ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2020

როგორ გადავურჩეთ დაინფიცირებას ქუჩებსა თუ მარკეტებში - პროფესორი ალექსანდრე პაპიტაშვილი
“კლინიკები უკვე მაქსიმალურ ზღვარზე ვმუშაობთ” - ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი
სოსო არჩვაძე - როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს
ბადრი ჯაფარიძე - “საგანგებო მდგომარეობის ვადას ვეღარ გავახანგრძლივებთ, თორემ კრიზისში აღმოვჩნდებით”
* * *
როგორ გადავურჩეთ დაინფიცირებას ქუჩებსა თუ მარკეტებში - პროფესორი ალექსანდრე პაპიტაშვილი
“კორონავირუსი რნმ-ის ტიპის ვირუსთა ჯგუფს (რიბონუკლეინმჟავა) განეკუთვნება. ის პატარაა და ძალიან ადვილად ვრცელდება - შეიძლება ნახევარ საათში ერთი ვირუსიდან მილიონი ვირუსი წარმოიშვას. ის ბინადრობს ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსში და კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსებსაც აღწევს, მაგრამ ადამიანს თუ არა აქვს კარგი იმუნიტეტი, შეიძლება სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში მოხვდეს. ამ დროს ვითარდება ე.წ. მულტიორგანული დაზიანება”, - აცხადებს სამედიცინო უნივერსიტეტ “გეომედის” პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე პაპიტაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ გადავურჩეთ დაინფიცირებას ქუჩებსა თუ მარკეტებში / Covid-19 ახალ-ახალ “სიურპრიზებს გვპირდება”/ “უკვე დადასტურებულია, რომ ეს ვირუსი 60 გრადუსზეც არ იღუპება. 70 გრადუსზე - 5 წუთში, 100 გრადუსზე კი მომენტალურად კვდება”.
“იმის გამო, რომ ვირუსი მსუბუქია, ის თავსდება ნერწყვის მიკროსკოპულ ნაწილაკებში, პირის ღრუდან რომ გამოიყოფა ლაპარაკის, ხველებისა და დაცემინების დროს. ვინაიდან კუჭ-ნაწლავშიც მრავლდება, არსებობს ინფიცირების ფეკალური გზაც. ამიტომ ადამიანმა ზედმიწევნითაც რომ დაიცვას რეკომენდაციები (პირბადე, ხელის დაბანა, დისტანცია), შეიძლება საპირფარეშოში დაინფიცირდეს. ამიტომ აუცილებელია უნიტაზის დეზინფექცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კორონავირუსი დიდხანს რჩება ჰაერში. გერმანელი მეცნიერების კვლევით დამტკიცდა, რომ როცა ადამიანი აცემინებს ან ახველებს, ნერწყვი ღრუბლის სახით გამოიყოფა. მას ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან მიკრონული ნაწილაკებია, მაგრამ სიბნელეში სახის წინ პროჟექტორს თუ გაანათებთ, დაინახავთ ამ ღრუბელს, როგორც მტვერს, რომელიც ჰაერში დაფრინავს. პროჟექტორის განათებით დამტკიცდა, რომ ლაპარაკით ვირუსი 2 მეტრამდე, დახველების დროს 3,5 მეტრამდე, დაცემინებისას კი 5,5 მეტრამდე გადაეცემა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე პაპიტაშვილი.
“გერმანიისა და ისრაელის სპეციალისტები მუშაობენ და კვლევების შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებენ თუ რამდენ ხანს რჩება ჰაერში ან საგნების ზედაპირზე ვირუსი. უკვე არის შრომები, სადაც დადასტურებულია, რომ ეს ვირუსი 60 გრადუსზეც არ იღუპება. 70 გრადუსზე 5 წუთში, 100 გრადუსზე კი მომენტალურად კვდება... დამტკიცდა, რომ კორონას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა ცელსიუსით 4-დან 8 გრადუსამდეა. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად შრება ვირუსიანი ნერწყვის უხილავი ნაწილაკები და ვირუსი კვდება. ამიტომ, თუ ტემპერატურა 30-40 გრადუსამდეა, ვირუსი ჰაერში 3-4 წუთს რჩება, თუ 0 გრადუსამდეა, 1 საათამდე. თუ ყინვაა, ნერწყვის პატარა ნაწილაკები იყინება და დაბლა ცვივა. დაახლოებით -5 გრადუსიდან და უფრო დაბლა ისინი ძირს ცვივიან და ინფიცირების უნარს კარგავენ. ეს ორი წელია თბილი ზამთარი გვაქვს, ყინვა არ ყოფილა რუსეთსა და ჩინეთშიც. იქ შეიძლება ვირუსი კიდევაც ცირკულირებდა და ყინვა რომ ყოფილიყო, უფრო დაილექებოდა. საერთოდ, კორონავირუსის გადაცემა უფრო ხშირია კოლექტივებსა და ქუჩაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში და თქვენ წინ მიდის ორი უპირბადო ადამიანი, რომლებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ. იმ ორიდან ერთი მაინც თუ დაინფიცირებულია, გამოყოფს ამ ღრუბელს და მისი დიამეტრი ამ შემთხვევაში არის 50-80 სმ. ინფიცირებული მიდის და უკან ტოვებს ღრუბლის შლეიფს. თუ უკან მიჰყვება ვინმე და კომბინეზონი არ აცვია, დაინფიცირება გარდაუვალია. პირბადეც რომ ჰქონდეს, შეიძლება ვირუსი თვალის ლორწოვანზე, თმაზე, ასევე ტანსაცმელზე მოხვდეს (უკვე ლაპარაკია ფეხსაცმელზეც). ნიღაბი არის 80%-იანი დაცვა და ეს შენი დაცვა კი არა, შენგან დაცვაა. თუ ყველას უკეთია ნიღაბი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ეს კულტურისა და სოლიდარობის ამბავია... როცა ასეთ ხალხს დაინახავთ, შლეიფური ინფიცირება რომ არ მოხდეს, უკან კი არა, გვერდით უნდა იაროთ, 2 მეტრის დაშორებით. ქარიან ამინდში ვირუსს ქარი ფანტავს და არ არის იმდენად საშიში, გადადების დიდი საშიშროება ნორმალურ ამინდშია. ამერიკელების კვლევით, ტანსაცმელზე ვირუსი 3-დან 12 საათამდე შეიძლება გაჩერდეს. ამინდს გააჩნია - თუ სინოტივე მაღალია, ვირუსი მასზე დიდხანს რჩება, თუ მშრალი ამინდია, ნაკლებად...”, - განმარტავს პროფესორი.
“ახლახან გერმანელებმა კარგი შრომა გამოაქვეყნეს - ნახეს, რომ ოთახებში ვირუსი კი იყო, მაგრამ მკვდარი, არ ჰქონდა გამრავლების უნარი - ანუ მთავარი ის კი არ არის, საერთოდ არის თუ არა ვირუსი, არამედ ის, რამდენად აქვს გამრავლების უნარი. არა მარტო ქუჩაში, სახლშიც აუცილებელია წესების დაცვა. როცა შინ ბრუნდებით, ფეხსაწმენდი ტილო უნდა იყოს სველი, სადაც იქნება დასხმული მადეზინფექცირებელი ხსნარი. თუ ვინმემ სადარბაზოში გაიარა და დააცემინა ან დააფურთხა, შეიძლება ვირუსი სახლში ამ გზით შემოიტანოთ. ფეხებს გაიწმენდთ და კარს რომ გააღებთ, არ უნდა დაკეტოთ. ცალკე უნდა გქონდეთ ყუთი, სადაც ფეხსაცმელს ჩადებთ. ამ დროს იქმნება ინფიცირების ორი კერა - ფეხსაცმელი და ხელი, რომელიც მას მოჰკიდე და გაიხადე. შემოსასვლელ კარს კიდევ არ კეტავთ. შემდეგ იქვე, ცალკე კარადაში უნდა მოათავსოთ ქურთუკი, ქუდი და ყველა ის ტანსაცმელი, რაც გარეთ გეცვათ. მაშინვე ნიღაბს აგდებთ შესასვლელთან მდებარე ნაგვის ვედროში, რომელშიც აუცილებლად ცელოფანია ჩაფენილი. ამ რისკს რომ მოიცილებთ, შემდეგ ხელი დაიბანეთ ქაფიანი საპნით. მანამდე ხელს არაფერს ჰკიდებთ, ტუალეტის კარის და წყლის ონკანის სახელურსაც არ შეეხოთ, მაგალითად, გახსენით იდაყვით. თუ მაინც მოჰკიდებთ, მერე სათანადო წესით უნდა დაამუშაოთ. მხოლოდ ასეთნაირად ხელის დაბანის დასრულებისას შეიძლება ჩაიცვათ საშინაო ტანისამოსი”, - ამბობს ალექსანდრე პაპიტაშვილი.
“ბოლოს უნდა აიღოთ მადეზინფექცირებელი ხსნარით გაჟღენთილი ტილო და დაამუშაოთ ორივე მხრიდან კარის სახელური და ამის მერე დახუროთ კარი. ეს პროცედურები დროს მოითხოვს და დამღლელ-მოსაწყენია, მაგრამ ინფიცირების აცილების სხვა გზა არ არსებობს და უნდა მივეჩვიოთ, ცხოვრების წესად გავხადოთ. ქუჩის ტანისამოსსაც ორივე მხარეს დამუშავება სჭირდება ცხელი ფენით ან ორთქლის უთოთი. თუ ტანსაცმელს არ დაამუშავებთ, 12 საათი არ უნდა მიეკაროთ... თუ ვიღაცამ გთხოვათ ტელეფონი, მაშინვე უნდა დაამუშაოთ. მაღაზიაში თუ ხართ, დაგირეკეს და ამოიღეთ ჯიბიდან, თან არ იცით, ინფექციის ღრუბელმა გაიარა თუ არა, უნდა დამუშავდეს. პლასტიკსა და მეტალზე ეს ვირუსი 3-დან 7 დღემდე შეიძლება შენარჩუნდეს. საგნებს სპირტით თუ დაამუშავებთ, ის 70-გრადუსიანზე ნაკლები არ უნდა იყოს... ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, უპრიანია დოლბანდის ხუთფენიანი პირბადე, რომელიც 2-3 საათზე მეტხანს არ უნდა გეკეთოთ, მერე ან უნდა გადააგდოთ, ან გარეცხოთ”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ყველაზე მთავარ რისკად ფულთან შეხება დასახელდა...” - პასუხობს:
“დიახ, ფულით ბევრი დაავადდა. ქაღალდსა და მუყაოზე ვირუსი 24 საათს ძლებს, მეტალის ფულზე კი 3 დღემდე ჩერდება. როდესაც მოლარე თქვენგან ფულს იღებს, მან სხვისგან აღებული ფულის მერე აუცილებლად უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით ხელთათმანიც. ეს ფულთან ყველა შეხების მერე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამას ვინ გააკეთებს? თანაც ხსნარები ძვირია. ამიტომ, როცა მოლარე ხურდას გიბრუნებთ, უნდა გქონდეთ ცელოფანი და მასში ხურდა თვითონ უნდა ჩაგიყაროთ. რაც შეეხება პროდუქტს, ყველაფერს ისე უნდა მივუდგეთ, რომ შეიძლება ყველაფერი ინფიცირებული იყოს. როცა მაღაზიიდან შინ დაბრუნდებით, პროდუქტი ნიჟარაში უნდა მოათავსოთ და გარეცხოთ საპნითა და გამდინარე წყლით. არა აქვს მნიშვნელობა, წყალი ცხელია თუ ცივი. ხურდა ფულსაც ასე ვრეცხავთ, ქაღალდის ფულს კი ვაუთოებთ (მთავარია, 100 გრადუსი იყოს) ან ფენით ვამუშავებთ, შემდეგ ხელს იმავე წესების დაცვით ვიბანთ და უთოს სახელურს ვამუშავებთ”.
“ჩემი მუშაობის ბოლო 8-9 წელი მივუძღვენი ორსულებში ინფექციური, მათ შორის ვირუსული დაავადებების საფუძვლიანად შესწავლას. ნებისმიერი ინფექცია ორსულისთვის ძალიან სახიფათოა... თავდაპირველად ითქვა, რომ კორონავირუსი არ გადადის დედიდან ნაყოფზე, მაგრამ ამ მხრივ შეიცვალა წარმოდგენები... რეკომენდაციები ორსულებისთვის იგივეა - დისტანცია, ჰიგიენა, მაგრამ არის დიდი პრობლემა - ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს ვირუსი ნაყოფზე ადრეულ ვადებში. გამოკვლეულია მხოლოდ ის, რომ არ იწვევს ორსულობის მოშლას. ჯერ არ არის გამოკვლეული დაინფიცირებული ორსულების რაოდენობაც... ქალების დაახლოებით 15%-ს აქვს სამეანო გართულებები და ამ პირობებში გააჩნია, როგორი იქნება მსვლელობა. თუ პლაცენტა დაზიანდა, მაგალითად, ტოქსიკოზის დროს, შეიძლება ვირუსი გაატაროს და ნაყოფი არ იქნება დაცული. გარდა ამისა, ორსულ ქალს მეტი ჰაერი სჭირდება, რადგან როცა ნაყოფი იზრდება, ფილტვებს აწვება და ფილტვების მოცულობა მცირდება... გარდა ამისა, ორსულს შეიძლება ჰქონდეს ინფექციის უსიმპტომო მიმდინარეობა. ასე რომ, ორსულები მაღალი რისკის ჯგუფებში უნდა იყვნენ ჩათვლილი, ყველას უნდა გაუკეთდეს სავალდებულო ტესტირება, რათა გამოირიცხოს დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა. როცა ქალი იმშობიარებს, არ არის გამორიცხული, დაცვითი ფუნქცია, რომელიც პლაცენტას ჰქონდა, მოიხსნას და მას გართულება დაეწყოს”, - დაასკვნის ალექსანდრე პაპიტაშვილი.
“კლინიკები უკვე მაქსიმალურ ზღვარზე ვმუშაობთ” - ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი
“ახალი პრეპარატები არ გამოჩენილა, თუმცა გამოვცადეთ ის პრეპარატები, რომელთა იმედიც თავიდან გვქონდა... რაც შეეხება “პლაქვენილსა” და “რემდესივირს” ამჟამად “პლაქვენილის” ეფექტიანობა საეჭვო ხდება, თუმცა მაინც გამოიყენება ამერიკაშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ჩვენთანაც... მას აქვს ეფექტი, როცა ვიწყებთ მკურნალობას, განვითარებულ დაავადებაზე მკურნალობის ეფექტი მცირდება. ამიტომაა საჭირო მსუბუქი შემთხვევის დროს სიმპტომის გამოვლენისთანავე ამ პრეპარატით მკურნალობა და ასეც ვიქცევით. “რემდესივირი” კი კვლავ კლინიკური კვლევების დონეზეა და მასშტაბურად არ იყენებენ. ვერ ვიტყვით, რომ ამ პრეპარატმა იმედი გაგვიცრუა ან, პირიქით, მისი იმედი გვაქვს, თუმცა ველით, რომ ჩვენთანაც მალე იქნება და გამოვიყენებთ” - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ყველა მითითებას არ შევასრულებთ, დღეში გვექნება ასეულობით შემთხვევა” /„რაც დღეში საშუალოდ 30 პაციენტის ინფიცირება დაიწყო, კლინიკები უკვე მაქსიმალურ ზღვარზე ვმუშაობთ” / “დაავადება ძალიან გახანგრძლივდა - გამოჯანმრთელების დრო მსუბუქ შემთხვევებში დაახლოებით 20 დღეა, შედარებით მძიმე შემთხვევებში კი ავადმყოფობა შეიძლება ექვს კვირაზე მეტხანსაც გაგრძელდეს”.
“პრეპარატებიდან, რომლის იმედიც გვქონდა, ჩვენ გამოვცადეთ “ტოცილიზუმაბი” - მონოკლონური ანტისხეული, რომელიც გამოიყენება ე.წ. ინტერლეიკინ 6-ის რეცეპტორის წინააღმდეგ - ეს პრეპარატი ჩვენს კლინიკაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ გამოვიყენეთ. (ინტერლეიკინ 6 არის ციტოკინი, რომელიც მონაწილეობს “ციტოკინურ შტორმში”, რაც, სამწუხაროდ, ამ დაავადების დროს ხშირია და იწვევს პაციენტების მდგომარეობის დამძიმებას. ის გამოიყენება სწორედ ამ შტორმის თავიდან ასაცილებლად ან უკვე დაწყებული შტორმის შესამსუბუქებლად). “ტოცილიზუმაბი” გამოვიყენეთ, როცა მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა, პაციენტს სჭირდებოდა არაინვაზიური ვენტილაცია, იყო მკვეთრად ჟანგბადდამოკიდებული და სხვა პრეპარატები, რომლებიც მანამდე გამოვიყენეთ, არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ამიტომ გადავწყვიტეთ მისი გამოყენება რამაც ავადმყოფის მდგომარეობა გააუმჯობესა. რამდენიმე დღის წინ გავწერეთ კლინიკიდან, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან “ტოცილიზუმაბის” გამოყენება დაკავშირებულია დიდ რისკთან... თუ პაციენტის მდგომარეობას განსაზღვრავს არა Covid-19, არამედ რომელიმე სხვა ინფექციური ან ქრონიკული დაავადება და თუ ექიმმა ეს ზუსტად ვერ განსაზღვრა, შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს და გარდაცვალებითაც კი დასრულდეს, თუმცა ჩვენთან სწორად შეფასდა ეს რისკი და კარგი შედეგიც მივიღეთ. “ტოცილიზუმაბს” იყენებენ იტალიაში, გერმანიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რევაზ მეჭურჭლიშვილი.
“მართალია, კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი 14 დღემდეა, მაგრამ დაავადება ხშირად მე-5-მე-6 დღეს უკვე ვლინდება, ანუ, ძირითადად, ინკუბაციური პერიოდი 5-6 დღეა. რაც შეეხება დაავადებას, ძალიან გახანგრძლივდა - გამოჯანმრთელების დრო მსუბუქ შემთხვევებში დაახლოებით 20 დღეა, შედარებით მძიმე შემთხვევებში კი ავადმყოფობა შეიძლება ექვს კვირაზე მეტხანსაც გაგრძელდეს. ჩვენ ახლაც გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც 5 მარტს შემოვიდა და ტესტზე გუშინაც კი დადებითი პასუხი ჰქონდა. დაავადების გახანგრძლივება ართულებს ახალი პაციენტების მიღებას, ინფიცირების შემთხვევები კი იმატებს, ამიტომ ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს... განგაშის საფუძველი, რა თქმა უნდა, გვაქვს! ჩვენთან პიკის პერიოდი უკვე დაწყებულია, რასაც დაემთხვა აღდგომის დღესასწაული და შეიძლება დაავადებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდოს. თუ ყველა მითითებას ზედმიწევნით არ შევასრულებთ, დღეში გვექნება ინფიცირების არა 30-40, არამედ - ასეულობით შემთხვევა, ექიმები კი ასეულობით შემთხვევის გასამკლავებლად მზად არ ვართ. რაც დღეში საშუალოდ 30 პაციენტის ინფიცირება დაიწყო, კლინიკები უკვე მაქსიმალურ ზღვარზე ვმუშაობთ. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ასეული თუ გახდა, ავადმყოფთა სახლებში მკურნალობა მოგვიწევს”, - განმარტავს ექიმი ინფექციონისტი.
“ყოველდღე გვიკავშირდებიან ქართველი ემიგრანტები ესპანეთიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ინგლისიდან... გვიყვებიან იქ შექმნილ მდგომარეობაზე, გვეუბნებიან, რომ მიდიან ექიმთან, რომელიც უდასტურებს, რომ ინფიცირებულები არიან, თუმცა, ვერც კლინიკაში აწვენს, ვერც გამოკვლევებს უტარებს, მკურნალობაზე ლაპარაკიც ზედმეტია... თუ არ გვინდა, ჩვენთანაც ეს მოხდეს, უნდა გავფრთხილდეთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, თორემ მერე ყველაფერი შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ ეს ვირუსიც სეზონური აღმოჩნდება და ზაფხულში შესუსტდება”, - დასძენს რევაზ მეჭურჭლიშვილი და შეკითხვაზე - “ლაპარაკობენ კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე. ეს მითია თუ რეალობა? გამონაყარი ან ქვედა კიდურებზე ლურჯი ლაქები არის ამ დაავადების სიმპტომი?” - პასუხობს:
“არა. კვლევები, რომლებიც მცირე ჯგუფს უტარდება, განსაზოგადებელი არ არის. ასეთი ნიშნები დაავადებულთა 1%-ს მაინც უნდა აღმოაჩნდეს, რომ სიმპტომად ჩავთალოთ. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა”.
სოსო არჩვაძე - როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს
“ეკონომიკა შეიკუმშა, ერთობლივი მოთხოვნა და მიწოდება შემცირდა და მივიღეთ ე.წ. საბიუჯეტო მაკრატელი - ანუ ერთდროულად შემოსავლები მკვეთრად შემცირდა და ხარჯები გაიზარდა. პრობლემები, რომლებიც ჰქონდა ბიუჯეტს, უფრო გამრავლდება. ამიტომაც არის საჭირო დამატებით რესურსების მოძიება. ცოტა გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ უკვე შედგენილია პარამეტრები, რომელთა მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, დაგეგმილთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება სწორედ ამ გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საბიუჯეტო მაკრატლის ხარჯზე”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს / “უკვე 3 თვის შემდეგ უნდა შევძლოთ აღმავლობის სტადიაზე გადასვლა. მართალია, ძველი დონის მიღწევას უფრო მეტ დროს მოვანდომებთ, მაგრამ პროგრესის ნიშნები და გამოცოცხლება უკვე 3 თვეში აშკარა იქნება”.
“ბოლო მონაცემებით, საქართველოში 220 ათასზე მეტი უმუშევარია. პანდემიის გამო თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაპაუზებას, ეს ციფრი, სულ ცოტა, გაორმაგდება. გარდა ამისა, კიდევ გასათვალისწინებელია რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი და როდის დაუბრუნდება ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმს... საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალზე სუსტია როგორც გლობალური მასშტაბით, ისე ეკონომიკური განვითარების დონით. ერთ სულზე წარმოებული პროდუქციით მსოფლიოში 103-ე ადგილზე ვართ. თუ ავიღებთ მთლიან შიგა პროდუქტს მოსახლეობის ერთ სულზე, ჩვენი მაჩვენებელი საშუალოევროპული მაჩვენებლის მხოლოდ 13%-ია, ბიუჯეტის ხარჯები ერთ სულზე - 7,1%, ხოლო სოციალური დაცვის ხარჯები კიდევ უფრო ნაკლები - 4,2%. შედარებისთვის: უმუშევართა დახმარება ევროკავშირში დაახლოებით 1500 დოლარია, ამერიკაში 1200, ხოლო ჩვენთან ეს საერთოდ არ არის გათვალისწინებული და უმუშევარი ადამიანი, ფაქტობრივად, იმ სოციალური დახმარების პაკეტის ხარჯზეა, რასაც სახელმწიფო შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში აძლევს სიღარიბის ზღვარსა და მის ქვემოთ მყოფ ოჯახებს. ამიტომ, რაკი “ჭამა ქონებაზე კიდია” და იმ მოკრძალებული შესაძლებლობებიდან, რაც გვაქვს ან რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონდეს საგარეო დახმარების მიღების შემდეგ, საკმაოდ რთული პერიოდის გადატანა მოგვიწევს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე
“იმ 3-მილიარდიან პაკეტს, რომელიც გათვალისწინებულია სახელმწიფოს მხარდაჭერისა და კერძო ბიზნესისთვის, თავისი მიზნობრივი, პროგრამული დატვირთვა აქვს და სოციალური დახმარების დასარიგებლად მისი სრულად გამოყენება, ბუნებრივია, გამორიცხულია. აშშ-მა უმუშევრად დარჩენილ თითოეულ მოქალაქეს დახმარების სახით 1200-დოლარიანი ჩეკი გადასცა. იაპონიაში დაახლოებით 1000 დოლარის დახმარება მიიღეს მოქალაქეებმა, ხოლო ჩვენ ამის ფუფუნება ნამდვილად არა გვაქვს. მაგრამ, როგორი მცირეც უნდა იყოს ჩვენი ფინანსური რესურსი, ამ მძიმე ვითარებაში ხელისუფლებამ მაინც უნდა მოახერხოს და დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, ვინც შემოსავალი დაკარგა. დიდი დარტყმა მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესმა, მომსახურების სექტორმა. შემცირებასთან ერთად, უკვე შეიმჩნევა დასაქმების ბაზრის ფორმატის ცვლილება და ცალკეული პროფესიებისა და საქმიანობათა სახეობების მიხედვით ვაკანსიების რაოდენობის ზრდა. თვალში საცემია და კიდევ უფრო გაიზრდება დასაქმების აბსოლუტური რიცხვი სამედიცინო სფეროში, ფარმაციაში, სამედიცინო აპარატურის წარმოებასა და მიწოდების სექტორში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საქმიანობებში, სოფლის მეურნეობაში...”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამან უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ უახლოეს წლებში აღარ მოგვიწიოს ყოველწლიურად 400-500 მილიონ დოლარზე მეტის გატანამ იმ პროდუქციის შესაძენად, რომლის წარმოებისთვის აქ იდეალური კლიმატური პირობებია. ეს პროდუქცია რომ აღარ უნდა ვიყიდოთ ჩვენს ახლო თუ შორეულ მეზობლებში, საქართველოსთვის ეროვნული თავმოყვარეობისა და ღირსების საკითხია. მომავალში აუცილებლად გაგვეზრდება დასაქმება სურსათისა და მზა პროდუქტების ადგილზე მიტანისა და მომსახურების სფეროში. კიდევ უფრო გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა ონლაინგაყიდვების სფეროში, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში. ფაქტობრივად, ეკონომიკის ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ არათუ კლება, არამედ დასაქმების ზრდა გვექნება და ერთ სფეროში უმუშევრად დარჩენილები სამსახურს მოიძიებენ სხვა, ამ ეტაპზე მოთხოვნად ბიზნესში. თუმცა მოსახლეობის განსაზღვრულ ნაწილს ხელისუფლების დახმარება, დასჭირდება. ვფიქრობ, დღევანდელი პოტენციალისა და რესურსების გათვალისწინებით, მაინც შესაძლებელია დაახლოებით 200-220 ათასი კაცის ფინანსურად დახმარება, სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში, თვეში 400 ლარის ოდენობით. ეს თვეში დაახლოებით 80-90 მილიონი ლარის რესურსის მობილიზებას მოითხოვს და შესაბამისად, 3 თვის განმავლობაში ეს ციფრი 240-დან 270 მილიონ ლარამდე მიაღწევს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ვფიქრობ, ამ ტვირთის აწევის შესაძლებლობა ნამდვილად შესწევს საქართველოს ბიუჯეტს, მით უფრო იმ დახმარებისა და მხარდაჭერის წყალობით, რომელსაც გარედან ველოდებით, ასევე იმ თანხების ხარჯზე, რომელიც ბიზნესმა შეიტანა სახელმწიფოს სპეციალურ ფონდში. ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების თანადგომისა და ურთიერთგატანის მუხტი საკმაოდ ძლიერია და ვფიქრობ, ეს შედეგს მოიტანს. და კიდევ, საზოგადოებას მართებს თვითშეგნებითა და პასუხისმგებლობით მოახდინოს სახელმწიფო დახმარების მონეტიზაცია. რაც უფრო დისციპლინირებული იქნებიან ჩვენი მოქალაქეები, დაიცავენ წესრიგს, დარჩებიან სახლში, მით მეტად გადაარჩენენ იმ სახელმწიფო რესურსებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მათთვის ეკონომიკური დახმარებისთვის. ამით სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის უფრო ფართომასშტაბიანი დახმარების შანსი მიეცემა”, - ამბობს სოსო არჩვაძე.
“ხელისუფლებას არა აქვს ის ფუფუნება, რითაც ოპოზიცია სარგებლობს - ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა გააჟღეროს ნებისმიერი ციფრი, ინიციატივა და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა მას, ფაქტობრივად, არ მოეკითხება. ხელისუფლების წონასა და ავტორიტეტს კი მისი დანაპირები განსაზღვრავს - რომ იტყვის, აუცილებლად უნდა გააკეთოს. ამიტომ მწირი რესურსების, ამ რესურსების მოძიების და საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკების დამთავრებამდე ამ ციფრების წინასწარ გაჟღერება და მოსახლეობისთვის პირობის წინასწარ მიცემა რთული იყო. გარდა ამისა, თავად ფაქტი და პროცესია უპრეცედენტო. ეკონომიკის მხარდაჭერა აღმოჩნდა იმ რესურსების მძევალი, რომელიც დარჩება ჯანდაცვის სექტორს. ახლა პირველი რიგის ამოცანაა ადამიანის გადარჩენა, მისი ჯანმრთელობა და მხოლოდ ამის შემდეგ ეკონომიკის დახმარებაზე ფიქრი”, - განმარტავს რესპონდენტი.
“საქართველოში ოფიციალურად ხელფასების გაცემა უნაღდო ანგარიშსწორებით ხდება, შემდეგ ის იბეგრება და წლის განმავლობაში რა შემოსავალს რომელი წყაროდან ვიღებთ, ეს ინფორმაცია ყოველი ჩვენგანის შესახებ შემოსავლების სამსახურს აქვს. ამ მონაცემების მიხედვით გაკონტროლდება, ვინ დაკარგა სამსახური. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც გრადაციის გაკეთება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სოციალურ დახმარებას 100 ათასზე მეტი ოჯახი იღებს, ხოლო დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა დაახლოებით ოთხჯერ მეტია. ამის მიხედვითაც შესაძლებელია განსაზღვრა, თუ ვინ საჭიროებს უმუშევრობის დახმარებას, ოღონდ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობაც, რომ მათი ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის მიზნობრივად, საჭიროებების მიხედვით დავეხმაროთ”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “არსებობს ასეთი მოსაზრებაც - უმუშევრობის შემწეობის გაცემას ხომ არ სჯობს ეს ფული მივცეთ ბიზნესს, რომელიც შეძლებს არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ან დასაქმების პერსპექტივის შექმნას?” - პასუხობს:
“ამ საკითხში ოქროს შუალედია მოსაძებნი. სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი რიგი მუხლები გათვალისწინებულია სწორედ ამ დატვირთვით და ცალკეული სამშენებლო და საინვესტიციო პროექტები იმას ემსახურება, რომ არ შეჩერდეს წარმოება და სწორედ ბიზნესის ფუნქციონირების ხარჯზე მოხდეს დასაქმებულთა შემოსავლების ფორმირება. აქ საუბარია მედლის ორ მხარეზე - ერთი მხრივ, ბიზნესის მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის ხარჯზე და მეორე მხრივ, იმ ადამიანების აგრესიული დახმარება, ვინც წარმოების პროცესიდან ამოვარდა და შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა. ამ ორი მიმართულების კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში სოციალური დაძაბულობის შენელებას”.
“ექსპერტების, ეკონომისტების ვარაუდით, ამ კრიზისს აქვს ლათინური V-ს განვითარების გზა - კრიზისი და შემდეგ შედარებით სწრაფი გამოცოცხლება და აღმავლობა. იყო ასეთი პროგნოზებიც - ხომ არ მიიღებდა ეს კრიზისი ლათინური L-ის ფორმას, ანუ დაცემა და შემდეგ ხანგრძლივი სტაგნაცია, ხოლო გამოცოცხლება დაიწყებოდა დაახლოებით 3-6 კვარტალის შემდეგ. მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაო რესურსი, პოტენციალი და ოპტიმიზმი იმისთვის, რათა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთან კრიზისი არ გახდება ლათინური L-ის მსგავსი და ამიტომ უკვე 3 თვის შემდეგ უნდა შევძლოთ აღმავლობის სტადიაზე გადასვლა. მართალია, ძველი დონის მიღწევას უფრო მეტ დროს მოვანდომებთ, მაგრამ პროგრესის ნიშნები და გამოცოცხლება უკვე 3 თვეში აშკარა იქნება”, - დაასკვნის სოსო არჩვაძე.
ბადრი ჯაფარიძე - “საგანგებო მდგომარეობის ვადას ვეღარ გავახანგრძლივებთ, თორემ კრიზისში აღმოვჩნდებით”
“ყველა ქვეყანაში, სადაც პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა, მთელი პოლიტიკური სპექტრი კონსოლიდირებულია. სამწუხაროდ, ამისთვის მზად არ არის ჩვენი ხელისუფლება. არ ვიცი, ეს კომპლექსების ბრალია თუ კიდევ სხვა რამის. ჩვენ ანტიკრიზისული გეგმა პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად არ წარგვიდგენია. თუ ქვეყანას ვერ გადავარჩენთ, ყველა დავიღუპებით. რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში? საქმეს თავს შესანიშნავად ართმევს სამედიცინო პერსონალი, არც კრიზისის მართვის ის ნაწილია ურიგო, რასაც მედიკოსების რეკომენდაციები ითვალისწინებს. თუმცა ეს არ არის საკმარისი”, - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საგანგებო მდგომარეობის ვადას ვეღარ გავახანგრძლივებთ, თორემ კრიზისში აღმოვჩნდებით” / “ვაქცინის შექმნას ვერ დაველოდებით, ამას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს. მთელი წლით “დაპაუზებას” ჩვენ კი არა, ამერიკა და ევროპული ქვეყნები ვერ გაუძლებენ” / “როდის გვეტყვიან, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ? ძალიან არასერიოზულია იმის თქმა, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გავამჟღავნებთ ანტიკრიზისულ გეგმასო”.
“აუცილებელია საგანგებო რეჟიმით განსაზღვრული პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება რესურსების მობილიზაციისთვის, როგორც სამედიცინო დანიშნულების საგნების მომარაგება, ასევე ექიმებისა და ექთნების გადამზადება. სამწუხაროდ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. რას ვაკეთებთ დღეს იმისთვის, რომ ამ პრობლემას ხვალ მომზადებული დავხვდეთ? რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრისგან საგანგაშო განცხადება მოვისმინეთ - ქალბატონმა ტიკარაძემ თქვა, რომ დღეს არსებული რესურსებით მხოლოდ 850 პაციენტის მოვლის საშუალება აქვთ. ამიტომაც არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საგანგებო რეჟიმით განსაზღვრული დრო მაქსიმალურად არ გამოვიყენოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ ერთი თვის განმავლობაში და რის გაკეთებას აპირებს 10 მაისამდე. სწორედ ამიტომ მოვთხოვეთ მათ ანგარიშის ჩაბარება. დღეს არსებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად აფერხებს ეპიდემიის გავრცელებას, მაგრამ 10 მაისის მერე რა იქნება? თუ განუსაზღვრელი ვადით უნდა გაგრძელდეს ეს რეჟიმი? ასე არ გამოვა. საგანგებო მდგომარეობის ვადას ვეღარ გავახანგრძლივებთ, თორემ კრიზისში აღმოვჩნდებით. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე უკანასკნელ თეთრებს ითვლის. უნდა შევძლოთ და კორონავირუსის არსებობის პირობებში ცხოვრება გავაგრძელოთ, ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილებზე დავაბრუნოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.
“ვაქცინის შექმნას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს. მთელი წლით “დაპაუზებას” ჩვენ კი არა, ამერიკა და ევროპული ქვეყნები ვერ გაუძლებენ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რათა ოჯახები შიმშილს გადავარჩინოთ. ხელისუფლებას მთელი ერთი თვე ჰქონდა, რომ რესურსების მობილიზება მოეხდინა. უკვე ნელ-ნელა უნდა იწყებდეს ხალხის დაბრუნებას სამუშაო ადგილებზე. სამსახურში დაბრუნებული ადამიანი პირბადითა და ყველა სხვა დამცავი საშუალებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. “ლელომ” ხელისუფლებას მხარი დაუჭირა, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაშინაც, როდესაც ეს რეჟიმი კიდევ გაამკაცრა. უფრო მეტიც, ჩვენ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესებას ვითხოვდით. იცით, რატომ? იმიტომ, რომ შედეგი სწრაფად მიგვეღო. “ოცნებამ” შეზღუდვები კარგად ვერ გათვალა, ვერც რესურსების მობილიზება მოახერხა და ვერც ზოგიერთი საკითხის მოგვარება. ამის ნაცვლად კომიკური გადაწყვეტილებები მიიღო. როგორ შეიძლებოდა დროის დაკარგვა თუნდაც ისეთი ანეკდოტური აკრძალვის დაწესებაში, როგორიცაა ავტომობილში მძღოლის გვერდითა სავარძლით სარგებლობის შეზღუდვა, ოჯახის წევრისთვისაც კი. ასევე არაფრის მომცემი, უფრო მეტიც, მავნებლური გადაწყვეტილება იყო ონლაინგაყიდვების აკრძალვა. როცა ადამიანს გარეთ გამოსვლას უზღუდავ თუნდაც სამართლიანად, შინ მიწოდების სერვისი უნდა მოუწესრიგო. მით უფრო, რომ ეს უმუშევრობის პრობლემასაც შეამსუბუქებდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“უცხოელი პარტნიორები, ჩვენი ტრადიციული დონორები, სავალუტო ფონდი საქართველოს ყოველთვის ეხმარებოდნენ, ახლაც ეხმარებიან და მომავალშიც დაეხმარებიან. საკითხავი ის არის, ხელისუფლება როგორ გამოიყენებს ამ დახმარებას. ბოლოს და ბოლოს, გამოაქვეყნონ ანტიკრიზისული გეგმა. ფრაგმენტულად ახმოვანებენ ბუნდოვან გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ერთხელ ითქვა, რომ 2 მილიარდი ლარის მობილიზებას ახდენენ, ახლა ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან. ეს გასაგებია, მაგრამ როდის გვეტყვიან, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ? ძალიან არასერიოზულია იმის თქმა, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გავამჟღავნებთ ანტიკრიზისულ გეგმასო. ყველა დასავლურ, დიდი და მცირე ეკონომიკის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს, მთავრობამ უკვე გააცნო ხალხს თავისი ანტიკრიზისული გეგმა, რაც ფინანსური რესურსების მობილიზაციას გულისხმობს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, საჩქაროა, იმიტომ, რომ ჩვენ დღეს მიახლოებითაც ვერ ვიტყვით, რამხელა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს საბოლოოდ “კოვიდ-19”-მა. ძალიან მნიშვნელოვანია საწარმოების პრეკრიზისულ მდგომარეობაში დაბრუნება, მაგრამ ეს გრძელვადიანი ამოცანაა”, - მიიჩნევს გაერთიანება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი.
“უპირველესად უფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეები უნდა დავაბრუნოთ სამუშაო ადგილებზე. ამისთვის აუცილებელია ჩვენი მოდელით გათვალისწინებული სახელმწიფო საგარანტიო სისტემის, ასევე საბანკო სისტემაში არსებული რესურსების ამოქმედება და ამ ყველაფრის დაკავშირება დასაქმებასთან. მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ იმ კომპანიებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი სასურსათო პროდუქტით. ჩვენს 6-მილიარდლარიან ანტიკრიზისულ გეგმაში 1 მილიარდი ლარი სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის განსაზღვრული. სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი თანდათან უნდა შემცირდეს და ადგილობრივი მეურნეობა წახალისდეს. მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, პოსტპანდემიური სამყარო რადიკალურად განსხვავებული იქნება პრეპანდემიური სამყაროსგან. მაგალითად, იაპონიის მთავრობამ უკვე გამოყო დიდი თანხა, რათა საწარმოები გადმოიტანონ ჩინეთიდან და ნაწილი იაპონიაში, ნაწილი კი სხვა ქვეყანაში განთავსდეს. იმავეს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. თუ ჩვენ ამ მომენტით არ ვისარგებლებთ, ძალიან დიდ შეცდომას დავუშვებთ” - დაასკვნის ბადრი ჯაფარიძე.
“ერთია საჯარო ტრიბუნიდან, მიკროფონთან კეკლუცობა და მეორე საქმე. “ოცნების” ხელისუფლებამ, სწორედაც თურნავას წარმატებული მეცადინეობით გააჩერა ანაკლიის პროექტი, რომელიც შესაძლოა დღეს ძალიან საინტერესო გამხდარიყო ამერიკული და იაპონური კომპანიებისთვის. სწორედ იაპონიის გრანტით იყო დაპროექტებული ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ეს ხომ ნიშნავს, რომ იაპონია თავისი კომპანიების ჩინეთიდან საქართველოში გადმოტანას მხარს დაუჭერდა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებისგან იაპონიამ უკვე მიიღო ცუდი სიგნალი, როდესაც ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება გააუქმა. იქნებ კრიზისმა მაინც გამოაფხიზლოს ისინი, ვინც დაბრმავებულნი იყვნენ, შურით, სიძულვილითა და გაუგებარი პოლიტიკური მოტივებით. თუ სახელმწიფო სწორად იმოქმედებს, ჩვენ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა პოსტპანდემიურ მსოფლიოში კომპანიების გადანაწილებისას ვიხეიროთ”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დღეს ჩვენს ქვეყანაში გლობალური პანდემიის კვალდაკვალ თავი იჩინა არანაკლებ სახიფათო პრობლემამ, რაც საპატრიარქოს უკავშირდება. საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია კანონზე მაღლა დადგა, მეორე ნაწილის აზრით კი მავანნი ქრისტიანობას დევნიან”, - პასუხობს:
“რაც დღეს ეკლესიის გარშემო ხდება, ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესების დაცვა მან უნდა უზრუნველყოს. სრული უპასუხისმგებლობა იყო მთავრობის მეთაურის განცხადება, რომ მან უკვე ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი საზოგადოების კეთილგონიერებაზეა. როგორ შეიძლება ხალხს უთხრა, რომ მის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული, კანონს დაარღვევს თუ არა. ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მავანს საშუალებას აძლევს, ამ საკითხის გამო შექმნილი ვნებათაღელვა ამავე ინსტიტუციაზე შეტევისთვის გამოიყენოს, რაც ძალიან სახიფათოა. სახელმწიფოს უნდა უნდა ემოქმედა ისე, რომ კანონი ყველასთვის თანაბარი ყოფილიყო და მავანს ეკლესიისთვის ტალახის სროლის საშუალება არ მისცემოდა”.

























