ე.წ. სამხრეთ ოსეთში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 36 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაშია 10 ადამიანი. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანა გაგლოევამ განაცხადა.
მისივე ცნობით, სატვირთო ავტომანქანების 18 მძღოლი სასტუმროში განათავსეს, სადაც ისინი კარანტინში იქნებიან.
გაგლოევას ინფორმაციით, ადამიანებს, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან, ზედამხედველობას სამართალდამცველებთან ერთად მისი სამსახურის თანამშრომლები გაუწევენ.
მისივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი არ ჩატარებულა, რადგან სათანადო პაციენტები არ ჰყოლიათ. სულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კოვიდინფექციაზე 134 ტესტი ჩატარდა. თუმცა, ამ დრომდე, იქ კოვიდინფიცირებული პაციენტები არ ჰყავთ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"