მიხეილ ჩხენკელი - სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში „COVID-19 და ღია მეცნიერება“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, კონფერენციის მთავარ მიზანს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ეფექტიან გზებზე მსჯელობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

მინისტერიალი UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ გახსნა და კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში მეცნიერების როლზე ისაუბრა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ერთმანეთს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

„მადლობას მოგახსენებთ ისტორიაში პირველი ვირტუალური მინისტერიალის ორგანიზებისათვის, რომელიც უაღრესად სასარგებლო იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნისა და, ზოგადად, მეცნიერებისათვის. მეცნიერებას არ აქვს საზღვრები და სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება,"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მან მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ საკლასო ოთახს მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად სისტემა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით დაწყებულ ახალ პროექტ „ტელესკოლაზეც“ ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, უკვე მოჰყვა საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სხვადასხვა საგანში ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ და მათი მოსმენა, ყველა მოსწავლეს შეუძლია, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

მიხელ ჩხენკელმა UNESCO-ს განათლების მინისტრების ონლაინ კონფერენციის ორგანიზება შესთავაზა, რათა ქვეყნებმა ამ მიმართულებითაც შეძლონ საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

სამეცნიერო კოალიცია შეთანხმდა, რომ მსოფლიოში არსებული უდიდესი გამოწვევის – ახალი კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად საერთაშორისო ინოვაციური და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ონლაინ მინისტერიალში, რომელიც Microsoft Teams პროგრამით წარიმართა, მონაწილეობა 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის, მეცნიერების 90-ზე მეტმა მინისტრმა და მსოფლიოში ცნობილმა ნობელიანტმა მეცნიერებმა მიიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა