ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება - თბილისს ურჩევნია ყურადღება გაამახვილოს საკარანტინე ზომების უზრუნველყოფაზე

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება - თბილისს ურჩევნია ყურადღება გაამახვილოს საკარანტინე ზომების უზრუნველყოფაზე

ვითარების დაძაბვის ნაცვლად, ოფიციალურ თბილისს ურჩევნია, ყურადღება გაამახვილოს საკარანტინე ზომების უზრუნველყოფისა და თვითიზოლაციის წესების თემებზე, რათა კორონავირუსი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ გავრცელდეს, რომელიც ერთადერთი „ქვეყანაა“ სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ვირუსი არ გაკარებია. ადგილობრივი სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი იუწყება.

„ზოგიერთ ქართულ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები, რომლებშიც რუსეთის სასაზღვრო ორგანოებს ადანაშაულებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლებაში და ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ეს წარმოადგენს შეზღუდვას მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და წყლის რესურსებზე წვდომაზე, ასევე ქმნის კორონავირუსის გავრცელების დამატებით საფრთხეს. ამ კონტექსტში უშიშროების კომიტეტი აღნიშნავს, რომ თბილისის წარმომადგენელთა ყველა განცხადება, ზემოხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით, წარმოადგენს სიცრუეს. კვლავაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებულ რეალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ , - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მათი თქმით, ქართული მხარის „ისტერიკის ახალი ეტაპი“ გამოწვეულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის მიერ სოფელ გვირგვინასთან რამდენიმე საინფორმაციოს ნიშნის განთავსება ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გავლების თაობაზე.