდა გული, არა იმიტომ, რომ მე თვითონ ასაკოვანი ვარ, ჩვენი ქართული ტრადიციები არ გულისხმობს იმას, რომ ასაკოვან ადამიანებს პატივი არ ვცეთ. თუ ეს ახალგაზრდა ასე წერს და თუ ეს ფეიკ-ნიუსია, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩები და ამაღლებული განწყობით წავალ აქედან. და ის წყენა და დისკომფორტი, რაც მას მიადგა აქედან, კარგი არ არის, მაგრამ მცირეა იმასთან შედარებით, რაც იქნებოდა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო. თუ სიმართლე არ არის, მე მას ბოდიშს მოვუხდიდი”, - თქვა ცერცვაძემ. ნინო ლომჯარია “მთავართან” მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე საზოგადოების ნაწილი დეზინფორმაციისთვის იცლის, მაშინ როდესაც ინფორმაციის ნამდვილობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“დავაკვირდი,რომ ბოლო კვირებში, რაც საქართველოში ეს ვითარება შეიქმნა განსაკუთრებით ფეიკ-ნიუსების კამპანია ძალიან ცუდი ფორმებით გააქტიურდა, ეს ჩემს წინააღმდეგაც იყო, თითქოსდა ვთქვი, რომ კარანტინში ადამიანის გადაყვანა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რაზედაც საზოგადოება აღშფოთებული იყო, რაც სრული ცილისწამება და შეგნებული დეზინფორმაციული კამპანია იყო ჩემს წინააღმდეგ. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ და როდესაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, ამ საკითხს აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ და ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სამსახურები ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ თუ ამ კამპანიის უკან ვინ იდგა... არ ვიცი ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნამდვილად თავად გააკეთა თუ არა კომენტარი, თუ ეს მისი კომენტარი იყო, ძალიან ვწუხვარ”, - განაცხადა ლომჯარიამ, რომლის თქმით, “თუ არ გაკეთდება ოფიციალური განმარტებები, რომ ეს კომენტარი ნამდვილად ქალბატონ სალომეს ეკუთვნის” ამის კომენტირებისგან თავს შეიკავებს”, - წერს სტატიის ავტორი.

კახა კუკავა - “მეშინია, როცა ეპიდემია ჩაცხრება ისევ თავი არ წამოყონ იმ უტიფარმა, არაპროფესიონალმა ჩინოვნიკებმა”

“რომელ სოციალურ სოლიდარობაზეა საუბარი, ამ საყოველთაო გასაჭირის დროს ენერგოკომპანიები დენს უჭრიან მოსახლეობას, ბანკები ხალხის გამოსახლებაზეა გადასული, ავიაკომპანიებს, თუ მთავრობამ არ უთხრა დასტოპდიო, მგზავრობის ფასს არ უწევენ. ამ ბრძოლაშიც არ თმობს ბიზნესი თამაშის წესებს, მოგება ნახოს ყველა შემთხვევაში” - ასე ეხმაურება “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა უკავა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კახა კუკავა ამბობს, რომ მწვავე კრიზისის დროსაც ბიზნესი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს.

“საერთო ჯამში ეს ახალი კორონავირუსი არ აღმოჩნდა ცუდი მოვლენა და ბევრი რამ გამოიკვეთა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით. რაც შეეხება ბიზნესს, ეპიდემიამდეც არ ჰქონდა სოციალური პასუხისმგებელობა და ამ ბრძოლაშიც არ თმობს დადგენილი თამაშის წესებს, მოგება ნახოს ყველა შემთხვევაში. რა სოციალურ სოლიდარობაზეა საუბარი, ამ საყოველთაო გასაჭირის დროს ენერგოკომპანიები დენს უჭრიან მოსახლეობას, ბანკები ხალხის გამოსახლებაზეა გადასული. ავიაკომპანიებს, თუ მთავრობამ არ უთხრა დასტოპდიო, ბილეთის ფასს არ უწევენ. მაგრამ პასუხისმგებლობას მხოლოდ ბიზნესს ვერ დავაკისრებთ, რადგან როგორც წესი საქართველოში ბიზენსი მთავრობის დანამატია და ბიზნესიც იმას აკეთებდა, რასაც მთავრობა ეტყოდა. დღეს თუ ეტყვის მთავრობა ბანკებს და ენერგოკომპანიებს, დასტოპდითო, დასტოპდებიან და ავიაკომპანიები ფასებს ჩამოწევენ. ბანკები, აფთიაქებიც, ენერგოკომპანიები და სხვა ბიზნესები ხელისუფლებას ხალხის საძარცვავად სჭირდებოდა, ამიტომ ბიზნესთან ერთად პასუხისმგებლობა მთავრობასაც ეკისრება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“რაც შეეხება მთავრობას, აშკარად გამოჩნდა, რომ მართლაც აქვს ვირუსის შიში და ძალიან მობილიზებულები არიან. გახარია, რომელიც სათადარიგო სკამზე ჰყავდა მსაჯს, დღეს ის პროფესიონალ ექიმებთან ერთად ცდილობს ჩააცხროს კრიზისი. მაგრამ მე იმის მეშინია, რომ როცა ეპიდემია ჩაცხრება და შიში გაივლის, თავი არ წამოყონ ისევ იმ უტიფარმა, არაპროფესიონალმა ჩინოვნიკებმა და ისევ არ დაიწყოს ხელისუფლებამ შეცდომების დაშვება. ამჯერად სახეზეა, რომ ყველა ინსტიტუცია მუშაობს და თავს ართმევს ამოცანას. მაგრამ საჭიროა სასწრაფოდ მიხედონ რეგიონებს. სამწუხაროდ, ეპიდემიის ფონზე რეგიონებში ზოგიერთები ხელს ითბობენ. ჩვენს მთავრობას ძირითადად დედაქალაქის ბედი აღელვებს, დედაქალაქში არ უნდა იყოს მღელვარება, თორემ ცალკეულ სოფლებში რა ხდება არ აინტერსებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება ოპოზიციას, მხედველობაში მაქვს ლიბერალური ოპოზიცია, მათი მოქმედებები კუ და მორიელის იგავს მაგონებს, დახრჩობისგან რომ გადაარჩენს და ის მაინც კბენს, ასეთი ჯიში მაქვსო. კრიტიკა უნდა იყოს, მაგრამ არა ამ ტონალობაში, ჯერ ეუბნები, რატომ არ ამკაცრებ საკარანტინო ზონასო და ერთ საათში ეუბნები ეკონომიკა ინგრევა ხალხი დაიცავიო. მე რომ ამ მთავრობას ვაკრიტიკებ, ისეთი უნდა, მაგრამ ვერ გავიგე, არ შეიძლება რომ ახლა ყველამ ერთად შევუტიოთ ამ ტალღას? თუ ხელისუფლება ისე გამოსწორდება, რომ შეცდომებს აღარ დაუშვებს და იმის საშუალებას არ მოგვცემს, რომ ვაკრიტიკოთ...” - დასძენს კახა კუკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა