ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2020

რა მოხდა ყინწვისის მონასტერში სინამდვილეში და რა გახდა სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი

რა მოხდა მარნეულში და რატომ აბრალებს ხელისუფლება საპროტესტო აქციის ორგანიზებას ოპოზიციას

“შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში”

* * *

რა მოხდა ყინწვისის მონასტერში სინამდვილეში და რა გახდა სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი

“მოხდა თუ არა რეალურად სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება და რატომ უარყოფენ ყინწვისის მონასტრის ბერები აღნიშნულ ფაქტს, მალავს თუ არა ეკლესია ორ სასულიერო პირს შორის მომხდარ დაპირისპირებას? ფაქტი ერთია, რომ მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროში გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო. მონასტერში მოღვაწე ბერების ნაწილი ჟურნალისტებთან საუბარზე უარი აცხადებს, ნაწილი კი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. თუმცა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურად დაადასტურა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა მოხდა ყინწვისის მონასტერში სინამდვილეში და რა გახდა სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

“მისი თქმით, მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ხელში მსუბუქად დაჭრა. მათ შორის დაპირისპირება დავით აქიაშვილისთვის მამა საბას მხრიდან იარაღის ტარების გამო შენიშვნის მიცემას მოჰყვა. მამა დავითი მიტროპოლიტ იობის უახლოესი გარემოცვაა და რუის-ურბნისის ეპარქიაში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, ამიტომაც მისთვის ხმის გაცემას ვერავინ ბედავს. „იარაღით დადის და მისთვის შენიშვნის მიცემას ვერავინ ბედავს. არქიმანდრიტ საბასა და დავით აქიაშვილს შორის დაპირისპირება არაერთხელ მომხდარა. მამა საბას გარდა, მას ხმის გაცემას ვერავინ უბედავს. ყველა ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, რადგანაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს და მას პირადად მიტროპოლიტი იობი მფარველობს. როგორც ამბობენ, სწორედ იარაღის გამო შელაპარაკდნენ. უთქვამს, იარაღით რატომ დადიხარო. უჩხუბიათ და გასროლაც იყო. თავად მამა საბა ამბობს, დაჭრილი არ ვარო. აქ არის სრული განუკითხაობა და ყველა ყველაფერს მალავს”, - ამბობს სასულიერო პირი “რეზონანსთან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ცნობილია, ამ დაპირისპირების მიზეზები იცის ეპარქიის მმართველმა მეუფე იობმა, თუმცა მან “რეზონანსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მამა ისაია კი აცხადებს, რომ ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია და არანაირი იარაღი და ჩხუბი არ ყოფილა. მისი თქმით, ყველაფერი გამოგონილი ამბავია. სავარაუდო სისხლიან გარჩევაში მონაწილე სასულიერო პირი მამა საბა (ჟღენტი) კი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ის არის სასულიერო პირი და საიდუმლოს შენახვის უფლება აქვს, რასაც ნახავს და რაც თავს გადახდება, ყველაფერი რომ ილაპარაკოს, მაშინ სასულიერო პირი აღარ იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“აქედან გამომდინარე, საუბრისგან თავს შევიკავებ. მე ვის რა დავაბრალო, არ ვიცი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, არაფერი არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდესო. ყველაფერი გამოჩნდება და გამოცხადდება. აქ არავინ არ ამოსულა, არაფერი არ მომხდარა. დაჭრილი კიდევ მე არ ვარ. აგერ ორივე ხელს ვამაოძრავებ. დაჭრილი თუ არის კაცი, წაქცეული უნდა იყოს. დღევანდელი წირვაც ჩავატარე”, - ამბობს მამა საბა. გამოძიება კი 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დამატებით სხვა კომენტარს ამ ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქო არ აკეთებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

რა მოხდა მარნეულში და რატომ აბრალებს ხელისუფლება საპროტესტო აქციის ორგანიზებას ოპოზიციას

“მარნეულში 22 აპრილს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. ამასთან, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც - აქციაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მივიდა, რასაც “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარი ფაქტი შეაფასეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა მოხდა მარნეულში და რატომ აბრალებს ხელისუფლება საპროტესტო აქციის ორგანიზებას ოპოზიციას.

“უმრავლესობის თქმით, ეს აქცია “ევროპული საქართველოს” მიერ იყო მართული, ხოლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივების დამშვიდებას ცდილობდნენ. შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებად და მარნეულიდან კიდევ უფრო მეტი პროდუქტის რეალიზებისთვის აქტიურად მუშაობენ. მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს. მისივე თქმით, ეს აქცია პოლიტიკურად მართულია. “ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა”, - განაცხადა რეხვიაშვილმა, რომლის თქმით, “დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინაა დაზღვეული, იდეალური პროცესი შეიძლება, არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქალაქის მოსახლეობა გასულია რეგიონებში, ქალაქში იმდენი მოთხოვნილება არ არის, როგორიც იყო და ამიტომ მოსაგვარებელია რეგიონების მომარაგება. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვართ საქმიან, ყოველწუთიერ ურთიერთობაში, ველაპარაკეთ სადისტრიბუციო კომპანია “ჯიბესაც” და მათ აქვთ სურვილი, რომ მათ თანამშრომლებს არ შეეხოს ე.წ. კომენდანტის საათი, რათა ისინი დარჩნენ, იმიტომ, რომ დახარისხება მოასწრონ ამ პროდუქტის და უფრო მეტი ტემპით გავიდეს პროდუქტი, რომ აქედანაც გავიტანოთ უფრო მეტი”, - თქვა გუბერნატორმა. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც სამართლებრივ წესრიგს არღვევს. ამის შესახებ მან პარლამენტის საგანგებო სესიაზე განაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, ჩვენი პოლიტიკური ძალის, “ევროპული საქართველოს” მომხრეებს, ნებისმიერ სხვას, რომ ამ ურთულეს ვითარებაში როგორი საფუძველიც არ უნდა ჰქონდეთ აღშფოთების და აქვთ ეს საფუძველი, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება, სამართლებრივი წესრიგი დაარღვიოს. ეს არის მკაფიო პოზიცია. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები არიან მარნეულში და ცდილობენ, დაამშვიდონ ეს ხალხი. გაითვალისწინეთ ერთი რამ, როცა ზღვარს სცდება ვითარება, როცა ჩაკეტილი გყავს ხალხი და არ აძლევ შესაძლებლობას, რომ ოჯახი შეინახოს, შეუძლებელი შეიძლება გახდეს კონტროლი. ამას მოგიწოდებდით მშვიდად და კონსტრუქციულად, მაგრამ ყური არ შეიბერტყეთ”, - აღნიშნა ბოკერიამ. ბოკერიას გამოსვლას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე. როგორც მან თქვა, ბოკერიამ ამ გამოსვლით აღიარა, რომ მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქცია “ევროპული საქართველოს” დაორგანიზებულია”, - დასძენს გამოცემა.

“ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა მას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა. ბატონი იამამკულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ზოგადი მოწოდებების ნაცვლად, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, სჯობს, აიღონ ტელეფონი, დარეკონ იამამკულიევთან და სულეიმანთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი", - განაცხადა კობახიძემ, რომლის აზრით, “მარნეულში “ნაცმოძრაობის” ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას”, - წერს სტატიის ავტორი.

“შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში”

“როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, კარგი იქნება გავაანალიზოთ, რა შედეგები მოიტანა ამ შეზღუდვებმა. ყველა ვთანხმდებით, შედეგი გვაქვს ის, რომ პანდემია საქართველოში გაცილებით ნელა გავრცელდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში მოხდა. ჩვენმა მედიკოსებმა უფრო კარგად მიხედეს თითოეულ ადამიანს. შესაბამისად, გვაქვს გაცილებით ნაკლები ფატალური შემთხვევა, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში”, - ამის შესახებ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში”.

“მისივე თქმით, აუცილებელია გატარებული შეზღუდვების ვადის გაგრძელება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნოთ, თუმცა, ეს აკძალვები უნდა იყოს პროპორციული. “შედეგად გვაქვს ის, რომ საქართველოს ეფექტიან ნაბიჯებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, გაერო, აშშ, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აფასებენ, როგორც ძალიან ეფექტიანს და სწორ ნაბიჯებს. საერთო ჯამში, ამან მოიტანა სიკეთე ჩვენი ხალხისთვის. მნიშვნელოვანია ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ყველა ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ამას გაგებით მოეკიდა ჩვენი საზოგადოება, მეტიც, საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ ეს იყოს ეფექტიანი. უბრალოდ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველა ეს შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელი არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და მათი ჯანმრთელობის გადარჩენისთვის. წარმოდგენილი შეზღუდვები არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის მდომარეობა, რაც გვაქვს ქვეყანაში და შემდეგ უკვე ნელ-ნელა მოვხსნათ ეს შეზღუდვები. ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომლებმაც დაკარგეს ის მწირი შემოსავალი, რაც ჰქონდათ, არ აქვთ დანაზოგები”, - განაცხადა სოფიო კილაძემ. მისი თქმით, “ბევრი ოჯახი არის გაჭირვებულ მდგომარეობაში. ამიტომ, აუცილებელია სოციალური პაკეტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი პარასკევს სახელმწიფოს მთავრობის მხრიდან. იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული გაჭირვებულ და ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე, მათ შორის იმ ბიზნესზეც, რომელსაც ძალიან გაუჭირდა საგანგებო სიტუაციის დროს”, - დასძენს გამოცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა