თბილისის მერიის ინფორმაციით, უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი საკვები მოხალისეებს ყოველდღიურად 1039 ოჯახთან მიაქვთ

დედაქალაქის მასშტაბით არსებული 62 უფასო სასადილოთი, დღეის მდგომარეობით, 41 212 ბენეფიციარი სარგებლობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მერიისა და წითელი ჯვრის კოორდინაციით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები ყოველდღიურად 1039 ოჯახს ემსახურებიან და მათთან საკვები მიაქვთ.

„როგორც იცით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უფასო სასადილოებში აიკრძალა ადგილზე კვებით უზრუნველყოფა. ყველა ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა განკუთვნილი საკვები წაიღოს სახლში; გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებიც არიან ,,უფასო სასადილოს“ ბენეფიციარები და უდასტურდებათ კორონავირუსის მიმართ მაღალი რისკის მქონე ქრონიკული დაავადებები, თვითიზოლაციის რეჟიმში, ან, არიან მარტოხელა მოხუცები, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებენ სახლიდან გამოსვლას, თბილისის მერია მათთვის კუთვნილი საკვების მიტანას უზრუნველყოფს საცხოვრებელ ადგილზე. მოხალისეები, გამგეობის თანამშრომელთა კოორდინირებით, უზრუნველყოფენ უფასო სასადილოს ტერიტორიაზე ბენეფიციართა უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგს და დისტანციის დაცვას; საკვების საცხოვრებელ მისამართზე მიტანისას, მოხალისეები წინასწარ ტელეფონით უკავშირდებიან ბენეფიციარებს და აფრთხილებენ საკვების მიტანის შესახებ. შესაბამისად, მოხალისეები ბენეფიციარების მიერ წინასწარ გამოყოფილ ადგილზე ტოვებენ საკვებს ისე, რომ მათთან კონტაქტი არ აქვთ. თბილისის მასშტაბით არსებული 62 უფასო სასადილოთი, დღეის მდგომარეობით, სარგებლობს 41 212 ბენეფიციარი. ხოლო ყოვედღიურად მოხალისეებს საკვები 1039 ოჯახთან მიაქვთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა რაოდენობა ყოველდღიურად მოთხოვნის შესაბამისად იცვლება“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ მობილიზებულია 291 მოხალისე, რომელთაც გავლილი აქვთ ტრენინგები და მიღებული აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები.

„მოხალისეს, რომელიც სურვილს გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, უტარდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი. მოხალისეს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტრენინგი, მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს, უნდა იყოს სრულიად ჯანმრთელი და არ მიეკუთვნებოდეს რისკ ჯგუფს. მოხალისეები თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილნი არიან ერთჯერადი პირბადეებით, სამედიცინო ხელთათმანებით, მრავალჯერადი პირბადეებით, სათვალეებით და ხელის დეზინფექტანტებით. ასევე, ჟილეტებითა და შესაბამისი ბეიჯებით“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

“ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მერია მოხალისეთა რესურსს 70 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის საკვებისა და მედიკამენტების დარიგების პროცესში, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებისთვის იყენებს.

„იმისათვის, რომ 70 წელს ზემოთ მარტოხელა მოხუცებს არ მოუწიოთ საკვები პროდუქტების შეძენისთვის გარეთ გამოსვლა, მერიამ გადაწყვიტა საკვები პროდუქტები და სხვა პირველადი მოხმარების საშუალებები სახლში მიუტანოს.

გარდა ამისა, იცით, რომ თბილისის მერიამ, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს არამალფუჭებადი პროდუქცია მიაწოდოს ორ კვირაში ერთხელ. მოხალისეები, საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომელთა კოორდინირებით, ჩართული არიან საკვები პროდუქციის გაცემის პროცესში - ტერიტორიაზე მშობელთა მხრიდან უსაფრთხოების წესების მონიტორინგის და სავალდებულო დისტანციის დაცვის პროცესში; საჭიროების შემთხვევაში - მოხალისეები მონაწილეობენ საკვები პროდუქტის შესაბამის მისამართზე მიტანის პროცესში“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

იხილეთ ვიდეო: უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი საკვები მოხალისეებს ყოველდღიურად 1039 ოჯახთან მიაქვთ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა