ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2020

ვახტანგ ძაბირაძე - “მგონია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება კატასტროფული შეცდომაა”

კორონავირუსის ყველაზე სუსტი და ყველაზე აგრესიული ფორმები სხვადასხვა ქვეყნებში

ახალი სომხურ-აფხაზური დაპირისპირება სოხუმში

რატომ გაახსენდა ეპიდემიის დროს სერგეი ლავროვს საქართველო - ზურაბ აბაშიძის კომენტარი

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “მგონია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება კატასტროფული შეცდომაა”

“რა უნდა ქნას ხალხმა სოფლებში და მუნიციპალიტეტებში, წარმოდგენა არ მაქვს, როდესაც აკრძალულია ტრანსპორტით გადაადგილება და ადამიანს თუ რაიმე სჭირდება, ან აფთიაქში ან საკვებ პროდუქტებზე წასვლა - მას საშუალოდ 7-8 კილომეტრის გავლა მაინც მოუწევს. გადაწყვეტილება, რომელიც ამას არ იაზრებს, მგონია, რომ კატასტროფული შეცდომაა”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის 27 აპრილამდე გახანგრძლივებას გულისხმობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მთავრობის ეს გადაწყვეტილება კატასტროფული შეცდომაა - ძაბირაძე.

“გარდა ამისა, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების გახანგრძლივება, დაანონსებული 10 მაისის ნაცვლად, 22 მაისამდე გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ხელი უკვე მოაწერა, რომელსაც 22 აპრილს პარლამენტი საგანგებო სხდომაზე კენჭს უყრის. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ სიტუაცია დასტაბილურდება, მთავრობას შეუძლია საგანგებო მდგომარეობა დროზე ადრე შეწყვიტოს, ან შეამსუბუქოს. “გასაგებია, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, როცა საქმე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას ეხება, მგონია, რომ ეს გაცილებით მკაცრი ზომაა, ვიდრე ამის აუცილებლობა არსებობს”, - ამბობს რესპონდენტი, რომლის აზრით, “აქ სხვადასხვა მიდგომა მაინც უნდა ყოფილიყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ის, რომ ქალაქებში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აიკრძალოს, სადაც ადამიანს ყველაფერი ახლოს აქვს - მარკეტი, აფთიაქი თუ სხვა - ეს კიდევ შეიძლება რაღაცნაირად გამართლებული იყოს, მაგრამ რა უნდა ქნას ხალხმა სოფლებში და მუნიციპალიტეტებში, წარმოდგენა არ მაქვს. როდესაც აკრძალულია ტრანსპორტით გადაადგილება და ადამიანს თუ რაიმე სჭირდება, ან აფთიაქში, ან საკვებ პროდუქტებზე წასვლა, მას საშუალოდ 7-8 კილომეტრის გავლა მაინც მოუწევს. გადაწყვეტილება, რომელიც ამას არ იაზრებს, მგონია, რომ კატასტროფული შეცდომაა, განსაკუთრებით სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტაბგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას, მთავრობამ, როგორც ჩანს, დიდი პერიოდი აიღო. თუ ყველაფერი ნორმალურად და კარგად წავიდა, საგანგებო მდგომარეობის დროზე ადრე შეწყვეტა რა თქმა უნდა შეუძლიათ. ვითარებას დააკვირდებიან და იმის მიხედვით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენად პროგრესირებადი იქნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ და თუ საჭირო გახდა, დროზე ადრეც შეწყვეტენ, ან შეამსუბუქებენ”, - დასძენს ანალიტიკოსი.

კორონავირუსის ყველაზე სუსტი და ყველაზე აგრესიული ფორმები სხვადასხვა ქვეყნებში

“კოვიდ-19 ინფექცია შესაძლოა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს, რაც კორონავირუსის კონკრეტულ შტამზეა დამოკიდებული, რომელიც ამ ინფექციას იწვევს - შესაბამისი დასკვნა ჩინელმა მეცნიერებმა დადეს. მათი თქმით, არსებობს კორონავირუსის არგესიული და ნაკლებად აგრესიული შტამები და მათ შორის განსხვავება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჟეძიანის კვლევითი უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კორონავირუსული ინფექციის გამომწვევი პათოგენის 11 სხვადასხვა შტამი გააანალიზეს, რომელიც ქალაქ ხანჯოუში მყოფი ინფიცირებულებისაგან იყო აღებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კორონავირუსის ყველაზე სუსტი და ყველაზე აგრესიული ფორმები - რომელ ქვეყნებში რომელი შტამია გავრცელებული.

“მეცნიერებს სურდათ შეესწავლათ რა სისწრაფით აღწევდნენ პათოგენის სხვადასხვა შტამები ადამიანის უჯრედში და ასევე რა სისწრაფით ხდებოდა ამის შედეგად უჯრედის განადგურება. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს კორონავირუსის სხვადასხვა შტამები, რომლებიც ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველაზე აგრესიული ის სახეობებია, რომელიც ესპანეთსა და იტალიაშია გავრცელებული, ხოლო ყველაზე ნაკლებად აქტიური იმ მუტაციების მსგავსია რომელიც აშშ-ში, მაგალითად, ვაშინგტონშია გავრცელებული. სამეცნიერო შრომის ავტორები ამბობენ, რომ მათ პირველად შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ კოვიდ-19-ის პათოგენეზი შესაძლებელია კორონავირუსის კონკრეტული შტამების აგრესიულობის მიხედვით განისაზღვროს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გარდა ამისა, ყველაზე სუსტ და ყველაზე ძლიერ შტამებს შორის განსხვავება ძალიან დიდია - მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ წარმოქმნილი ე.წ. ვირუსული დატვირთვა ერთმანეთისაგან 270-ჯერ განსხვავდება. ამასთან, ყველაზე სუსტ შტამსაც კი შეუძლია მძიმე გართულებები გამოიწვიოს, ლეტალური შედეგების ჩათვლით”, - დასძენს გამოცემა.

ახალი სომხურ-აფხაზური დაპირისპირება სოხუმში

აფხაზეთის დემოგრაფიისა და რეპატრიაციის ე.წ. სამინისტრო აფხაზურ ოჯახებს მესამე და მომდევნო შვილის შეძენისათვის 100 ათას რუბლს (დაახლოებით 4 000 ლარი) გადაუხდის - ამის შესხებ ე.წ. მინისტრმა ბესლან დბარმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება არ ეხება აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ეთნიკური წარმომავლობის ოჯახებს და ასეთმა მიდგომამ აფხაზეთის სომხურ დიასპორაში სერიოზული ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი სომხურ-აფხაზური დაპირისპირება სოხუმში.

“მრავალშვილიანი აფხაზი ოჯახების დაფინანსების პროექტი, მიმდინარე წლის მარტში დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ პროგრამის “დემოგრაფიის განვითარება 2020”-ის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად დემოგრაფიული განვითრების სტიმულირებას ისახავს. პროგრამა მხოლოდ აფხაზური ოჯახებისთვის ხორციელდება, რომლის გამოც დე ფაქტო რეპატრიაციის ფონდიდან 50 მილიონი რუსული რუბლი გამოიყო. აფხაზეთში მცხოვრები სომხები თავის უკმაყოფილებას ძირითადად სოციალურ ქსელებში გამოხატავენ: “ყველაზე საშინელი ისაა, რომ ეს უკვე აღარ მიკვირს...” “და რას იტყოდნენ რუსეთს რუსული პენსიები აფხაზეთში მხოლოდ ეთნიკურად რუსებისთვის რომ გადაეხადა?” “არადა ოდესღაც რა კარგი ქვეყანა იყო...” ბესლან დბარმა კი “სპუტნიკთან” საუბარში პირდაპირ განაცხადა, რომ “თანხის გაცემა ხორციელდება კონკრეტული სატიტულო ერისთვის მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადებისას”. კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვტილება ცალსახად დისკრიმინაციულია, რაც აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილებას გამოიწვევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს რა თქმა უნდა აშკარად დისკრიმინაციულია. გასაგებია მათი მოტივაცია, რომ აფხაზური პოპულაცია მცირდება,რაც პრობლემას უქმნით და თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ალბათ გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ეს ნაბიჯი ლოგიკურად გასაგებია, მაგრამ თუ ისინი მართლა რაღაც, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობას აშენებენ და საკუთარ თავს სახელწიფოს ეძახიან, მაშინ ეს სრულად დისკრიმინაციულია და უთანასწორობის განცდას და საზოგადოების განხეთქილებას უწყობს ხელს. ეს მათი საზოგადოების შეკვრას შეუშლის ხელს. მათ ორი ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი: ერთი - საზოგადოება შეკრან, რაც არ გამოდის და მეორე - აფხაზური პოპულაცია გადაარჩინონ. ესაა ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ხალხის არასწორი გადაწყვეტილება, ესაა ნაბიჯი არაფრისკენ, უშედეგობისკენ. ეს ჩვენთანაცაა. ამ დონეზე არა, მაგრამ, მაგალითად, საქართველოს ეკლესიას რაღაც უფლებები მიეცა და მუსლიმებს არ მიეცათ. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის დაცინვა და გაკრიტიკება ცოტა არ იყოს მეუხერხულება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

რატომ გაახსენდა ეპიდემიის დროს სერგეი ლავროვს საქართველო - ზურაბ აბაშიძის კომენტარი

“რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მოსკოვი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება ქართულ მხარეს ექნება... ლავროვის განცხადებით სავაჭრო მისიებსაც გარკვეული შეთანხმებები სჭირდება. “მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებით სარგებელს მოგვცემს, მაგრამ თუ ისინი ამას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას”, - აღნიშნა ლავროვმა. აბაშიძის განმარტებით, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა მის კოლეგა რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შესახვედრის დროს, ლავროვის წინადადება მსგავსი ფორმატით საქართველოსთვის მიუღებელია და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა უნდა გაგრძელდეს “პრაღის ფორმატით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ გაახსენდა ეპიდემიის დროს სერგეი ლავროვს საქართველო - ზურაბ აბაშიძის კომენტარი.

“ეს საკითხი არ განხილულა. ზოგადად, სავაჭრო წარმომადგენლობის ფორმას საქართველოს კანონდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. პრაღის ფორმატში, სადაც ამ კუთხით გვაქვს ხელშესახები შედეგები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოს და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე და შეკითხვაზე - “პანდემიის დროს და არსებული ვითარების ფონზე, რატომ გაახსენდა ლავროვს საქართველო?” - პასუხობს:

“ეს უკვე ბატონ ლავროვს უნდა ვკითხოთ."

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს