ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2020

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მაისის ნომრის (N5) მიმოხილვა

* * *

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მაისის ნომრის (N5) მიმოხილვა:

საიდან და როგორ “დაიბადა” ახალი კორონავირუსი და რას მოჰფენს სინათლეს საერთაშორისო გამოძიება?! / თავდაცვის ძალები COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება / ქართული არმიის აღჭურვილობა ვირუსის წინააღმდეგ / საზღვაო სწავლება ფოთთან / უხილავი მკვლელი - ბიოლოგიური იარაღი / COVID-19 - ბიოლოგიური ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა თუ ბუნების ახალი გამოწვევა? / ქართული ემიგრაციის ფარული ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ / რიონის ფლოტილია ყირიმის ომში / როგორი იარაღია საჭირო სახლის დასაცავად...

“ყველა ომის დროს ასე ყოფილა - მოწინააღმდეგეს წინა ხაზზე სამხედროები ებრძოდნენ, ზურგში წესრიგს პოლიციელები იცავდნენ, ბრძოლაში დაჭრილები კი ექიმებთან ჰოსპიტალებში მიჰყავდათ, დღეს კი ყველაფერი უკუღმა დატრიალდა - უხილავ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში პირველად ექიმები ერთვებიან, წესრიგს კი პოლიციელები და სამხედროები იცავენ. მიუხედავად ასეთი კარდინალური ცვლილებისა, თუკი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში სახელმწიფოს გაუჭირდა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ძალა სწორედ სამხედროები და პოლიციელები არიან. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ჩვენი ექიმებიც, პოლიციელებიც და სამხედროებიც წარმატებით ართმევენ თავს პრობლემებს, თუმცა მოდუნება ერთი წუთითაც არ შეიძლება, რადგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე არ არსებობს”- წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N5, მაისი, 2020) სტატიაში სათაურით საიდან და როგორ “დაიბადა” ახალი კორონავირუსი და რას მოჰფენს სინათლეს საერთაშორისო გამოძიება?!

“მაინც საიდან გაჩნდა ასე უეცრად ეს ახალი კორონავირუსი, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა? ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევს მსოფლიო საზოგადოების უდიდეს ნაწილს და მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამორიცხავს ახალი კორონავირუსის ხელოვნურად შექმნას, მაინც ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღარ ენდობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, უწყვეტს მას სოლიდურ ყოველწლიურ დაფინანსებას და გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც პანდემიის დაწყების ნამდვილ მიზეზს დაადგენს. ასეთი კომისიის შექმნის დასტური უკვე გასცეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრალიამ და როგორც ჩანს, მათ კიდევ ბევრი ქვეყანა შეურთდება, თუმცა გამოძიების დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი არიან ჩინეთი და რუსეთი. დასავლურ პრესაში უკვე გამოქვეყნდა არაერთი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები. სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო ორგანიზაციების მიერ მოპოვებულ ფაქტებზე დაყრდნობით გამოთქმულია სულ უფრო დამაჯერებელი ვარაუდი, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების წყარო ჩინეთის ქალაქ უხანში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზარი კი არ იყო, სადაც თითქოს დაინფიცირებული ღამურების ხორცს ყიდდნენ, არამედ ამ ბაზრიდან ხუთიოდე კმ-ში მდებარე ვირუსოლოგიის ლაბორატორია, სადაც სწორედ ღამურებზე ატარებდნენ ცდებს. სავარაუდოდ სწორედ ამ ლაბორატორიაში დაინფიცირებული თანამშრომლისგან გავრცელდა ეპიდემია ბაზარში, ქალაქში და ბოლოს - მთელ მსოფლიოში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არ ნიშნავს, რომ უხანის ლაბორატორიაში ჩინელი მკვლევრები მაინცდამაინც ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად მუშაობდნენ. ისინი იქ წლების განმავლობაში ამუშავებდნენ კორონავირუსების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდებს, მაგრამ ერთმა ან რამდენიმე საბედისწერო შეცდომამ მთელი მსოფლიო ტრაგედიის წინაშე დააყენა. საქართველოს გაუმართლა, რადგან ჩვენთან უკვე მეშვიდე წელია, წარმატებით ფუნქციონირებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. ახალი კორონავირუსის აღმოსაჩენად პირველი ანალიზები სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა, რამაც ქართველ ექიმებს ასე საჭირო დრო მოაგებინა საზღვარგარეთიდან დაბრუნებული და კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტების აღმოსაჩენად...”, - დასძენს გამოცემა.

“კორონავირუს COVID-19-ის ახალი ტალღის მთელ საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ჩაიკეტა. თავდაცვის ძალები ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტთან სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე 24-საათიანი რეჟიმით მორიგეობენ. ჯარისკაცებთან ერთად არიან სამხედრო ექიმები, რომლებიც ყველა შემსვლელ-გამომსვლელს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებენ. ისინი სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურით არიან აღჭურვილი. სამხედრო პირები და ექიმები თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზე სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალს” ესაუბრებიან”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით თავდაცვის ძალები COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება.

“მას შემდეგ, რაც მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა, მთავრობის გადაწყვეტილებით შსს-სთან ერთად თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის ძალების ქვედანაყოფებმა, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა და მე-4 მექანიზებულმა ბრიგადამ მარნეულსა და ბოლნისში ხუთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოაწყვეს; ჩაიკეტა მუნიციპალიტეტებში შემავალი ძირითადი გზები. ვამოწმებთ ყველა მოქალაქესა და ტრანსპორტს. მიმოსვლა შეიძლება მხოლოდ შს სამინისტროს წარმომადგენელთა ნებართვის საფუძველზე. ქვეითებს დისტანციურად უზომავენ სიცხეს, ტრანსპორტს კი დეზინფექციას საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში შემავალი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სწრაფი რეაგირების ასეულის მებრძოლები უტარებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით პაპოშვილი.

“ჩვენ ვაკონტროლებთ შემავალ და გამომავალ გზებს. თუ მოქალაქეებს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდათ, ისინი გადაგვყავს იზოლირებულ ნაწილში, სადაც ეპიდემიოლოგები წყვეტენ, ეს გაცივებაა თუ მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში გადაყვანაა აუცილებელი... მოსახლეობასთან ურთიერთობა ურთიერთობა პოლიციელებს აქვთ. მათთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, ისევე, როგორც სამედიცინო სამსახურთან. ყველა საგუშაგო აღჭურვილია მართვის ცენტრით, რომელიც უკავშირდება მარნეულის საავიაციო ბაზაზე გამართულ ცენტრალურ სამეთაურო პუნქტს, სადაც ინფორმაციას უკვე საკოორდინაციო შტაბი აჯამებს... სამი თვის წინ დავბრუნდი ავღანეთიდან, სადაც შვიდი თვე და ორი კვირა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვასრულებდი სამშვიდობო მისიას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ მიღებული გამოცდილება ახლა ძალიან გამომადგა...”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე.

“ჩვენი დანაყოფი ხონის მუნიციპალიტეტშია, შსს-ს ძალებთან ერთობლივად შევქმენით სამედიცინო პუნქტი ყველა საგუშაგოზე. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ჯგუფი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სწრაფი რეაგირების ასეულიდან, რომელსაც სპეციალური ტრენინგი აქვს გავლილი და მანქანებს ქიმიურად ამუშავებენ. შსს-ს ძალები აჩერებენ მანქანებს და მიმართულებას აძლევენ, რის შემდეგაც მითითებებს სამხედროები ვაძლევთ... ცალკეა გამოყოფილი სამედიცინო პერსონალის ჯგუფი - სამხედრო ექიმი, სამხედრო მაშველი და მძღოლი. საგუშაგოები დაყოფილია სპეციფიკის მიხედვით და თანამშრომლები დღეში სამჯერ იცვლებიან, საგუშაგო კი 72 საათში ერთხელ იცვლება. პირველივე დღიდან ჩართული ვარ ვირუსის გავრცელების პრევენციაში. ჩვენს კონტროლს ექვემდებარება დასავლეთ საქართველოს ქალაქები - ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ქუთაისი”... - ამბობს გამოცემასთან საუბრისას დასავლეთის სარდლობის დავალებათა ოფიცერი ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მესხი.

“საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან და ეპიდემიის შესაჩერებელ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ. ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო 23 მარტს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა, რის საფუძველზე თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის სწრაფი რეაგირების ასეულმა ორივე მუნიციპალიტეტში შემავალ ცენტრალურ გზებზე საკონტროლო-გამშვები და საველე სამედიცინო პუნქტები მოაწყო. ასეულის პირად შემადგენლობას ხანძრებისა და წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება აქვს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ქართული არმიის აღჭურვილობა ვირუსის წინააღმდეგ.

“საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში სამხედროები გზატკეცილზე მოძრავ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ, პერიოდულად კი მიმდებარე ტერიტორიებს დეკონტამინაციას (ზედაპირის გაუსნებოვნება-დაცვა მიკროორგანიზმების მოშორება-განადგურების გზით, რისთვისაც იყენებენ გასუფთავების, დეზინფექციისა და სტერილიზაციის საშუალებებს) უტარებენ. სამედიცინო კარვებში მოქალაქეები დისტანციური თერმომეტრით პირველად სამედიცინო შემოწმებას გადიან და 37,5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, რაც ვირუსის გამოვლენის ერთ-ერთ სიმპტომად ითვლება, პირი შემდგომ გამოკვლევებს სამოქალაქო მედპერსონალის დაკვირვებით ჩაიტარებს. ამ ამოცანების შესასრულებლად რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სწრაფი რეაგირების ასეულის პირადი შემადგენლობა ეკიპირებულია სპეციალური დამცავი კომბინეზონებით. სამხედროების განკარგულებაშია მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილებზე დამონტაჟებული გერმანული სადეკონტამინაციო სისტემები და ინდივიდუალური სადეზინფექციო აპარატები. სადეკონტამინაციო სისტემების წარმოების მხრივ მსოფლიოში აღიარებულ ლიდერად სწორედ გერმანული კომპანიები ითვლება. ეს ტექნიკური საშუალებები ნატოს მოთხოვნებს სრულად შეესაბამება და ორმაგი დანიშნულებისაა, ანუ მისი გამოყენება შეიძლება როგორც ომის დროს, ასევე ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციოდ, ეპიდემიებსა და სხვა მსგავს შემთხვევებთან საბრძოლველად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს მხარემ ეს ტექნიკა რამდენიმე წლის წინ ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან საჩუქრად მიიღო, ხოლო ქართველ სამხედროთა ჯგუფმა შესაბამისი მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის გაზაფხულზე გაიარა. საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ბატალიონი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რბქ დაცვის სკოლასა და DTRA-სთან (აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო) მჭიდროდ თანამშრომლობს. ამერიკელმა და გერმანელმა ინსტრუქტორებმა სწრაფი რეაგირების რქბ დაცვის ასეულს პირადი შემადგენლობის გადამზადების კურსები დისლოკაციის ადგილზეც ჩაუტარეს. საკონტროლო-გამშვები პუნქტები ფუნქციონირებს 24-საათიანი რეჟიმით, ამიტომ სამხედროების განკარგულებაშია განათების ძლიერი სისტემები, თანამგზავრული კავშირის საშუალებები, ღამით ხედვის თბური კამერები, ვიდეოაპარატურა და სხვ., მთელი ინფორმაცია კი სათანადო შეფასებისა და დასკვნებისთვის აღმოსავლეთ მიმართულების სარდლობას გადაეცემა”, - დასძენს გამოცემა.

“7 აპრილს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და ფოთის პორტში ჩამოდგა ნატოს მუდმივმოქმედი N2 საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხუთი ხომალდი (ბულგარეთი, თურქეთი, იტალია, კანადა, რუმინეთი). 10 აპრილს ფოთის მახლობლად ზღვაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხომალდებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ნატოს მუდმივმოქმედი განაღმვითი (SNMCMG2) და საზღვაო შენაერთების (SNMG2) ვიზიტები საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო. ნატოს ხომალდები ყოველწლიურად სტუმრობენ ბათუმისა და ფოთის პორტებს. ნატოს მუდმივმოქმედი N2 საზღვაო შენაერთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საბრძოლო ხომალდებისგან ყალიბდება. თუმცა არაშავიზღვისპირა ქვეყნების ხომალდების ყოფნა შავ ზღვაში მონტრეს 1936 წლის კონვენციითაა რეგლამენტირებული. ხომალდების საერთო რაოდენობა 9 ერთეულით და ტონაჟი 30 ათასი ტონითაა (გამონაკლის შემთხვევებში 45 ათასი ტონა) შეზღუდული. რაც შეეხება შავ ზღვაში ყოფნის ხანგრძლივობას – ის 21 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით საზღვაო სწავლება ფოთთან.

“2009-2016 წლებში ნატოს მუდმივმოქმედი 1-ლი და მე-2 საზღვაო შენაერთები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნატოს ოპერაცია Ocean Shield-ში, რომელიც ადენის ყურესა და აფრიკის რქის სანაპიროებთან სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამჯერად ფოთში შემოსული SNMG2-ის შემადგენლობაში შედიოდნენ სარაკეტო კლასის ფრეგატები - F 591 VIRGINIO FASAN (იტალია), FFH 337 FREDERICTON (კანადა), F 222 REGINA MARIA (რუმინეთი), FFGF 42 VERNI (ბულგარეთი) და F 246 SALIHREIS (თურქეთი). ერთობლივ საზღვაო მანევრებში საქართველოს წარმოადგენდა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საპატრულო ხომალდები FFP-23 “ოჩამჩირე” და FFP-25 “დიოსკურია”. წვრთნების მიზანი იყო ნატოსა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. აღსანიშნავია, რომ ნატოს შენაერთის ვიზიტი განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციათა სრული დაცვით. კორონავირუს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით არ ჩატარდა საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართა დისტანციურად ვიდეოკონფერენციის ფორმატით, ხოლო ერთობლივი წვრთნები ეკიპაჟების უშუალო კონტაქტებს გამორიცხავდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ფოთის ნავსადგურში, ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთი SNMG2, რომელთანაც ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდებმა P-23 "ოჩამჩირემ" და P-25 "დიოსკურიამ". დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სწავლებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩავატარეთ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საპატრულო ხომალდ FFP-25 “დიოსკურიის” მეთაური, მე-3 რანგის კაპიტანი ბადრი შენგელია.

“ხომალდების ეკიპაჟების წევრთა შორის ახლო კონტაქტი რომ გამორიცხულიყო, ჩატარდა ისეთი სწავლებები, რომლებიც მოიცავდა ხომალდებს შორის მხოლოდ ინფორმაციების გაცვლას სასიგნალო სინათლეებისა და დროშების გამოყენებით, ასევე - ტაქტიკურ მანევრებს ზღვაზე. ეს სწავლება დაეხმარა პირად შემადგენლობას უნარ-ჩვევების ამაღლებასა და ნატოს საზღვაო შენაერთებთან ურთიერთთავსებადობის გასაზრდელად”, - დასძენს “საპატრულო ხომალდ FFP-25 “დიოსკურიის” მეთაურის თანაშემწე, კაპიტან-ლეიტენანტი ლევან ფირცხალავა.

“ადამიანის ხელით შექმნილი მასობრივი განადგურების იარაღიდან ბიოლოგიური ყველაზე საშიშია. ის პათოგენურ მიკროორგანიზმებს, სპორებს, ვირუსებს, ბაქტერიოლოგიურ ტოქსინებს აერთიანებს, რომლებსაც ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების განადგურება შეუძლია. ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანის შესაძლებლობები გააფართოვა. მეცნიერებმა ბუნებაში ოდითგანვე არსებული ვირუსები და სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიები “მოათვინიერეს” და მათი საკუთარი მიზნით გამოყენება ისწავლეს. სხვა საბრძოლო (მათ შორის - ქიმიური) საშუალებებისგან განსხვავებით, ბაქტერიებისა და ვირუსების გამოყენების შედეგი მოგვიანებით ჩნდება. თითქმის ყოველთვის არის საინკუბაციო პერიოდი, რომლის დროსაც დაავადება თავს არ იჩენს და ინფიცირებული ადამიანი ჩვეული რიტმით ცხოვრობს...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით უხილავი მკვლელი - ბიოლოგიური იარაღი.

“სიცოცხლისთვის საშიში ვირუსული ინფექციების სამხედრო მიზნებით გამოყენებას ვრცელი ისტორია აქვს. 1346 წელს ევროპაში დაწყებულ შავი ჭირის ეპიდემიას სწორედ სამხედრო ფესვები ჰქონდა. ისტორიული ქრონიკებით, ყირიმის ნახევარკუნძულზე ქალაქ კაფას (დღევანდელი ფეოდოსია) აღების უშედეგო მცდელობის შემდეგ ოქროს ურდოს ხანმა ჯანიბეკმა საალყო მანქანებით გალავნის მეორე მხარეს შავი ჭირით გარდაცვლილთა ცხედრების გადაყრა ბრძანა. ცოტა ხანში ქალაქში ეპიდემიამ იფეთქა. არსებობს მოსაზრება, რომ ევროპაში შავი ჭირი ციხეს შეფარებულმა ვაჭრებმა ჩაიტანეს. 1346-1353 წლებში ეპიდემიამ ევროპის იმდროინდელი მოსახლეობის 40%-დან 60%-მდე იმსხვერპლა... პირველი მსოფლიო ომის დროს ბიოლოგიური იარაღის გამოყენება გერმანელებმა სცადეს. იმხანად ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის შესაბამისი საბრძოლო საშუალებები ჯერ არ არსებობდა, ამიტომაც გერმანელებმა დივერსანტთა საშუალებით მოკავშირეთა ჯარისკაცების გამოსაკვები მსხვილფეხა საქონლის ციმბირის წყლულით დაავადება სცადეს. 1940-იან წლებში ციმბირის წყლულის ბიოლოგიურ იარაღად გამოყენებაზე ბრიტანელებიც მუშაობდნენ. 1942 წლისთვის სამეფო სამხედრო ავიაციამ შეიარაღებაში ბიოლოგიური ბომბი მიიღო. საბრძოლო საშუალება ციმბირის წყლულის სპორებიან სამ ლიტრ სუსპენზიას შეიცავდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1930-იან წლებში ბიოლოგიურ იარაღზე აშშ და საბჭოთა კავშირიც მუშაობდნენ, მაგრამ ამ საქმეში ყველაზე შორს იაპონია წავიდა. 1932 წელს ოკუპირებულ ჩინეთში, ქალაქ ჰარბინის მახლობლად, საიდუმლო ლაბორატორია ამოქმედდა. სამათასიან კვლევით ჯგუფს, რომელსაც მოგვიანებით “დანაყოფი 731” ეწოდა. საარტილერიო ჭურვებისა და საავიაციო ბომბებისგან განსხვავებით, ბიოლოგიური იარაღი სამიზნე ჯგუფებს შედარებით ნელა, თუმცა თითქმის 100%-ით ხოცავდა. პირველი მცირე შეტევის შემდეგაც კი გამრავლებული ბაქტერიები იარაღის მოქმედების ეფექტს საგრძნობლად ზრდიდა. მთავარი ამოცანა ბიოლოგიური იარაღის ბრძოლის ველამდე ტრანსპორტირება იყო. ექსპერიმენტების შემდეგ არჩევანი რწყილებსა და ფაიფურისკორპუსიან სპეციალურ ბომბებზე შეჩერდა - დაბალი სიმაღლიდან ჩამოგდებული ფაიფურის ბომბი მიწაზე დაცემისას იმსხვრეოდა და შიგნით მოთავსებული ათასობით “მკვლელი” თავისუფლდებოდა... ომის შემდეგ იაპონური გამოცდილების საფუძველზე ბიოლოგიური იარაღის საკუთარი პროგრამების განხორციელება უფრო აქტიურად განაგრძეს მოსკოვმა და ვაშინგტონმა...” - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს მიიღო ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის წარმოების აკრძალვისა და განადგურების კონვენცია. ამის შემდეგ თითქმის ყველა დიდი ქვეყანა ბიოლოგიური იარაღის შექმნის გეგმებსა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ასაიდუმლოებდა, თუმცა ამის პარალელურად ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღი უკონტროლოდ და სახიფათოდ ვრცელდებოდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით COVID-19 - ბიოლოგიური ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა თუ ბუნების ახალი გამოწვევა? (გაგრძელება. დასაწყისი იხ. "არსენალი" N4, 2020)

“ერთ-ერთმა პირველმა საგანგაშო ზარმა 1972 წელს აშშ-ში ჩამოჰკრა. მემარცხენე რადიკალურმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა “საზიზღარი” ამერიკელი კაპიტალისტების ერთიანად გაწყვეტა. ამ “დიადი” მიზნის მისაღწევად მათ შეიმუშავეს სასმელი წყლის რეზერვუარებისა და სახნავ-სათესი მიწების ტიფის, ციმბირის წყლულის, დიზენტერიისა და სხვა მიკრობებით მოწამვლის დეტალური გეგმა. ფართომასშტაბიანი ტრაგედიის თავიდან აცილება მოხერხდა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების პროფესიონალიზმის წყალობით. ტერორისტების ნაწილი დააკავეს, ნაწილმა კი კუბელ დიქტატორ ფიდელ კასტროსთან გაქცევა მოასწრო. 1984 წელს აშშ-ის ინდიელთა ერთ-ერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, “რეინიშ კალტმა”, ორეგონის შტატის რამდენიმე ქალაქში სალმონელას მიკრობები გაავრცელა. საინტერესოა, რომ ტერორისტები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ რესტორნებისა და კაფეების სამზარეულოებში და მიკრობებს პირდაპირ საჭმელში ყრიდნენ. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი მძიმედ დაავადდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის შექმნა 1926 წელს დაიწყო, როდესაც წითელი არმიის სამხედრო-ქიმიურ სამსახურში გასაიდუმლოებული სპეციალური ლაბორატორია შეიქმნა. სტალინის პირადი დავალებით საიდუმლო სამუშაოები განსაკუთრებით 1928 წლიდან გააქტიურდა. რამდენიმე წელიწადში პირველი საბჭოთა ბიოლოგიური იარაღიც შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევები დასაწყისშივე შემტევი და არა თავდაცვითი ხასიათის იყო. წითელმა არმიამ 1936 წელს ჩაატარა ფართომასშტაბიანი საარმიო სწავლება, სადაც დაიხვეწა ბიოიარაღის (უპირველესად – შავი ჭირისა და ციმბირის წყლულის) გამოყენების ტაქტიკა და მეთოდიკა. ცნობილი რუსი მეცნიერის, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევ ფიოდოროვის მტკიცებით, სტალინმა ბიოლოგიური იარაღი 1942 წელს პაულიუსის არმიის წინააღმდეგ გამოიყენა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის წარმოება და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები გაფართოვდა”, - დასძენს გამოცემა.

“1960-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა სამხედრო-ბიოლოგიური პოტენციალი, ძირითადად, სამ ქალაქში იყო თავმოყრილი - სვერდლოვსკში ბაქტერიების “მოთვინიერებასა” და მის საბრძოლო ბიომასად ფორმირების დანადგარებზე მუშაობდნენ, კიროვში შავი ჭირის შტამები გამოჰყავდათ, ხოლო ზაგორსკში “შავი ყვავილის” ბაქტერიებს ზრდიდნენ. ასე რომ, საბჭოთა კავშირს ბიოლოგიური იარაღის რაოდენობითა და მრავალფეროვნებით ლიდერობას ვერავინ წაართმევდა...”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადების პროცესში ქართულ ემიგრაციას არ ჰქონდა საერთო აზრი შეიარაღებული გამოსვლის მომზადების თაობაზე. განსხვავებული დამოკიდებულება იყო საქართველოშიც, "დამოუკიდებლობის კომიტეტში", რომელიც აერთიანებდა სოციალ-დემოკრატებს, ეროვნულ-დემოკრატებს, სოციალისტ-ფედერალისტებს, სოციალისტ-რევოლუციონერებსა და “სხიველებს”. აჯანყებას, ფაქტობრივად, სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მზადების პერიოდში პარტიებს შორის დაპირისპირება გაღრმავდა ფინანსური რესურსების განაწილების გამო, რაც კარგად ჩანს სპირიდონ კედიას მიერ გრიგოლ ვეშაპელისადმი სტამბოლიდან პარიზში 1923 წლის 1-ლ ივნისს გაგზავნილი წერილითაც: "საქართველოდან მესამე თვეა, რაც წესიერი ინფორმაცია არ მოგვსვლია... მგონია, რომ დამოუკიდებლობის კომიტეტი ფაქტიურად არ მოქმედებს. ფული, თუ მთელი არა, მისი 90% მენშევიკების კასაში უნდა მიდიოდეს. რაც ჩაიჯიბეს ისიც კმარა, რომ მდგომარეობის გამორკვევამდე კიდევ ახალ-ახალი თანხები არ ვაყლაპვინოთ...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ქართული ემიგრაციის ფარული ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ (გაგრძელება. დასაწყისი იხ. “არსენალი” N9-12, 2019-N1-4, 2020).

“აჯანყების მომზადების პროცესში ნათლად გამოჩნდა მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაც - საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების კატასტროფული სიმცირე... იარაღი აკლდა აჯანყების მთავარ დამრტყმელ ძალას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის “შეფიცულთა რაზმსაც”. გთავაზობთ ნაწყვეტს ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებებიდან: “ბევრნაირად შეიცვალა გამოსვლების გეგმა ჩვიდმეტი აგვისტოს გამოსვლების ჩაშლის, განსაკუთრებით ვ. ჯუღელის დატუსაღების შემდეგ. მაგალითად, რაზმმა ხელი აიღო გეგმაზე, რომ მთელი ჩვენი შემადგენლობით დავცემოდით ჩეკას, რადგან, სავარაუდოა, რომ ჩვენი გეგმის შესახებ ჩეკას უკვე ბევრი რამ ეცოდინებოდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, არც საქმე იყო მომზადებული საამისოდ: ვერ გვიშოვეს მაუზერის ვაზნები და ბომბები, რაც ჩვენ ჰაერივით გვჭირდებოდა, ნამეტნავად ჩეკაზე დასაცემად. ამ მხრივ ძალიან სუსტი იყო დამკომი. ისინი ვერაფერს შოულობდნენ...” მესამე ნეგატიური ფაქტორი, რამაც აჯანყების დამარცხება განაპირობა, პოლიტიკურ პარტიებს შორის მუდმივი ქიშპობა და კინკლაობა იყო. 1921 წლიდან მოყოლებული, ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში პარტიულ-პიროვნული დაპირისპირება ბობოქრობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღესაც ძნელი სათქმელია, რა იყო ამის საწყისი და გადამწყვეტი ფაქტორი. პოლიტიკური ემიგრანტები რამდენიმე ათეული წელი, ჯერ კიდევ საქართველოში პოლიტიკური საქმიანობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და განვლილ პერიოდში პიროვნული წყენა-შუღლიც ბევრი ჰქონდათ დაგროვილი... 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავდა შალვა მაღლაკელიძე, რომელიც თავის მოგონებებში წერს: “პარიზიდან ნოე ჟორდანიამ შემატყობინა, წერილი მომივიდა მისგან, რომ სასურველი არისო შენ უკან დაბრუნდე საქართველოში, ინფორმაცია გვაქვსო, რომ მეტისმეტად საჭირო ხარო როგორც სამხედრო პირი, ე. ი. გამოთხოვილი ვყოფილვარ ემიგრაციიდან... პარიტეტული კომიტეტის მიერ, მე ახალი ჩამოსული ვარ და ვიცი ეს პარიტეტული კომიტეტი, ამიტომ კატეგორიული უარი ვუთხარი... მე ადრევე, თავიდანვე ვაცნობე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარიტეტულმა კომიტეტმა იმოქმედოს, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდის პარიტეტული კომიტეტი ხელის გულზედ უდევს საბჭოთა მთავრობას-თქო". სამწუხაროდ, შ. მაღლაკელიძის შეფასება სრული სიმართლეა. ქართველი ჩეკისტები არც მალავდნენ ამ ფაქტს – აჯანყების მზადების შესახებ ინფორმაცია (სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ვინაობა, შეიარაღების რაოდენობა და აჯანყების დაწყების სავარაუდო თარიღი) მათთვის ცნობილი იყო იმ აგენტებისგან, რომლებიც მრავლად ჰყავდათ როგორც “ფარულად” მოქმედ სამხედრო, ასევე პარტიულ სტრუქტურებში”, - დასძენს გამოცემა.

