ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2020

ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ - რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია. შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზეც
ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინაზე ცდები მოხალისეებზე დაიწყო – რას ამბობს პირველი აცრილი პაციენტი
სამყარო პანდემიის შემდეგ: „ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება“ – ინფექციონისტი ვატო სურგულაძე
* * *
ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ - რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია. შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზეც
“მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა სავალდებულოა დაცული იქნეს დისტანცია და უსაფრთხოების ყველა ზომა. ამასთან პატარა ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები, მრევლი დადგება გარეთ, უსაფრთხოების წესებს კი პოლიცია დაიცავს. 17 აპრილიდან 10 მაისამდე, შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზეც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ - რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.
“მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ”, - აღნიშნა ჩიქოვანმა. საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით სააღდგომო ლიტურგიისას მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და მას დილის 6 საათზე, მსახურების შემდეგ დატოვებს. აღნიშნა, რომ ეს არის ძალინ შეღავათიანი პირობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მრევლს მიეცეს საშუალება, სრულყოფილად დაესწროს სააღდგომო მსახურებას. ჯაღმაიძის თქმით, აუცილებელია მრევლმა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით გაავრცელა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მანამდე სამების საკათედრო ტაძარში ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვის შემდეგ მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ ვნების შვიდეულის მსახურებათა განრიგი გააცნო. მისი განცხადებით, აღდგომის კვირაში დაგეგმილი ღვთისმსახურებების განგირი ასეთია: ხუთშაბათს დილის 10:00 საათზე - ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია და წმინდა საიდუმლო სერობის გახსენება, 16:00 საათზე - 12 ვნების სახარება; პარასკევს დილის 09:00 საათზე - სამეუფეო ჟამები, 14:00 საათზე - გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება; შაბათს 07:00 საათზე - წესის აგება, ჟამების კითხვა, 09:00 საათზე - წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია; 22:00 საათზე - შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე პატრიარქი სამების ტაძარში მივა; 24:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მიებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო საღმრთო სააღდგომო ლიტურგია”, - განაგრძობს გამოცემა.
“წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს. თუმცა უცნობია ჯერჯერობით, როგორ მოხდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში წესების დაცვა, რათა მრევლი და სასულიერო პირები კომენდანტის საათის დარღვევის გამო არ დაჯარიმდნენ. დეკანოზი შალვა კეკელია კი “რუსთავი 2”-თან საუბარში ამბობს, რომ აღდგომის წირვისთვის მზადდება შენობა, რომელიც 2 000-მდე ადამიანს დაიტევს. “სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის ადვილი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია”, - ამბობს შალვა კეკელია, რომლის თქმით, ადგილებსაც მონიშნავენ, რომ ადამიანები დისტანციით იდგნენ”, - გასძენს გამოცემა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღდგომოდ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში შეიძლება, სასაფლაოები დაიკეტოს. კონკრეტულად რომელ ქალაქებს შეეხება აღნიშნული, ჯერჯერობით უცნობია. “რეზონანსი” დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ და როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, საზოგადოებას გააცნობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანს” სტატიაში სათაურით რომელი სასაფლაოები დაიკეტება სააღდგომოდ და რომელ დღეებში.
“როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, 10 დღის განმავლობაში ოთხი დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი ჩაიკეტება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნება კოვიდ-19-ის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში ზომები მკაცრდება და შეზღუდვა სწორედ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე საფლაოებზე გასვლის ტრადიციასაც შეეხო. იმას, რის შესახებაც გუშინ პრემიერ მინისტრმა ისაუბრა, დღეს იმერეთში უკვე ოფიციალური ფორმა მიეცა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება. როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში, თუმცა, ეს შეზღუდვა 3 დღეს გასტანს და აღდგომის დღეს სასაფლაოებზე მისასვლელი გზა დაკეტილი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.
“დიდი ქალაქების, ქუთაისისა და ზესტაფონის, სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაიკეტება. სასაფლაოები, სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირასა და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების რისკი დიდია”, - თქვა შალამბერიძემ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასაფლაოების დაკეტვის შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე”, - დასძენს სტატიის ავტორი.
ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინაზე ცდები მოხალისეებზე დაიწყო – რას ამბობს პირველი აცრილი პაციენტი
“ამერიკელი 44 წლის ჯენიფერ ჰალერი პირველი მოხალისე პაციენტია, ვისზეც კორონავირუსის ვაქცინა დატესტეს. მას ვაშინგტონის შტატში ვაქცინაცია მარცხენა მხარზე გაუკეთეს, ამჟამად იგი იზოლაციაში იმყოფება ქალაქ სიეტლში. მან ბრიტანულ “ტლეგრაფთან” ინტერვიუში ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას საკუთარი განცდები გაუზიარა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინაზე ცდები ადამიანებზე დაიწყო – რას ამბობს პირველი აცრილი პაციენტი.
“ჰალერის თქმით, კორონავირუსის ინიექციის პროცესი ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის მსგავსი იყო, პირველ დღეს ტემპერატურა ოდნავ მომატებული ჰქონდა, მეორე დღეს კი მკლავი ძალიან ასტკივდა, მაგრამ მალევე გაუარა და შემდეგ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა. ჰალერმა მომავალ კვირას ვაქცინის მეორე დოზა უნდა გაიკეთოს, ხოლო ერთი წლის განმავლობში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იქნება. კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც 44 წლის მოხალისეზე გამოსცადეს, სიეტლის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. თავიდან ვაქცინა ცხოველებზე დატესტეს, პერსპექტიული შედეგების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ვაქცინა ადამიანზეც გამოეცადათ.
“ვაქცინაციისთვის 45 მოხალისე შეირჩა, რომელთაც ინექციის ორი დოზა 28 დღის ინტერვალით გაუკეთდებათ. მოხალისეების ჯანმრთელობაზე მონიტორინგი 2021 წლის ზაფხულამდე განხორციელდება. ამჟამად ვაქცინაზე გამალებით მუშაობენ, სულ მცირე, 70-მდე უნივერსიტეტსა და კვლევით ინსტიტუტში ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, დანია, ნორვეგია, ჩინეთი და ა.შ. არის მნიშვნელოვანი პროგრესიც, თუმცა ბევრი სპეციალისტი მაინც მიიჩნევს, რომ ვაქცინაზე მუშაობა, სხვადასხვა გათვლით, 12-დან 18 თვემდე გასტანს”, - დასძენს გამოცემა.
სამყარო პანდემიის შემდეგ: „ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება“ – ინფექციონისტი ვატო სურგულაძე
“ახალი კორონავირუსის პიკის გადავლის შემდეგ, რომელიც საქართველოში, სპეციალისტების თქმით, უკვე დაიწყო, ცხოვრება ჩვეულ რიტმს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. მედიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო საზოგადოებას კოვიდ-19-თან ერთად მოუწევს თანაცხოვრება, როგორც ეს წითელასა და ღორის გრიპის შემთხვევაში მოხდა. საუბარია იმაზე, რომ საქართველო ეპიდემიის პიკის ფაზაში შედის, რომელიც დაახლოებით 2-3 კვირა გასტანს. რამდენად რეალურია, რომ ამის შემდეგ სიტუაცია დალაგდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ამის შესახებ “რეზონანსი” ექიმ-ინფექციონისტს, ვატო სურგულაძეს გაესაუბრა. მისი თქმით, კოვიდ-19, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვეულებრივი ვირუსი გახდება და ჩვენ მოგვიწევს ახალ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, თუმცა ამ ეტაპზე გადასვლას მომზადება და უსაფრთხოების პირობების შექმნა სჭირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება“ – როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ, რას ამბობს ინფექციონისტი.
“ეს ყველაფერი 2-3 კვირა გაგრძელდება, ერთი კვირა თუ ერთი თვე, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია და არავის შეუძლია. მსოფლიოშიც კი არ არსებობს რიცხვები, რომ სტატისტიკური კვლევები ჩავატაროთ და ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მაგალითს საქართველოს პროგნოზისთვის ვერ გამოვიყენებთ, მით უმეტეს, რომ არც სტატისტიკური მონაცემები არსებობს ამ დონის. პიკის გადავლის შემდეგ არ უნდა ველოდოთ, რომ ყველაფერი უცებ წესრიგში მოვა და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. ამას მომზადება სჭირდება, თუ როგორ დავუბრუნდებით ნორმალურ ფუნქციონირებას. არ მგონია, სკოლები და უნივერსიტეტები გაიხსნას. შეიძლება, პირველ სექტემბრამდე ან პირველ ოქტომბრამდე გადაიდოს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.
“იმისათვის, რომ ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს, ამას სჭირდება უსაფრთხოების პირობების შექმნა, დაწყებული საავადმყოფოებით. შემდეგ ყველა დაწესებულება თანდათან უნდა გაიხსნას, საწარმო იქნება, სავაჭრო ცენტრი თუ სხვა. თუკი ამის პირობას არ შევქმნით, შეიძლება, ისევ დაბრუნდეს ეს პანდემია. მსოფლიოში კვლავ დაინფიცირების შემთხვევებია იმ ხალხისა, ვინც ეს უკვე გადაიტანა. ამას სჭირდება სერიოზული მომზადება, დაწყებული ტრანსპორტიდან, დამთავრებული იმით, მაღაზიაში როგორ შევიდეთ და ა.შ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოქალაქეები როგორ მოვიქცევით. თუ დიდ ქალაქებში ცდილობენ, წესები დაიცვან, ეს რეგიონებში არ ხდება. ხალხის დიდი რაოდენობით თავშეყრის ერთ შემთხვევასაც კი შეუძლია, სიტუაცია გაართულოს”, - განმარტავს ინფექციონისტი.
“მთავარი ამოცანაა, ეს პიკი იყოს დაბალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკის შემდეგ ეს ყველაფერი დაბრუნდება ნორმალურ კალაპოტში. ეს ვირუსი გახდება ჩვეულებრივი, როგორიც წითელა, ღორის გრიპის ვირუსი, რომელიც ყოველწლიურადაა. ეს ვირუსი გახდება “ნორმალური”. 8-12 თვე მაინც დასჭირდება ვაქცინის შექმნას. ეს ვირუსი ყოველწლიურად გვექნება, მაგრამ უფრო მომზადებული დავხვდებით. მოვსპობთ და მორჩება, ასეთი რამ არ იქნება. ამას გადავიტანთ, მაგრამ ბევრ რამეს შეცვლის ეს ვირუსი, თვითონ ღირებულებებში შეიცვლება ბევრი რამ”, - დაასკვნის ვატო სურგულაძე.

























