ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2020

როგორ გააღვივა პანდემიამ აფხაზებში ანტისომხური და ანტიქართული განწყობები

უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიციას ორდერის გარეშე სახლში შესვლის უფლება, თუ იქ წვეულება იმართება?

ლიფტი, საზოგადოებრივი ტუალეტი, ლითონის ზედაპირი - კიდევ საიდან შეიძლება დავინფიცირდეთ...

„გეგმა A”, „გეგმა B“ და „გეგმა C“ – თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, რა სცენარებზე მუშაობენ სპეციალისტები

* * *

როგორ გააღვივა პანდემიამ აფხაზებში ანტისომხური და ანტიქართული განწყობები

“ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობის ზრდას ელოდებიან და ამის გამო გარკვეული პანიკაც შეინიშნება. ამ ფონზე ქსენოფობიური განწყობების ზრდაც ჩანს. რადგან პირველი დაინფიცირებული ქართველი იყო, ანტიქართული განწყობები აგორდა, მეორე კი სომეხი იყო და ახლა უკვე მძლავრი ანტისომხური განცხადებები ისმის. ეთნიკურად სომეხი პაციენტი აფხაზეთში 29 მარტს რუსეთიდან შევიდა და მისი გამოვლენა, როგორც დაინფიცირებულის, გვიან მოხდა, მანამდე კი მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა მანამდე ვირუსი ქართველ ქალბატონს დაუდგინდა, რომელიც გალიდან ზუგდიდში გადმოვიდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ გააღვივა პანდემიამ აფხაზებში ანტისომხური და ანტიქართული განწყობები.

“სპუტნიკ-აბხაზიის” ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. ამ დროისთვის დაინფიცირებული გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ “რესპუბლიკის” მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ. სკორიკის ინფორმაციითვე, აღნიშნული შემთხვევა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და აღნიშნავს, რომ მომავალში მოსახლეობა გახდება მოწმე დაავადების დიდი რაოდენობისა, ვინაიდან აფხაზეთის მცხოვრებლები არ ემორჩილებოდნენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც „მინისტრთა კაბინეტი” აქვეყნებდა. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რეალურად ეს დაინფიცირების მეორე შემთხვევაა, რადგან მანამდე ვირუსი გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს დაუდგინდა. იხსენებს, რომ მაშინ, ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, აფხაზებში ანტიქართული ისტერია გაჩაღდა. თუმცა, ზაქარეიშვილი იქვე ამბობს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ბევრი ამ განწყობას არ იზიარებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს პრაქტიკულად მეორე ფაქტია, მაგრამ პირველი ფაქტიაო, ამბობენ. პირველი უკავშირდებოდა ქართველ ქალბატონს და აგრესიაც არანაკლები იყო. ანტიქართული კამპანია აგორდა, მაგრამ სიტუაცია უცებ დაწყნარდა, რადგან მან მალე გაიარა მთელი აფხაზეთი და გადავიდა ზუგდიდში. პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის მდგომარეობას და სხვების დაინფიცირება არ მომხდარა. შესაბამისად, ვითარება ჩაცხრა. ამ ბატონთან მიმართებაში სიტუაცია უფრო რთულადაა, რადგან 29 მარტს შემოვიდა რუსეთის მხრიდან აფხაზეთში, შემოიტანა ვირუსი, კონტაქტები ჰქონდა და მხოლოდ 4 აპრილს მოხდა მისი დაფიქსირება, როგორც ინფიცირებულის. პანიკა არის, რადგან 29 მარტიდან 4 აპრილამდე არავინ იცის, რამდენ ადამიანს გადასცა ეს ვირუსი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“აფხაზები ბუნებით ნაციონალისტები არიან და შეუძლიათ, სხვას იოლად გადააბრალონ ყველაფერი, როცა ადამიანი სხვა ეროვნებისაა. გვახსოვს, მარნეულში რომ დადასტურდა დაინფიცირება, რამდენმა მოფაშისტო ქართველმა ანტიაზერბაიჯანული კამპანია წამოიწყო. არადა, ქართველები თითქოს ცივილიზებული ხალხი ვართ... ბუნებრივია, ისეთივე კატეგორიის ადამიანები აფხაზეთშიც იქნებიან, რომლებიც ძალიან იოლად სხვა ერის წარმომადგენელს გაწირავენ სალანძღავად. იქ აგორდა გარკვეული ნაციონალისტური ფრთა, მაგრამ ეს არ არის მთელი აფხაზური საზოგადოება, რადგან ბევრი ამის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება არასწორია. დაპირისპირება არის შიგნით, მაგრამ ცალსახად ყველა ანტისომხურ პლატფორმაზე არაა”, - ამბობს ზაქარეიშვილი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის თქმით, დაინფიცირება მოსალოდნელი იყო, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ადგილზე პრევენციის დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ და საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დასახმარებლად - “ჩვენი მზაობა ძალაშია, ასევე გრძელდება მოქმედებები, რომელთაც ვატარებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ დავეხმაროთ იქ მოსახლეობას”, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი, რომლის თქმით, “ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - დასძენს გამოცემა.

უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიციას ორდერის გარეშე სახლში შესვლის უფლება, თუ იქ წვეულება იმართება?

“შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში პოლიციას უფლება მიეცეს, თუკი სახლში წვეულება იმართება, პირდაპირ შევიდეს და იქ შეკრებილი ადამიანები საგანგებო სიტუაციის ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დააჯარიმოს ან კიდევ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კარანტინის პირობებში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი ნათესავებსა და ახლობლებთან სტუმრად მისული ადამიანები გახდნენ ან კიდევ - სარიტუალო სუფრა ან წვეულება, სადაც სახლში რამდენიმე ადამიანი იქნება შეკრებილი. სარიტუალო სუფრიდან მარნეულისა და რომანოვების კლასტერების მაგალითებიც გვაქვს, ასევე - სტუმრად მყოფი მკლავჭიდელი, რომელმაც რამდენიმე სოფელი მოიარა და 16-მდე ადამიანთან კომუნიკაცია ჰქონდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიციას ორდერის გარეშე სახლში შესვლის უფლება, თუ იქ წვეულება იმართება?

“როგორც ახლახან ნიდერლანდების შს მინისტრმა პიეტერ დე კრემმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში პოლიციას შეუძლია, ადამიანების საცხოვრებელ სახლებში შეიჭრას, თუ იქ წვეულება ან სხვა აკრძალული შეკრება მიმდინარეობს, სადაც სოციალური დისტანცირების წესები ირღვევა. ამის გაკეთება, მინისტრის თქმით, პოლიციას ფორმალური ორდერის გარეშეც შეუძლია. მინისტრი ამბობს, რომ მართალია, ის მეზობლებისგან ჯაშუშობას არ ითხოვს, თუმცა ყველას მოუწოდებს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობოს. “რეზონანსი” შეეცადა, იურისტთან გაერკვია, აქვს თუ არა პოლიციას ამის უფლება საქართველოში. იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელი სახლი კანონით დაცული სივრცეა. ამდენად, დღევანდელი რეგულაციით, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, პირდაპირ ასე სახლში შესვლის უფლება პოლიციას ვერ ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რომ გინდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში და გინდა ისე, პოლიციას დადგენილების მიხედვით შეუძლია, სასამართლო სანქციას არ დაელოდოს, სახლში შევიდეს, თუკი საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ იქ დანაშაული ხდება. შემდგომ იმისა, ჩხრეკა ან სხვა რაიმე ღონისძიება უკვე სასამართლოსგან დადასტურებას საჭიროებს. დღესაც კი პოლიციას, თუ ამდაგვარი ეჭვი იარსებებს, სახლში შესვლა შეუძლია. ეჭვის საფუძველზე, დანაშაულის აღსაკვეთად, ის საცხოვრებელ სახლში შევა”, - ამბობს ალაფიშვილი. ჩვენს კითხვაზე, თუკი პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ სახლში დაბადების დღეს ან ნიშნობას აღნიშნავენ, რამდენად აქვს სახლში შესვლის უფლება სასამართლოს განჩინების გარეშე საგანგებო მდგომარეობის პირობებში, იურისტი პასუხობს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, კარანტინის პირველადი დარღვევა 3000 ლარით ჯარიმდება, მეორე კი სს-ის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. დეკრეტში კონკრეტულად არ არის გაწერილი, სს-ის პასუხისმგებლობაში რა იგულისხმება”, - დასძენს გამოცემა.

“ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი და ამას გამოცემული დეკრეტით ვერ შევძლებთ. დეკრეტი არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი აქტი, მაგრამ ის ხომ კანონი არ არის. დეკრეტში თავშეყრის აკრძალვასთან დაკავშირებით გასაგებად წერია, რომ, გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი შენობისა, ყველგან სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება. ამიტომაც, სურვილის შესაბამისად, დეკრეტში ამ ჩანაწერის შესწორება შეიძლება. პარლამენტს შეუძლია პლენარული სხდომის ჩატარება და დაჩქარებული წესით კანონში ამ ცვლილების მიღება. ხელისუფლებას არავინ უშლის, რომ საგანგებო მდგომარეობა ლეგალურად სწორად მართოს. დადგენილებიდან ფრაზის “კერძო საკუთრების გარდა” ამოღებას არაფერი უნდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“ინფექციონისტი ვატო სურგულაძე კი “რეზონანსთან” საუბარში მიიჩნევს, რომ პოლიციას საგანგებო სიტუაციის პირობებში უნდა შეეძლოს, რომ თუ სახლში არის წვეულება, დაბადების დღე, ნიშნობა და სხვა შეკრება, რომელიც ინფექციის გავრცელების კერა შეიძლება გახდეს, პირდაპირ სახლში შესვლა და ამის აღკვეთა. მისი აზრით, ხელისუფლებამ წესები უნდა გაამკაცროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდაფეთქებას მივიღებთ, ამით კი დავაზიანებთ როგორც ჯანდაცვის სისტემას, ასევე - ეკონომიკასა და საკუთარ თავს”, - წერს სტატიის ავტორი.

„სტუმრად სიარული სერიოზული პრობლემაა. ნიშნობა რომ გადაიხადეს, 21 000-ით დააჯარიმეს. მერწმუნეთ, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია. ზოგს იჭერენ, ზოგს კი მეზობელი არ “უშვებს” და პოლიციის ყურამდე არც მიდის. ამიტომაც ზომები ძალიან უნდა გამკაცრდეს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვეულ ცხოვრებას, ქვეყნის ეკონომიკურ ფუნქციონირებას დავუბრუნდეთ და ყველაფერი თავზე არ ჩამოგვენგრეს, ახლა ძალიან უნდა გავამკაცროთ წესები. ადმინისტრაციული ჯარიმა კი არა, ციხეშიც უნდა გადავიყვანოთ. სხვანაირად შეიძლება, რომ ყველაფერი 2 დღეში აფეთქდეს. სულ ვტრაბახობთ, რომ ჩვენთან 208 ინფიცირებულზე მეტი არაა. ეს ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება, ისე შეიცვალოს, ვერც გავიაზროთ. შესაძლოა, ერთ დღეში გავიღვიძოთ და 700 კაცი გვყავდეს ინფიცირებული. საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციას არა მარტო სახლში შემოსვლის უფლება აქვს, არამედ შეიძლება, თქვენი სახლი საერთოდ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს - საჭიროებიდან გამომდინარე გითხრათ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლი თქვენი აღარაა და მე მჭირდებაო. მესმის, რომ პოლიციელები ცოდონი არიან, მაგრამ მათ ჩვენც უნდა დავეხმაროთ. თუკი დაინახავთ, რომ თქვენი მეზობელი კანონს არღვევს, პოლიციაში უნდა დარეკოთ. სხვაგვარად ამ ეპიდემიას ვერ ვაჯობებთ. ეს უკვე არაპატრიოტულია. ახლა სტუმრად სიარული კატეგორიულად დაუშვებელია. 2000 კაცს გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ 5000-სა და 10 000-ს ვერ გაუძლებს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

ლიფტი, საზოგადოებრივი ტუალეტი, ლითონის ზედაპირი - კიდევ საიდან შეიძლება დავინფიცირდეთ...

“საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე რამდენიმე კლასტერი არსებობს. შიდა გადაცემა დაწყებულია და ყველაზე საინტერესო ის კლასტერებია, სადაც ფულიდან და ლიფტიდან ადამიანების დაინფიცირება მოხდა. ამიტომაც ყველაზე საშიში და რისკის შემცველი ეს კლასტერებია, რადგანაც, ასეთ შემთხვევებში, ინფექციონისტებს მისი პირველწყაროს დადგენა უჭირთ. საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსის 208 დადასტურებული ფაქტია. ახლად დაინფიცირებულებიდან 2 პაციენტი ვირუსის გავრცელების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებზეც, სავარაუდოდ, ინფექცია ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებისგან გავრცელდა. ორივე პირი 70 წელს გადაცილებულია, მათგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე. ასევე ახლად დაინფიცირებულ პაციენტებს შორის არის არასრულწლოვანიც. 14 წლის მოზარდი თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კოვიდ-19 აქვთ მის მშობლებსაც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლიფტი, საზოგადოებრივი ტუალეტი, ლითონის ზედაპირი - კიდევ საიდან შეიძლება დავინფიცირდეთ, რას ამბობენ ინფექციონისტები?

“რა გზით არის შესაძლებელი, რომ კორონავირუსი ნებისმიერ ადამიანზე გავრცელდეს?! სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა, კოვიდ-19 ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე გადაედო. როგორც დაინფიცირებული სტიქაროსნის ახლობლები და მეზობლები “რეზონანსთან” აცხადებენ, მოზარდი და მისი ოჯახი, ლიფტიდან უნდა დაინფიცირებულიყვნენ, რადგანაც მათ მეზობლებს, რომლებიც მე-6 სართულზე ცხოვრობენ, კორონავირუსი დაუდგინდათ და ისინი სწორედ ლიფტის გამოყენებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეზობლები ამბობენ, რომ კორპუსის დეზინფექცია მხოლოდ 4 დღის შემდეგ მოხდა და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში სტიქაროსანი და მისი ოჯახი უნდა დაინფიცირებულიყვნენ, თუმცა მათ სიმპტომები 2 კვირის შემდეგ გამოაჩნდათ. ოჯახში მცხოვრებ მოხუცს სუნთქვა გაუჭირდა, რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახეს, სასწრაფოს დაგვიანების შემდეგ კი ავადმყოფის გადაყვანა ტაქსით სცადეს. საბოლოოდ, სასწრაფო მოვიდა და მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავდაპირველად, კორონავირუსი დაუდასტურდა 17 წლის სტიქაროსნის ბაბუას. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ვირუსი მთელ ოჯახს ჰქონდა. მოხუცს სუნთქვა გაუჭირდა და იგუდებოდა, ამიტომაც სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფომ დააგვიანა და არ მოდიოდა. ოჯახს უთხრეს, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, თუმცა მოხუცი ძალიან ცუდად გახდა, ფაქტობრივად, იგუდებოდა, ამიტომაც ოჯახმა საავადმყოფოში მისი გადაყვანა ტაქსით სცადა. საბოლოოდ, სასწრაფო მოვიდა და ისევ მათ გადაიყვანეს. ოჯახი ეჭვობს, რომ მათი დაინფიცირება ლიფტიდან მოხდა. ჩვენ ზემოთ, მეექვსე სართულზე ის ოჯახი ცხოვრობს, რომელთა წევრებიც ე.წ. რომანოვების კლასტერს წარმოადგენენ. ორი კვირის წინ მათ კორონა ვირუსი დაუდგინდათ. ისინი საავადმყოფოში ლიფტით ჩაიყვანეს. სწორედ მათი დაინფიცირება აქედან მოხდა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სტიქაროსნის მეზობელი.

“ინფექციონისტ გიორგი ლაბაძის თქმით, კორონავირუსი გავრცელდა და ვრცელდება წვეთოვანი ინფექციით. ინფექციონისტის განმარტებით, ზოგადად კორონავირუსი არის საკმაოდ გამძლე ვირუსი. ალუმინის ზედაპირზე 21 გრადუსი ტემპერატურის შემთხვევაში 8 საათს ძლებს, რკინის ზედაპირზე - 48 საათს, ქაღალდზე - 4-5 დღე, შუშაზე - 5 დღე, +4 გრადუსიდან მინუს ტემპერატურამდე კი თავის ინფექციურ თვისებებს ეს ვირუსი ინარჩუნებს 28 დღის განმავლობაში. -“კორნავირუსი საკმაოდ გამძლეა, თუ ხელი არ დაიბანეთ წესიერად, ვირუსი რჩება. არის ვარაუდი, რომ ჩინეთში ვირუსის ასე მასობრივი გავრცელება სწორედ საზოგადოებრივი ტუალეტების მოხმარებამ გამოიწვია. ასევე, ვირუსის დიდი გადამტანი მობილურებია. მის ეკრანზე ის საკმაოდ დიდი ხანი ძლებს. საკმარისია, ხელი არასწორად და არასაკმარისად დაიბანოთ, შემდეგ შეიმშრალოთ პირსახოცზე - ეს ნიშნავს, რომ ვირუსი გავრცელდება. საშიშია რკინა, სადაც კორონავირუსი 48 საათი ძლებს. ფული ასევე დიდი რისკის შემცველია, რადგანაც მასზე 4-5 დღე ცოცხლობს”, - ამბობს ინფექციონისტი, რომელიც მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ შუშებს, მასზე კორონავირუსი 5 დღე არსებობს”, - დასძენს გამოცემა.

“გიორგი ლაბაძის განმარტებით, კორონავირუსი მეტად საშიშია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვთ კარდიოვასკულარული დაავადებები, ასევე - ასთმა, ფილტვის პათოლოგიები. ინფექციონისტი ამბობს, რომ კორონავირუსი, პირველ რიგში, მათ აზიანებს. რაც შეეხება ნიღბების ტარებას, ლაბაძის თქმით, ეს იმ ადამიანებმა უნდა გაიკეთონ, ვინც თავად ამ ვირუსის მატარებელნი არიან. სხვაგვარად ნიღაბი ვირუსისგან ნაკლებად გვიცავს, თუ ის სამედიცინო პირბადე არ არის. “კორონავირუსი დახურულ, კონდიცირებად სივრცეში, სულ მცირე, 30 წუთი ძლებს და 4.5 მეტრამდე მანძილზე შეუძლია გადაადგილება. აღნიშნულს ცხადყოფს ჩინელი ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა. ჩინელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კორონავირუსს შეუძლია, რამდენიმე დღე გაძლოს ზედაპირზე, რომელზეც ხველის ან დაცემინების შედეგად წვეთები მოხვდა”, - ამბობს ინფექციონისტი, რომლის თქმით, “ამავდროულად, დრო, რომლის განმავლობაშიც ინფექცია არსებობას განაგრძობს ზედაპირზე, დამოკიდებულია ტემპერატურასა და მასალის სახეობაზე”, - წერს სტატიის ავტორი.

„გეგმა A”, „გეგმა B“ და „გეგმა C“ – თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, რა სცენარებზე მუშაობენ სპეციალისტები

“ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთათვის საქართველოში 3 500 საწოლია მობილიზებული, რაც ყველაზე ცუდი სცენარისთვის არის გათვალისწინებული და “გეგმა C “-ს წარმოადგენს. მედიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, თუმცა პიკი, რომელსაც დაახლოებით აპრილის ბოლოს და მაისის თვის პირველ კვირაში ელოდებიან, სპეციალისტების უმრავლესობის პროგნოზით, 1 000-დან 1 500-მდე იქნება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, 3 500 საწოლის საჭიროება დღეს არ დგას და ინფიცირებულთა პიკის შემთხვევაშიც არ იქნება ამის აუცილებლობა. ცერცვაძე, მაქსიმუმ, 1 500 პაციენტს ელოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „გეგმა A”, „გეგმა B“ და „გეგმა C“ – თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, რა სცენარებზე მუშაობენ სპეციალისტები.

“თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია ცხრა კლინიკა, სადაც ჯამში 440 საწოლია განთავსებული, რაც ამ ეტაპისთვის საკმარისზე მეტია. 3 500 საწოლი გათვალისწინებულია ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში. “3 500 საწოლი ამ წუთში მობილიზებული არ არის, უბრალოდ, კლინიკებთან მოლაპარაკებაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მობილიზებული იქნება. დღეისთვის “გეგმა A” მუშაობს, ცხრა კლინიკა იღებს კოვიდპაციენტებს, ოთხი თბილისშია და დანარჩენი - ბათუმში, ზუგდიდში, საჩხერეში, ქუთაისსა და გორში. ამ ცხრა კლინიკაში მობილიზებულია 440 საწოლი. ეს არის დღეს მოქმედი, რაც საკმარისზე მეტია. ამ დროისთვის 159 პაციენტია, 46 გაეწერა და 3 გარდაიცვალა. ადგილების ნაკლებობა არ არის. თუ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გახდა 300-400 და ეს საწოლები არ იქნება საკმარისი, ძალაში შევა “გეგმა B”. საბოლოო რიცხვი, საჭიროების შემთხვევაში, 3 500 საწოლი იქნება. “ამდენ რაოდენობას არ ველოდები. მგონია, რომ ყოველდღიურად იქნება მატება სამი ათეული ადამიანით”, - თქვა ცერცვაძემ, რომლის აზრით “შეიძლება, ათასს გადასცდეს, მაგრამ პირადად ის 1 500-ზე მეტს პაციენტს არ ელოდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პაციენტების რიცხვის გაზრდას 1 000-დან 1 200-მდე ელოდება, რაც, მისი პროგნოზით, აპრილის ბოლოს არის მოსალოდნელი. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ელოდებიან, რომ ამ კვირის ბოლოს ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდება და 350-დან 400-მდე გაიზრდება. გაორმაგებას ელოდებიან მომდევნო კვირის ბოლოსაც, თუმცა მანვე დასძინა, რომ ამ პერიოდში გაიზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ამის შესახებ გამყრელიძემ 7 აპრილს “ფეისბუკლაივის” დროს განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად”, - დასძენს გამოცემა.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