კომპანია „ონვეის“ დამფუძნებელის, „ელექტრონული კომერციის ასოციაციის“ წარმომადგენელის თამარ გოგოლაშვილის განაცხადებით, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის პირობებში ონლაინ შეძენის თვალსაზრისით, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა, როგორც საკვებ პროდუქტებზე, ასევე საბავშვო ინვენტარსა და წიგნებზე. აღნიშნულის შესახებ თამარ გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ელექტრონული გაყიდვები დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, თუმცა, საქართველოში ის აიკრძალა.
„იმისათვის, რომ სახლში დარჩნენ ადამიანები და ფიზიკური და მორალური ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, სჭირდებათ პირველადი მოხმარების საგნები. მსოფლიო სტატისტიკა იუწყება, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა, როგორც საკვებ პროდუქტებზე ონლაინ შეძენის თვალსაზრისით, ასევე სააფთიაქო პროდუქტებზე, შემდეგ მოდის საბავშვო ინვენტარი, მასზე მოთხოვნა დაახლოებით 10% -ია, ასევე წიგნები - 16%, სამაგიდო თამაშები, სპორტული ინვენტარი და ა.შ. საფოსტო-საკურიერო კომპანიის სტატისტიკაც ამას უწყის, რომ პირველადი მოხმარების საგნებზე გაიზარდა მოთხოვნა, რომელიც ჩვენი თანამემამულეების სიჯანსაღეს უწყობს ხელს და ასევე იმას, რომ ისინი არ გავიდნენ სახლიდან, მათ მოემსახურონ დატრენინგებული კურიერები, საფოსტო კომპანიები, რომლებიც იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს და პირდაპირ აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს. თუმცა, მოცემულობა დღეს არის სხვა, ექომერსი აიკრძალა ჩვენდა გასაკვირად, მაშინ როცა ის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა დღეისათვის,“- განაცხადა თამარ გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, მომხმარებელი აუცილებლად დაიწყებს პირველადი მოხმარების საგნების ძებნას, მაგალითად, „საბავშვო ეტლს“, პლედებს და ა.შ.
როგორც გოგოლაშვილი ამბობს, მათი ინფორმაციით, „დახლქვეშ გაყიდვები“ უკვე დაიწყო. „ეს ყველაფერი დღეს გახდა საძებარი და ეს იწვევს იმას, რომ გაცილებით მეტი ადამიანი გამოვა სახლიდან ამ პროდუქტის საძებნელად და ისინი მოივლიან ძალიან ბევრ ადგილს იმისთვის, რომ ეს პროდუქტი მოძებნონ. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გვაქვს ბევრი შემთხვევა და ინფორმაცია, რომ უკვე დაიწყო დახლქვეშ გაყიდვები. ეს შავი ეკონომიკის გაჩენის საშიშროებას აჩენს. ეს ცვლის ადამიანების ქცევას, მათ ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს და მეორე მხრივ, ძალიან ბევრ აღურიცხავ შემოსავალს გააჩენს, რომელიც ბიუჯეტს დააკლდება. მაგალითად, უკვე ტაქსის კომპანიები ატარებენ ამანათებს, რომელსაც ფოსტა უნდა ატარებდეს წესით. ამ შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს ნივთების გადაზიდვა არ ეკრძალებათ, ბევრი კომპანია შეიძლება გადავიდეს ამ მიმართულებაზე, რომ როგორც ფიზიკურმა პირმა გააგზავნოს პროდუქტი და ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ვერ მოხერხდება კონტროლი და სტანდარტების გადამოწმება, რამდენად რეალურად იცავენ სტანდარტებს კომპანიები, “- აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"