“საქართველოს სსრ სუკ-ის საარქივო დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეპიფანე კვანტალიანმა, რომელიც 1921-1922 წლებში ამიერკავკასიის სფსრ სახელმწიფო პოლიტსამმართველოს (გე-პე-უ) კონტრდაზვერვის უფროსი, ხოლო 1922-1926 წლებში უკვე ოგეპეუ-ს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 1924 წლის 27 აგვისტოს ოგეპეუ-ს ადგილობრივი ორგანოები გააფრთხილა, რომ დადასტურებული აგენტურული ცნობებით, ანტისაბჭოთა პოლიტიკურ პარტიებს განზრახული ჰქონდათ შეიარაღებული გამოსვლის მოწყობა 1924 წლის 28-29 ან 29-30 აგვისტოს ღამით და ავალებდა მათ, დაუყოვნებლივ მიეღოთ შესაბამისი ზომები აჯანყების აღკვეთის მიზნით. “დამკომის”გადაწყვეტილებით საქართველოში აჯანყების თარიღად დადგინდა 1924 წლის 29 აგვისტოს დილის 6 საათი... მკითხველმა იცის, რომ აჯანყება ცენტრთან შეუთანხმებლად, დათქმულზე ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო ჭიათურაში - რატომ დაიწყო აჯანყება ჭიათურაში ერთი დღით ადრე?...”- განაგრძობს სტატიის ავტორი.

“1855 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში თურქები სოხუმ-კალედან ორ კოლონად - ერთი ზღვის სანაპიროთი ანაკლიისკენ, მეორე კი რუხის გზით ენგურისკენ დაიძრნენ. 25 ოქტომბერს სოფელ რუხთან ენგურზე გადმოსვლა სცადეს, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და გურიის რაზმის პოზიციებში სუსტი ადგილის მოსაძებნად ენგურის დინების მიმართულებით დაეშვნენ. სოფელ კოკთან მდებარე ე. წ. სანარმანიოს გადასასვლელთან თურქებმა ენგურზე გადასვლა შეძლეს და 26 ოქტომბერს ზუგდიდში შევიდნენ. გურიის დასუსტებული რაზმი თურქების შეტევის შეჩერებას ვერ ახერხებდა და გენერალ ბაგრატიონ-მუხრანელის ბრძანებით რაზმმა 28-29 ოქტომბრის ღამით უკან დახევა დაიწყო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით რიონის ფლოტილია ყირიმის ომში (დასასრული. დასაწყისი იხ. "არსენალი" N3-4, 2020).

“მოწინააღმდეგის შესაფერხებლად სოფელ მარანთან დაიწვა რიონისა და ცხენისწყლის ხიდები, საველე ჰოსპიტალი და საწყობები კვების პროდუქტებით. რიონის ფლოტილიის მეთაურს, კაპიტან-ლეიტენანტ სავინიჩს ბარკასების დაწვა დაავალეს. 2 ნოემბერს კაპიტან-ლეიტენანტი გენერალ ბაგრატიონ-მუხრანელს ატყობინებდა, რომ ბრძანების შესაბამისად კაზაკებმა ძველი ხუთი ბარკასი და ალაფად წაღებული თურქული ნავი დაწვეს, შედარებით უკეთესი, კაზაკების ქონებით დატვირთული ორი ბარკასი კი რიონის დინების საწინააღმდეგოდ სოფელ მარანისკენ გაიგზავნა, მაგრამ სოფელ ჯაპანას მახლობლად წყალში ღრმად მჯდომი დატვირთული ბარკასები რიონის წყალთხელობის გამო მარანისკენ ცურვას ვეღარ ახერხებდნენ, ამიტომ კაპიტან-ლეიტენანტის ბრძანებით 2-3 ნოემბერს ორივე ნავი ააფეთქეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მანამდე 1-ლ ნოემბერს თურქების ჯარის ავანგარდი ზუგდიდიდან გამოვიდა, გაიარა ცაიში, ხობი და 6 ნოემბერს სენაკში, მდინარე ტეხურისკენ წავიდა. უგზოობა თურქებს სწრაფად მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა, თანაც კოკისპირულმა წვიმებმა გზები გაუვალ ჭაობად და ლაფად აქცია, კალაპოტებიდან გადმოსულ-ადიდებული მდინარეები და პატარა ღელეებიც კი ნიაღვრებად მოედინებოდა, ანგრევდა ხიდებსა და გადასასვლელებს. ამის გამო თურქების მომარაგება შეფერხდა და ჯარისკაცებში ციებ-ცხელება გავრცელდა... 1855 წლის 16 ნოემბერს კავკასიის ცალკეულ კორპუსს თურქების ყარსის სიმაგრე ჩაჰბარდა. აბაშასთან მყოფ თურქეთის ჯარების სარდალ ომერ-ფაშას ეს ამბავი 25 ნოემბერს რედუტ-კალეს კომენდანტმა ამცნო, რასაც მალე სამეგრელოდან თურქების გასვლა მოჰყვა. რიონის ფლოტილია აღარ არსებობდა, მაგრამ აზოველი კაზაკები კაპიტან-ლეიტენანტ სავინიჩთან ერთად მაინც იქ რჩებოდნენ. რუს საზღვაო ოფიცერს ფლოტილიის აღდგენის იდეა არ ასვენებდა და 1856 წლის 11 იანვარს მოხსენებითი ბარათით გენერალ ნიკოლოზ მურავიოვს (კავკასიაში მეფისნაცვალი და კავკასიის ცალკეული კორპუსის სარდალი) მიმართა...” - განაგრძობს გამოცემა.

“დღეს მსოფლიო გადარჩენაზე ფიქრობს, რადგან უხილავი, მაგრამ საშიში მტრის - ახალი კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო წამალი ჯერ არ გამოუგონიათ, სამაგიეროდ, არსებობს საშუალება, ადამიანმა დაიცვას თავი და საკუთარი ოჯახი, თუკი კორონავირუსის პანდემიას მასობრივი არეულობა მოჰყვება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც თავისუფლად იყიდება ცეცხლსასროლი იარაღი, ბოლო თვეებში გაიზარდა შეძენილი ვაზნებისა და თოფების რაოდენობა. განსაკუთრებული მოთხოვნაა შედარებით იაფ, მაგრამ მოსახერხებელ გლუვლულიან თოფებზე, რომლებიც ზედგამოჭრილია სახლის დასაცავად”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით როგორი იარაღია საჭირო სახლის დასაცავად... / კორონავირუსის პანდემიის დროს შესაძლებელი მასობრივი არეულობის შემთხვევებში სახლის დასაცავად გლუვლულიანი თოფი საუკეთესო არჩევანია...

“სტრესულ მდგომარეობაში, როცა შენს სახლში თავდამსხმელი შემოიჭრა, ხრახნლულიანი იარაღის სროლისას ადვილად შეიძლება, ტყვია ააცილო, 12-კალიბრიანი გლუვლულიანი თოფის გასროლისას კი საფანტის რამდენიმე ტყვია მაინც მოხვდება ახლო მყოფ თავდამსხმელს და დროებით შეაჩერებს. ამასთან, 12-კალიბრიანი გლუვლულიანი თოფის სროლისას არალეტალური და ნახევრად ლეტალური ვაზნების გამოყენებაც შეიძლება, რაც მსროლელს აძლევს გარანტიას, არ შემოაკვდეს თავდამსხმელი, როგორც შეიძლება მოხდეს, მაგალითად, 7,62 მმ კალიბრის ხრახნლულიანი სანადირო შაშხანის გასროლისას. სახლის დაცვისთვის გამოსადეგი ერთ-ერთი ასეთი იარაღია ასევე ცნობილი იტალიური ფირმა Fabarm-ის წარმოებული გლუვლულიანი თოფი Fabarm STF/12, რომელიც გამოირჩევა სიმარტივით და, ამასთანავე, სხვადასხვა მანძილზე საბრძოლო ეფექტიანობით. ეს განპირობებულია იარაღის უნივერსალურობით, რადგან მას შეიძლება დავუმონტაჟოთ ან მოვხსნათ სამი სხვადასხვა სიგრძის ლულა ან დასაკეცი კონდახი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველაზე გრძელი მოდიფიკაციის - 560 მმ სიგრძის ლულითა და კონდახით აღჭურვილი Fabarm STF/12-ით, რა თქმა უნდა, მოსახერხებელია ნადირობა, მაგრამ ასეთი იარაღით ოთახში მოქმედება მსროლელს პრობლემებს შეუქმნის, რადგან თოფის საერთო სიგრძე ერთ მეტრს გადააჭარბებს. იტალიელმა მეიარაღეებმა ესეც გაითვალისწინეს და მყიდველს სთავაზობენ 510 მმ-მდე დამოკლებულლულიან თოფს, რომელსაც მარჯვენა მხარეს კონდახიც ეკეცება. აი, მათთვის კი, ვისაც კომპაქტური იარაღი მოსწონს, შეიქმნა თოფი 280 მმ სიგრძის ლულით. ამ თოფს კონდახი არა აქვს და მართლაც იდეალურია შენობის შიგნიდან დასაცავად. მოდიფიკაციის შესაბამისად, თოფის ცილინდრულ მჭიდში 12 კალიბრის სამიდან შვიდამდე ვაზნა ეტევა. გადატენისას სალულე ხელით ჯერ უკან, შემდეგ კი წინ უნდა გადაიწიოს. ლულის ჩარჩო ალუმინის შენადნობისგან არის დამზადებული, რაც ამცირებს თოფის მთლიან მასას. თოფს აქვს პისტოლეტის ტარი, რაც აადვილებს ცეცხლის მართვას, განსაკუთრებით - ჩაკეტილ გარემოში. ამერიკის იარაღის მაღაზიებში Fabarm STF/12-ის გრძელლულიანი მოდელის გასაყიდი ფასი 1 200 დოლარს აღწევს, რაც შეიძლება ჩვენთვის ძვირი იყოს, თუმცა ამერიკული ბაზრისთვის სრულიად მისაღებია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა