„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საკარანტინო ადგილები გააორმაგოს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ, კომპენსაცია გადაუხადონ

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს საკარანტინო ადგილები გააორმაგონ, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ და გარკვეულ პერიოდში ვერ მოხდება მათი დაბრუნება, კომპენსაცია გადაუხადონ. ამის შესახებ ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მოქალაქეებს კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით უნდა მიეცეთ.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას: გააორმაგოს საკარანტინე ადგილები მომავალი 10 დღის განმავლობაში და ამისთვის გამოიყენოს, მაგალითად, კერძო სასტუმროები, რომლებიც ისედაც მოწადინებული არიან მიიღონ სტუმრები.

ამის პარალელურად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში, ვინც უკვე დააფიქსირა წამოსვლის სურვილი საქართველოს საკონსულოებში უახლოეს 1 კვირაში. ამ პერიოდში, თუ ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დაბრუნება, მათ უნდა მიეცეს კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით (თუ 1 კვირა - თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.). თუმცა, ეს ოდენობა, კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები.

იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მომავალში დააფიქსირებენ სურვილს საქართველოს საკონსულოებში, დარეგისტრირებიდან 10 დღის განმავლობაში მათი ვერ ჩამოყვანის შემთხვევაში, მათ სახელმწიფომ ასევე უნდა გადაუხადოს კომპენსაცია. ამ ადამიანებს ასევე უნდა მიეცეთ კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით (თუ 1 კვირა - თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.). თუმცა, ეს ოდენობა, კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები.

კომპენსაციის გადახდა არის საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მოახერხონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მინიმალურ პირობებში თავის შენახვა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, მოქალაქეების ჩამოყვანის შეფერხების ფრენების სირთულით ახსნა არაზუსტია, რადგან „თითქმის ყველა ავიაკომპანიისთვის მარტივია ასეთი შეკვეთის მიღება“.

„კორონავირუსის ეპიდემიისა და საერთაშორისო ფრენების შეჩერების გამო, საქართველოს 6 000 იდან 10 000-ს მოქალაქემდე, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ეს მათი უფლებაა და ამაზე საქართველოს სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ბუნდოვანი პასუხით შემოიფარგლებიან და მოქალაქეების ასეთ შეყოვნებას ფრენების სირთულით ხსნიან. დისკუსია თვითმფრინავების „შოვნაზე" სრულიად არაზუსტია, რადგან დღეს ფრენების შეჩერების გამო, თითქმის ყველა ავიაკომპანიისთვის მარტივია ასეთი შეკვეთის მიღება.

სინამდვილეში პრობლემა ისაა, რომ საკარანტინო ადგილების დღევანდელი რაოდენობა არ არის საკმარისი მგზავრთა ნაკადის მისაღებად. დღეს საქართველოში კარანტინში 5067 ადამიანია. ხელისუფლების მიერ აღებული ამ ტემპით, საქართველოს იმ მოქალაქეების დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს, მინიმუმ 2 თვე დასჭირდება, რაც სრულიად დაუშვებელია. ფაქტია, რომ სასწრაფოდ არის დასაწყები საკარანტინო ადგილების მინიმუმ გაორმაგებისთვის მუშაობა. ხელისუფლებისთვის მობილიზაციის პირობებში არც ეს წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას, რადგან ტურისტული ნაკადების შეწყვეტის გამო, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სასტუმრო ცარიელია. ასევე არაზუსტია დისკუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების შემდეგ, პრობლემა იქნება მათთვის საკარანტინო სივრცეების მოძებნა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი კერძო სასტუმრო, რომელიც დღეს ვეღარ მუშაობს ტურისტების ნაკადის შეწყვეტის გამო, შესაბამისი ანაზღაურების ფასად მზად არის დათმოს შენობები“,- განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა